გიგა ბუკია: არ გამოვრიცხავ, ჩემი სახლის ახალი მფლობელი ბეჟაშვილი ან მოგელაძე იყოს

გიგა ბუკია: არ გამოვრიცხავ, ჩემი სახლის ახალი მფლობელი ბეჟაშვილი ან მოგელაძე იყოს

„კონსერვატიული პარტიის“ წევრი გიგა ბუკია 17 დაჯარიმებულს შორის ერთ-ერთი პირველია, რომელსაც აუციონზე თბილისში კუთვნილი ნაკვეთი და სახლი 313 ათას 700 ლარად გაუყიდეს. თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი გიგა ბუკიას ემადლიერებოდა, რადგან ხობში სწორედ გიგა ბუკიას ორგანიზებით უამრავი ადამიანი შეიკრიბა სააკაშვილის დასახვედრად, თუმცა დღეს გიგა ბუკია მიიჩნევს, რომ რევოლუციის შემდეგ სააკაშვილმა თავის პრინციპებს უღალატა. 

აუქციონის შემდეგ  გიგა ბუკია აუქციონიდან შესული ზედმეტი 120 ათასი ლარის კოალიცია „ქართული ოცნების“ ანგარიშზე შეტანას აპირებს.
For.ge-ს გიგა ბუკია ესაუბრება.

ჩემი ქონება - ნაკვეთი და კერძო სახლი აუქციონზე გაიტანეს და აუქციონის საბოლოო ფასად 313 ათასი ლარი დაფიქსირდა. სახელმწიფოსა და აუდიტის ურთიერთშეთანხმებითა და მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, სახელმწიფოს მიერ ჩემზე უკანონოდ დაკისრებული ჯარიმა ჯამში 190 ათას ლარს შეადგენს. აქედან გამომდინარე, სხვაობა დაახლოებით 120 ათას ლარამდეა. ამიტომ,  აღმასრულებლისგან მოვითხოვ ამ თანხას და, როგორც კი თანხა ანგარიშზე დაჯდება, გადმომირიცხონ პირად ანგარიშზე, რის შემდეგაც იმავე ან მეორე დღესვე შეწირულობას განვახორციელებ. იქიდან გამომდინარე, რომ ერთ ადამიანს პოლიტიკური სუბიექტებისთვის 60 ათას ლარის ზევით შეწირულობის განხორციელების უფლება არ აქვს, შეწირულობაში მონაწილეობას მიიღებენ ჩემი ოჯახის წევრებიც, ჩემი მეუღლე და ჩემი შვილები - ქალ-ვაჟი. გავინაწილებთ ამ თანხას და შევიტანთ „ქართული ოცნების“ ანგარიშზე. ასე რომ, ხელისუფლების განცდა, რომ ამით დაგვაშინებენ და სამაგალითოდ დაგვსჯიან, ვერ გამოვა.   მიხეილ სააკაშვილი კარგად მიცნობს და კარგად ვახსოვარ, კარგად იცის ჩემი პოზიცია, ამიტომ მას უნდოდა, რომ  სამაგალითოდ  ვყოფილიყავი დასჯილი.

თუკი სააკაშვილი კარგად გიცნობთ, რატომ აგირჩიათ აუქციონის პირველ სამიზნედ? პირადი ნაცნობობაც არ ჭრის, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ მიეღოთ?

- მე გახლავართ ის პიროვნება, რომელმაც სააკაშვილი სამეგრელოში შემოიყვანა. ახლა კი ყველანაირად ვეცდები, პოლიტიკიდან გავაძევო სააკაშვილი.

წალენჯიხის ამბებშიც თქვენ მონაწილეობდით, საიდანაც სააკაშვილის აღზევება დაიწყო?

