სააკაშვილის ცრუ დაპირებები

სააკაშვილის ცრუ დაპირებები

ხელისუფლების დაპირებები დაპირებებად რჩება. ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება ამა თუ იმ არჩევნების წინ როგორ კეთილ დაპირებებს გვაძლევდა მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი. ამასთანავე, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო პროგრამებს თვალს გადავავლებთ, აღმოჩნდება, რომ ბევრ სფეროში ყველა არჩევნების წინ ხელისუფლება ერთსა და იმავე დაპირებებს იძლევა. ამის თვალსაჩინო მაგალითია ალიანსის „ეკონომიკური სამართლიანობისა და ბიზნესის თავისუფლებისთვის“ საარჩევნო პროგრამების მონიტორინგის შედეგები. ალიანსმა დღეს ეს შედეგები for.ge-ს პრეს-კლუბში ჟურნალისტებს გააცნო.

ალიანსის წარმომადგენლების თქმით, აქცენტი, ბუნებრივია, მმართველ ძალაზე გაკეთდა, ვინაიდან სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებს თავიანთი პროგრამების განხორციელების უფლებამოსილება არ გააჩნიათ და მათი დაპირებები ხშირად ცარიელი ბელეტრისტიკაა. ალიანსი აღნიშნული პროგრამების უსაფუძვლობის და უპასუხისმგებლობის საილუსტრაციოდ 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამის მონიტორინგს გვთავაზობს. პროგრამა, რომელიც სამ ძირითად პრინციპს – უსაფრთხოება, ინიციატივა, ერთობა – ეყრდნობოდა, მმართველმა ძალამ „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“ უწოდა და ამომრჩევლებს პროგრამის 50 თვეში (4 წელი) განხორციელებას დაპირდა.

ალიანსის „ეკონომიკური სამართლიანობისა და ბიზნესის თავისუფლებისთვის“ პრეზიდენტის ნოდარ ჭიჭინაძის განცხადებით, უსაფრთხოება, რომელიც პროგრამის – „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“ ერთ–ერთი ქვაკუთხედი იყო, „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის დაბრუნებით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გულისხმობდა, მაგრამ არჩევნებიდან 3 თვეც არ იყო გასული, რაც ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას ქვეყნის ტერიტორიების გარკვეული ნაწილის დაკარგვა მოჰყვა შედეგად.

„არანაკლებ ბუტაფორიულია პროგრამის ეკონომიკური ასპექტები. „ყველას შევუქმნით საშუალებას გამოიჩინოს ინიციატივა, თითოეულ ადამიანს მიეცემა საშუალება იმუშაოს, დაიწყოს ბიზნესი, დაძლიოს სიღარიბე საკუთარ ოჯახში, რადგან ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე იწყება თითოეული ოჯახის კეთილდღეობიდან. ასე ვაქცევთ ჩვენ რეალობად საქართველოს სიღარიბის გარეშე“, – ეს გახლავთ მონაკვეთი „ნაციონალური მოძრაობის“ აღნიშნული საარჩევნო პროგრამიდან. ამ დაპირების მიუხედავად, საზოგადოებას ახსოვს არაერთი მაგალითი, როდესაც ადგილი ჰქონდა ბიზნესის შევიწროებას, ბიზნესმენების დევნას, ქონების უკანონო ჩამორთმევას და ა.შ.“, - აცხადებს ნოდარ ჭიჭინაძე.

მისი თქმით, იმავე პროგრამით, „ნაციონალები“ ხალხს მდგრადი ფინანსური სისტემის ჩამოყალიბებას და კრედიტების გაიაფებას პირდებოდნენ, რითაც ახალი საწარმოების გახსნის სტიმულირება მოხდებოდა. ამის შემდეგ თითქმის 50 თვე გავიდა, მაგრამ რეალობა დღეს იგივეა. კრედიტების სიძვირით საქართველო მსოფლიოში მე–8 ადგილზეა, ბიზნესის დასაწყები სესხი, ე.წ. „სტარტაპის“ ცნებაც კი, პრაქტიკულად, ქვეყანაში არ არსებობს.

