ხმები ორ პოლიტიკურ ძალაზე გადანაწილდება

ხმები ორ პოლიტიკურ ძალაზე გადანაწილდება

მალე ქართული პოლიტიკური სპექტრი საარჩევნოდ კიდევ ერთხელ გადალაგდება და მათი წინასაარჩევნო ფრონტზე განლაგებაც საბოლოო სახეს მიიღებს. პოლიტიკურ პარტიებს საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა უკვე ამოეწურათ და ბოლო მონაცემებით, რეგისტრაციისათვის ცსკო-ში შეტანილია 41 პარტიის განაცხადი. 

შეგახსენებთ, რომ ცსკო-ში განაცხადების შეტანის ვადა 5 აგვისტოს იმ პოლიტიკურ პარტიებს ამოეწურათ, რომელთაც საქართველოს პარლამენტში ჰყავთ წარმომადგენელი, ხოლო არაკვალიფიციურ პარტიებს ცსკო-ში განაცხადის შეტანა 31 ივლისამდე შეეძლოთ.

ექსპერტი ზურაბ აბაშიძე თვლის, რომ ჩვენში, ალბათ, ერთ სულ მოსახლეზე, მსოფლიოში პარტიების ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის.

„მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ჩართულია პოლიტიკაში, ცოტა ბიზნესში, ცოტაც სოფლის მეურნეობაში და ვაჭრობაში, ყველა სხვა დანარჩენი პოლიტიკაში და დიდ წარმატებებს ვუსურვებ - ეს იუმორით - რა თქმა უნდა. როდესაც ბევრი პარტია მონაწილეობს არჩევნებში ეს ხმების დაქსაქსვას იწვევს, მაგრამ ოპოზიციური მთავარი მუხტი მაინც „ქართულმა ოცნებამ“ შეკრიბა და რამდენიც უნდა არეგისტრირონ პარტიები, ბარიერს რამდენიმე პარტია გადალახავს, ალბათ - ორი-სამი, მაქსიმუმ ოთხი“, - ამბობს ზურაბ აბაშიძე.

კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების საბოლოო კონფიგურაცია დაახლოებით ორ კვირაში უკვე გარკვეული უნდა იყოს და პოლიტიკურ პარტიებს სწორედ ეს დრო აქვთ იმისათვის, რომ ერთიანი ბლოკები და კოალიციები შექმნან.

„მართალი გითხრათ, არ მაქვს რაღაც დიდის მოლოდინი, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ გაერთიანდებიან, თეორიულად უფრო მეტ წონას შეიძენენ, თუმცა, ვთქვა, რომ ეს თვისობრივად რამეს შეცვლის - არ მგონია. თითო და ორკაციან პარტიებს ურჩევიათ გაერთიანდნენ და ასე შესაძლოა შედარებით მეტ წარმატებას მიაღწიონ“,- მიიჩნევს ზურაბ აბაშიძე.

ექსპერტები დღევანდელი ქართული პოლიტიკური გარემოს შეფასებისას ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ოპოზიციისთვის ბევრად უფრო მომგებიანი იქნებოდა, მოეხერხებინათ ერთიანი კოალიციის შექმნა და გაერთიანებული ძალებით მმართველ პარტიასთან დაპირისპირება, თუმცა, ალბათ, ეს ვერ მოხერხდება და ამას თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზებიც გააჩნია.

ყველა არჩევნებში დამოუკიდებელ მოთამაშედ გვევლინება „ლეიბორისტული პარტია“, მართალია, ის სოციოლოგიური კვლევების რეიტინგებშიც კი ვეღარ ხვდება, მაგრამ გასულ არჩევნებზე მაინც მოახერხა პარლამენტში რამდენიმე დეპუტატის გაყვანა. დღესაც „ლეიბორისტული პარტია“ სავარაუდოდ, ოპოზიციისთვის ხმების წასართმევად ემზადება, მაგრამ ექსპერტების შეფასებით, ძნელი სათქმელია, მას ეს რამდენად გამოუვა.

