ივანიშვილი საერთაშორისო არბიტრაჟში საქართველოს ხელისუფლებისთვის დავის მოგებას აპირებს

ივანიშვილი საერთაშორისო არბიტრაჟში საქართველოს ხელისუფლებისთვის დავის მოგებას აპირებს

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საინვესტიციო უფლების დარღვევის გამო საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრში დავას იწყებს. ამის შესახებ ივანიშვილის ადვოკატი, „ქართული ოცნების“ წევრი არჩილ კბილაშვილი საუბრობს.

მისი თქმით, იურიდიული დოკუმენტი სახელწოდებით „უკანასკნელი შეტყობინება დავის შესახებ“ თავდაპირველად საქართველოს მთავრობას წარედგინება, შემდეგ კი დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრს გადაეცემა. ეს დოკუმენტი საერთაშორისო იურიდიული კომპანია „სკადენის“ წარმომადგენლებმა მოამზადეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით for.ge-ს იურისტი არჩილ კბილაშვილი ესაუბრება.

არჩილ კბილაშვილი: „ეს არის დავის ფორმატი, სადაც მოსარჩელე მხარე არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, მოპასუხე მასპინძელი სახელმწიფოა, ხოლო დავა საინვესტიციო საკითხს უნდა ეხებოდეს, ანუ პირი მისთვის საინვესტიციო უფლების შელახვაზე უნდა დავობდეს. მან უნდა დაასაბუთოს, რომ მასპინძელ ქვეყანაში ინვესტიციები ჰქონდა განხორციელებული და ეს ქვეყანა მას უსამართლოდ და კანონდარღვევით მოეპყრო. მოცემულ შემთხვევაში გვყავს საფრანგეთის მოქალაქე და გვყავს საქართველოს სახელმწიფო, და საფრანგეთის მოქალაქე ამტკიცებს, რომ მის ინვესტიციებს უკანონოდ მოექცნენ. ამ ტიპის დავებისთვის მსოფლიო ბანკის მიერ სპეციალური საარბიტრაჟო ინსტიტუტია შექმნილი, რომელსაც საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრი ჰქვია და რომელიც მხოლოდ ამ ტიპის დავებს იხილავს. მსოფლიო ბანკის მიზანი იყო ის, რომ ინვესტიციების ხელშეწყობა და დაცვა საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე ყოფილიყო გარანტირებული. ამ კონვენციის მონაწილე ასზე მეტი ქვეყანაა და ამ საარბიტრაჟო დაწესებულების გადაწყვეტილება ყველა მათგანისთვის სავალდებულოა, ისევე როგორც სავალდებულოა, რომ თითოეულმა ქვეყანამ მეორე ქვეყნის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება აღასრულოს, თუკი აღსრულება მის ტერიტორიაზე იქნება განსახორციელებელი.

აქვე აღვნიშნავ, რომ ამ საარბიტრაჟო ინსტიტუტს საქართველოს წინააღმდეგ უკვე ორ საქმეზე აქვს გადაწყვეტილება გამოტანილი. პირველი გადაწყვეტილება გამოვიდა მაშინ, როდესაც იტალიელები რუსთავის მეტალურგიული კომბინატიდან მათი გაძევების წინააღმდეგ დავობდნენ, რაც 2005 წელს მოხდა. მაშინ ამ საარბიტრაჟო ინსტიტუტმა საქართველოს სახელმწიფოს ამ იტალიელი ბიზნესმენების სასარგებლოდ 5 მილიონ დოლარამდე დააკისრა. მეორე იყო ებრაელი ბიზნესმენების ფრენკელისა და ფუქსის დავა, რომლის შედეგადაც საქართველოს 100 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. ორივე ეს გადაწყვეტილება შესრულებულია, სახელმწიფოს ეს თანხები გადახდილი აქვს, რადგან არგადახდა უბრალოდ გამორიცხულია.

როგორია თქვენი მხარის მოთხოვნა, რომელსაც ამ არბიტრაჟის წინაშე დააყენებთ?

