საქართველოს პოლიტიკურმა ბრძოლამ საინვესტიციო დავების მარეგულირებელ საერთაშორისო ცენტრში გადაინაცვლა

საქართველოს პოლიტიკურმა ბრძოლამ საინვესტიციო დავების მარეგულირებელ საერთაშორისო ცენტრში გადაინაცვლა

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მოწინააღმდეგე სახელმწიფოს წინააღმდეგ საინვესტიციო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სარჩელის შეტანით იმუქრება და პრეტენზიას გამოთქვამს რიგი ზომების გამო, რომლებიც უარყოფითად აისახება მის ინვესტიციებზე საბანკო სექტორში.

ბიძინა ივანიშვილს, რომელიც გახლავთ ყველაზე შეძლებული ადამიანი საქართველოში და ოპოზიციური მოძრაობა „ქართული ოცნების“ ლიდერი, წარმოადგენს იურისტთა გუნდი კომპანიიდან „სკადენი, არპსი, სლეიტი, მიგერი და ფლომი“ (Skadden Arps Slate Meagher & Flom), რომელიც ერთხელ უკვე გამოვიდა წარმატებით საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საინვესტიციო დავების მარეგულირებელ საერთაშორისო ცენტრში ებრაელი და ბერძენი ინვესტორების მიერ შეტანილი სარჩელის ფარგლებში, რომელიც შეეხებოდა ნავთობსადენის საქმეს.

რადგანაც პრეზიდენტმა ივანიშვილს ჩამოართვა საქართველოს მოქალაქეობა, ეს უკანასკნელი ქვეყანაში უცხოელი ინვესტორის რანგში წარადგენს ამ სარჩელს, საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების ფარგლებში. მან საფრანგეთის მოქლაქეობა ორი წლის წინ მიიღო.

ამავდროულად, საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით მან სარჩელი შეიტანა საქართველოს წინააღმდეგ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში.

2011 წლის ოქტომბერში ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილს მისწერა ღია წერილი, რომელშიც გააკრიტიკა ამ უკანასკნელის რეჟიმი და განაცხადა, რომ აპირებდა ოპოზიციური პარტიის ჩამოყალიბებას ქვეყანაში მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით.

მისი მოძრაობა „ქართული ოცნება“ გახლავთ ექვსი წარსულში ტრადიციულად დაქსაქსული და არაეფექტური ოპოზიციური პარტიის კოალიცია და წარმოადგენს მნიშვნელოვან საფრთხეს სააკაშვილისათვის, რომელსაც თითქმის უკვე ათი წელია, რაც პრეზიდენტის პოსტი უჭირავს.

თუმცა, ივანიშვილის ჩართულობამ „ქართულ ოცნებაში“ მის მიმართ პირადი ანგარიშსწორების სახე მიიღო. 31 ივლისით დათარიღებულ, საქართველოს პრეზიდენტისა და იუსტიციის მინისტრის მისამართით გაგზავნილ შეტყობინებაში დავის შესახებ ივანიშვილმა განაცხადა, რომ საკუთარი პოლიტიკური ამბიციების გასაჯაროებიდან რამდენიმე დღეში ხელისუფლებამ დაიწყო „მის და მისი აქტივების წინააღმდეგ მიმართული დაშინების, ექსპროპრიაციისა და სხვა უკანონო ქმედებების უწყვეტი კამპანია, რომლის კოორდინირება ხდება ხელისუფლების ყველა შტოში: როგორც აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებში, ასევე სასამართლოში და ცენტრალურ ბანკშიც კი, ანუ საქართველოს ეროვნულ ბანკში“.

პოლიტიკოსი ხელისუფლების მიერ წარმოებულ ამ კამპანიას აღწერს, როგორც „შეტევას მრავალ ფრონტზე“, რომელიც დაიწყო მისი მოქალაქეობის ჩამორთმევით.

ამის შემდეგ სახელმწიფო უშიშროების თანამშრომლები აწარმოებდნენ ზეწოლას ივანიშვილის ერთ-ერთი ბანკის - სააქციო საზოგადოება „ქართუ ბანკის“ კლიენტებზე და აიძულებდნენ მათ, დაეხურათ საკუთარი ანგარიშები ამ ბანკში, რასაც მოჰყვა 27 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალი ოქტომბრის მეორე ნაწილში.