ასევე დამოუკიდებელ მოთამაშედ შეიძლება ვიხილოთ „ქრისტიან-დემოკრატები“ და სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მათ საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსები აქვთ.

მათთან დაბლოკდებიან თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტ პარტიებად წოდებული ახალი „მემარჯვენეები“, „ეროვნულ დემოკრატები“ და დანარჩენი თითო-ორ კაციანი პარტიები, რომლებმაც წინა საპარლამენტო არჩევნები გაამრავალფეროვან-გაადემოკრატიულეს, ძნელი სათქმელია. თუმცა ექსპერტები თვლიან, რომ ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, ფაქტი ერთია, რომ სოციოლოგიურ კვლევებში მხოლოდ „ქრისტიან-დემოკრატების“ რეიტინგი ფიქსირდება.   

როგორც ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, თითქმის ყველა გამოკლევაში ჩანს, რომ ოპოზიციური სპექტრიდან თუ ვინმეს აქვს შანსები, ეს არის „ქართული ოცნება“.

„დანარჩენი პარტიების რეტინგებში ყველაზე მაღალი - 4% აქვს „ქრისტიანულ დემოკრატიულ მოძრაობას“, დანარჩენს ეგეც არ აქვს. ასი პარტიაც რომ დარეგისტრირდეს, ურეიტინგოდ რა აზრი აქვს ამ პარტიების რეგისტრაციას? რაც შეეხება სატელიტურ პარტიებს, რეიტინგებში ბარიერის გადამლახავებს შორის მარტო „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტია ფიგიურირებდა, „ახალი მემარჯვენეები“ ამ რეიტინგებში ვერ მოხვდნენ ისე, როგორც ედპ“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

ზურაბ აბაშიძის შეფასებით, „ქრისტიან-დემოკრატები ძალიან აქტიურობენ, ჩადიან რეგიონებში, მუშაობენ ძალიან სერიოზულად და ენერგიულად. თუმცა არჩევნები გამოაჩენს, რას იზამენ.

„ლეიბორისტები“, ვერ გეტყვით, რაკი რეიტინგებში არ ჩანან, შესაძლოა, მათი ნიშა ნაწილობრივ რაღაც სხვა ძალებმა დაიკავეს. ისე კი, დიდი ხანია, პოლიტიკაში არიან, გამოცდილი ხალხია, მაგრამ ვნახოთ, არჩევნებში რას იზამენ“, - მიიჩნევს ზურაბ აბაშიძე.

როგორც ზურაბ აბაშიძე თვლის, იმ გადაჯგუფებების მიუხედავად რაც მიმდინარეობს, ერთი ტენდენცია უკვე აშკარად გამოკვეთილია:

„რასაც მოვუსმინე სოციოლოგიურ გამოკითხვებს, იკვეთება ტენდენცია, რომ „ქართული ოცნება“ იღებს ხმებს და იზრდება მის მხარდამჭერთა ოდენობა, განსაკუთრებით მათი რეზერვი არის იმ პროცენტში (და ეს დაახლოებით 20%-მდეა), ვინც ამ გამოკვლევებში თავს იკავებს ან ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია.

შეიძლება ციფრები მოგეწონოს, ან არ მოგეწონოს, მაგრამ ტენდენცია ჩანს, რომ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია შეაგროვოს ხმების ძალიან დიდი რაოდენობა“,- აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

ნელ-ნელა უკვე ცნობილი ხდება, ვინ ვისთან ალიანსში შეიძლება ვიხილოთ. მაგალითად, მინდია გულუას „განახლებული საქართველოსთვის“ და ჯონდი ბაღათურიას „ქართული დასი“ საარჩევნოდ შესაძლოა, ერთიან კოალიციაში აღმოჩნდნენ. 
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ორ პოლიტიკურ სუბიექტს შორის არჩევნებში ერთიანი ძალებით მონაწილეობას თაობაზე კონსულტაციები დაწყებულია, რაც დიდი ალბათობით, საარჩევნო კოალიციის შექმნით დასრულდება. 
თუმცა ცნობილია ისიც, რომ ჯონდი ბაღათურია მზადაა ითანამშრომლოს „ქართულ ოცნებასთანაც“, ასევე მისთვის მისაღებია „დემოკრატიული მოძრაობა“ და „თავისუფალი საქართველო“.

