სამხედრო ოპერაციის უპირველესი მიზანი უნდა ყოფილიყო როკის გვირაბის ჩაკეტვა და არა ქალაქის აღება

სამხედრო ოპერაციის უპირველესი მიზანი უნდა ყოფილიყო როკის გვირაბის ჩაკეტვა და არა ქალაქის აღება

სამაჩაბლოს დაბრუნების გეგმა არსებობდა. თუმცა ჰოლივუდის ფერადი ფილმებით მიღებული სამხედრო ცოდნით „აღჭურვილმა“ ჩვენმა სამოქალაქო პირებმა ცხინვალს შეუტიეს, რამაც შესაბამისი შედეგი მოიტანა. ამის შესახებ For.ge-სთან საუბარში სამხედრო ექიმი და რუსეთ-საქართველოს ომის დროს სახმელეთო ჯარების სამედიცინო სამმართველოს უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა ქოიავა აცხადებს.

ერთგან თქვენ აღნიშნეთ, რომ თოფიანი კაცი ჯარისკაცს არ ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება თავდაცვის სისტემას უპრეცენდენტოდ აფინანსებდა და რეზერვისტების მომზადებაზეც ზრუნავდა, აგვისტოს ომმა დაგვანახა, რომ თავდაცვის სფერო არ აღმოჩნდა ისეთი, როგორ უძლეველადაც ამ სფეროს წარმოჩენას ცდილობდნენ. აგვისტოს ომიდან ოთხი წლის თავზე ძალიან ბევრს საუბრობენ, რომ ამ ომის აცილება თავისუფლად შეიძლებოდა.

_ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა კი არა, აუცილებელიც იყო იმ პირობებში და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ჯარი არამცთუ არ იყო მზად ამისთვის, ფაქტობრივად, ჯარი არ გვყავდა.

უამრავი თანხა იხარჯებოდა ჯარის სრულყოფისთვის. ამის მიუხედავად, რეალობა როცა დადგა, რატომ ვერ მივიღეთ შედეგი?

_ ყველაფერი ისაზღვრება შედეგით. ეს ხელისუფლება ემზადებოდა ომისთვის, შედეგად კი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. თანაც, ეს შედეგი მივიღეთ, რაღაც დღენახევარში, ორ დღეში. რაც ამათ მოამზადეს, ყველაფერი იყო იმისთვის, რომ ასეთი შედეგი დამდგარიყო.

თქვენ აცხადებთ, რომ 1992 წელს სამშობლოსთვის თავგანწირვა რიგითი ჯარისკაცებისა და მოხალისეებისთვის სიხარულის მიმნიჭებელი იყო, განსხვავებით, აგვისტოს ომისგან, სადაც მასობრივად ასეთი განწყობა არ შეიმჩნეოდა და ერთეულებმა დადეს თავი სამშობლოსთვის. ასეთი რა გარდატეხა მოხდა ჯარისკაცის ფსიქოლოგიაში ამ ოცი წლის განმავლობაში?

_ ამის განსაზღვრა რთულია, ბევრია საფიქრალი, რადგან მართლა სერიოზული ანალიზი უნდა გაკეთდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიცვალა დღევანდელი ჯარისკაცის მენტალობაში. ვფიქრობ, ძირითადი აქ მაინც არის ჯარისკაცების ხელფასი. რასაკვირველია, ყველას შესახებ ამის თქმა არ შეიძლება. უამრავი ბიჭი იყო, რომლის სულისკვეთება და სამშობლოს დაცვა, იქ ვიყავი და მინახავს, ხალხს,  დაჭრის შემდეგაც  უკან უნდოდათ დაბრუნება და ბრძოლა. მაგრამ ზოგადი ფონი, რომელიც იქმნება, უკვე აიძულებს ადამიანს იმისკენ გადაიხაროს, რომ საკუთარ თავს მიხედოს. რასაკვირველია, ქართული სულისკვეთება, სამშობლოს სიყვარული, ქართველში არის. ზოგადად ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, რომ მთავარი და ყველაზე კარგი ისაა, რომ შენი ფული იშოვო, სამშობლოს კი ვიღაც მიხედავს. რაღაც გაურკვეველი დეფორმირება მოხდა ფსიქიკაში და სერიოზული ანალიზია გასაკეთებელი, რატომ მოხდა ასე.

ომის დროს ეს იმითაც ხომ არ იყო განპირობებული, რომ კაპრალი ხედავდა, რომ მეთაურები დაბნეულები იყვნენ და გარბოდნენ. მოგეხსენებათ, ჯარში ზედა ეშლონის მაგალითი გადამდებია ქვედა ეშელონებისთვის.

