ბოლო პერიოდში ფქვილი თითქმის ყოველდღე ძვირდება

ბოლო პერიოდში ფქვილი თითქმის ყოველდღე ძვირდება

მოსახლეობა პურის გაძვირების მოლოდინშია. საქართველოში 1 ტომარა ფქვილი 7 ლარით გაძვირდა და მისი საბითუმო ფასი 37-39 ლარია. მეპურეების ვარაუდით, ფქვილის ფასი კრიტიკულ ზღვარზეა. თუ გაძვირების ტენდენცია გაგრძელდა, ისინი იძულებულები გახდებიან პურიც გააძვირონ.

საქართველო 90%-ით იმპორტირებულ ხორბალზეა დამოკიდებული, შესაბამისად, ხორბლის ექსპორტიორ ქვეყნებში მოსავლიანობის შემცირებამ საქართველოს ბაზარზე მყისიერად მოახდინა გავლენა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, კახეთში 1 ტომარა ფქვილის ფასი 33 ლარიდან 39 ლარამდე გაიზარდა და დისტრიბუტორები ფქვილის გაძვირებას მომავალშიც ელოდებიან. შიდა ქართლში 1 ტომარა ფქვილის ღირებულება 31-32 ლარს შეადგენდა, ამჯერად მისი ფასი 37-38 ლარია.

მე-4 პურის ქარხნის დირექტორის მალხაზ დოლიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში ფქვილი თითქმის ყოველთვის ძვირდება. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა პურის ქარხნების მფლობელები იძულებულები გახდებიან პური გააძვირონ.

"ფქვილის ფასი კრიტიკულ ზღვარზეა, ჯერჯერობით, პური არ გაძვირდება, მაგრამ თუ ფქვილის ღირებულებამ ზრდა განაგრძო, იძულებულები ვიქნებით პური ჩვენც გავაძვიროთ. ეს ჩვენთვის ყველაზე უსიამოვნო მომენტია. ხორბალი ძვირდება, წისქვილკომბინატები ფქვილს აძვირებენ, შესაბამისად, ჩვენც პური უნდა გავაძვიროთ, მაგრამ მოსახლეობისგან დარტყმა მხოლოდ ჩვენზე მოდის, ამიტომ ამ გადაწყვეტილების მიღება ჩვენთვის ყველაზე რთულია. ვერ გეტყვით, როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტი ის არის, რომ ბოლო პერიოდში ფქვილი თითქმის ყოველდღე ძვირდება", - ამბობს მალხაზ დოლიძე.

ხორბლის იმპორტიორი კომპანია "პროგრესის" გენერალური დირექტორის დავით გალიგაშვილის ვარაუდით, ფქვილი აღარ გაძვირდება. "არა მგონია, რომ ფქვილი კიდევ გაძვირდეს. ამის შემდეგ ფასები თამაშს დაიწყებს, შეიძლება ცოტა მოიმატოს, მერე ისევ გაიაფდეს. ხორბლის ექსპორტიორ ქვეყნებში მოსულმა გვალვებმა მოსავლიანობა შეამცირა, შედეგად ხორბლის ბირჟებზე ეს პროდუქტი გაძვირდა", - ამბობს დავით გალიგაშვილი.

მისი თქმით, გვალვებმა რუსეთში მოსავალი თითქმის მესამედით შეამცირა, ასევე დაეცა მოსავლიანობის საპროგნოზო მაჩვენებელი ამერიკასა და კანადაში. რაც შეეხება, შემდეგ ექსპორტიორ ქვეყანას - ყაზახეთს, საიდანაც საქართველოში ხორბალი შემოდის, იქ ალოობა სექტემბერში იქნება, შესაბამისად, ყაზახეთთან დაკავშირებით ჯერ პროგნოზები ვერ კეთდება.

მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის პერმანენტული ზრდა 5 ივნისიდან დაიწყო. ამ პერიოდიდან მოყოლებული ჩიკაგოს ბირჟაზე 1 ტონა ხორბლის ფასი 53 დოლარით, ლონდონის ბირჟის მონაცემებით კი 34 დოლარითაა მომატებული.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლო პერიოდში მსოფლიოში ხორბლის ფასის ზრდა, ძირითადად, იმპორტიორ ქვეყნებში გვალვიანმა ამინდებმა განაპირობა. გაჩნდა მოსავლის შემცირების საფრთხე, რაც პროდუქტის ფასზეც აისახა. მაგალითად, უკრაინასა და ევროპის ქვეყნებში გვალვის გამო, მოსავლის საკმაოდ დიდ ნაწილი გაფუჭდა.

აღსანიშნავია, რომ ხორბლის ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მეხორბლეთა საერთაშორისო საბჭოს განცხადებამ, რომლის მიხედვითაც 2012-13 წლებში მსოფლიოში ხორბლის საერთო მოსავალი 5 მილიონი ტონით შემცირდება, არსებულ მარაგები კი - 8 მილიონი ტონით.

ივნისში, მაისთან შედარებით, ხორბლის მოსავლის წინასწარი პროგნოზი 5 მილიონი ტონით ნაკლები იყო და 171 მილიონ ტონას შეადგენდა. ივლისში კი საერთაშორისო კომიტეტმა პროგნოზი კიდევ 6 მილიონი ტონით შეამცირა. ახლა, 2012-13 მარკეტინგულ წლებში მსოფლიოს მასშტაბით 165 მილიონი ტონა ხორბლის მოსავლის აღებაა ნავარაუდევი.

მართალია, ევროკავშირის ქვეყნებში კარგ მოსავალს ელოდებიან, მაგრამ რუსეთში კლიმატური პირობები ცუდი იყო და სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა პროგნოზის შემცირება. კერძოდ, წლეულს სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეში მოსალოდნელზე ბევრად ნაკლები მოსავალი იქნება. რუსეთი ივნისის დასაწყისში 94 მილიონი ტონა ხორბლის აღებას გეგმავდა, ივლისში კი ეს მაჩვენებელი 85 მილიონ ტონამდე შეამცირეს.

ხორბლის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნები არიან: აშშ, კანადა, ავსტრალია, არგენტინა, რუსეთი, ყაზახეთი და უკრაინა. საქართველო უკვე წლებია, ძირითადად, რუსულ, უკრაინულ და ყაზახურ ხორბალს მოიხმარს. ამდენად ჩიკაგოს ბირჟაზე დაფიქსირებული ზრდა ჩვენთან ნაკლებ გავლენას იქონიებს.