„ქართული ოცნება“ არასამთავრობოთა დეკლარაციას უერთდება

„ქართული ოცნება“ არასამთავრობოთა დეკლარაციას უერთდება

კოალიცია „ქართული ოცნება“ სამოქალაქო საზოგადოების მიერ 16 ივლისს შემოთავაზებულ 17 პუნქტიანი დოკუმენტის პრინციპების გაზიარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, კოალიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ძირითადი პრინციპებისადმი, მათ შორის, საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების შედეგების დადგენის პროცესში ძალადობრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებების დაუშვებლობისადმი. ამ სულისკვეთებიდან გამომდინარე, კოალიცია უპირობოდ შეუერთდა სამოქალაქო საზოგადოების მიერ 16 ივლისს შემოთავაზებულ 17 პუნქტიან დოკუმენტსაც და მასში მოცემული პრინციპებისა და ქცევის წესების დაცვის ვალდებულება აიღო.

„კოალიცია „ქართული ოცნების“ შეშფოთებას იწვევს მმართველი პარტიის მხრიდან აღნიშნული ქცევის წესების სისტემატური დარღვევა. კერძოდ, ბოლო დღეებში აჭარაში კვლავ დაფიქსირდა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებისა და ახალგაზრდების დანაშაულებრივ ქმედებაში ჩათრევის მცდელობა.

„მივმართავთ ქართულ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დროულად და სრულყოფილად შეისწავლონ აღნიშნული ფაქტები და ობიექტური შეფასება მისცენ მომხდარს. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან და მივაწოდოთ ჩვენს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ნაციონალურმა მოძრაობამ „საარჩევნო კამპანიის დროს პარტიათა ძირითადი ქცევის წესების დეკლარაცია“ წარმოადგინა და ყველა პოლიტიკურ ძალას დოკუმენტზე ხელმოწერისაკენ მოუწოდა. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, დეკლარაციას ყველა ძირითადი პარტია შეუერთდა, რეალურად კი ცნობილია, რომ დოკუმენტს „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“, „ახალმა მემარჯვენეებმა“ და „ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“ მოაწერეს ხელი. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებას ყველაზე მეტად ის აღიზიანებს, რომ დეკლარაციას „ქართული ოცნება“ არ უერთდება. ამის გამო კოალიციას ხელისუფლება „რაღაცის მზადებაში“ სდებს ბრალს, ვინაიდან მის მიერ შემუშავებული დოკუმენტის ბოლო პუნქტის თანახმად, ყველა პოლიტიკურმა ძალამ ცეეკო-ს მიერ გამოცხადებული არჩევნების შედეგები უნდა აღიაროს. სწორედ ეს ბოლო პუნქტი იქცა განხეთქილების ვაშლად ამ დოკუმენტთან დაკავშირებით. თუმცა ესეც რომ არა, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მხოლოდ ნაცმოძრაობის, ანუ არჩევნებში მონაწილე ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ მომზადებულ დოკუმენტთან შედარებით, სამოქალაქო საზოგადოების მიერ შემუშავებულ იგივე ტიპის დოკუმენტს ანიჭებენ უპირატესობას. ამდენად, კოალიციისთვის ნაციონალების მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე ხელმოუწერელობა პრინციპული საკითხია. ამასთანავე, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ თავად ხელისუფლება ყოველდღიურად არღვევს იმ პრინციპებს, რომლებიც აღნიშნულ დოკუმენტში აქვს ჩამოყალიბებული.

For.ge აღნიშნულ საკითხზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, მანანა კობახიძეს ესაუბრა.

მანანა კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობის მიერ შემუშავებული დოკუმენტი თავიდანვე მხოლოდ მათ მიერ იყო მომზადებული, ამ თემაზე არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან დისკუსია არ ჰქონიათ. მოგეხსენებათ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში მონაწილეობს და ამდენად არის მხარე. მოგვიანებით კი მსგავსი ტიპის დოკუმენტი არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს. ვინაიდან, ისინი ნეიტრალურები არიან და არჩევნებზე მხოლოდ დამკვირვებლის ფუნქცია აქვთ, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ სწორედ მათ მიერ შემუშავებულ უფრო სრულყოფილ დოკუმენტზე მოგვეწერა ხელი. ამიტომ, ჩვენ გავემიჯნეთ იმას, რომ ნაცმოძრაობა დირექტივის სახით გვთავაზობდა და ვინაიდან მიგვაჩნია, რომ არასამთავრობოების მიერ მომზადებული დოკუმენტი უფრო სრულყოფილია, სწორედ ამ დეკლარაციას ვუერთდებით. აქვე გეტყვით, რომ მასში მცირე კორექტივები იქნა შეტანილი. შესაბამისად, ის, რასაც ნაცმოძრაობა ავრცელებს, თითქოს ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ, რომელმაც მათ მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელი არ მოწერა, ტყუილია, რადგან ჩვენს გარდა ძალიან ბევრმა პარტიამ არ მოაწერა ხელი და დოკუმენტს მხოლოდ „ქდმ“, „მემარჯვენეები“ და „ედპ“ შეუერთდნენ. ეს პროსახელისუფლებო პარტიები არიან, რომლებიც უალტერნატივოდ იზიარებენ იმას, რასაც ნაცმოძრაობა სთავაზობს.

თქვენ ამბობთ, რომ არასამთავრობოების მიერ შემუშავებულ დოკუმენტში მციე კორექტირება შევიდა და თქვენ ამის შემდეგ მოაწერეთ მას ხელი. რას ეხებოდა ეს შესწორება?

