„დიდი ყაჩაღების ბანდა“

„დიდი ყაჩაღების ბანდა“

არჩევნების თარიღის გამოცხადებამდე ხელისუფლებამ კიდევ ერთი „საჩუქარი“ გაუკეთა საზოგადოებას და თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის საბანკო ანგარიშები დაუყადაღა.

დოკუმენტში, რომელიც ინსტიტუტმა თბილისის საქალაქო სასამართლოსგან მიიღო, მითითებულია ერთი კონკრეტული მუხლი, რომელიც მოიცავს იმ დანაშაულების ჩამონათვალს, რის გამოც შეიძლება დაყადაღებულ იქნას ესა თუ ის ანგარიში, ამაში შედის ისეთი მძიმე დანაშაულებიც, როგორიც არის ტრეფიკინგი, ფინანსური დანაშაულით მოპოვებული ქონების განკარგვა და ა.შ. თუმცა, დასაბუთება, კონკრეტულად რაში ედება ინსტიტუტს ბრალი, მითითებული არ არის და ამასთან ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც არ აქვს. ეს ის ინსტიტიტია, რომელიც თავის დროზე ვახტანგ ხმალაძემ და გია ხუხაშვილმა დააფუძნეს, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ ინსტიტუტი დატოვეს, რომ რაიმე ტიპის გართულება თავიდან აეცილებინათ. ამის მიუხედავად, ინსტიტუტი ხელისუფლების ზეწოლას ვერ ასცდა.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ერთიმეორის მიყოლებით აყადაღებს ყველაფერს, რაც კი ოპოზიციასთან ასოცირდება. ჯერჯერობით, დასაყადარებელი კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი სუბიექტების ქონება და ანგარიშები დარჩა, თუმცა პარტიები დაჯარიმებულები უკვე არიან და დაყადაღება ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს.

როგორც ფილოსიფოსი ზაზა შათირიშვილი ამბობს, „ეს ნიშნავს ძალიან მარტივ რაღაცას, ქართული სიტყვა არ მახსენდება და შეესატყვისება ოკუპანტური სიტყვა - „ბეზპრედელი“ ანუ, რასაც მინდა იმას ვაკეთებ.

ხშირ შემთხვევაში თვითონაც წარმოდგენა არ აქვთ რას აკეთებენ და როგორ აკეთებენ, ეს არ არის რაციონალური რაღაცეები, ერთადერთი შეფასება შეიძლება გაკეთდეს, რომ ეს არის დიდი ყაჩაღების ბანდა.

როდესაც ხელისუფლება არ დგას სამართლიანობაზე, როგორც ნეტარი ავგუსტინე ამბობდა ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში, არსებობს პატარა ყაჩაღების ბანდა, რომლებიც შარაგზაზე არიანო, მაგრამ ხელისუფლებას, რომელიც არ დგას სამართალზე, ასეთ ხელისუფლებას დიდი ყაჩაღების ბანდა ეწოდებაო - ეს შემიძლია ვთქვა ამათ ქმედებებზე, მეტი არაფერი“, - აცხადებს ზაზა შათირიშვილი.

„ქართულ ოცნებაში“ შემავალი სუბიექტების დაჯარიმების საქმესთან დაკავშირებით, სააღსრულებო წარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. აღსრულების ეროვნული ბიუროში არ აკონკრეტებენ რა ეტაპზეა სააღსრულებო წარმოება, თუმცა აცხადებენ, რომ სააღსრულებო ფურცელი შესულია, პროცესი დაწყებულია და პარტიების ქონების მოძიება მიმდინარეობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 ივნისის გადაწყვეტილებით, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ სუბიექტებს, კონტროლის პალატის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე 2 383 097 ლარი დაეკისრათ. 
კონტროლის პალატის მიერ სასამართლოსთვის გაგზავნილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის, მიხედვით, შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ საკუთარი სახსრებით დაიქირავა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ საოფისე ფართები, სადაც 476 614, 51 ლარის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა.

ოქმის მიხედვით დღემდე ამ ოფისებით სარგებლობენ პოლიტიკური სუბიექტები - საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ და კოალიციაში შემავალი პარტიები: „რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „თავისუფალი დემოკრატები“, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „კონსერვატიული პარტია“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.

„მენეჯმენტ სერვისის“ მიერ პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ განხორციელებული უსასყიდლო მომსახურება სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკანონო შემოწირულობად იქნა მიჩნეული, ამიტომ პარტიებს აღნიშნული თანხის 5 დღის ვადაში შემომწირველისთვის დაბრუნების ვალდებულება დაეკისრათ. თუმცა პარტიებმა თანხა უკან არ გადარიცხეს, რის გამოც კონტროლის პალატამ სასამართლოს მიმართა.

კოალიციის ადვოკატის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ჯარიმის გადახდის საშუალება არ აქვს და სავარაუდოდ, მათ ანგარიშებს ყადაღა დაედება.

გახდება თუ არა ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური სუბიექტების საქმიანობა შეუძლებელი და რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ მათ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისას, თუკი ერთ მშვენიერ დღეს აღსრულების ეროვნული ბიურო მათ ქონებასა და ანგარიშებს დააყადაღებს? საინტერესოა ისიც, რა გამოსავალს ხედავენ თავად კოალიციაში.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, ხელისუფლება აბსოლუტურ აგონიაშია და სრულიად უგუნურად იქცევა ისევ საკუთარი თავის საწინაარმდეგოდ.

„ეს დაყადაღებები საქმეს ვერ შველის. ყველა ხედავს, რომ აყადაღებენ და აყადაღებენ, აჯარიმებენ და აჯარიმებენ კოალიციაში შემავალ პარტიებს, მაგრამ კოალიცია მაინც წარმატებით ახორციელებს თავის წინასაარჩევნო კამპანიას.

პანიკაში არიან, ისტერიკაში და პარანოიდულად იქცევიან, სასაცილოდ, საბოლოო ჯამში და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ კრიზისში არიან და აშკარად დამარცხებისთვის ემზადებიან.

ეს ყველამ იცის, საერთაშორისო ორგანიზებმაც იციან და კოალიციაში შემავალი პარტიები კვლავ აპირებენ ამ ყველაფერს მშვიდად შეხვდნენ.

საარჩევნო კამპანია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით გაგრძელდება, ისევე, როგორც ჩაატარებს ამ საარჩევნო კამპანიას „ნაციონალური მოძრაობა“.

ანუ კანონმდებლობა, რაც არსებობს, მაინც იძლევა იმის საშუალებას, რომ წარმატებით დავამარცხოთ „ნაციონალური მოძრაობა“.

მარტო ჩვენსას ხომ ვერ დააყადაღებენ, მაშინ თავიანთიც უნდა დააყადაღონ, ანუ რჩება მაინც მუშაობის საშუალება. იმ კანონმდებლობითაც კი, რაც არსებობს, ყოველთვის შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ ბეჭებზე დადება“,- ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

ექსპერტი კახა კახიშვილი თვლის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, ფინანსების საჭიროება საარჩევნო კამპანიის დროს.

„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაშია „ნაციონალური მოძრაობა“, არჩევნების დროს ყოველთვის მაინც დიდძალ თანხებს ხარჯავდა, იმიტომ, რომ მხოლოდ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო კამპანიას, რეკლამისა და აგიტაციის გარეშე.

ამავდროულად, მხოლოდ ფინანსები ვერ უზრუნველყოფს გამარჯვებას, თუ არ გყავს ელექტორატი. ფინანსების არსებობა პოლიტიკაში მითუმეტეს არჩევნების პერიოდში არის ძალიან მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, აშშ-შიც და ევროპაშიც, მაგრამ მეორეა, რომ ასეთი ფინანსები უნდა იყოს გამჭვირვალე“, - ამბობს კახიშვილი.

კახიშვილი განმარტავს, რომ როდესაც ხელისუფლებამ მიიღო ცვლილებები კანონში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ, იქ იყო მთელი ჯაჭვი სხვადასხვა კანონებში შეტანილი ცვლილებებისა.

