წინასაარჩევნო პროცესში განსხვავებული რეჟიმი მოქმედებს და პარტიებს გარკვეული შეზღუდვები უწესდებათ. მართალია, ხელისუფლებამ ეს შეზღუდვები „ქართული ოცნების“ მიმართ წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე აამოქმედა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ თავად არც აქამდე იცავდა კანონს და არც მას შემდეგ, რაც წინასაარჩევნო პერიოდი ოფიციალურად გამოცხადდა.
ამის ძალზე ნათელი მაგალითი კი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, ბოლო დღეებში რეგიონებში განხორციელებული ვიზიტებია, როდესაც ის ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას პარლამენტის თანამშრომლების და საპარლამენტო რესურსების გამოყენებით.
ორი დღეა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც მეორე პირია, „ნაციონალური მოძრაობის“, ანუ ერთი კონკრეტული პარტიის მაჟორიტარების კანდიდატების წარდგენით არის დაკავებული და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამაში აქტიურად იყენებს ქვეყნის პარლამენტის, ანუ საბიუჯეტო რესურსს, რომელიც ზოგადად ქვეყნის საკუთრებაა და არა „ნაციონალური მოძრაობის“.
მართალია, პარლამენტის ვებ-გვერდზე ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ დევს, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარების კანდიდატების წარდგენის პროცესში მას თან ახლავს პარლამენტის თანამშრომლები, რომლებიც საჯარო მოხელეები არიან.
„საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით კი, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება. სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენება კი მათ შორის გულისხმობს, „სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას“.
საჯარო მოხელეებს საარჩევნო აგიტაციაში ჩართვის უფლება კი აქვთ, თუმცა მხოლოდ სამუშაოს საათების ამოწურვის შემდეგ. დავით ბაქრაძეს კი რეგიონებში პარლამენტის თანამშრომლები, უშუალოდ მათ სამუშაო დროს მიჰყავს. ეს კი ცალსახად კანონის დარღვევაა.
ეს განსაკუთრებით დავით ბაქრაძისგან არის გასაკვირი, რადგან ბოლო პერიოდში სწორედ ის აცხადებდა, რომ თავად იქნებოდა გარანტი იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან კანონის დარღვევა არ მოხდებოდა. ეს პირობა კი პირველივე შემთხვევაში დაირღვა.
მართალია, დავით ბაქრაძეს პარლამენტის თანამშრომლები რეგიონებში ვიზიტებისას იქამდეც დაჰყავდა, ვიდრე წინასაარჩევნო პროცესი ოფიციალურად გამოცხადდებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს პერიოდი ოფიციალურად გამოცხადდა, ვეღარანაირად ვეღარ იტყვის, რომ პარლამენტის საქმეზე იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს.
ამიტომაც ახლა მთავარი ის არის, რას იტყვის პარლამენტის თავმჯდომარე და რატომ არღვევს კანონს.
საინტერესო კიდევ ის არის, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ამ შეხვედრებზე პარლამენტის პრესსამსახურის თანამშრომლები კი დაჰყავს, მაგრამ ამის შესახებ პარლამენტის ვებ-ვერდზე არანაირი ინფორმაცია არ იდება და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ამის შემდეგ უკვე იმის ახსნა დასჭირდებოდათ, საქვეყნო რესურსს მხოლოდ ერთი პარტია რატომ იყენებს.
ამასთან, საინტერესოა ისიც, თუ ამაზე რა რეაგირება ექნება უწყებათაშორის კომისიას, რომელიც, წესით, იმისთვის არის შექმილი, რომ ასეთ დარღვევებზე მოახდინოს რეაგირება.
2810
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85