„უშიშროების სამსახურის უფროსმა სასაფლაოზე მიმიყვანა და დამემუქრა“

„უშიშროების სამსახურის უფროსმა სასაფლაოზე მიმიყვანა და დამემუქრა“

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებზე ზეწოლა უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ზოგიერთ მათგანს კონტროლის პალატა ატერორებს, რეგიონებში კი - ადგილობრივი ხელისუფლება და ა.შ. განსაკუთრებული აგრესია ხელისუფლების წარმომადგენლებს იმ ადამიანების მიმართ აქვს, ვინც უკანასკნელ პერიოდში გაწევრიანდა „ქართულ ოცნებაში“. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი, რომელიც კოალიციის რიგებს 1-ელ აგვისტოს შეუერთდა, სიღნაღის რაიონის სოფელ წნორის მცხოვრები ნიკოლოზ კიკილაშვილია და როგორც თავად ამბობს, „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებისთანავე, მასზე ადგილობრივი უშიშროების სამსახურის მხრიდან ზეწოლა დაიწყო. კიკილაშვილს ერთი კვირის ვადა მისცეს იმისთვის, რომ საქართველო დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაპატიმრებით ემუქრებიან.

მომხდართან დაკავშირებით ნიკოლოზ კიკილაშვილმა საჩივრით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, სახალხო დამცველს და უწყებათშორისი კომისიის ხელმძღვანელ გიგა ბოკერიასაც. რა რეაგირება მოჰყვება მის საჩივარს, ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ.

მომხდარის შესახებ for.ge-ს ნიკოლოზ კიკილაშვილი ესაუბრება.

ნიკოლოზ კიკილაშვილი: „ჩემი ახლობელი გოჩა ხოსიტაშვილი მომიგზავნეს, რომელმაც მითხრა, რომ სოსო ციციშვილი სიღნაღში მიბარებდა. ციციშვილი არის კახეთის რეგიონის უშიშროების სამსახურის უფროსი. ადგილზე მისულს დამხვდნენ სოსო ციციშვილი და ჩვენი რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილე ლეკიაშვილი ბესო. ამ ადამიანებმა არა პოლიციაში, არამედ სიღნაღის სასაფლაოს ტერიტორიაზე არსებულ თავის კოტეჯებში მიმიყვანეს.

რა კოტეჯებზე საუბრობთ?

- სიღნაღის სასაფლაოს ტერიტორიაზე ორი პატარა კოტეჯია, ამ ხელისუფლებისაა, არ ვიცი რაში იყენებენ, ალბათ ჩემნაირი ადამიანების მისაყვანად, ვისი გამოჩენაც პოლიციის შენობაში არ სურთ. იქ რომ მიმიყვანეს, დამიწყეს საყვედურები, რატომ ვარ „ქართულ ოცნებაში“ და მითხრეს, რომ ერთ კვირაში საქართველო უნდა დავტოვო, თუ არადა დამიჭერენ. ამას მოჰყვა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც მეც ავყევი, არაფერი დავთმე და ამის გამო სახეში ერთხელ გამარტყეს კიდეც. რომ გითხრათ, მცემეს და დამალუჯრეს-თქო, ასე არ ყოფილა, მაგრამ ფიზიკური შეურაცხყოფა მაინც მომაყენეს.

ეს ყველაფერი ჩვენი რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კოტე ჯანელიძისგან დაიწყო. პირველ აგვისტოს, როგორც კი „ქართულ ოცნებაში“ გავწევრიანდი და ოფისიდან გამოვედი, დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ შემხვდა ჯანელიძე. მან უკვე იცოდა, რომ კოალიციაში გავწევრიანდი. ჯანელიძემ მანქანით გზა გადამიღობა და დამიწყო გამოკითხვა, - რას აკეთებ, იქით რატომ გადახვედიო და ა.შ. მე ვუთხარი, რომ ამ ხელისუფლებასთან არაფერი მესაქმებოდა, რადგან რაც ისინი ქვეყნის სათავეში მოვიდნენ ვალისა და უკუსვლის მეტი არაფერი ვიცი. ჯანელიძეს უხეშად ვუპასუხე, რომ ჩემი აზრი მაქვს და მას არავინ ჰკითხავს, მე სად წავალ და რას გავაკეთებ. ამის შემდეგ მან თავი დამანება და წავიდა.

