როგორ გახდა ედუარდ შევარდნაძის მძახლის მეგობარი ვანო მერაბიშვილის ფავორიტი?

როგორ გახდა ედუარდ შევარდნაძის მძახლის მეგობარი ვანო მერაბიშვილის ფავორიტი?


"ეს ხელისუფლება ნებისმიერ სიბინძურეს იკადრებს, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს"

ახალდანიშნული პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი პარლამენტის წინაშე მთავრობის ახალი სამოქმედო პროგრამით წარდგა და 4 წელიწადში სახელმწიფო ბიუჯეტის 40 მილიარდამდე გაზრდას დაგვპირდა, - 4 წლის ბიუჯეტს 40 მილიარდ ლარამდე გავზრდი და სოფლის მეურნეობაში 4 მილიარდამდე ინვესტიციასაც ჩავდებო. ქვეყანაში, სადაც არ მოიპოვება ნავთობი, გაზი, სადაც გაჩერებულია თითქმის ყველა საწარმო, დღითი დღე იზრდება უმუშევრობა, ხოლო ინვესტორები ფულის დაბანდებისგან თავს იკავებენ, საზოგადოების დიდ ნაწილს გაუჩნდა კითხვა, რა გზით შეძლებს ხსენებული საბიუჯეტო თანხების მოპოვებას ვანო მერაბიშვილი?!

ეჭვი იმანაც გააღრმავა, რომ ახალშექმნილი დასაქმების სამინისტროს ხელმძღვანელად მერაბიშვილთან დაახლოებული პირი, პაატა ტრაპაიძე დაინიშნა. როგორც ამბობენ, პაატა ტრაპაიძის სახელი ედუარდ შევარდნაძის მძახალ გურამ ახვლედიანსა და 2004 წელს აზერბაიჯანელი სამართალდამცავების მიერ ბამბით დატვირთულ კონტეინერში დიდი ოდენობით ნარკოტიკის აღმოჩენას უკავშირდება.

1996 წელს შეიქმნა ჰოლდინგური ტიპის ორგანიზაცია "ისთ გეით გრუპი", რომელშიც 5 კომპანია შედიოდა: შპს "ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია", შპს "ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია" - ფოთი", შპს "სი ემ ეი-სი ჯი ემ საქართველო", შპს "ჯორჯიან პეტროლიუმი" და შპს "თეთრი ქალაქი". ამ კომპანიებს ლოჯისტიკის სერვისის, საბაჟო-სატერმინალო მომსახურება, საავიაციო საწვავის მიწოდება და უძრავი ქონების მართვა ევალებოდა. სანდო წყაროს ინფორმაციით, ამ კომპანიებიდან ერთ-ერთის, "ჯორჯიან ტრანს ექსპედიციის" ხელმძღვანელობა პაატა ტრაპაიძეს დაევალა. ტრაპაიძესა და ედუარდ შევარდნაძის მძახალს, გურამ ახვლედიანს მეგობრობა აკავშირებდათ. სანდო წყაროს ცნობით, ახვლედიანმა ტრაპაიძე პრეზიდენტ შევარდნაძეს წარუდგინა და სთხოვა, კომპანია "ჯორჯიან ტრანს ექსპედიციისთვის" ბამბის შემოტანის ექსკლუზიური უფლება მიეცა. ახვლედიანმა ეს უფლება მოიპოვა და შუა აზიიდან ბამბის ექსკლუზიური შემომტანი საქართველოში ტრაპაიძის კომპანია გახდა. ტრაპაიძე-ახვლედიანის ტანდემი მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით მოღვაწეობდა და ბამბის ბიზნესით შემოსულ თანხას ინაწილებდა. თუმცა, 2003 წლიდან, ტრაპაიძემ როგორც კი იგრძნო, რომ შევარდნაძის ხელისუფლებას დიდი დრო არ ეწერა, თადარიგი დაიჭირა - "ახალგაზრდა რეფორმატორებს" შეეკრა და სააკაშვილ-მერაბიშვილთან გააბა ურთიერთობა. შედეგად, ახვლედიანი-ტრაპაიძის ტანდემს ბზარი გაუჩნდა და დაიშალა.

