მერაბიშვილი, ივანიშვილი, სააკაშვილი: “პოლიტიკური ომი” საქართველოში

მერაბიშვილი, ივანიშვილი, სააკაშვილი: “პოლიტიკური ომი” საქართველოში

ათასი ლარი წვიმის სახით ჩამოიყრება ციდან, რაც ყოველი ქუჩიდან ათას ხმას მოიტანს. საქართველოს ახალ პრემიერი, ვანო მერაბიშვილი თავისი ვაუჩერით სერიოზულად გეგმავს ყველა ოჯახის გაბედნიერებას და ახალ ძლევამოსილ მოწინააღმდეგესთან მისივე იარაღით – ფულით დაპირისპირებას. რუსეთის წინააღმდეგ ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოში ახლა “პოლიტიკური ომია”. ასე უწოდა ამ ყველაფერს რამდენიმე კვირის წინ სტრასბურგის პარლამენტში უცნაური დებატებისას ევროპარლამენტის ბულგარელმა დეპუტატმა, ქრისტიან ვინეგინმა. “ჩვენ ზუსტად ვიცით, რატომ ვსაუბრობთ დღეს საქართველოზე”, განაცხადა ფრანგმა დეპუტატმა არნო დანიეანმა და თავის ბულგარელ კოლეგას სოციალ-დემოკრატიული ფრაქციიდან მხარი აუბა “ჩვენ ვსაუბრობთ დღეს საქართველოზე, რადგან ოლიგარქმა გადაწყვიტა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა (თუმცა ეს მისი უფლებაა); რადგან მან ლობისტურ სააგენტოებს ვაშინგტონსა და ბრიუსელში დოლარები და ევროები დააყარა თავზე, როგორც სჩანს წარმატებით; რადგან საქართველო ჩვენს განსახილველ საკითხთა სიაში ჩავსვით, არა იმიტომ, რომ ვისაუბროთ რუსულ ოკუპაციაზე ან რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების დარღვევაზე, ან სწორედ ოქტომბრის არჩევნების დროს რუსეთის სამხედრო წვრთნებზე რეგიონში, არამედ საარჩევნო ბრძოლაზე საქართველოში”. ის რომ ევროპის პარლამენტი 4 ივლისს საქართველოზე ბჭობდა, ლიბერალების ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა. მაგრამ ნათელი არ არის მიიღეს თუ არა ლიბერალებმა ლობისტებისგან რაიმე სანაცვლოდ, თუმცა ერთი რამ ზუსტია: 4 ივლისი იყო დღე, როდესაც ვანო მერაბიშვილმა თბილისში პარლამენტის წინ მთავრობის ხელმძღვანელის რანგში თავისი პირველი განცხადება გააკეთა სხვა დანარჩენ დაპირებათა შორის 1000 ლარიანი ვაუჩერის შესახებ. დებატების მიზანი მერაბიშვილისა და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაცია იყო. მათ წინააღმდეგ საპარლამენტო არჩევნებში პირველ ოქტომბერს ოლიგარქი და მეცენატი ბიძინა ივანიშვილი იბრძოლებს.

ყოფილი ვარდების რევოლუციონერებისათვის ივანიშვილი ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა. რაც ვერ მოახერხეს სკანდალებმა, გაუხსნელმა მკვლელობებმა, კვირაობით გახანგრძლივებულმა მასობრივმა დემონსტრაციებმა და მათმა დარბევამ, ასევე რუსეთთან ხუთ დღიანმა ომმა და ტერიტორიების დაკარგვამ – ივანიშვილს შეუძლია სააკაშვილისა და მისი გუნდის ხელისუფლებიდან განდევნა.

საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც „ფორბსის“ სიაში 6,4 მილიარდი დოლარით 153-ე ადგილზეა დღევანდელი მდგომარეობით ოქტომბრის არჩევნებში თავად მონაწილეობას არ მიიღებს. ამის მიზეზი იურიდიული მანევრებია, რომელიც ოლიგარქის პოლიტიკური აღმავლობის შესაფერხებლად საქართველოს მთავრობამ გამოიყენა, რასაც ივანიშვილმა პრეზიდენტისადმი ღია წერილში “აბსურდული” უწოდა. ქართველმა რუსმა ბორისმა, მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილმა 2010 წელს საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო (ეს თავის მხრივ კიდევ სხვა თემაა), რაც როგორც სჩანს ქართულ უწყებებს არ შეატყობინა. ხელისუფლებამ ეს ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზად გამოიყენა, კერძოდ კი 2011 წელს, როდესაც ივანიშვილს აზრად მოუვიდა პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნების“ ჩამოყალიბება და სააკაშვილის წინააღმდეგ გაბრძოლება.

თავისი რუსული პასპორტი ოლიგარქმა სიფრთხილის გამო ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ჩააბარა. ახალი გამომწვევის მიმართ ხელისშემშლელი მცდელობების გამო ვაშინგტონსა და ევროპაში მოსალოდნელი კრიტიკის შემდეგ – მაგალითად მთავრობის მხრიდან ივანიშვილის პირველი პრესკონფერენციის დროს ელექტროენერგიის გამორთვისთვის, სახელმწიფოს მეთაურმა და მთავრობამ თბილისში უკან დაიხიეს. დაიწერა “ივანიშვილის კანონი”, რომელიც მიიღო პარლამენტმა და მოიწონა საკონსტიტუციო სასამართლომ. ახლა ნებისმიერს, ვისაც საქართველოში 5 წელი უცხოვრია, შეუძლია წამოაყენოს თავისი კანდიდატურა სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად, ასევე ისეთ “ფრანგს”, როგორიც ივანიშვილია. ეს არც თუ ჭკვიანური ნაბიჯია. ივანიშვილმა პირობა დადო, რომ არ მიიღებდა ამ შემოთავაზებას, არც ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებისას და არც მომავალ წელს, სააკაშვილის მემკვიდრის არჩევნებზე.

“თბილისის ტიტანი” ასე ჰქვია იმ პატარა პორტრეტს, რომელიც თომას დე ვაალმა ჟურნალ Foreign Policy –ში ამ საიდუმლოებით მოცულ ადამიანზე გამოაქვეყნა: უშუალომ, მაგრამ ძალიან თავდაჭერილმა, საკუთარ თავში დარწმუნებულმა და ნამდვილად ამოუხსნელი რკინის ნებით გამსჭვავლულმა ადამიანმა კავკასიის ამ პატარა რესპუბლიკაში თავის თავზე აიღო ძალუფლება. 56 წლის ივანიშვილს თავის გამარჯვებაში იოტისოდენა ეჭვი არ ეპარება.

2011 წელს ვაალი ოლიგარქს თბილისის ამაღლებულ ნაწილში ჰაიტეკ ციხესიმაგრეში ეწვია. ამასობაში ივანიშვილი საქართველოს რეგიონებს სტუმრობს და საარჩევნო გამოსვლებისას წარადგენს „ქართული ოცნების“ კანდიდატებს კოალიციასთან დაკავშირებული ოპოზიციური პარტიებიდან. ივანიშვილის სასახლეში ბევრი პოლიტიკოსი ზის, რომლებმაც მიხეილ “მიშა” სააკაშვილთან 2008 წლის აგვისტოს ომამდე ან ომის შემდეგ გაწყვიტეს ურთიერთობა: მათ შორისაა 38 წლის ირაკლი ალასანიაც, საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში და აფხაზეთის დევნილი მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე. ალასანია ითვლებოდა და დღემდე ითვლება დასავლეთისათვის სააკაშვილის სასურველ შემცვლელად. თუმცა ქვეყანაში მისი პოლიტიკური ბაზისი იმდენად მწირია, ხოლო 2003 წლის ვარდების რევოლუციონერთა ადმინისტრაცია, რომელსაც იგი მიეკუთვნებოდა იმდენად ძლევამოსილი, რომ ხელისუფლების შეცვლა უპერსპექტივოდ მოსჩანდა. ოლიგარქ ივანიშვილის გამოჩენა ბევრი თვალსაზრისით სააკაშვილის ბანაკისათვის უმწიკვლოების ტესტია. გასული წლების მკაცრი დასავლური კურსისა და მოდერნიზების პერიოდში საქართველომ ვერადავერ მოიპოვა შინაგანი წინასწორობა. ახლა კი გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც ყველაფრის ყიდვა შეუძლია.

