შიდა ვალი, შესაძლოა, 1,9 მლრდ ლარით გაიზარდოს

შიდა ვალი, შესაძლოა, 1,9 მლრდ ლარით გაიზარდოს

"რომ არა ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული შემოსავლები, სახელმწიფო ბიუჯეტს უზარმაზარი დეფიციტი ექნებოდა"
2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიხედვით, მთავრობამ შიდა ვალის ზღვრული მოცულობა 1,9 მილიარდ ლარამდე განსაზღვრა. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრო ფასიანი ქაღალდების გაყიდვით, კომერციული ბანკებიდან ვალს ისე "წამოკრებს", რომ პარლამენტს არც კი შეეკითხება.

მთავრობამ უფლება დაიტოვა, 520 მილიონი ლარის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის განკუთვნილი განახლებადი სახელმწიფო ობლიგაცია გაყიდოს, ასევე 122 მილიონი ლარის სხვადასხვა ვადის სახელმწიფო ობლიგაციები ღია ბაზრის ოპერაციებისთვის და 606 მილიონი ლარის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები (სახაზინო ვალდებულებები და ობლიგაციები). ამ დროისთვის, ეროვნულმა ბანკმა 374 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდი გაყიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

რატომ ყიდის სახელმწიფო ამ რაოდენობის ფასიან ქაღალდებს, არის თუ არა რისკის მომცველი აღნიშნული ოპერაციები ეკონომიკის განვითარებისთვის ამ საკითხებზე "რეზონანსი" ეკონომიკურ ექსპერტს ლია ელიავას ესაუბრა.

ლია ელიავა: "სახელმწიფო ბიუჯეტს დეფიციტის გამო, დამატებითი საბიუჯეტო სახსრები სჭირდება. ქართული ეკონომიკა არის სტაგნაციაში. წინასაარჩევნოდ საქმიანი აქტივობები იკლებს, შესაბამისად, მცირდება შემოსავლები. ცოტა ხნის წინათ, ფინანსთა სამინისტრომ დაიწყო ე.წ. "ჩეკების" გათამაშება. დაახლოებით 2-თვიან პერიოდში, ამ კამპანიამ, დადებითი ეფექტი მოიტანა. შემდეგ მოსახლეობაში გაჩნდა უნდობლობა და ეს ეფექტიც ჩაიფუშა. ფაქტობრივად, რომ არა ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული შემოსავლები, სახელმწიფო ბიუჯეტს უზარმაზარი დეფიციტი ექნებოდა".

"რ": რატომ ყიდულობენ კომერციული ბანკები დიდი რაოდენობის ფასიან ქაღალდებს?

ლ.ე: ამის მიზეზი ძალიან მარტივია. ეკონომიკური სტაგნაციის პირობებში კომერციული ბანკები ვერ ზრდიან საკრედიტო პორტფელებს და ხელზე რჩებათ დიდი რაოდენობის თავისუფალი სახსრები. ბუნებრივია, თუნდაც მცირე შემოსავალის მისაღებად, მათთვის ხელსაყრელია თავისუფალი ფულის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში დაბანდება. თუმცა, სახელმწიფოსთვის ეს არის სერიოზული რისკი. კერძოდ, ეკონომიკური ზრდისთვის პრობლემაა, რომლის გადაწყვეტა ევროპასა და ამერიკასაც უჭირთ.

"რ": ზოგადად, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული შემოსავალი რაში უნდა იხარჯებოდეს?

ლ.ე: სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი - თუ რაში უნდა გამოიყენოს ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული სახსრები სახელმწიფომ. აქამდე სახელმწიფო ბიუჯეტი იფლანგებოდა პოპულისტურ პროექტებზე, ისეთი სახის ღონისძიებებზე, რომელიც არ იყო დაკავშირებული, ეკონომიკურ ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან. ამ ხარჯებს სოციალური და ეკონომიკური მიმართულება არ ჰქონდა. ეს თანხები, ძირითადად, მიდიოდა ხელისუფლების პიარ-ღონისძიებებზე.