პაატა ტრაპაიძის კომპანია კი კვლავ ეზიდებოდა შუა აზიიდან ბამბას და ახვლედიანის მიერ "გაჩალიჩებულ" ექსკლუზიურ უფლებასაც წარმატებით იყენებდა. 2004 წელს აზერბაიჯანის საბაჟოზე "ჯორჯიან ტრანს ექსპედიციის" ბამბით დატვირთულ 20-ტონიან კონტეინერში რამდენიმე ტონა ნარკოტიკი იპოვეს. აზერბაიჯანის საბაჟოს თანამშრომლებმა და სამართალდამცველებმა ტვირთი სასწრაფოდ ადგილზევე გაანადგურეს. იმხანად აზერბაიჯანულმა და რუსულმა პრესამ ეს თემა აქტიურად გააშუქა, თუმცა გურამ ახვლედიანისა და პაატა ტრაპაიძის სახელები არავის უხსენებია.

ამ ამბიდან ზუსტად ერთ წელიწადში, 2005 წელს, პაატა ტრაპაიძე კომპანია "კავკაზუს როუდ პროექტის" დირექტორად დაინიშნა. საქართველოში ხიდებისა და ავტობანის მშენებლობას ექსკლუზიურად მხოლოდ ეს კომპანია აწარმოებს, ამ კომპანიის აშენებულია პარლამენტის შენობა ქუთაისში, ავტობანი, ანაკლიის ხიდი და ა. შ. უცნაურია, მაგრამ შევარდნაძე-ახვლედიანის ფავორიტი პაატა ტრაპაიძე დღეს ნაციონალური ხელისუფლების ფავორიტიც გახდა.


გვესაუბრება 2000-2004 წლებში "ტრასეკას" სამთავრობათაშორისო კომისიის ყოფილი აღმასრულებელი მდივანი, თურქეთში საქართველოს ყოფილი გენერალური კონსული ზვიად კვაჭანტირაძე.

- ბატონო ზვიად, თქვენ 2000-2004 წლებში ბაქოში ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის საერთაშორისო ორგანიზაცია "ტრასეკას" სამთავრობოთაშორისო კომისიის გენერალური მდივანი იყავით. 2004 წელს აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა დააკავეს კომპანია "ჯორჯიან ტრანს ექსპრესის" ტვირთი, რადგან ერთ-ერთ 20-ტონიან კონტეინერში, ბამბასთან ერთად დიდი ოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩინეს. ტვირთი აზერბაიჯანელმა სამართლდამცავებმა ადგილზე გაანადგურეს, დაწვეს. თუ გსმენიათ ამის შესახებ?
- კი, ეს ამბავი მახსოვს, იმხანად ამის შესახებ გაზეთებშიც კი დაიბეჭდა. მახსოვს ისიც, რომ მალევე მიჩუმათდა ეს ამბავი. თარიღს ვერ ვიხსენებ. უბრალოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ.

- "ტრასეკას" ხელმძღვანელი პირი იყავით, ეს ტვირთი ქართულ კომპანიას გადაჰქონდა და არ დაინტერესდით მომხდარით?
- ხელმძღვანელი პირი კი ვიყავი, მაგრამ კერძო კომპანიის საქმიანობაში ჩარევის უფლება არ გვქონდა. ჩვენ ტვირთების გადაზიდვის მონიტორინგი არ გვევალებოდა, ეს იყო სახელმწიფო სტრუქტურების მოვალეობა. ისე, ყოველთვის იყო ლაპარაკი, რომ ამ სატრანსპორტო დერეფნიდან შემოდიოდა ნარკოტიკული ნივთიერებები და ამას სატრანსპორტო დერეფნის წარმომადგენლები საჯაროდ ამბობდნენ.