იმავე საღამოს, კოტე ჯანელიძე და ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი (უკვე ყოფილი, რადგან მოახლოებული არჩევნების გამო მას უკვე იმუნიტეტი შეუჩერდა) ნუგზარ აბულაშვილი წნორის პარკის შესასვლელთან იდგნენ, საიდანაც ჩემი 14 წლის ვაჟი, თორნიკე კიკილაშვილი გამოდიოდა. იქვე იჯდა ჩემი მეუღლეც. კოტე ჯანელიძემ დეპუტატს გადაულაპარაკა, რომ ეს ჩემი შვილი იყო, რის შემდეგაც თორნიკეს ნუგზარ აბულაშვილმა დაუძახა. ჩემს შვილს „ქართული ოცნების“ მაისური ეცვა და აბულაშვილმა მას უთხრა - ეს მაისური რატომ გაცვია, გაიხადეო. თორნიკეს ჩემგან ისე აქვს ეს ყველაფერი ჩაგონებული, რომ ნუგზარ აბულაშვილს შეეპასუხა - ამ მაისურს არ გავიხდიო.

როგორც ჩანს, მათ გულში ჩაიდეს, რომ ჯერ მე ველაპარაკე ჯანელიძეს უხეშად, შემდეგ ჩემი ვაჟი აბულაშვილს შეეპასუხა და მეორე დღეს უკვე დამიბარეს. ის სიტყვები, რაც მე კოტე ჯანელიძეს ვუთხარი, უშიშროების სამსახურის უფროსმა ციციშვილმა დამახვედრა - ამ მთავრობამ დაგადო ვალები? ამ მთავრობას რას ემდურიო და ა.შ. რატომღაც ჩემზე აქვთ გართულება, რადგან თურმე თვლიან, რომ სოფელში გავლენა მაქვს და ხალხის ჩემს მხარეს გადაყვანა შემიძლია. ამიტომ ჩემი აქ ყოფნა არ აწყობთ.

თქვენზე თქვეს, რომ ხალხის თქვენს მხარეს გადაყვანის უნარი გაქვთ?

- დიახ, ეს ინფორმაცია გამოვიდა მათგან, რომ თურმე ხალხზე დიდ გავლენას ვახდენ. ამიტომ მათ ჩემი აქ ყოფნა არ აწყობთ და პირდაპირ ბრძანების კილოთი მითხრეს, რომ ერთ კვირაში საქართველო უნდა დავტოვო, წინააღმდეგ შემთხვევაში დამიჭერენ.

თანამშრომლობის შესახებ თუ გქონდათ მათგან შემოთავაზება?

- არა, უბრალოდ, საქართველოს დატოვება მიბრძანეს.

როდესაც სასაფლაოზე შეგხვდნენ, თავად სოსო ციციშვილი გესაუბრებოდათ?

- დიახ, და ხელიც მან გამარტყა.

ბატონო ნიკოლოზ, „ქართულ ოცნებაშიგაწევრიანებამდე რას საქმიანობდით?

- აქ არაფერს, რაც ნაციონალები ქვეყნის სათავეში მოვიდნენ, საქართველოში მე თითქმის არ მიცხოვრია. მანამდე მქონდა ელიავაზე მაღაზიები, უმაღლესდამთავრებულ კაცს ხელები ტაოტში მქონდა ამოსვრილი და რომ ვერ ავიტანე ეს ცხოვრება და ამგვარი სიტუაცია, საქართველოდან წავედი, ხან თურქეთში ვიყავი, ხან დუბაიში, ვწვალობდი, ვშრომობდი და ერთი-ორი კაპიკი მქონდა, რომ ჩემი ოჯახისთვის მომეწოდებინა. ახლა, როცა გავიგე, რომ აქ გარკვეული წინსვლაა და რაღაც პოზიტიური მოლოდინია, ერთი თვის წინ საქართველოში ჩამოვედი და პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ გავწევრიანდი.

ამ მუქარის მიუხედავადქართულ ოცნებასთანთანამშრომლობის გაგრძელებას აპირებთ?

- დიახ, რა თქმა უნდა, საერთოდ ცხოვრებაში არაფრის შიში მქონია, და მოსახდენი კი დღეს თუ ხვალ მაინც მოხდება. ამიტომ უკან დახევას არ ვაპირებ.