ბათუმის აქციაზე, თავსხმა წვიმაში 50-დან 60 000 ადამიანი იდგა

ბათუმის აქციაზე, თავსხმა წვიმაში 50-დან 60 000 ადამიანი იდგა

ბათუმში „ქართული ოცნების“ ინიციატივით გამართული აქცია, მონაწილეთა რაოდენობითა და მუხტით თბილისის აქციას არ ჩამოუვარდებოდა. ე.წ. ანბანის კოშკთან, კოკისპირულ წვიმაში 50 000-დან 60 000 ადამიანამდე იყო შეკრებილი (შესაძლებელია მეტიც, მაგრამ ნაკლები არა).

სხვა ქალაქებში გამართული ღონისძიებების მსგავსად, სასულიერო პირები ბათუმის აქციაშიც მონაწილეობდნენ, ზოგიერთ მათგანს „ქართული ოცნების“ ლურჯი ფერის ყელსახვევები ჰქონდა მოხვეული. აქციის მონაწილეთა უმეტესობა ქოლგების გარეშე იდგა.

მიტინგს ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა. მის გარდა სიტყვით გამოვიდნენ ყოფილი რესპუბლიკელები და ამჟამად „ქართული ოცნების“  ბათუმის ორგანიზაციის წევრები - იურისტი მედეა ვასაძე და მხატვარი კაკო ძნელაძე; „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მთაწმინდის რაიონში, მსახიობი ზაზა პაპუაშვილი და „თავისუფალი დემოკრატების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე სულხან ღლონტი. როგორც ბათუმელები იტყვიან, სეფე სიტყვა ბიძინა ივანიშვილმა თქვა.     

„ანბანის კოშკთან“ რომ მივედი, შვიდის 15 წუთი იყო. დაახლოებით 20 000 ადამიანი იყო შეკრებილი. შვიდ საათზე დანიშნული აქცია რვის ათ წუთზე დაიწყო. ბათუმელი ქალბატონები თეთრი ყელსახვევებით იყვნენ მოსულები. ხელში ეჭირათ პლაკატი - „ქალთა ლაშქარი საქართველოს გადასარჩენად“. სვეტლანა კუდბამ და გულიკო გაბაიძემ განმიმარტეს, რომ ორგანიზაცია გასულ წელს დარეგისტრირდა და მისი მიზანი არის ქვეყნის გადასარჩენად დაუღლელი ბრძოლა.

როგორც „ქართული ოცნების“ ხულოს რაიონის შტაბის უფროსმა გურამ ხოზრევანიძემ მითხრა, ხულოდან ჩამოვიდა ხალხით სავსე 30 მიკროავტობუსი და 8 მსუბუქი მანქანა.

ბათუმის აქცია რამდენიმე წუთის დაწყებული იყო, წვიმა, რომ წამოვიდა. ამ რეპორტაჟისთვის საინტერესო მომენტებს ბლოკნოტში ვინიშნავდი და რადგან ქოლგა არ მქონდა, 2-3 წუთით ხან ვის შევეფარებოდი და ხან ვის. ბათუმელები და სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული ადამიანები ძალიან წუხდნენ წინა დღით ბეშუმში მომხდარი ინცინდენტის გამო - „ხულოელებს იმხელა შეურაცხყოფა მიაყენა, წასულია მაგის საქმე. მარტო მაგენი ეყოფა, გალახავენ სადმე სააკაშვილს... მაღალმთიან აჭარაში სტუმრის პატივისცემა განსაკუთრებით იციან, თავად შევიწროვდებიან და სტუმარს ცალკე ოთახს უთმობენ, თვითონ მოიკლებენ და სტუმარს მიართმევენ. ამიტომ, ბეშუმში მომხდარი ამბავი იქაური ხალხისთვის დიდ სირცხვილად ითვლება“.

აქციის მონაწილეები ხელებს შლიდნენ, როცა ხედავდნენ კოკისპირულ წვიმაში, როგორ მოდიოდა და მოდიოდა ხალხი. ერთმა შუახანს გადაცილებულმა კაცმა მითხრა, არ მეგონა ამდენი ხალხი თუ მოვიდოდაო. რატომ-მეთქი და „იმიტომ, რომ ყველა თხილის საკრეფადაა თურქეთში გადასული, რომ ზამთარში შიმშილით არ დაოხოცონ. მე სოფელ წინსვლაში ვცხოვრობ და იქ ახლა ექვსი კაცია დარჩენილი, ყველა თხილის საკრეფადაა გადასული“.

