Facebook-ის ცხოვრება IPO-ს შემდეგ

Facebook-ის ცხოვრება IPO-ს შემდეგ

Facebook-ის ბირჟაზე გასვლის შემდეგ მომხდარი აჟიოტაჟი თანდათანობით ჩაცხრა და ანალიტიკოსებს, როგორც იქნა, კომპანიის პერსპექტივების მშვიდად შეფასების საშუალება მიეცათ. მათი აზრით, მთავარია არა აქციების ფასი, ან ბირჟის შესაძლო შეცვლის შესახებ გავრცელებული სკანდალი, არამედ Facebook-ის შესაძლებლობა, მოახდინოს მომხმარებელთა თითქმის მილიარდიანი აუდიტორიის მონეტიზირება.

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ, მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ ნიუ იორკის საფონდო ბირჟამ (NYSE) Facebook-ს აქციების მასთან გადატანა შესთავაზა, კომპანიის ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ NASDAQ-ის ბირჟის ერთგული რჩება. ექსპერტთა აზრით, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ბირჟის შეცვლამ, შესაძლოა, ინვესტორები დააფრთხოს.

მოგეხსენებათ, Facebook-ის IPO-ს დაწყებისას NASDAQ-ის ბირჟას ტექნიკური პრობლემები შეექმნა, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ჰოდა, როგორც ჩანს, ნიუ იორკის ბირჟის მესვეურებმა გადაწყვიტეს მომენტით ესარგებლათ და Facebook კონკურენტისაგან გადაებირებინათ.

როგორც ცნობილია, გარდა ამისა, დიდი ხმაური იმანაც გამოიწვია, რომ Facebook-ის აქციების განთავსებას კომპანიის პოპულარობიდან და სტატუსიდან გამომდინარე ყველა უდიდესი მოლოდინით ელოდა. შედეგმაც არ დააყოვნა და განთავსების მომენტში კომპანიის კაპიტალიზაციამ 109 მილიარდი დოლარი შეადგინა.

მართალია, შემდეგ აქციების ფასმა თანდათანობით დაიკლო, მაგრამ ამას თავისი ახსნა აქვს. ანალიტიკოსები სამ მთავარ მიზეზს ასახელებენ: განთავსების მომენტში აქციების გაზრდილი ფასი, ტექნიკური შეფერხებით გამოწვეული დაგვიანება და ანდერაიტერების (იურიდიული პირი, რომელიც  ფასიანი ქაღალდების გამოშვებასა და განთავსებაზეა პასუხისმგებელი) საქციელი. მართლაც, არავინ დავობს, რომ განთავსების მომენტში აქციებზე მოთხოვნილება და ფასი ხელოვნურად იყო გაზრდილი. ამას ხელი ობიექტურ ფაქტორებთან ერთად ხელი შეუწყო ანდერაიტერების მოქმედებამ, მათ მიერ გაზრდილი პროგნოზების გავრცელებამ.

რაც შეეხება Facebook-ის აქციების გაიაფებას, აქ უკვე დამნაშავეს არავინ ეძებს, რადგან ფასს ბაზარი განსაზღვრავს და როცა პირველი აჟიოტაჟი განელდა, აქციების ღირებულებამ კლება დაიწყო. არც ბირჟა, არც კომპანია და არც არანაირი ადამიანური თუ ტექნიკური ფაქტორი აქ არაფერ შუაშია.

თუ რამდენად პერსპექტიულია Facebook-ის აქციებში კაპიტალდაბანდება, ანალიტიკოსთა აზრი ორად გაიყო. ნაწილი თვლის, რომ ვინც სოციალური ქსელის ქაღალდები შეიძინა, ფული ჭკვიანურად დააბანდა, ზოგი კი საწინააღმდეგო მოსაზრებას იზიარებს. მაგალითად, საბანკო-საინვესტიციო ჯგუფის Dragon Capital-ის თავკაცმა ბრაიან ბესტმა განაცხადა, რომ Facebook-ის აქციების შეძენა ძალიან საინტერესოა შორეული პერსპექტივის თვალსაზრისით და ფასიანი ქაღალდების გაიაფება არაფრად ჩააგდო. ხოლო ამერიკელმა მილიარდერმა, 2,3 მილიარდი დოლარის მფლობელმა მარკ კიუბანმა მის მიერ Facebook-ის აქციების შეძენას დიდი შეცდომა უწოდა და მთლიანად, გვარიანი წაგებით გაყიდა.

ისტორიულად მხოლოდ რამდენიმე ინტერნეტ-კომპანიამ შეძლო ინვესტორთა დიდი მოლოდინის გამართლება. საქმე ისაა, რამდენად მოახერხებს კომპანია მომხმარებელთა ბაზის მონეტიზირებას. მაგრამ ანალიტიკოსთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ Facebook-ის აქციების პერსპექტივის შეფასება ძალიან რთულია, რადგან ჯერჯერობით გაურკვევლია, რამდენად გაამართლებს კომპანიის, რომელმაც ამოდენა თანხა მოიხვეჭა, მარკეტინგული მოდელი.

გავრცელებული ინფორმაციით, Facebook აქტიურად ეძებს მომსახურების მონეტიზაციის ახალ საშუალებებს. გარდა ამისა, კომპანიის ხელმძღვანელობა აქციების განთავსებისაგან მიღებული კაპიტალდაბანდების სწორად გამოყენების საშუალებებზეც მსჯელობს.