„გავაგრძელებთ გადასახადების შემცირებას, რაც დასაქმებას, დაგროვებას და ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს: საშემოსავლო გადასახადს 15%-მდე შევამცირებთ და ეს საშუალებას მოგვცემს შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი“, –  ასეთია მორიგი ამონარიდი პროგრამიდან „საქმე ლაპარაკის ნაცლად“.

„როგორც ვხედავთ, 2008 წელს „ნაციონალები“ გვპირდებოდნენ იმგვარი პოლიტიკის გატარებას, რომელიც ხელს შეუწყობდა დანაზოგების ზრდას, თუმცა საქართველო დღემდე მსოფლიოში ერთ–ერთი ბოლოა დანაზოგების მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით. მშპ–ს მიმართ მთლიანი ეროვნული დანაზოგი 5%–ის დონეზეა, როცა ეს მაჩვენებელი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში 30%–დან 50%–მდე მერყეობს. საშემოსავლო გადასახადის შემცირებაც, ყველას კარგად მოეხსენება, არ მომხდარა და აღარც მოხდება“, - აღნიშნავს ჭიჭინაძე.

მისი თქმით, „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“ მოიცავდა, ფოთის ინდუსტრიული ზონის სრული სიმძლავრით ამოქმედებას, რაც 35 000-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას გულისხმობდა. დღეს კი, ყველა ერთხმად, და მათ შორის პრეზიდენტიც, აღიარებს, რომ ეს პროექტი ჩავარდა. გარდა ამისა, დაპირებებში შედიოდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნა აფხაზეთსა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“.

ჭიჭინაძე ამბობს, რომ გარდა ამისა, საინტერესოა რამდენიმე მაკროპარამეტრის განხილვა. უმუშევრობის დონე, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2005 წლის 13,8%–იანი დონიდან 2011 წლისთვის 15,1%–მდე გაიზარდა. 2003 წელთან შედარებით ლარის მსყიდველობითი უნარი თითქმის 2–ჯერ შემცირდა. უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის რიცხოვნობა შეადგენს 1,6 მილიონ ადამიანს, რაც ქვეყნის მთელი მოსახლეობის დაახლოებით 36%–ია.

„ნათელია, რომ დაპირებების უმეტესობა დღემდე შეუსრულებელია. ამას, ისიც ცხადყოფს, რომ 2008 წლის დაპირებების ნაწილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ პროგრამაშიც გვხდება. მაგალითად: 100 დოლარიანი პენსია, საყოველთაო დაზღვევა და ა.შ.“, - აცხადებენ ალიანსში.

გარდა ამ პროგრამისა, ალიანსის „ეკონომიკური სამართლიანობისა და ბიზნესის თავისუფლებისთვის“ წევრები 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის მიერ ამომრჩევლებისთვის შეთავაზებულ პროგრამა „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“-ზეც საუბრობენ. ალიანსის ვიცე-პრეზიდენტის ლადო ხიხაძის განცხადებით, პროგრამის ძირითად მიზნებს მოსახლეობის კეთილდღეობა, ანუ საქართველო სიღარიბის გარეშე, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სრული ტერიტორიული და სამოქალაქო რეინტეგრაცია წარმოადგენდა.

„ხელისუფლება გვპირდებოდა, რომ საქართველო გაწევრიანდებოდა NATO-ში, რომ მომდევნო 5 წლის მანძილზე ქვეყანა წარმატებით დაასრულებდა ნატოში გაწევრიანების ყველა ეტაპს, და მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. 5 წელი, ფაქტობრივად, უკვე გავიდა და შედეგს საზოგადოება კარგად ხედავს. ალბათ ამ პუნქტის შესრულების ხარისხი არავისთვისაა საეჭვო და საზოგადოება რეალურ შედეგს კარგად ხედავს“, - აღნიშნავს ლადი ხიხაძე.