- არ გაგჩენიათ სურვილი, შეხვედროდით აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელ პაატა ტრაპაიძეს?
- მე პაატა ტრაპაიძის უფროსი არ ვყოფილვარ და არც ვიყავი ვალდებული, შევხვედროდი, თუმცა ეს რომ მოხდა, რასაკვირველია, არ გამხარებია. იმ ტვირთში, რომელიც ქართულ კომპანიას გადაჰქონდა, დიდძალი ნარკოტიკი იპოვეს. მოხდა ძალიან ცუდი რამ.

- იცნობთ პაატა ტრაპაიძეს?
- დიახ, ვიცნობ. არის ძალიან კომუნიკაბელური, მიზანდასახული, აქტიური და ენაწყლიანი კაცი. მასთან ახლო ურთიერთობა არ მქონია და ვერც მექნებოდა, მაგრამ ვიცი, ვინც არის.

- ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, პაატა ტრაპაიძე შევარდნაძის მძახალ გურამ ახვლედიანის ფავორიტი იყო.
- ცხადია, ტრაპაიძეს პატრონი ჰყავდა და არც არავისთვის იყო საიდუმლო, რომ გადაზიდვის ექსკლუზიური უფლება ამ კომპანიამ გურამ ახვლედიანის წყალობით მოიპოვა.

- რაღაც ალოგიკურია - ადამიანი, რომელიც ედუარდ შევარდნაძესა და გურამ ახვლედიანთან იყო დაახლოებული, უცებ მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის ფავორიტი გახდა.
- ეს არის მეტამორფოზი... პირდაპირ მითხარით, რატომ წამოსწიეთ ეს თემა მაინცდამაინც ახლა - პაატა ტრაპაიძის პიროვნების გასაცნობად?

- პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პარლამენტში სამთავრობო პროექტი წარადგინა და განაცხადა, სახელმწიფო ბიუჯეტი 40 მილიარდს მიაღწევსო. თანაც ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, ეს ისეთი რეალური პროექტია, კითხვაც არავის გასჩენიაო. რეალურია ვანო მერაბიშვილის პროექტი, საიდან შეიძლება მოიტანოს მან ეს კოლოსალური თანხა?
- მე ვერავის ვერაფერს დავაბრალებ, ვერც პაატა ტრაპაიძეს, რომ მას ბაქოში დაკავებულ ტვირთში აღმოჩენილ ნარკოტიკთან რაიმე კავშირი აქვს და ვერც მერაბიშვილს, რომ ბინძური ფულით აპირებს ახალი სამთავრობო პროექტის განხორციელებას, მაგრამ ერთი რამის თქმა დაბეჯითებით შემიძლია: ვანო მერაბიშვილის განცხადება არის წინასაარჩევნო დაპირება და მორიგი ტყუილი. ეს არის აბსურდის თეატრი და არა პრემიერის კომპეტენტური განცხადება. ნაციონალებს იმ პროექტის განხორციელების არც მატერიალური შესაძლებლობა აქვთ და არც ინტელექტუალური. ამ ხელისუფლებას არაფრის მიცემა აღარ შეუძლია ხალხისთვის. ხალხი მათ ტყუილებს არ დაიჯერებს. რაც 8 წლის განმავლობაში ვერ მოახერხეს ნაციონალებმა, ამ სამ დღეში ფულის საბადოს თუ მიაგნეს, გვითხრან. მერაბიშვილის მიერ დასახელებული ციფრების უკან დგას სიცრუე და ორპირობა. მას რეალობასთან კავშირი არა აქვს.

ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც, რაც დაჰპირდა ხალხს, დღემდე ვერაფერი შეუსრულა. ეს ხელისუფლება ნებისმიერ სიბინძურეს იკადრებს, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს.