უძალოთა მუქარები „ქართუ ჯგუფისა“ და „ბანკი ქართუს“ წინააღმდეგ

უძალოთა მუქარები „ქართუ ჯგუფისა“ და „ბანკი ქართუს“ წინააღმდეგ

For.ge-ს პრეს-კლუბში დღეს „ქართუ ჯგუფისა“ და „ქართუ ბანკის“ წარმომადგენლებმა პრეს-კონფერენცია ჩაატარეს და ამ ორგანიზაციების მიმართ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე ისაუბრეს. საქმე ეხება კომპლექსური ტიპის ღონისძიებებს, ანუ შეტევას ყველა ფრონტიდან როგორც „ქართუ ბანკზე“, ასევე „ქართუ ჯგუფის“ წინააღმდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას უკავშირდება. ქვემოთჩამოთვლილი ყველა ფაქტი მოწმობს იმას, რომ ამ ორი ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, ხშირ შემთხვევაში, ყველა კანონიერი ჩარჩოდან ამოვარდნილია, მაგრამ ხელისუფლება იმდენად მოწადინებულია „ქართუ ბანკისა“ და „ქართუ ჯგუფის“ განადგურებაზე, რომ ამისათვის ყველაფერს აკეთებს.

შეგახსენებთ, 2012 წლის 12 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, სს „ქართუ ჯგუფის“ 100 %-იანი აქციების იძულებით მმართველად ვლადიმერ უგულავა დაინიშნა. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, სს „ბანკი ქართუს“ 100%-იანი აქციების მესაკუთრეს წარმოადგენს. იმავე დღეს, ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ზარქუა დაინიშნა, რომელიც ამავდროულად სს „ბანკის ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც იყო. საბჭოს წევრები ასევე იყვნენ ვლადიმერ უგულავა და პაატა მესხიშვილი.

„ქართუ ბანკის“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მზია თოდუას განცხადებით, სასამართლოს განჩინების თანახმად, უგულავა ვალდებული იყო, აღსრულების დაქვემდებარებული ქონება იმგვარად ემართა, რომ კრედიტორის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილებულიყო.

„იმის ნაცვლად, რომ კეთილსინდისიერად შეესრულებინათ თავიანთი მოვალეობა და ემოქმედათ, როგორც ბანკის, ასევე სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, 2012 წლის 24 ივლისს, სამეთვალყურეო საბჭს სხდომაზე მათ ბანკისთვის ზიანის მომტანი გადაწყვეტილება მიიღეს - ოთხი დეველოპერული კომპანიისთვის, ჯამში 50 მილიონი აშშ დოლარის ფაქტობრივად არაუზრუნველყოფილი კრედიტების გაცემის შესახებ. ამ გადაწყვეტილების საზიანო შედეგები იმთავითვე ცნობილი იყო გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, ვინაიდან გადაწყვეტილების მიღების დროისთვის ბანკს საკრედიტო ვალდებულებების შესასრულებლად არც შესაბამისი ფინანსური რესურსი გააჩნდა და არც რაიმე სახის შეთანხმება რომელიმე წყაროდან აღნიშნული რესურსის შესაბამის ვადაში (5 სამუშაო დღე) გარანტირებულად მოსაზიდად“, - აცხადებს მზია თოდუა.

მისივე თქმით, დეველოპერულმა კომპანიებმა აღნიშნული სესხების გაცემის თხოვნით დადგენილი პროცედურების - ბანკის კანცელარიის გვერდის ავლით, ერთსა და იმავე დღეს, 2012 წლის 23 ივლისს, ბანკის გენერალურ დირექტორს მიმართეს და ამ უკანასკნელმა ყოველგვარი პროცედურების უგულებელყოფით, მეორე დღესვე, 24 ივლისს, ყველა სადავო გენერალური და საკრედიტო ხელშეკრულება გააფორმა.

„ქართუ ბანკის“ იურისტი განმარტავს, რომ ბანკის გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები მოქმედებდნენ არა იმ მიზნით, რომ ბანკისთვის ყველაზე ხელსაყრელი გადაწყვეტილებები მიეღოთ და მიღებული შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში გადაერიცხათ, არამედ იმ განზრახვით, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები წამგებიანი და ზიანის მომტანი ყოფილიყო და ბანკს უახლოეს მომავალში ფინანსური თუ სხვა სახის პრობლემები შექმნოდა, რაც მომავალში მის წინააღმდეგ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი პროცედურების დაწყების საფუძველი უნდა გამხდარიყო. მზია თოდუას განცხადებით, კრედიტის ხელშეკრულება უკანონოდ გაფორმდა.

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონი მოითხოვს, რომ ბანკის საქმიანობას ხელმძღვანელობდეს არანაკლებ სამი დირექტორისგან შემდგარი კოლეგიური ორგანო - დირექტორატი. ზემოთხსენებულმა პირებმა კი კანონის მოთხოვნათა დარღვევით გააუქმეს დირექტორატი. ამდენად, ირაკლი ზარქუა არ იყო უფლებამოსილი, კომპანიებთან საკრედიტო ხელშეკურლებების დადების საკითხი ერთპიროვნულად გადაეწყვიტა. ბანკის წესდების მიხედვით, ბანკის საკრედიტო საქმიანობას გენერალური დირექტორი ახორციელებს საკრედიტო-საინვესტიციო კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, რა პირობაც დაცული არ ყოფილა“, - აღნიშნავს მზია თოდუა.

მისი თქმით, ამ ხელშეკრულებების გარდა ბანკის იძულებითმა მმართველმა კიდევ რამდენიმე საეჭვო ხელშეკრულება გააფორმა და ერთ-ერთი ასეთი ბანკის თელავის ფილიალის რემონტთან დაკავშირებით გაფორმებული დოკუმენტია.

„დეველოპერულ კომპანიებთან გაფორმებული 50 მილიონიანი საკრედიტო ხელშეკრულებების გარდა, ჩემი ინფორმაციით, არის კიდევ სხვა გარიგებები, რომლებიც ეჭვს იწვევს. კერძოდ, ეს ეხება თელავის ფილიალს, რომლის რემონტი დროებითი მმართველის გადაწყვეტილებით დაიწყო და ის დაახლოებით 800 000 აშშ დოლარი ჯდება მაშინ, როდესაც თავად შენობა თავის დროზე 300 000 აშშ დოლარად გვაქვს შეძენილი. ნათელია, რომ ასეთი საქმიანობა სახელმწიფოს და დროებითი მმართველების ინტერესებში არ უნდა შედიოდეს, მაგრამ მათი განზრახვა სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ ისეთი გადაწყვეტილებები მიეღოთ, რომელიც ბანკისთვის წამგებიანი იქნებოდა და მას ფინანსურ პრობელემებს შეუქმნიდა. ჩვენ აღნიშნული საქმის გარემოებებს ვსწავლობთ და რემონტის გაგრძელება-არ გაგრძელებაზე გადაწყვეტილებას შემდეგში მივიღებთ, თუმცა ახლაც სრული უფლება გვაქვს ნარდობის ხელშეკრულება გავწყვიტოთ“, - განაცხადა თოდუამ.

მისი თქმით, ბანკის საზედამხედველო ორგანომ, სამეთვალყურეო საბჭოს ახალმა შემადგენლობამ, 2012 წლის 27 ივლისს განიხილა ზემოთხსნებული ხელშეკრულებების კანონიერების საკითხი და ისინი ბათილად გამოაცხადა. აქვე მზია თოდუას მოჰყავს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მეცხრე მუხლის მეოთხე და მეექვსე პუნქტები, რომლებიც ბანკს მისთვის საზიანო ხელშეკრულების ბათილად ცნობის საშუალებას აძლევს. 2012 წლის 30 ივლისს „ქართუ ბანკმა“ ზემოთხსენებული პირების წინააღდეგ წარადგინა სარჩელი მათ მიერ კომპანიებთან 2012 წლის 24 ივლისს დადებული ხელშეკრულებების ბათილობის მოთხოვნით. 1 აგვისტოს კი ბანკმა განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორსა და ქ. თბილისის პროკურორს და „ქართუ ბანკის“ იძლებითი მმართველის, ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტა მოითხოვა.

აქვე „ქართუ ბანკის“ იურისტი დავით მათიკაშვილი იმ დავაზე საუბრობს, რომელიც ბანკსა და მოქალაქე კახაბერ ვარდუკაძეს შორის არსებობს. კერძოდ, ეს ის გახმაურებული საქმეა, რომელიც ვარდუკაძის მიერ 2002 წელს „ქართუ ბანკისგან“ 163 343 დოლარის ოდენობით სესხის აღებით დაიწყო. მაშინ ვარდუკაძემ ბანკთან ამ თანხის უზრუნველსაყოფად ბანკში 168 938 დოლარად შეფასებული ძვირფასეულობა დააგირავა. „ქართუ ბანკის“ ინფორმაციით, ვარდუკაძემ კრედიტის ნაწილი დაფარა, მაგრამ მას დღეის მდოგმარეობით 133 190 დოლარის ოდენობის დავალიანება აქვს დარჩენილი.

მოგვიანებით კახაბერ ვარდუკაძემ თბილისის მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა „ქართუ ბანკში“ არსებული მისი ძვირფასეულობის დაკარგვის ფაქტზე. ბანკის იურისტის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, შესაბამისმა სამსახურებმა თავად ვარდუკაძის თანდასწრებით აღრიცხეს და შეამოწმეს დაგირავებული ნივთები და აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად არსებული ძვირფასეულობა ელექტრონულ მონაცემებს არ ემთხვეოდა.

