iPhone-ის ინოვაციური 5 წელი

iPhone-ის ინოვაციური 5 წელი

2007 წლის 29 ივნისის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე კომპანია Apple-ის მაღაზიებთან “ოცნების” შეძენის მსურველების კილომეტრიანი რიგები იდგა. სწორედ მაშინ გამოჩნდა გაყიდვაში პირველი iPhone. ხუთი წლის შემდეგ Apple “ოცნებას” აღარ გვთავაზობს, მაგრამ ინოვეციების ბაზრის ლიდერად კვლავ რჩება.

ამ ხუთი წლის განმავლობაში სენსორიანი ეკრანის მქონე, იოლად ცნობადი ტელეფონები აღიჭურვა ახალი თაობის კავშირით, ხმოვანი ბრძანების სერვისით და ათასგვარი დანამატით, რომლებითაც შეგვიძლია არა მარტო ვიპოვნოთ უმოკლესი მანძილი ერთი პუნქტიდან მეორემდე, არამედ, გავიგოთ, რა არქიტექტურულ და ისტორიულ ძეგლებს გადავეყრებით გზად.

მაგრამ მთავარი ის არის, რომ Apple-ის სმარტფონმა პრინციპულად შეცვალა წარმოდგენა, თუ როგორი უნდა იყოს მობილური ტელეფონი. როგორც ამბობენ, კომპანიამ გვაჩვენა, როგორია მომავალი.

თუმცა დღეს ტექნოლიგიური საოცრების განვითარება ისე სწრაფად აღარ ხდება. სმარტფონების ევოლუცია ადრინდელთან შედარებით გვარიანად დამუხრუჭდა. თანაც, iPhone-ის კონკურენტთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება. მობილური ტელეფონების ტრადიციული მწარმოებლების გარდა სმარტფონების ბაზარზე შეიჭრნენ Google და Microsoft. მომხმარებელს შესანიშნავი არჩევანი აქვს როგორც ფუნქციონალური, ასევე დიზაინერული თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ ბევრი მომხმარებელი iPhone-ს სტანდარტულ სმარტფონად მიიჩნევს “გუგლფონთან”, ან Galaxy Note-სთან შედარებით. ანუ, კონკურენტებს აშკარად არ სძინავთ და ცდილობენ iPhone თანდათანობით შეავიწროვონ. ასეც ხდება, თუ 2007 წელს iPhone ტექნოლოგიური საოცრება იყო, დღეს იგი ერთ-ერთია მრავალ კარგ სმარტფონს შორის და აღმოჩენად აღარ ითვლება.

თვით iPhone 4S-ის ხმოვანი მართვის ტექნოლოგია Siri, რომელიც 2011 წელს წარმოადგინეს როგორც სუპერმიგნება, საბოლოოდ, რევოლუციურ სიახლედ არ ჩაითვალა. კონკურენტებს ხომ მსგავსი და სხვა ძალიან საინტერესო სიახლე ადრე ჰქონდათ წარმოდგენილი.

ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ Apple-ის სმარტფონები მომხმარებელს აღარ აოცებს და მათ სიმპათიას აღარ იმსახურებს. ტექნოლოგიების ექსპერტის ლეო კელიონის თქმით, მობილურ ტექნოლოგიებზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავითვალოსწინოთ, საერთოდ როგორ ვითარდება ინოვაციები. კელიონი აღნიშნავს, რომ ნებისმიერ ტექნოლოგიურ აღმასვლას მოჰყვება ევოლუციის ხანგრძლივი ეტაპი. მაგალითად, თუ მობილურ კავშირზე ვისაუბრებთ, 2G-დან 3G-ზე გადასვლა თანამედროვე სტანდარტებით საკმაოდ ნელი იყო და ამას ხუთი წელი დასჭირდა. ასე რომ, ვერანაირად ვერ იქნება სწრაფი 4G-ზე გადასვლაც. ასე ხდება Apple-ის სმარტფონების ინოვაციების დანერგვის შემთხვევაშიც.

კელიონი თვლის, რომ Apple-ის პოზიციები მობილური სმარტფონების ბაზარზე კვლავინდებურად მყარია. უბრალოდ ბაზარი ძალიან შეიცვალა, თანაც შეიცვალა როგორც სმარტფონები, ასევე მომხმარებელთა მოთხოვნილებები.

საქმე იმაშია, რომ Apple ძირითადად აქცენტს აკეთებს იმ კლიენტებზე, რომლებიც მზად არიან ახალი პროგრამული დამატებების გამო დამატებით თანხა გადაიხადონ. ამ დროს კი Android-ის პლატფორმაზე მომუშავე ტელეფონები გათვლილია იმ მომხმარებელზე, რომელსაც არ სურს პროგრამული უზრუნველყოფის გამო დამატებით თანხა დახარჯოს.

სტივ ჯობსის მიერ დაარსებული კომპანია საკუთარი თავის და ფილოსოფიის ერთგული არ იქნებოდა, ბოლომდე რომ სრულყოფილებისაკენ არ ისწრაფვოდეს. მაგრამ იდეალურობისაკენ ლტოლვაში ზოგჯერ Apple-ს ბაზარზე მიმდინარე მოვლენებზე სწრაფი რეაგირება დააგვიანდა, იდეალურის შექმნას ხომ დრო სჭირდება.

ბევრი ექსპერტი თვლის, რომ დღეს Apple საკუთარ მახეში გაება. როგორც ჩანს, ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად ბაზარზე ეტალონის დაწესება უფრო იოლია, ვიდრე გამუდმებით მის დონეზე ყოფნა.