დაპირისპირება სვანეთში

დაპირისპირება სვანეთში

მესტიის რაიონის სოფელ იფარში მოსახლეობასა და პოლიციას შორის ინციდენტი მოხდა, რომელშიც თავად სოფლის რწმუნებული თამაზ გულბანი მონაწილეობდა. მომხდარი ინციდენტის შემდეგ გამგებელმა პოლიცია გამოიძახა. პოლიციის ხუთი „პიკაპი“ გამგებლის სახლთან მთელი ღამის განმავლობაში პატრულირებდა. გავრცელებული ინფორმაციით, მესტიაში სპეცრაზმია ჩაყენებული. ადგილობრივების განცხადებით, მსგავსი ინციდენტი ერთი კვირის წინაც დაფიქსირდა და ნაცმოძრაობის წევრები ადგილობრივების დაშინებას ცდილობენ. მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დაპირისპირების მიზეზად ადგილობრივთა ოპოზიციური განწყობა სახელდება.

მომხდარის შესახებ For.ge მესტიაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ვიქტორ ჯაფარიძეს ესაუბრა. 

- ერთი კვირის წინ სოფლის ერთ-ერთ მკვიდრს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პოლიციელებმა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კერძოდ, იფარის მცხოვრები ახალგაზრდა გააჩერეს მთვრალმა პოლიციელებმა, უდიერი სიტყვებით გაესაუბრნენ და შემდეგ ეს ბიჭი სცემეს. სიტუაციის გასანეიტრალებლად მესტიიდან  პოლიციის უფროსი ამოვიდა. თუმცა, თუ ეს სიტუაცია არ დარეგულირდება, დარწმუნებული ვარ, ინციდენტი კიდევ მოხდება.

წუხანდელი ინციდენტი რატომ დაიწყო?

- წუხანდელი ინციდენტი ზუსტად იმ ინცინდენტის გაგრძელებაა, რომელზეც გითხარით და, რომელიც დაახლოებით ათი დღის წინ პოლიციელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მოხდა. სწორედ ამის გაგრძელება იყო გუშინდელი დღე, როდესაც დაზარალებული ბიჭის დედა შეხვდა იმ პოლიციელს და, ალბათ, ცოტა მწარედ დაელაპარაკა. ამის შემდეგ პოლიციელმა გადარეკა საკუთარ მშობლებთან და ეს მშობლები დახვდნენ ამ ქალბატონს, მის მეუღლეს და მათ სერიოზული პრობლემები შეექმნათ. თავის მხრივ, მოქალაქემ გადარეკა პოლიციაში და ისინი რამდენიმე „პიკაპით“ ამოვიდნენ, სიტუაცია განეიტრალდა, მაგრამ ინციდენტი ამოწურული არ არის. ეს ინციდენტი როგორმე უნდა დარეგულირდეს, რადგან პოლიციელები სისტემატურად არღვევენ კანონს თავად სოფელ იფარში. სიტყვები არ მყოფნის, რომ ვთქვა, რას აკეთებენ იფარის პოლიციელები, ისინი სიტუაციას ძაბავენ.

ეს იმით ხომ არ აიხსნება, რომ იფარის მოსახლეობა განსაკუთრებით უთანაგრძნობს ბიძინა ივანიშვილს?

- არ გამოვრიცხავ, თუმცა მანამდეც ასე იქცეოდნენ ეს პოლიციელები. დათვრებიან, გამვლელ-გამომვლელს ნერვებს უშლიან, ყველაფერზე აჯარიმებენ, საშინელ დღეში ჰყავთ მოსახლეობა. ისეთი პიროვნებებით არის იფარის პოლიცია დაკომპლექტებული, რომლებიც, ჩემი აზრით, დიდი ხანია, საკანში უნდა ისხდნენ და არა პოლიციის ქვეგანყოფილებაში.

იფარის პოლიცია ადგილობრივი სვანებით არის დაკომპლექტებული?

- ნაწილი სვანები არიან, ნაწილი - სხვები.

10 დღის წინ ახალგაზრდა ბიჭს რატომ დაესხნენ თავს პოლიციელები?

- ის მოდიოდა სოფლის ცენტრში, მორწმუნე ბიჭია, წვერებით დადის და ერთ-ერთმა პოლიციელმა ხელი წაავლო წვერებში. შემდეგ გალახეს ეს ახალგაზრდა. ამის შემდეგ გამოვიდა მთელი სოფელი. ეს პოლიციელები გახეთქილი მთვრალები იყვნენ. შემდეგ სოფელმა მოითხოვა მესტიის პოლიციის ამოსვლა და მათ დააშოშმინეს სიტუაცია, რამდენიმე თანამშრომელი გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში, მაგრამ ინციდენტის მონაწილეები თავისუფლად რჩებიან, რომელთა წაყვანასაც სოფელი ითხოვს. ძალიან ბევრი წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ ისინი კი არ უნდა მუშაობდნენ, არამედ პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემულნი.

კვირიკობა დღეს ბიძინა ივანიშვილი სვანეთში იმყოფებოდა. მოსახლეობა მას სიხარულით შეეგება, თუმცა ხელისუფლებამ თავისი აქტივისტები დაახვედრა და შეხვედრის ჩაშლა სცადეს.