- საქმე ეხება იმ პუნქტს, სადაც ნაციონალები ამბობდნენ, რომ ცესკოს და არასამთავრობოების მიერ აღიარებული არჩევნების შედეგები ყველა პოლიტიკურ პარტიას უნდა ეღიარებინა, თუმცა, არსებობს კიდევ სხვა კონსტიტუციური გზები. კერძოდ, ამ შედეგების სასამართლოში გასაჩივრება, ასევე საკონსტიტუციო სარჩელით მიმართვა, რაც ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა. ამიტომ, არჩევნების შედეგებს მხოლოდ ამ კონსტიტუციური სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში ვაღიარებთ, უარს ვამბობთ ყოველგვარ ძალადობაზე და მხოლოდ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შესაბამისად ვიმოქმედებთ. ამდენად, არჩევნების შედეგებს ვაღიარებთ არა მხოლოდ ცესკოს მიერ გამოცხადების, არამედ ყველა კონსტიტუციური საშუალების ამოწურვის შემდეგ.

ამდენად, არასამთავრობოების მიერ შედეგნილ დოკუმენტში ეს შესწორება შევიდა და მასქართულმა ოცნებამაცმოაწერა ხელი?

- დიახ, ჩვენ ცოტა უფრო სიცხადე შევიტანეთ იმ პუნქტში, რომელიც არჩევნების შედეგების აღიარებას ეხება.

ქალბატონო მანანა, თუ გქონდათ მცდელობა, რომ ამგვარი შესწორებანაციონალური მოძრაობისმიერ შედგენილ დოკუმენტში შეგეტანათ?

- დავიწყოთ იმით, რომ თავიდანვე საუბარი იყო იმაზე, რომ ეს დოკუმენტი არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა შეემუშავებინათ (და არა ვთქვათ, მმართველ პარტიას), ამასთანავე, ამ პროცესში საერთშორისო ორგანიზაციებიც უნდა ყოფილიყვნენ ჩართულები. ჯერ ერთი, ჩვენთვის მიუღებელია მმართველი პარტიის ქმედება, როდესაც ის სხვა პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკების გარეშე ადგენს დოკუმენტს და პირდაპირ გვავალდებულებს მის ხელმოწერას, და მეორეც, ძალიან მალევე, პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთვნენ, მოამზადეს ბევრად უფრო სრულყოფილი დოკუმენტი, რომელიც ნეიტრალური მხარის მიერ არის შემუშავებული. ამიტომ, ჩვენთვის სწორედ ეს დოკუმენტია მისაღები და არა ის, რაც ხელისუფლების მიერ ასე ზერელედ იქნა შემოგდებული.

თქვენი პოზიცია გასაგებია, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვიანიდანქართულმა ოცნებამმათ მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, კოალიცია თვითონ არღვევს დემოკრატიულ პრინციპებს და რაღაცისთვის ემზადება. რას უპასუხებდით მათ?

- ეს სრული სისულელეა, ჩვენ არაფრისთვის არ ვემზადებით. სამართლებრივი, ანუ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა არის ჩვენი მიზანი, ხოლო რატომ გახდა ჩვენთვის არამსათავრობოების, ანუ ნეიტრალური მხარის მიერ შემუშავებული დოკუმენტი უფრო პრიორიტეტული, ამაზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ. ვინ არღვევს დემოკრატიულ პრინციპებს, ეს კარგად ჩანდა თუნდაც კარალეთის ინცინდენტის დროს, ასევე სვანეთში, ბეშუმში და ა.შ. ცხადია, რომ სწორედ ხელისუფლება ვერ იტანს პოლიტიკურ ოპონენტებს და მათ მიმართ სიძულვილის ენით საუბრობს, რაც სათავეს სწორედ ქვეყნის პრეზიდენტიდან იღებს.

და ბოლოს, რა იურიდიული ძალა აქვს იმ დოკუმენტს, რომელსაც თქვენ ხელი მოაწერეთ?

- მოგეხსენებათ, რომ ის აკრძალვები, რაც ამ დოკუმენტშია გაწერილი, საქართველოს კანონმდებლობითაც მოქმედებს. ამიტომ, ეს, ასე ვთქვათ, ეთიკური ნორმებია, რომელსაც პარტიები ნებაყოფლობით უერთდებიან. ამ დოკუმენტში არც არის გაწერილი და არც მოიაზრება, რა მექანიზმები არსებობს ამ ნორმების დასაცავად ან ვინ არის მათ დაცვაზე პაუსხისმგებელი. ხელისუფლებისგან წამოსული ბრალდებები, რომ თითქოს მათ დოკუმენტზე რადგან ხელი არ მოვაწერეთ, ხალხის მტრები ვართ, ეს მათ მიერ შემოგდებულია იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე იკეკლუცონ, თითქოს, მათ დემოკრატიული არჩევნები უნდათ, ასეთი კარგი დეკლარაცია შეიმუშავეს და  მას მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ არ მოაწერა ხელი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ დოკუმენტს შეუერთდა მხოლოდ სამი პარტია, რომელიც ყოველთვის ხელისუფლებასთან უნისონში საუბრობს. ხოლო რაც შეეხება იმას, თუ ვინ არღვევს ამ დოკუმენტში გაწერილ ნორმებს, ამას ფაქტები აჩვენებს, თუ საიდან მოდის ქვების სროლა და ძალადობა.