იგი ხაზს უსვამს აღნიშნული პროგრამის კიდევ ერთ ასპექტს - რუსეთის ფედერაციასთან  ურთიერთობების ნორმალიზებას, თუმცა რუსეთთან ურთიერთობა დღემდე დაძაბულია და უფრო მეტიც, ვინც ცდილობს ჩრდილოელ მეზობელთან რაიმე ურთიერთობის დაჭერას, ის ავტომატურად ქვეყნის ინტერესების მოღალატედ ითვლება. ამავე პროგრამის თანახმად, უნდა გაგრძელებულიყო ეკონომიკის სწრაფი ზრდა – მომდევნო 5 წლის განმავლობაში ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 8%-ით უნდა გაზრდილიყო და საქართველო მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით „საშუალო-მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში“ უნდა გადანაცვლებულიყო, თუმცა 2008 წლიდან დღემდე ქვეყნის ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 3%–ით იზრდებოდა და ერთ სულ მოსახლეზე მშპ–ს მოცულობით საქართველო კვლავ დაბალშემოსავლიან ქვეყნებს განეკუთვნება. ასევე ერთ-ერთი დაპირება ეკონომიკაში სახელმწიფოს წილის შემცირება იყო – ბიუჯეტის  ხარჯების წილი მშპ-სთან მიმართებაში 29%-დან 22%-მდე უნდა შემცირებულიყო, მაგრამ ლადო ხიხაძის თქმით, ესეც მორიგი შეუსრულებელი დაპირებაა, რადგან ბიუჯეტის ხარჯები მშპ–ს 30%–ის დონეზეა.

პროგრამის თანახმად დაგეგმილი იყო ინფლაციის სტაბილურად ერთნიშნა დონეზე შენარჩუნება – პროფიციტული ბიუჯეტისა და პროგრამის საწყის ეტაპზე გატარებული მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად 5 წლის განმავლობაში ინფლაცია საშუალოდ 7% უნდა ყოფილიყო.

„საზოგადოებას კარგად ახსოვს 2010 წელს განვითარებული მოვლენები, 2010 წლიდან ქვეყანაში ფასების ზრდის ტემპმა იმატა და 2011 წლის გაზაფხულზე ინფლაციამ 15%-ს მიაღწია. მიუხედავად გარეშე ფაქტორებზე გადაბრალებისა, ეს ფაქტი აშკარად შიდა ფაქტორების ზემოქმედების შედეგი იყო. კერძოდ, იგულისხმება ეკონომიკური ზრდის ის მოდელი, რომელიც 2010 წელს სახეზე იყო საქართველოში, იგულისხმება ეკონომიკის ფისკალური სტიმულირება, ერთის მხრივ, საბიუჯეტო არხებით, მეორეს მხრივ, ეკონომიკის დაკრედიტების მაქსიმალური წახალისებით, მათ შორის ეროვნული ბანკის პოლიტიკის ხელშეწყობით და ყველაფერი ეს ხდებოდა ინვესტიციების შესამჩნევი კლების ფონზე. საბოლოო ჯამში, ფისკალურმა სტიმულირებამ და დაკრედიტების ხელშეწყობამ გამოიწვია მიმოქცევაში ფულის მასის ზრდა. არასწორი პოლიტიკის გამო, საქართველო იმ რამდენიმე ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებლები იყო“, - აღნიშნავს ლადო ხიხაძე.

იგი ასევე ხაზს უსვამს, რომ ამ პროგრამაში დაპირებები იყო ასევე ევროკავშირსა და ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის სექტორის ეფექტურობის ზრდასთან, საკუთრების უფლების გარანტიებთან, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით და ა.შ. და ამათგან არც ერთი დაპირება ჯერაც შესრულებული არ არის.