„ერთის მხრივ, განხორციელდა ცვლილებები კანონში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ, პარალელურად შევიდა ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომელიც პროკურატურას ანგარიშების მონიტორინგის საშუალებას აძლევს.

როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სამ წლამდე პატიმრობას თუ ორი მხარე გაახმოვანებს ინფორმაციას მონიტორინგის ან ყადაღის დადების შესახებ და სუბიექტს უკვე პასუხისმგებლობა ეკისრება. სხვადასხვა ცვლილებები შევიდა საბანკო საქმის რეგულირების სფეროშიც, რომელთა მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი, რომ თავიდან ბოლომდე გააკონტროლონ მთელი ფინანსები, რაც კი ექნებათ ოპოზიციურ პარტიებს.

როდესაც იურიდიულ პირებს ჩამოართვეს საარჩევნო კამპანიის ფონდების დაფინანსების უფლება და მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური პირების შენატანი დააწესეს, ესეც ამას უკავშირდებოდა და არაერთხელ განვაცხადე, რომ ქვეყანაში, სადაც 80%-ზე მეტი სოციალურად გაჭირვებულია და ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, ეს ნიშნავს, რომ უფლებას იტოვებ, როგორც კი რომელიმე ფიზიკური პირი თანხას შეწირავს, ჰკითხო, სიდან აქვს მას ეს თანხა. რადგან ადამიანების 80% არ მუშაობს ან თუ მუშაობს, იმდენად მცირე ხელფასი აქვს, არ აქვს ფულის გადანახვის ფუფუნება.

ასეთ შემთხვევაში მთელი ეს ციკლი ემსახურებოდა მხოლოდ ერთს, რომ ხელისუფლებამ აიღო ხელში ბერკეტი, რომლის საშუალებითაც რასაც ვხედავთ, იმას ახორციელებს - აყადაღებს ყველაფერს.

ერთადერთი არ აქვთ უფლება, ყადაღა დაადონ ადამიანებს ან თვითონ პოლიტიკურ ლიდერებს. ამის უფლება და საშუალება რომ ჰქონოდათ, დარწმუნებული ვარ, ამასაც გამოიყენებდნენ“,- ამბობს კახიშვილი.
როცა ხელისუფლებას სურს, წუთებში შეუძლია დააყადაღოს ყველაფერი,რამდენიმე საათში აუქციონიც მოაწყოს და ყველაფერი ისე დაასრულოს, როგორც მას სურს, თუმცა, პარტიების ქონების შესწავლას ერთ თვეზე მეტი მოანდომეს და როგორც ჩანს, გარკვეული მიზეზების გამო არც ანგარიშების დაყადაღებას ჩქარობენ და არც პარტიების ქონების ჩამორთმევასა და აუქციონზე გატანას.

როგორც კახიშვილი ამბობს, ახლა წინასაარჩევნო პერიოდია და ერთის მხრივ უკვე დააჯარიმეს და მუდმივ პრესინგში ჰყავთ საარჩევნო სუბიექტები, რომ აი, ახლა დაგვიყადაღებენ ანგარიშებს. მეორეს მხრივ, ხელისუფლებას პოლიტიკურად არ აწყობს დასავლეთის თვალში, რომ ადგეს და დააყადაღოს ანგარიშები და მთელი პარტიული აქტივი გამოყაროს იმ შენობებიდან, რომლებიც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ეკუთვნის, ან ჩამოართვას, დაუყადაღოს და აუქციონზე გაუყიდოს ავტომანქანები, რომლითაც სარგებლობენ პოლიტიკური ლიდერები.