- იმ პერიოდში ვიყავი ხობის რაიონის შტაბის ხელმძღვანელი. სააკაშვილის პირველი შეხვედრა სამეგრელოში, ხობში რვა მაისს ჩემს მიერ იყო ორგანიზებული, სადაც ათას ადამიანზე მეტი ესწრებოდა. მახსოვს მაშინ მიხეილ სააკაშვილის გაბრწყინებული თვალები, ფაქტობრივად, ხელზე კოცნით მიხდიდა მადლობას ამისთვის. ამიტომ, მე ათჯერ მეტი მონაწილეობა უნდა მივიღო ხალხის წინაშე მის მოცილებაში.

ამ გადასახედიდან ხომ არ ნანობთ სამეგრელოს ამბებში მონაწილეობას?

- არ ვნანობ. ვფიქრობ, იმ დროს შევარდნაძე ხელისუფლებიდან იყო გასაშვები და ჩამოსაშორებული, რადგან დამყაყებული სიტუაცია გახლდათ. როგორც „კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენელი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიყავი. თუ გახსოვთ, კოალიცია შედგებოდა „რესპუბლიკელებისგან“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „კონსერვატორებისგან“. „ეროვნულ ძალთა გაერთიანება“ ერქვა იმ პერიოდში. ასე რომ, ვთვლი, იმ დროს სწორი ვიყავი და ახლაც ჩემი სინდისის წინაშე მართალი ვარ. ეს იყო მიხეილ სააკაშვილის არჩევანი. როგორც კი მივხვდი, რომ მან უღალატა იმ პრინციპებს, რითიც ხელისუფლებაში მოვდიოდით, ორ თვეში, რაც პარლამენტის წევრი გავხდი, დავტოვე უმრავლესობა და ოპოზიციაში გადავედი. ასე რომ, შემეძლო მათთან ერთად კიდევ ვყოფილიყავი ხელისუფლებაში და სააკაშვილი საამისოდ თბილ ადგილსაც მთავაზობდა, მაგრამ ოპოზიციაში გადავედი.

მიიჩნევთ, რომ რევოლიციონერი სააკაშვილისგან დიქტატორი მივიღეთ?

- მისგან ავანტიურისტი მივიღეთ. რასაც სააკაშვილი სჩადის, ეს არის ავანტიურა, ავანტიურა მოაწყო 2008 წლის აგვისტოში. რითაც კიდევ უარესი მდგომარეობა გაჩნდა საქართველოში. სააკაშვილი დიქტატორი ვერასდროს გახდება, რადგან ამის ძალა არ აქვს და ქართველი ხალხი არ დაუშვეს მის დიქტატორობას. ის არის ავანტიურისტი და ხალხის შიშზეა დამყარებული მისი ძალაუფლება. ორ თვეში ქართველი ხალხი მას განაჩენს გამოუტანს.

იმ პერიოდში ზოგიერთები აცნობიერებდნენ, ვისთან ჰქონდათ საქმე, სააკაშვილის სახით. თქვენ თუ შენიშნეთ რაიმე მსგავსი?

- მე მქონდა ჩემი მიზნები. ვიცოდი, რომ შევარდნაძეს, რომელმაც საქართველო სამოქალაქო დაპირისპირებაში შეიყვანა, დაკარგა აფხაზეთი, სამაჩაბლო და ბევრი ტრაგედია მოაწყო, განსაკუთრებით, ჩემს კუთხეში, სამეგრელოში, ეს არ უნდა შერჩენოდა. ამიტომაც მოვიღე მონასწილეობა მის გაშვებაში. ასევე, მივიღებ მონაწილეობას მიხეილ სააკაშვილის გაშვებაში. 

პოლიტიკურ ყადაღას რომ დავუბრუნდეთ. თბილისში სახლის ჩამორთმევის შემდეგ სად აფარებთ თავს?

- უკვე იმდენი ადამიანი დამიკავშირდა და თავის ბინას და კერძო საკუთრებას მითმობს, რომ აღარ ვიცი, რომელი ავირჩიო, რომელი რაიონი, რომელი ქალაქი და თბილისის რომელი უბანი?! ასე რომ, ჩვენ ქართველები ვართ და მიხეილ სააკაშვილმა იკითხოს, სად წავა ოქტომბრის არჩევნების მერე? თორემ მე ასარჩევი მაქვს საქართველოში.  