ვლადიმერ სოკორი, კავკასიის საკითხების ექსპერტი და როგორც წარსულში, ასევე დღესაც კრემლის მტერი და სააკაშვილის დამცველი ოლიგარქის კანდიდატების სიას ასე ახასიათებს: გარიყული ბოჰემის წარმომადგენლები, სპორტსმენები, ივანიშვილის სამეფოს ერთგული მსახურები და წარუმატებელი ოპოზიციონერები. სოკორი ხაზს უსმავს ივანიშვილის ჯგუფის “ქართული ოცნების” ავტორიტარულ ხასიათს და შედარებებს აკეთებს გაუფერულებულ სოციალისტურ სახალხო რესპუბლიკებთან:

„გარკვეულწილად, „ქართული ოცნება“ კომუნისტების მიერ ორგანიზებულ იმ კოალიციებს (ე.წ. „ფიქტიურ კოალიციებს“) მოგვაგონებს, რომელიც აღმოსავლეთ-ცენტრალურ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იქმნებოდა. მსგავსება იდეოლოგიური არ არის, რადგან მთავარი პარტია „ქართული ოცნება“ ეკლექტურია. მსგავსება კოალიციის სტრუქტურასა და ქმედებებშია. მთავარი ელემენტებია: ჰეგემონური პარტია; სატელიტური პარტიების ჯგუფი, რომელიც დამოკიდებულია ჰეგემონური პარტიის რესურსებზე; წამყვანი პარტია გავლენას ახდენს პატარა პარტიების შიდა გადაწყვეტილებებზე; აქტიური გადმობირება მხარდამჭერების კულტურის სფეროს წარმომადგენელებიდან (ამჯერად ეს შეცვლილია სპორტის მოღვაწეებით); და დასავლეთზე ორიენტირებული ელემენტების მარგინალიზაცია ვიწრო, პროვინციული ელემენტების სასარგებლოდ.“

ივანიშვილის განცხადებით, მას სურს გაალღვოს გაყინული ურთიერთობები მოსკოვთან. ეს საქართველოში ბევრს, მათ შორის საქმიან ადამიანებსაც საკმაოდ გონივრულად მიაჩნიათ. მაგრამ ყველაზე დიდი რისკი თავად ივანიშვილია. მისი გაუმჭვირვალობა დამაჯერებელს ხდის კრიტიკოსთა მოსაზრებებს: ივანიშვილის ქვეყანა უკან დაიხევს, ისევე როგორც უკრაინა ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის პირობებში და შეფერხდება ის რეფორმები, რომელმაც საქართველო გასულ წლებში ზოგიერთ სფეროში წინ წასწია, ისევე როგორც ევროკავშირის ცნობილი წევრები რუმინეთი და ბულგარეთი.