_ რასაკვირველია, მაგალითი უნდა მისცეს პირველმა პირმა. მეთაურმა უნდა მისცეს მაგალითი. ომის დროს პრეზიდენტს ჰქვია უმაღლესი მთავარსარდალი. ჩვენ როცა ბრძოლის ველზე ვიყავით, არ ვიცოდით, რა ხდებოდა გორში, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ვხედავდით, ჩვენი გაერთიანებული შტაბის უფროსი რას აკეთებდა. უბრალოდ, ვერაფერს ვერ აკეთებდა, ვერანაირ საბრძოლო მოქმედებებს ვერ მართავდა. ჯარისკაცს სჭირდება, რომ ოფიცერი გეგმავდეს და მართავდეს და არა _ შეტევაზე მიდიოდეს. შეტევაზე ჯარისკაცი წავა. მეთაურმა, ოფიცერმა უნდა დაგეგმოს თავისი ჯარისკაცის როგორც შეტევაზე წასვლა, ისე ჯარისკაცის პოზიციების გამაგრება, უკან დახევა. ოფიცერს, პირველ რიგში, დაგეგმარება მოეთხოვება. ჯარისკაცი დაგეგმარების ხელოვნებას ფლობს თუ არა, ეს არაა მთავარი. მთავარია,  ჯარისკაცმა იცის, რომ ოფიცერმა უნდა გააკეთოს ეს და როცა ხედავს, რომ ეს ასე არ არის, სერიოზულ პრობლემას გვექმნება.

რატომ ვერ დაგეგმეს ოფიცრებმა ოპერაციები?

_ ვერ დაგეგმეს იმიტომ, რომ შეიარაღებული ძალებიდან გაყარეს ყველა განათლებული, მცოდნე, გამოცდილი და სიბრძნით დახუნძლული ხალხი. ლეიტენანტებს მიაწებეს პოლკოვნიკის სამხრეები და ისინი მაინც ვერ გახდნენ პოლკოვნიკები, რადგან სანამ ლეიტენანტი პოლკოვნიკობამდე მივა, ბევრი დროს გადის. ამ დროში მან უნდა შეიძინოს განათლება, გამოცდილება, ცოდნა, ინტელექტი. მხოლოდ თეორიული და პრაქტიკული მასალის შეხამებით ვღებულობთ სიბრძნეს.

ერთგან ბრძანეთ, ომისთვის სულისკვეთებაა საჭირო. აფხაზეთის ომის დროს კავშირგაბმულობის საშუალებები არ იყო, მაგრამ საბრძოლო სულისკვეთება იყო. სამაჩაბლოს ომის დროს კი პირიქით მოხდა, კავშირგაბმულობა იყო, მაგრამ სულისკვეთება მოიკოჭლებდა.

_ ყველაფერი არასწორად იყო გაკეთებული, ამიტომაც სავალალო შედეგი მივიღეთ. კავშირგაბმულობის საშუალებები მართლაც იყო, ჩემთანაც იყო მომაგრებული მეკავშირე ოფიცერი, რომელიც მუშაობდა. მე გავდიოდი კავშირზე, მაგრამ იმისთვის, რომ კავშირგაბმულობამ იმუშაოს, სისტემა უნდა შეიქმნას, რაც მმართველობის ზემო რგოლმა_გენერალურმა შტაბმა, მისმა უფროსმა უნდა შექმნას, ჩაიბაროს, გადაამოწმოს. ეს ყველაფერი მშვიდობის დროს უნდა იყოს გათამაშებული. ჩვენთან კი როცა ტარდებოდა სწავლება, მას გეგმავდნენ „სამოქალაქოები“, ე.წ. პოლიტიკოსები. ყველაფერს ისინი გეგმავდნენ. საბოლოო ჯამში, მივიღეთ კარგად ჩაცმული, კარგად შეიარაღებული, კარგად ნაკვები სააღლუმე შემადგენლობა.

ჩვენი ხელისუფლების მთავარი შეცდომა მართლაც ცხინვალში შესვლა იყო?

_ ქართველი ექსპერტების არანაირად არ მჯერა, სასაცილოდ მეჩვენება სახელი „ექსპერტი“, მაგრამ ნებისმიერი სამხედრო გეტყვით, რომ ქალაქის აღება ეს არის ბოლო მომენტი. ქალაქის ასაღებად იკარგება უზარმაზარი დრო, უზარმაზარი რესურსი, რომელიც, როგორც წესი, გამართლებული არ არის. ანტიკური ხანიდან ქალაქის აღება ყველაზე დიდი პრობლემა იყო.