„ძვირფასეულობის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ 171 პაკეტიდან ექვს პაკეტში იყო კენჭები, ორმოცდაცამეტ პაკეტში - ბიჟუტერია, ხოლო დანარჩენ სათავსოებში ოქროს ნივთები ინახებოდა“, - აცხადებს იურისტი მათიკაშვილი.

კახაბერ ვარდუკაძემ „ქართუ ბანკის“ წინააღმდეგ სასარჩელო წარმოება დაიწყო, ოქროულობის დაკარგვაში ბანკი დაადანაშაულა და მისთვის მიყენებული ზიანის - 583 173 დოლარის დაკისრება მოითხოვა. ეს სასარჩელო დავა სამ წელზე მეტხანს გაგრძელდა და სამივე სასამართლო ინსტანცია მოიარა.

2008 წლის 16 ივნისს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს გადაწყვეტილებით, კახაბერ ვარდუკაძე სხვისი ნივთისა და ფულადი თანხების მათრლსაწინააღმდეგო მითვისებაში ეჭვმიტანილად სცნეს და ვარდუკაძის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილება გამოიტანეს. 2008 წლის 19 ივნისს კახაბერ ვარდუკაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეეფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა და მასზე ძებნა გამოცხადდა.

„ჩვენი ინფორმაციით, კახაბეტ ვარდუკაძე შემოსავლების სამსახურში გამოცხადდა და აღიარა დანაშაული, კერძოდ ბანკის ორ თანამშრომელთან ერთად კრედიტის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ძვირფასეულობისა და ფულის მითვისება. 2008 წლის 25 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და ვარდუკაძე თაღლითურ გარიგებაში დამნაშავედ სცნეს. ბანკის თანამშრომლების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლომ 2008 წლის 18 და 20 ივნისს გამოიტანა“, - აღნიშნავს დავით მათიკაშვილი.

მისივე თქმით, 2008 წლის 17 სექტემბრის განჩინებით მხარეთა მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო საქმე შეწყდა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე კახაბერ ვარდუკაძეს 7 788 დოლარის ძვირფასეულობა დაუბრუნდა. 2012 წლის 3 ივლისს კახაბერ ვარდუკაძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2008 წლის 17 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით განცხადებით მიმართა.

„საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის ყველა მოთხოვნა დაარღვია, შესაშური ოპერატიულობით განაახლა საქმის წარმოება, არ დაელოდა ბანკის წერილობითი მოსაზრებების წარდგენას, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩვარი და გადაწყვეტილება გამოიტანა. მან „ბანკ ქართუს“ კახაბერ ვარდუკაძის სასარგებლოდ ზიანის - 399 755 დოლარის ანაზღაურება დააკისრა და ეს ხდება მაშინ, როდესაც ვარდუკაძე აღიარებს, რომ ბანკიდან ოქრო თვითონ მოიპარა და ამისთვის გასამართლებულიც არის. უზენაესი სასამართლო კი ამ ყველაფერს ყურადღებას არ აქცევს და ბანკის წინააღმდეგ ამგვარი გადაწყვეტილება გამოაქვს“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

„ქართუ ჯგუფის“ იურიდიული სამსახურის უფროსი ალა კახნიაური კი სს საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორზე“ საუბრობს და აცხადებს, რომ ეს კომპანია დამოუკიდებელი არ არის და იგი საქართველოს ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს.

„ქართუ ჯგუფი“ სააქციო საზოგადოებას წარმოადგენს და კანონის თანახმად მას საქციონერთა რეესტრის წარმოება ევალება. ამის განხორციელება მას შეუძლია როგორც საკუთარი ძალებით, ასევე ფასიანი ქაღალდების დემოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით. დაარსების დღიდან სს „ქართუ ჯგუფი“ აღნიშნულ რეესტრს თავად აწარმოებდა. 2012 წლის 13 ივლისს სს „ქართუ ჯგუფის“ იძულებითმა მმართველმა ვლადიმერ უგულავამ სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“ „ქართუ ჯგუფის“ ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა.

მას შემდეგ, რაც იძულებითი მმართველობა გაუქმდა, სს „ქართუ ჯგუფმა“ მიიღო გადაწყვეტილება ან ხელშეკრულების 2012 წლის 1 აგვისტოდან ცალმხრივად შეწყვეტისა და რეესტრის დაბრუნების შესახებ, რის თაობაზეც „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორს“ წერილობით აცნობა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ფასიანი ქაღალდების რეესტრის გადმოცემა მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ სს „ქართუ ჯგუფის“ მიერ ხელშეკრულების ცალმხივრად შეწყვეტისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო გადახდილია, „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორი“ რეესტრს არ გვიბრუნებს. მისი აღნიშნული ქმედებიდან გამომდინარე საზოგადოებასა და ფასიანი ქაღალდების მფლობელებს შეუძლიათ დასკვნის გაკეთება, თუ რამდენად დამოუკიდებელია სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორი“ და ღირს თუ არა მასთან პარტნიორული ურთიერთობა“, - აცხადებს ალა კახნიაური.