ევროკავშირისა და აშშ-ს ხანგრძლივი ზეწოლის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ამ საარჩევნო კამპანიისათვის შეასუსტა თავისი სრული მონოპოლია მედიაზე. პირველი აგვისტოდან საკაბელო ტელევიზიებს დაევალათ ყველა საინფორმაციო არხის ტრანსლირება, მათ შორის “მეცხრე არხის”, ტელევიზიის რომელიც ეკუთვნის ივანიშვილის მეუღლეს –ეკატერინე ხვედელიძეს. სააკაშვილის ბანაკი მათ ყოფილ მეგობარ ოლიგარქს არაფერს უთმობს. ლობისტები და ლონდონელი, პარიზელი ან ვაშინგტონელი ჭკვიანი პიარტექნოლოგები სააკაშვილის ადმინისტრაციამ ივანიშვილზე ბევრად უფრო ადრე დაიქირავა. „ქართუბანკი“, ივანიშვილის იმპერიის გასაღები საქართველოში, იძულებითი მმართველობის მეშვეობით (ასე ამბობენ ბანკის მენეჯერები) გაიძარცვა. მდიდარი კაცის საარჩევნო კამპანიას თან ახლავს რეკორდული ჯარიმები: ის 126 მილიონი ლარით (62.37 მილიონი ევრო) დააჯარიმეს მხოლოდ სატელიტური ანტენების უფასო დარიგების, 90 მილიონი ლარით (44,5 მილიონი ევრო) კი პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევის გამო (239 ავტომობილი გადასცა მოკავშირე პარტიას).

შემდეგ გამოჩნდა ვანო მერაბიშვილი, ივლისის დასაწყისიდან საქართველოს მთავრობის ახალი მეთაური. მან სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილსა და პრეზიდენტობის ბნელ მხარეებზე ბევრად მეტი იცის, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ თბილისში. შვიდ წელზე მეტ ხანს იყო ის შინაგან საქმეთა მინისტრი, დაძლია ყველა კრიზისი, მთავრობის ცვლილებები და წარმატებით გამოაძვრინა სააკაშვილი ყველა სკანდალიდან. მერაბიშვილმა გაწმინდა პოლიცია („ვარდების რევოლუციის“ ყველაზე დიდი მიღწევა) და როგორც თავად ამბობს პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც მისი მუშაობის პერიოდში მოხდა: დემონსტრანტების დარბევა, ბანკირ სანდრო გვირგვლიანის 2006 წელს მკვლელობის ჯერ კიდევ გაუხსნელი საქმე (თბილისის ერთ-ერთ ბარში უთანხმოების შემდეგ ის ქალაქის განაპირას მოკლული იპოვეს; სუფრასთან მერაბიშვილის მეუღლეც იჯდა). 44 წლის ახალი პრემიერი პრაქტიკულ კაცად ითვლება, და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მსგავსად უხეშად და მოკლედ გამოთქვამს სათქმელს. პოლიციის მინისტრი, როგორც მასზე წერენ, ძლევამოსილი და საშიშია.

მერაბიშვილის მეთაურობით მთავრობა საარჩევნო ბრძოლაში ებმება. შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეცვლა აძლიერებს იმ შთაბეჭდილებას, რომ სააკაშვილის ბანაკი მისთვის ყველაზე რთული პოლიტიკური ბრძოლისათვის ემზადება. მერაბიშვილმა გაახმაურა ხალხისათვის პოპულისტური დაპირებების მთელი სია, რომელიც სააკაშვილის 8 წლიანი პრეზიდენტობის პერიოდისთვისაც კი უპრეცედენტოა: პენსიების მეოთხედით გაზრდა, 270 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, რამდენიმე მილიარდი გლეხებს, უნივერისტეტებს, რამდენიმე მილიარდი ლარით მეტი საავადმყოფოებს და სოციალური საკითხების მოგვარებას. არჩევნებამდე ორი თვით ადრე ეს არ გამოვა. სამაგიეროდ არსებობს 1000 ლარიანი (495 ევრო) ვაუჩერი ისეთი ხარჯებისთვის, როგორიცაა ელექტროენერგიის გადასახადი, ახალი საასწავლო წლის დასაწყისი, ასევე ქართულ ოჯახისთვის საჭირო სხვა ისეთი ხარჯებისთვის, რისი გადახდაც ოლიგარქ ივანიშვილს თავისი კუპიურებით არ შეუძლია.
foreignpress.ge