როგორ უნდა აევლოთ გვერდი ცხინვალისთვის ისე, რომ კონტროლი დაემყარებინათ  სეპარატისტების მიერ დაკავებულ რეგიონებზე?

_ ნებისმიერი ქმედება წინასწარ იგეგმება. სამხედროები ყოველთვის წინასწარ შემუშავებული გეგმით მოქმედებენ, გეგმის შემუშავებას დიდი დრო მიაქვს, ბევრი ხალხი მუშაობს, სხვადასხვა უწყებაა ჩართული მის შექმნაში. გეგმა, თუ როგორ უნდა დაგვემყარებინა კონტროლი და საქართველოს იურისდიქცია გაგვევრცელებინა ჩვენს ტერიტორიაზე, რომელსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთი დაარქვეს, ეს გეგმა შემუშავებული იყო. სხვათაშორის, კარგი გეგმა იყო. ნებისმიერი სამხედრო გეტყვით, რომ ის გეგმა, რომლითაც სამხედროებს უნდა ემუშავათ, კარგი იყო. ამ ოპერაციის უპირველესი მიზანი უნდა ყოფილიყო როკის გვირაბის ჩაკეტვა და არა ქალაქის აღება. თავისთავად, ქალაქი არაფერი არ არის, სახლები დგას და არანაირი სტრატეგიული დანიშნულება არ აქვს. ბრძოლის შედეგი ის არის, რომ ქალაქი ავიღეთ?! მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინგრადის აღების გამო მესამე რეიხმა უძლიერესი დარტყმა მიიღო თვითონ, როდესაც შეუტია სტალინგრადს. ეს ყველამ ვიცით, სტალინგრადში დასამარდა მესამე რეიხი. იგივე დაგვემართა ჩვენ, შევუტიეთ ქალაქს. რატომ შევუტიეთ? იმიტომ, რომ ეს გადაწყვიტეს „სამოქალაქოებმა“, ხალხმა, რომლებსაც არაფერი საერთო არ აქვთ სამხედრო მეცნიერებასთან, სამხედრო ხელოვნებასთან და, საერთოდ, ჯართან.

ამ „სამოქალაქოებში“ ვის გულისხმობთ?

_ თქვენ არ იცით, ვინ იყო ქვეყნის სათავეში_ კეზერაშვილი, გოგავა, გენერალური შტაბის უფროსად დაინიშნა ადამიანი,  რომელსაც არანაირი სამხედრო განათლება არ ჰქონდა.

თქვენ აცხადებთ, რომ 7 აგვისტოს გეგმა არსებობდა და ეს გეგმა გადააგდეს. ეს გეგმა ზუსტად 2008 წლის აგვისტოსთვის იყო გათვლილი?

_ ომის მერე, 1993 წლის შემდეგ, საქართველოში კიდევ არსებობდა შეიარაღებული ძალები. გაგეცინებათ, მაგრამ 2003 წლამდეც კი იყო ჯარი. მართალია, ჩვენი ისტორია თურმე 2003 წელს დაიწყო, რაც ჩვენ არ ვიცოდით, მაგრამ 90-იან წლებში იყვნენ სამხედროები და ამ გეგმაზე მუშაობდნენ, თუ როგორ უნდა დაებრუნებინათ საქართველო. საერთოდ, ნებისმიერ ქვეყანას ყოველთვის აქვს გეგმა მისი მეზობლის ტერიტორიიდან შეტევის მოგერიებისთვის. დარწმუნებული ვარ, ესპანეთს ექნება პორტუგალიის საზღვრიდან მოწინააღმდეგის შემოსვლის მოგერიების გეგმა. არა იმიტომ, რომ ესპანეთი ემზადება პორტუგალიასთან საომრად, არამედ ხომ შეიძლება, ვიღაცამ დაიპყროს პორტუგალია და მერე შემოუტიოს ესპანეთს?! ამიტომ ეს გეგმა არსებობს, ჩვენ გვქონდა პრობლემა. ჩვენ უნდა დაგვებრუნებინა ჩვენი მიწები. ამიტომ სამხედროები ისხდნენ და მუდმივად მუშაობდნენ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საბრძოლო მოქმედებებით დაბრუნების გეგმაზე. ეს გეგმა მუდმივად განახლებადი იყო, ყოველი ახალი ინფორმაციით, რომელიც სადაზვერვო სამსახურს ჰქონდა, ხდებოდა ახალი ელემენტების შემუშავება, გეგმის შეცვლა, მოდიფიცირება. პლასტიური გეგმა იყო, მაგრამ ჩვენმა „სამოქალაქოებმა“, ჰოლივუდის ფერადი ფილმებით მიღებული სამხედრო ცოდნის შედეგად, შეუტიეს ქალაქს, შესაბამისი შედეგიც მივიღეთ. მინისტრი იმ დროს კეზერაშვილი იყო.