გარდა ამისა, ბანკს საჯაროდ დასდეს ბრალი ფულის გათეთრებაში და გამოცხადდა ორთვიანი აუდიტორული შემოწმება, რომელიც დღემდე არ დასრულებულა. ივანიშვილის თქმით, აუდიტის მიზანს  წარმოადგენდა, თითქოსდა, ფულის გათეთრების წინააღმდეგ კანონმდებლობასთან ბანკის შესაბამისობის შემოწმება, თუმცა კი სინამდვილეში არ გააჩნდა არავითარი კანონიერი საფუძველი და გახლდათ მხოლოდ და მხოლოდ საბაბი, რათა დანხორციელებულიყო „ქართუ ბანკის ოპერაციების ყოველდღიური კონტროლი“.

საქართველოს სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ყველაზე უკიდურეს ნაბიჯს წარმოადგენდა კანონის მიღება, რომლის ძალითაც საგადასახადო უწყებებს მიენიჭათ პრიორიტეტი ფინანსური ინსტიტუტების მანამდე არსებულ დავალიანებებზე, რაც, ივანიშვილის თქმით, შეურაცხყოფს საერთაშორისო პრაქტიკას და საფრთხეს უქმნის საქართველოს ფინანსურ სისტემას.

მთელს მსოფლიოში თავდაპირველად არსებულ დავალიანებას ენიჭება პრიორიტეტი შემდგომ წარმოქმნილ დავალიანებასთან (საგადასახადო დავალიანების ჩათვლით)შედარებით, ხოლო, როგორც ეს განმარტებულია საარბიტრაჟო შენიშვნაში,  კრედიტორთა შორის ყადაღის დადების უფლების პრიორიტეტი განისაზღვრება ვალდებულების რეგისტრაციის თარიღით. ამ პრიორიტეტის შებრუნების გზით საქართველოში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას სერიოზული პრობლემების შექმნის პოტენციალი გააჩნია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს 19 კომერციული ბანკი, კანონი ამოქმედდა მხოლოდ ერთის წინააღმდეგ - ეს გახლდათ „ქართუ ბანკი“. გასული წლის ნოემბრიდან მას დაახლოებით 115 მილიონი დოლარის ოდენობის აქტივები ჩამოერთვა, რომლებიც მას კანონიერად ჰქონდა მოპოვებული, როგორც კომერციული სესხების გირაო.

მაშინ, როცა „ქართუ ბანკის არსებული აქტივებიდან “ 92-ის მიმართ გამოყენებული იქნა კანონის მოთხოვნები, სხვა ბანკების აქტივები ხელუხლებელი დარჩა. ეს შერჩევით გამოყენებული კანონი გაუქმდა ა.წ. აპრილში თითქმის ექვსთვიანი მოქმედების შემდეგ.

წელს ასევე აღინიშნა ხელისუფლების მიერ „ქართუ ბანკისა“ და სხვა ბანკში ივანიშვილის აქტივების დაყადაღება გადაუხდელი ჯარიმების ამოღების მიზნით, რომელიც პოლიტიკოსს დაეკისრა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ სახელმწიფო კანონის დარღვევისათვის.

ივანიშვილი აცხადებს, რომ ასეთი სახით „სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად სისტემატური გამოყენება“ „დაკანონდა“ ქართული სასამართლოს მიერ, რომელმაც უარყო ათზე მეტი თხოვნა შემსუბუქების შესახებ. მისი თქმით, „გადაწყვეტილებები [...] აშკარად მიკერძოებული იყო ხელისუფლების სასარგებლოდ“.

ივანიშვილი მიუთითებს იმაზე, თუ რა ზომების მისაღებად იყო საქართველოს ხელისუფლება მზად, ოღონდ მისთვის ზიანი მიეყენებინა: საგადასახადო კოდექსის შეცვლა, იმ კანონის „ნაფლეთებად ქცევა“, რომელიც აღიარებს კერძო საკუთრებას, ასევე ეროვნული ბანკისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის კომპრომენტაცია, „რითაც უმძიმესი დარტყმა მიაყენა საქართველოს ეკონომიკას, საბანკო სისტემასა და პოზიციას საერთაშორისო თანამეგობრობაში“.