საკითხავია, ბიუჯეტიდან ახლა რა მიმართულებით წავა დამატებით მიღებული სახსრები, ალბათ, მას წინასაარჩევნო პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენებენ. სახელმწიფო ბიუჯეტის მაკონტროლებელი ორგანოა კონტროლის პალატა, რომელიც თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. გამომდინარე იქიდან, რომ ბიუჯეტის მაკონტროლებელი ორგანო მკვდარია, როგორ ხარჯავს ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტს, კაციშვილმა არ იცის.

"რ": 2012 წლის ბიუჯეტის კანონით სახელმწიფო ვალის ზღვრულ მოცულობად მითითებულია 1,9 მილიარდი ლარი. აქვს თუ არა კანონიერი უფლება ფინანსთა სამინისტროს, პარლამენტის გადაწყვეტილების გარეშე ამ რაოდენობის შიდა ვალი აიღოს?

ლ.ე: ბიუჯეტი ეს არის კანონი, როდესაც ჩაწერენ ზღვრულ მოცულობას, ბუნებრივია, მათ კანონიერად შეუძლია 2 მილიარდამდე ვალი აკრიფონ კომერციული ბანკებისგან. პარლამენტის გადაწყვეტილება მაშინ იქნება საჭირო თუ შიდა ვალი ზღვრულ მაჩვენებელს 1,9 მილიარდს გასცდება.

კომერციული ბანკებისგან ამოღებული თანხა აკლდება ეკონომიკას თანაც ისე, რომ, ეს თანხა უკან ეკონომიკაში აღარ დაბრუნდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საბიუჯეტო სახსრების უდიდესი წილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იხარჯება, ანუ ეს თანხა რეალურ ეკონომიკაში არ იდება. გარდა ამისა, გარკვეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უცხოური კომპანიები მუშაობენ, ანუ საბიუჯეტო სახსრები მთლიანად ქვეყნიდან გადის. გვაქვს უკუეფექტი.

"რ": ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 9%-ია, რამდენად ხელსაყრელია ეს პროცენტი ბანკებისთვის?

ლ.ე: პროცენტი არის საკმაოდ დაბალი, მაგრამ როდესაც ფული უმოძრაოდ გიდევს და მას ვერაფერში იყენებ, ესეც ხეირია. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები არსად არ არის მაღალპროცენტიანი, მაგრამ იგი ითვლება უსაფრთხოდ.

"რ": უცხოელი ინვესტორები საქართველოში ფულის დაბანდებას ერიდებიან იმიტომ, რომ ქვეყანაში პოლიტიკურად და ეკონომიკურად დიდი რისკია. ამ შემთხვევაში ქართული კომერციული ბანკებისთვის რისკის ფაქტორი როგორია?

ლ.ე: ეკონომიკურად და პოლიტიკურად არამდგრად ქვეყანაში რისკი მართლაც მაღალია. 2004 წელს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტს ძალიან დიდი დეფიციტი ჰქონდა. რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ იგი სახელმწიფო ქაღალდებს არ გაანაღდებდა. საბანკო ბზარზე დაიწყო პანიკა, განვითარდა საბანკო კრიზისი. შემდეგ, როდესაც მდგომარეობა კრიტიკული გახდა, მთავრობა იძულებული გახდა ბანკებთან ანგარიში გაესწორებინა; ანუ გააჩნია სახელმწიფო როგორია, განვითარებულ ქვეყნებში სახელმწიფო ვალდებულებები ყოველთვის სტაბილურად ითვლება, უსაფრთხო შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

საქართველოში როდის რა მოხდება და ბიუჯეტს რა მოუვა, კაცმა არ იცის. არ არის გამორიცხული, რომ გრძელვადიან პერიოდში ხელისუფლებამ განაცხადოს, რომ ხელფასებსა და პენსიებს ვერ იხდის და ბანკებს ფასიანი ქაღალდების განაღდება პრობლემების გამოსწორებამდე გადაუვადოს.