- ამ ფაქტის თვითმხილველი გახლდით. ზაზა გოროზიამ, გამგებელმა და ჩვენმა დეპუტატმა, უფრო სწორად, იგი „პრარაბია“ და არა დეპუტატი, და სხვებმა, წალენჯიხელები, ხობელები, სენაკელები ამოიყვანეს. ამ ბანდას ხელმძღვანელობს ზაზა გოროზია. ყოველ შემთხვევაში, ამ ბანდაში არცერთი ადგილობრივი მცხოვრები არ ყოფილა და ადგილობრივებს პროტესტი არ გამოუხატავთ ბიძინა ივანიშვილის ჩამოსვლის გამო. ეს ჩამოსული ადამიანები ჩვენ გვეუბნებოდნენ - წადით, წადითო. ეს იყო ადგილობრივი მოსახლეობის დიდი უპატივცემულობა, რაც შეურაცხყოფად მიიღო აბსოლუტურად ყველა სვანმა და ძალზე ნეგატიური აზრი გაჩნდა ამის შესახებ. ეს იყო სამარცხვინო ფაქტი. დარწმუნებული ვარ, მათი ჩანაფიქრი ასეთი იყო, რომ აქ მომხდარიყო სერიოზული დაპირისპირება, რომელიც, ალბათ, ხელჩართულ ჩხუბში გადაიზრდებოდა. ეს არის ბინძური მეთოდი, ამას გეგმავს ზაზა გოროზია, სხვა არავინ. ამაში დარწმუნებული ვარ.

ინციდენტში ადგილობრივი სასულიერო პირები რომ არ ჩარეულიყვნენ, შეიძლებოდა, სერიოზული დაპირისპირება მომხდარიყო?

- ამას ცდილობს ის ბინძური ადამიანი, რომ რამენაირად მოხდეს დაპირისპირება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობა გონიერია და მათ ბინძურ პროვოკაციებს არ აჰყვება. რა თქმა უნდა, მამაოები ჩადგნენ შუაში, მივიდნენ, თხოვდნენ, რას აკეთებთ, შვილო, როგორ შეიძლება ასეთი რამის გაკეთება. სხვათაშორის, ზოგიერთები მამაოებთანაც არ იყვნენ კორექტულნი, მაგრამ ამოყვანილ ადამიანთა უმეტესობას რცხვენოდათ საკუთარი საქციელის.

ისინი სვანურად ლაპარაკობდნენ?

- რა თქმა უნდა, არცერთი სვანი იქ არ იყო. მაშინ, რომელიმე მათგანმა რატომ არ ამოიღო სვანურად ხმა, როცა ჟურნალისტები ეკითხებოდნენ?!

შმაგი ნაკანის გადადგომა რამ გამოიწვია?

- შმაგი ნაკანი ტიპიური არამზადაა. იგი კორუმპირებული პიროვნებაა, რომელსაც, ადრე თუ გვიან მოუწევს პასუხისგება იმაზე, რაც მან გააკეთა. ვინ ჰკითხავდა ნაკანს ან დანიშვნას, ან გაგდებას, ან წასვლას, ან მოსვლას?! ის მარიონეტია, უთხრეს, წადიო და წავიდა.

რამდენადაც ვიცი, შმაგი ნაკანმა თქვენი ბიზნესპარტნიორის მამას, მესტიის დამსახურებულ ექიმს - ადილარ ჩართოლანს პრობლემა შეუქმნა. ჩართოლანის კუთვნილი  შენობის გაყიდვაზეა საუბარი.

- დიახ, ჩემი ბიზნესპარტნიორის მამას შენობის ფასადი შეუკეთა სახელმწიფომ. ისე გაურემონტეს, რომ მისთვის არავის არაფერი უკითხავს. რაც ჰქონდა, ის დაუნგრიეს, დაშინებული და ტერორიზებულია მოსახლეობა. არავინ არ ეკითხება, რატომ დაუნგრიეს, ფასადი თავიდან გაუკეთეს, მოგვიანებით კი შმაგი ნაკანმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ამ რემონტის თანხას - 581 ათას ლარს ითხოვს, სასამართლომ კი მოთხოვნა დაუკმაყოფილა. ამის გამო, 83 წლის კაცს ამ თანხის გადახდა დააკისრეს. პრაქტიკულად, ამხელა თანხას იგი ვერსაიდან მოიტანს. გამორიცხულია ამის გადახდა. დარწმუნებული ვარ, ამ 581 ათასი ლარიდან, ნახევარი ფული მოპარულია, რადგან თბილისში 500 დოლარი ღირს თეთრი კარკასის კვადრატული მეტრი და მესტიაში 400 კვ. მ. ფასადის გაკეთება როგორ ღირს 581 ათასი?! ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. როგორც ვიცი, სააპელაციოში გაასაჩივრებენ და ამ საქმეს ევროპულ სასამართლომდე მიჰყვებიან.

ქვენი შანსები როგორია სვანეთში თქვენს მოწინაღმდეგე ნაციონალების მაჟორიტარ კანდიდ კვიციანთან შედარებით?

- გეტყვით იმას, რომ ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატს, რომლის სახელის ხსენებაც არ მსურს, დიდი „დამსახურება“ აქვს სვანების წინაშე. მან დააპატიმრებინა ორი ქალბატინი -მერი ნავერიანი და მზევინარ ჯაფარიძე, მათ შორის, ის ახალგაზრდები, რომლებიც მისი ოჯახის წევრები არიან. აი, ეს „დამსახურებები“ აქვს მას სვანების წინაშე. მას დამსახურება აქვს, რომ წმინდა გიორგის ეკლესიას შესასვლელი დაუკეტა, რომ სვანეთში მოსახლეობას აჯარიმებდნენ და დაახლოებით 600 ათასი ლარზე მეტი ჯარიმა ამოიღეს გაუბედურებული მოსახლეობისგან. ამ „დამსახურებებს“ ნაციონალები შემოდგომაზე „დაითვლიან“. 

ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი შანსები აქვს სვანეთში. თუ ისევ სპეცრაზმს არ მოიყვანს ზაზა გოროზია, პრაქტიკულად, მათი შანსები ძალიან დაბალია.