ივანიშვილმა მოთხოვა საქართველოს მხარეს, 14 დღის განმავლობაში დაადასტუროს, ეთანხმება თუ არა ის წაყენებულ ბრალდებებს, არის თუ არა მზად, გადაწყვიტოს ეს დავა მოლაპარაკების გზით და აანაზღაუროს ზიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის წამოიწყებს საინვესტიციო დაცვების მარეგულირებელი საერთაშორისო ცენტრის პროცედურებს.

პოლიტიკოსის Skadden გუნდში შედიან პარტნიორები: გრეგორი კრეგი (ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი), რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი გახლავთ თეთრ სახლში და რომელიც ხელმძღვანელობდა ბილ კლინტონის ადვოკატების გუნდს მონიკა ლევინსკის საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობის დროს; კერილ ნეირნი და იურიდიული მრჩეველი დევიდ ჰერლიჰი ლონდონში, რომლებიც წარმოადგენდნენ ფუქსსა და კარდასოპულოსს საქართველოს წინააღმდეგ.

ეს საქმე ეხება უფრო ფართომასშტაბიან ეჭვებს საქართველოს დემოკრატიის სიჯანსაღესა და მედია-გაშუქების სამართლიანობასთან დაკავშირებით არჩევნების წინა პერიოდში. ჟურნალში The Economist ახლახანს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა მხოლოდ 38% თვლის, რომ დემოკრატიის პირობებში ცხოვრობს.

რადგანაც შეუძლებელია, ის ხელახლა იქნეს არჩეული პრეზიდენტად, სააკაშვილმა ახლახანს დაიწყო პრეზიდენტის ძალაუფლების გადაცემა პრემიერ-მინისტრისათვის, რასაც, როგორც კომენტატორები ვარაუდობენ, მოჰყვება მის მიერ რუსეთის ლიდერის - ვლადიმერ პუტინის მიბაძვა, ანუ ის პრეტენზიას განაცხადებს ამ თანამდებობაზე, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება.

ივანიშვილმა ქონება შექმნა ლითონებზე და საბანკო სექტორში, თუმცა ამჟამად დაინტერესებულია სასტუმროებითა და რუსული აფთიაქების ქსელით. ჟურნალ    Forbes2012 წლის სიაში მას 153-ე ადგილი უჭირავს მსოფლიოს ყველაზე შეძლებულ ადამიანებს შორის და მისი ქონების სუფთა ღირებულება შეადგენს 6.4 მილიარდ დოლარს.

გაზეთში Wall Street Journal გამოქვეყნებულ წერილში ივანიშვილი აცხადებს, რომ უკანასკნელი წინასაარჩევნო გამოკითხვის თანახმად, პარტია „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება თანაბრად მიიწევენ წინ. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მისი კოალიცია იძლევა დაპირებას, აღმოფხვრას ცივი ომის რიტორიკა და შეამსუბუქოს დაძაბულობა რუსეთთან კავკასიაში. ის ასევე გაამახვილებს ყურადღებას საქართველოს გადაქცევაზე ჭეშმარიტად დემოკრატიულ ქვეყანად.

   „თუკი მოგვეცემა სამართლიანი შესაძლებლობა, მწამს, რომ გავიმარჯვებთ. დემოკრატია გაიმარჯვებს“, - წერს ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილის იურიდიული მრჩეველები

· „სკადენი, არპსი, სლეიტი, მიგერი და ფლომი“ (Skadden Arps Slate Meagher & Flom)

პარტნიორები: გრეგორი კრეგი ვაშინგტონში, კერილ ნაირნი ლონდონში და მრჩეველიდევიდ ჰერლიჰი ლონდონში.

საქართველოს იურიდიული მრჩეველები

· გარე იურიდიული მრჩეველები ჯერ არ დანიშნულან.