თეთრები, ტრადიციონალისტები და თავისუფალი საქართველო“ სავარაუდოდ  ერთ ბლოკად შეიძლება ვიხილოთ, თუმცა, ჯერჯერობით, მათთან ერთად არ არის „დემოკრატიული მოძრაობა“, რომელიც სწორედ ამ ალიანსში მოიაზრებოდა. რამდენადაც ცნობილია, ნინო ბურჯანაძის პარტია კვლავ კონსულტაციების,რეჟიმშია „სახალხო კრებაში“ შემავალ პოლიტიკურ პარტიებთან.

პარტია „თავისუფალმა საქართველომ“, „ტრადიციონალისტთა კავშირმა“ და მოძრაობა „თეთრებმა“ კი იმერეთის 5 საარჩევნო ოლქში ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატები უკვე წარადგინეს.
ამასობაში უკვე შეიქმნა სურათი, რომელსაც სავარაუდოდ, ყველა საარჩევნო ოლქში ვიხილავთ. 

მაგალითად, ქუთაისში ერთმანეთს თემურ შაშიაშვილი, „ქართული ოცნებიდან“ გუბაზ სანიკიძე, „ახალი მემარჯვენეებიდან“  მამუკა მღვდელაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ გოჩა თევდორაძე უპირისპირდებიან, თუ ამას დაემატება სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებიც, კიდევ უფრო მრავალფეროვანი არჩევანის წინაშე დადგება ქუთაისელი ამომრჩეველი.

დაახლოებით ანალოგიური სიტუაცია იქნება სხვა საარჩევნო ოლქებშიც სადაც ერთის მხრივ „ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიციური პარტიების რამდენიმე წარმომადგენელი დაუპირისპირდება ერთმანეთს.
ვის რა შანსი ექნება გამარჯვებისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციური სპექტრის კოორდინაცია, ექსპერტები თვლიან, რომ ასეთ შემთხვევაში ოპოზიციის გამარჯვების შანსები კიდევ უფრო დიდი იქნებოდა.

„გაერთიანება ესეც პირობითი ცნებაა და იგულისხმება ხოლმე, მინიმუმ კოორდინაცია არ მოხდეს ისე, რომ წამყვანმა ოპოზიციურმა ფიგურებმა ერთმანეთს ოპოზიციური ხმები წაართვან. ამაზე იყო ლაპარაკი, თუმცა ეს არ მოხერხდა.

ამით ოპოზიცია აგებს იმას, რომ ოპოზიციური ხმები დააკლდება ყველას - ოპოზიციურ პარტიებს, მეორე მხარეს კი არის ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“, ამიტომ, მას მეტი ხმები დაუგროვდება“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისივე განმარტებით, „სახელისუფლებო პარტიის დამარცხების თვალსაზრისით, უპრიანი იქნებოდა, მთელი ოპოზიციის ერთ სტრუქტურაში გაერთიანება და ხმების ორად გაყოფა, სახელისუფლებო პარტიისა და ოპოზიციის სასარებლოდ, თუმცა ეს ვერ მოხერხდა“.

ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში შემჩნეული პარტიების გარდა ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება რეალურად შესაძლებელი ჩანდა, თუმცა ამ ერთიანობისთვის ხელშემშლელი მათი იდეოლოგია, უფრო კონკრეტულად კი საგარეო ორიენტაცია აღმოჩნდა.

რამდენად არიან რეალურად პრორუსული პარტიები ეს ძნელი სათქმელია, თუმცა რამდენიმე პარტიას ასეთი იარლიყი მიეწება და ისინიც არც ცდილობენ მის ჩამოხსნას, თუმცა ის, რომ მეზობელ რუსეთთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობები ჩამოყალიბდეს, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის მისაღები პოსტულატია. რაც ე.წ. პრორუსულებს სხვა პარტიებისგან განასხვავებს, ეს ნატოს საკითია.