- ჩვენ ვასაბუთებთ, რა დოზით და როდის იქნა ბიძინა ივანიშვილის უფლებები დარღვეული. პრინციპში ეს ძირითადად „ბანკ ქართუს“ თემას ეხება, რადგანაც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 30 აპრილამდე ივანიშვილი ამ ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრე იყო. ამიტომ, ჩვენ ვასაბუთებთ ყველა იმ უკანონობას, რაც 30 აპრილამდე მოხდა, ანუ მაგალითად, ბანკის საინკასაციო მანქანის გატაცება, ეროვნული ბანკის აუდიტის „ქართუ ბანკში“ შესვლა და მისი ყოველდღიური საქმიანობის გაკონტროლებისთვის იქ დარჩენა, ასევე ის, რომ გასული წლის ოქტომბერში ყველა სახელმწიფო დაწესებულებამ „ქართუ ბანკში“ ანგარიში დახურა და ცალკეული ანგარიშების მფლობელები აიძულეს, ბანკიდან თანხები გაეტანათ, რამაც „ქართუ ბაკიდან“ კაპიტალის სერიოზული გადინება გამოიწვია, გარდა ამისა, კანონის შეცვლა, რითაც ბანკს იპოთეკური სესხები გაუფუჭეს, ბანკის 800 000 ლარით დაჯარიმება და ა.შ.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლიდან დღემდე მის მიმართ რა უკანონობაც განხორციელდა, ყველაფერზე არ დავობთ?

- არა, ჩვენი დავა ეხება 30 აპრილამდე განვითარებულ მოვლენებს, რადგან მოგეხსენებათ, 30 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა „ქართუ ბანკის“ აქციები გაასხვისა. მართალია, ხელისუფლებამ მას ეს გასხვისებად არ ჩაუთვალა და ბანკის იძულებითი მმართველი ისე დანიშნა, თითქოს „ქართუ ბანკი“ ისევ ბიძინა ივანიშვილის იყო, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, უკანონო ქმედება იყო. ამდენად, ჩვენ 30 აპრილამდე მომხდარზე ვდავობთ, ხოლო 30 აპრილის შემდეგ რა უკანონობებიც მოხდა, ამაზე სხვები, ანუ ბანკის ახალი მესაკუთრეები იდავებენ.

თქვენს საჩივარში დასახელებულია კონკრეტული თანხა, რომლის ანაზღაურებასაც სახელმწიფოსგან მოითხოვთ?

- შეიძლებოდა ამის განსაზღვრა, მაგრამ ამ შემთხვევაში თანხა დაკოკრეტებული არ არის, რადგან ჯერ ზარალის დათვლის ეტაპზე ვართ, მაგრამ გეტყვით, რომ ეს რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი იქნება.

ბატონო არჩილ, როგორია ამგვარი დავების განხილვის ვადა?

- დაახლოებით 2-დან სამ წლამდე ვადა უნდა ვივარაუდოთ.

სანამ საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართავდით, საქართველოს ხელისუფლებასთან თუ გქონდათ რაიმე სახის კომუნკიკაცია?

- დიახ, ამჟამად სწორედ წინასაარბიტრაჟო შეტყობინება გავაკეთეთ და საქართველოს ხელისუფლებას მოლაპარაკებასთან დაკავშირებით მისი პოზიციის წარმოსადგენად ორკვირიანი ვადა მიეცა. თუ ამ ორ კვირაში მოლაპარაკება ვერ შედგა, შემდეგ საქმე უკვე არბიტრაჟში გაიგზავნება.

მოლაპარაკება რა პირობით შეიძლება რომ შედგეს?

- მოლაპარაკება სამ კომპონენტს მოიცავს, ერთი არის ჩადენილი უკანონობის აღიარება, მეორე - მიყენებული ზიანის ანაზღაურება და მესამე - მომავალში მსგავს ქმედებაზე ხელის აღება. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ასეთ პირობებზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკება არარეალურია. ამიტომ არბიტრაჟში საქმის განხილვას უნდა ველოდოთ.