ბეშუმიდან ჩამოსულებისაგან  შევიტყვე, რომ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილს მისმა ერთ-ერთმა ქვეშევრდომმა, ირმა ნადირაშვილმა შეატყობინა, რომ ივანიშვილი თანხმლებ პირებთან ერთად მათ უახლოვდებოდა, სააკაშვილმა სიტყვა შეწყვიტა და იქვე, ბეშუმში, ვარშალომიძის „ქოხისკენ“ სტუმრად გაემართა, ოღონდ მანქანით გადაადგილება ვერ გაბედა, ვერტმფრენით გადაფრინდა. არ გეგონოთ რომ ბევრი იფრინა, ჰაერში ერთი წუთიც არ ყოფილა.

ახლა, ტრადიციულად იმ ცნობილი ადამიანების გვარებს ჩამოვთვლი, ვისი დანახვაც ბათუმის აქციაზე შევძელი:

ლაშა ჩხარტიშვილი, დათო ბერძენიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, ირაკლი ალასანია, ადა მარშანია, ირაკლი ჩიქოვანი, გოგა ხაინდრავა, თემურ ნანეიშვილი, ზაზა ფირალიშვილი, მანანა კობახიძე, გია ცაგარეიშვილი, მანანა დუმბაძე, სოზარ სუბარი, ია მეტრეველი, ირმა ინაშვილი, სოსო მანჯავიძე, არჩილ ლეკიშვილი, მერაბ ჭიქაშვილი, დავით თარხან-მოურავი, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, სანდრო ბრეგაძე, პაატა ზაქარეიშვილი, გია აბესალაშვილი, ნანა და ლილი ხურითები, დიმა ჯაიანი, ბიძინა გუჯაბიძე, მამუკა გიორგაძე,  ლანა ღოღობერიძე, „ქართული ხმების“ პირველი თაობა.

აქციაში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ ერთ-ერთ მომიტინგეს კითხვა, რომ დავუსვი, პასუხად მომიგო - „ბაბუ რომ მიდიოდა, მაშინ არ იყო ამდენი ხალხი და მიხვდი ახლა რა ხდებაო“.

აქციის დაწყებამდე დროშებიანი მანქანებით დაქროდნენ და ხალხს აქციის დაწყების შესახებ ახსენებდნენ. ფეხით მოსიარულეთა შორის მრავლად იყვნენ „ქართული ოცნების“ მაისურებიანი ადამიანები. ბავშვებს და ახალგაზრდებს ხელში „ოცნების“ დროშები ეჭირათ. ბათუმის შესასვლელში „ქართული ოცნების“ ის აქტივისტები იდგნენ, რომლებიც ამგვარი ღონისძიებების დროს წერიგის დაცვას ხელს უწყობენ ხოლმე. ეს მიკროავტობუსიდან დავინახე. მძღოლის გვერდით ვიჯექი, რომელმაც თქვა - „ხედავთ რა განწყობაა?! დამთავრებულია მიშას საქმე“.

ცხრის ნახევარზე კოკისპირული წვიმა თავსხმაში გადაიზარდა. ბიძინა ივანიშვილი ამ დროს ჯარიმების შესახებ დინჯად და აუჩქარებლად საუბრობდა. ისინი, ვინც უქოლგოდ ვიყავით, იძულებულები გავხდით წამოვსულიყავით, რადგან ისეთი თავსხმა იყო, გეგონებოდა ციდან წყალს გობით ასხამდნენ.

P.S. გუშინ, ბეშუმიდან გამოგზავნილი რეპორტაჟის ბოლოს აღნიშნული ეწერა, რომ ამჟამიდნელი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი „ქართულ ოცნებაში“ გადასვლის შესახებ განაცხადებდა. ასეც მოხდა - „ქართული ოცნების“ ბათუმის ოფისში,15 საათზე გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის ერთ-ერთი მრჩეველი, ბაჩუკი ჩხაიძე „ქართულ ოცნებაში“ გადავიდა.