უფრო გულწრფელად კი პრორუსულობას ხელისუფლება მტრის ხატის შესაქმნელად იყენებს, უნდა ითქვას, რომ ადრე ეს უფრო დიდი წარმატებით გამოსდიოდა და, როგორც ექსპერტების ერთი ნაწილი ვარაუდობს, ამ პარტიების პრორუსულობაც საკმაოდ პირობითია, უფრო იმ ამომრჩევლის მოსაზიდი, ვისაც რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა ხიბლავს.

„რაც შეეხება ეპითეტს პრორუსულს, არც მთლად ადექვატურია, ყოველ შემთხვევაში, აქ ისეთი სახეები არიან თავმოყრილი, რომლებიც ქართული პოლიტიკისთვის ცნობილი სახეები არიან, მათი თანამშრომლობაც გასაკვირი არ არის, თუმცა ეს რამდენად პროდუქტიული იქნება, მიჭირს ამაზე მსჯელობა, რადგან ასეთი მსჯელობისთვის სიციოლოგიური კვლევებია დასაყრდენი და ამ ბოლო დროს, სოციოლოგიაში არ ჩანს მათი რეიტინგი“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

ზურაბ აბაშიძე კი შედარებით სკეპტიკურად უყურებს ასეთ პარტიებს:

„საქართველოში არსებობის უფლება ასეთ ორიენტაციასაც აქვს, თუ შეიძლება იყოს პროდასავლური, რატომ არ შეიძლება იყოს პრორუსული, მეზობელი ქვეყანაა, სრულიად ნათელი მიზნები აქვს კავკასიასა და მსოფლიოში და შეიძლება, კაცი ფიქრობდეს, რომ საქართველოსთვის რუსეთთან ურთიერთობა კარგია, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ ან განსაკუთრებულ დანაშაულსა და მზაკვრობას, თუმცა ჩემი დამოკიდებულება დღევანდელი რუსეთისადმი მკვეთრად უარყოფითია, უფრო სწორად იმ პოლიტიკის მიმართ რასაც ის დღეს საქართველოს მიმართ ატარებს, არ მომწონს. ვერც მათ მხარდამჭერ პოლიტიკას დავუჭერ მხარს, მაგრამ ასეთ პარტიებს არსებობის უფლება, რა თქმა უნდა, აქვთ“,- აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

მისივე შეფასებით, ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარია, თვითონ საარჩევნო პროცესმა ჩაიაროს ნორმალურად.

„ვგულისხმობ იმას, რომ არჩევნები ისე ჩატარდეს, მის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ეჭვები არ გაჩნდეს და შედეგი მისაღები იყოს“, - ამბობს ზურაბ აბაშიძე.

თუმცა, შესაძლოა სურათი შეიცვალოს კიდეც, რადგან  „თავისუფალი საქართველო“, ტრადიციონალისტთა კავშირი და „თეთრები“, კანდიდატების წარდგენის მიუხედავად, იმასაც ამბობენ, რომ მათი შეთავაზება დანარჩენ ოპოზიციურ ძალებთან საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმებასთან დაკავშირებით, კვლავაც ძალაშია.

რამაზ საყვარელიძე თვლის,  რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია ოპოზიციური ძალების კოორდინაცია მოხდეს. „არის მაგისი დრო და ვფიქრობ განწყობილებაც, რადგან მოვისმინე შესაბამისი ფრაზები, რომ ჯერ ბოლომდე ყველაფერი არ არის გადაწყვეტილი. მიმაჩნდა, რომ  ბურჯანაძეც ჩაერთვებოდა ამ მარათონში, თუმცა ფაქტია, რომ არ ჩაერთო“, - ამბობს საყვარელიძე.

ზურაბ აბაშიძე თვლის, რომ ალბათ, ხმები ორი პოლიტიკური ძალის მიმართულებით გადანაწილდება და დარჩება კიდევ პატარა რაოდენობა, სადაც ან მაჟორიტარების მეშვეობით ან პარტიული სიებით, ერთი-ორი ძალა შეიძლება გავიდეს.