ვანო ჩხარტიშვილი ჭაბუა ამირეჯიბის მოწოდებას გამოეხმაურა და დაჯარიმებული ადამიანების ქონების გამოხსნა გადაწყვიტა. ემიგრანტების წვლილს ამ საქმეში როგორ შეაფასებთ?

- როდესაც ჭაბუა ამირეჯიბის მეუღლე ბერი დავითის წერილს კითხულობდა, იმ მომენტში ტანზე ჟრუანტელმა დამიარა, იმდენად ადამიანური, თბილი და გულწრფელი იყო ეს განცხადება. ამის მერე ქართველი ხალხი რას გადაწყვეტს, ჩემი შესაფასებელი არ არის. პიროვნება, რომელიც სწორ საქციელს ჩაიდენს, ვინც არ უნდა იყოს, მივესალმები. ჩხარტიშვილი იქნება, თუ სხვა ემიგრანტი, სიკეთის გაკეთება თვით მიხეილ სააკაშვილსაც შეუძლია. მისი სიკეთე იქნება, რომ დატოვოს პოსტი და წავიდეს საქართველოდან.

16 ადამიანის ბედი როგორი იქნება, მათ სახლებს ვინ გამოისყიდის და, თუ ფლობთ ინფორმაციას, თქვენი სახლი ვინ შეისყიდა?

- არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია, რადგან ეს ინტერნეტაუქციონი იყო. რაც შეეხება დანარჩენებს, რომელთა ქონებასაც აუქციონზე გაიტანენ, პროცესებს დაველოდოთ.

გამორიცხავთ, რომ თქვენი ქონება ვანო ჩხარტიშვილისა და ქართველი ემიგრანტების მიერ იყოს შესყიდული?

- ან რა უნდა გამოვრიცხო, ან რა დავადასტურო, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი პიროვნება. რომ ვიცოდე, გეტყოდით. შეიძლება, იგივე ბეჟაშვილი ან მოგელაძე იყოს ჩემი ქონების ახალი მფლობელი. როგორ გითხრათ, ახლა ვარაუდით ყველაფერი შეიძლება. შემიძლია გითხრათ, რომ მოგელაძეს ან ბეჟაშვილს მოსწონდა ჩემი სახლი და მიითვისეს.

თქვენ ხობის მაჟორიტარი კანდიდატი ბრძანდებით. რა სიტუაციაა ზოგადად სამეგრელოში, ახალიების ზონაში? თუ გავითვალისწინებთ  ოპოზიციისადმი ქვების სროლას, იმას, რომ კვირიკობაზე ბიძინა ივანიშვილთან დასახვედრად სვანეთში მეგრელები იყვნენ აყვანილნი და მეგრელებსა და სვანებს შორის დაპირისპირების საშიშროება შეიქნა, რა პერსპექტივა გესახებათ სამეგრელოში?          

- როგორ არის, იცით?! მეგრელები არიან ბრძენი ხალხი, ამავე დროს, წინდახედულები და ფრთხილები. უბრალოდ, იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა, დღეს ისე აქტიურად არ ჩანს ის დუღილი, რომელიც მიმდინარეობს სამეგრელოში, რეალობა არ ჩანს. მე ვიცი, რომ მეგრელები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ პირველ ოქტომბერს, ბიძინობა დღეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის დამოკლეს ლახვარივით გაჩნდა და, როგორც შევიტყვე, კედელ-კედელ დადიოდა, ამის შესახებ რომ შეიტყო.

ამდენად, ბიძინობის თარიღის გამო არჩევნების თარიღის შეცვლა ვეღარ ხელეწიფება?

- შეცვალოს. საინტერესო იქნება და მეორე დღე, ალბათ, კიდევ უფრო სახალისო იქნება.