„აქაც ჩანს პოლიტიკური მხარე. თუ მიგაჩნდა, რომ სამართლიანად უნდა დაგეყადაღებინა, თუ პოლიტიზირებული არ არის მთლიანად სასამართლო, მაშინ რატომ არ იღებ იმ გადაწყვეტილებას, რასაც კანონი გავალდებულებს? ასე რომ, ამ არჩევნებს ელოდებიან და როგორც კი არჩევნები ჩამთავრდება მაშინვე გააგრძელებენ ამ საქმეს. უბრალოდ, შენობებს პარტიებს არ გაუყიდიან, ეს ტექნოლოგიები ძალიან კარგად იცის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორც კი პოლიტიკური სუბიექტების საკუთრებაში არსებული შენობების გაყიდვას დაიწყებენ, ეს ნიშნავს, რომ უკვე ებრძვიან პოლიტიკურ პარტიებს და ბრძოლის ასეთი მეთოდები არადემოკრატიულ ქვეყნებშიც კი არ იყო გამოყენებული.

ერთი მხრივ, მთლიანად სისტემა ჰყავს პოლიტიზირებული, მეორე მხრივ კანონმდებლობას იყენებს პოლიტიკური მიზნებისათვის მაგრამ მესამეა, რომ როდესაც იყენებს ამ მეთოდებს, იყენებს ისე ზომიერად, რომ არ იყოს გაცხადებული დასავლეთის თვალში“,- ამბობს კახა კახიშვილი.

თუკი დასავლეთი მოისურვებს, მას შეუძლია დაინახოს რეალურად რა ხდება ქართულ პოლიტიკურ ფრონტზე და ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი შეფასებებიც გააკეთოს. როგორც კახიშვილი ამბობს, დასავლეთის ქვეყნებში პოლიტიკური პარტიების გამჭვირვალობის საკითხი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალ დონეზეა, ასეთი ყადაღები და მინიტორინგები გაუგებარი ტერმინოლოგიებით იქ არ არსებობს და ვერავინ ვერ ისარგებლებს.

„გავიხსენოთ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები სარკოზის არ ჰქონდა მეორე ვადით არჩევის სურვილი? ძალიანაც ჰქონდა და დააყენა კიდეც თავისი კანდიდატურა პრეზიდენტობის პოსტზე, მაგრსამ მან წააგო არჩევნები და იცით რატომ წააგო? მან ვერ აიღო ყურმილი და ვერ გასცა ისეთი ტიპის დავალებები, რომელიც უზრუნვეყოფდა ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე მის გამარჯვებას. მან შესანიშნავად იცოდა, რომ როგორც კი ამას გააკეთებდა მეორე დღესვე ვეღარ იქნებოდა თანამდებობაზე და თანაც ისე, რომ ისტორიაში შევიდოდა მისი სახელი. ამიტომაც  არის საჭირო დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარება, რომ შეიძლება ვიღაცას კი ჰქონდეს ასეთი სურვილი, გაიხანგრძლივოს თანამდებობა, მაგრამ კანონი უნდა იდგეს მაღლა. ამიტომ უნდა მივაღწიოთ ისეთ დემოკრატიას, რომ მიუხედავად იმისა, ვინ მოვა და ვინ წავა ხელისუფლებაში ისეთი ღირებულებები უნდა იყოს, იმდენად დამოუკიდებელი უნდა იყოს სასამართლო, იმდენად მიუკერძოებელი მართლმსაჯულება, რომ პრეზიდენტმა ვერ კი გაიფიქროს, რომ შესაძლებელია ასეთი ტიპის დავალება გასცეს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს კიდევ დიდხანს არ იქნება საქართველოში,“ - აცხადებს კახიშვილი.

როგორც პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, მსგავსი რამ არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ შეიძლება მოხდეს:

„ნატოს წევრ ქვეყნებში, დემოკრატიულ ქვეყნებში, ასეთი რაღაცეები არ ხდება. შესაძლოა, მსგავსი რამ რუსეთში ან რომელიმე არადემოკრატიულ ქვეყანაში ხდებოდეს, მაგრამ ჩემთვის ეს მაგალითი არ არის“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

როგორც ჩანს, ხელისუფლება არჩევნების ჩამთავრებას ელოდება, თუმცა გააჩნია, იქამდეც როგორ ხასიათზე დადგება ხელისუფლება, იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკურად წამგებიანია, არ არის გამორიცხული, არჩევნებამდეც პარტიებს წინასაარჩევნო კამპანიის შესაზღუდად ანგარიშები დაუყადაღოს.