ვთქვათ, ყოველგვარი ცხინვალის აღების გარეშე, როკის გვირაბამდე გავსულიყავით, მაშინ რა მოხდებოდა? განა რუსეთი არ დაგვბომბავდა? ჩვენს  გადასარჩენად დასავლეთი ჩაერეოდა? მით უფრო, როდესაც ვხედავდით, რომ სასმელი წყლით დატვირთული ამერიკული გემების იმედად ვიყავით.

_ ამაზე მარჩიელობა რთულია. მაგრამ იმ გეგმის მიხედვით, უნდა ჩაკეტილიყო როკის გვირაბი, რომ რუსეთს არ ჰქონოდა შესაძლებლობა, თავისი ძალები შემოეყვანა. რუსეთი იქნებოდა, ჩრდილოეთ ოსეთი იქნებოდა, თუ ვინც იქნებოდა, დამხმარე ძალა არ უნდა მისვლოდა სეპარატისტულ რეჟიმს. შემდეგ უკვე გეგმის მიხედვით გაგრძელდებოდა მოქმედება, ევროპა დაგვეხმარებოდა თუ აზია, ეს უკვე რთული სათქმელია, მაგრამ რაღაცის გაკეთება ნამდვილად შეიძლებოდა. ყოველ შემთხვევაში, თუ წავაგებდით, ასე სამარცხვინოდ არ წავაგებდით და პოსტსაბჭოურ სივრცეში არ გაჩნდებოდა ფრაზა _როცა ვინმეს ეკითხებიან, ხომ არ გეშინიაო, პასუხობს, რატომ მეშინია, ქართველი კი არ ვარ?!

დღესაც ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, რომ კიდევ არსებობს ომის საშიშროება.

_ რუსეთიდან თუ ნებისმიერი ქვეყნიდან მომავალ საფრთხეს რაც შეეხება, სახელმწიფო ყოველთვის უნდა იყოს მზად, რომ რომელიმე მხრიდან ვიღაცა თავს დაესხმება. არა მგონია, რუსეთს კიდევ დამატებითი, სერიოზული სტრატეგიული ინტერესი ჰქონდეს, გარდა იმისა, რასაც მიაღწია საქართველოსთან მიმართებით. მისი ამოცანა ბოლომდეა შესრულებული, ორი დივიზია გვიდგას ტერიტორიაზე.  

აგვისტოს ომის დროს დაღუპულებს უაზრო მსხვერპლს ვერ ვუწოდებთ, რადგან ისინი საქართველოს შეეწირნენ, მაგრამ ხელისუფლების ქმედებიდან გამომდინარე, ხომ შეიძლება, იმ კონკრეტრულ მომენტში ეს მსხვერპლი ვიღაცამ უაზროდ ჩათვალოს?

_ რაც შეეხება მსხვერპლს, სამშობლოსთვის მსხვერპლი უაზრო არასდროს არ არის. შეიძლება, ჭკვიანმა ან უჭკუო ხელისუფლებამ ადამიანების სისხლი ან გააწყალოს, ან პირიქით, საქართველოსთვის პოზიტიური გახადოს. თუმცა, შეიძლება უჭკუო ხელისუფლებამ მსხვერპლი მარაზმად გადააქციოს.

აგვისტოს ომიდან ოთხი წლის თავზე ქართველი ჯარისკაცების დაკრძალვამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. რატომ დაამთხვიეს მათი დნმ-ის ანალიზი ზუსტად ოთხ წლისთავს? ესეც პიარისთვის ხომ არ დასჭირდათ?

_ თუ გართულდა დნმ-ის ანალიზის მიღება, ალბათ, მასალა იყო დაზიანებული და ტექნიკურად გაჭირდა გამოკვლევა. ახლა პიარისთვის გააკეთეს თუ აგიტაციისთვის, რთულია ამის თქმა. მოგეხსენებათ ჩვენი ხელისუფლების ნაბიჯები ლოგიკური დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას რთულად იძლევა.