ხელისუფლება სექტემბრის ბოლოდან ქვეყანაში მასობრივი დასაქმების დაწყებას პროგნოზირებს

ხელისუფლება სექტემბრის ბოლოდან ქვეყანაში მასობრივი დასაქმების დაწყებას პროგნოზირებს

"სახელმწიფო არავის დასაქმებას არ აპირებს"

სექტემბრის ბოლოდან საქართველოში მასობრივი დასაქმება დაიწყება. ამ განცხადებას  commersant.ge–სთან საუბარში ახალი უწყების – დასაქმების სამინისტროს ხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე აკეთებს. მისი თქმით, პირველი, რასაც სამინისტრო გააკეთებს, მონაცემთა სრული ბაზის შექმნა იქნება. 

ტრაპაიძის განცხადებით, სამინისტრო ელექტრონული შრომის ბირჟის შექმნის შემდეგ უმუშევრის სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს და დასაქმების პროგრამა მონაცემთა ბაზის შემქნის შემდეგ, სექტემბრის ბოლოდან ამოქმედდება. ტრაპაიძის განმარტებით, მონაცემთა ბაზა ნაწილობრივ უკვე არსებობს, თუმცა სამინისტრო განსხვავებული ანკეტების გაკეთებას აპირებს.

მისი თქმით, მათ უწყებაში უკვე დასაქმდა 3000 ათასი ადამიანი, რომლებიც ყველა იმ ოჯახში მივლენ, რომელსაც ეს პრობლემა აწუხებს და მათ პირადად  შეისწავლის. ,,როდესაც  ელექტრონული შრომის ბირჟა შეიქმნება და მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს გაივლის, ადამიანს ერთი ღილაკის დაჭერით შეეძლება საჭირო ვაკანსიის პოვნა,“ – აცხადებს ტრაპაიძემ.

მისივე თქმით, ყველა ადამიანს თავისი კოდი ექნება, რომლის საშუალებითაც სათანადო ვაკანსიას მოძებნის. როგორც დასაქმების მინისტრი ჩვენთან საუბარში აცხადებს, სახელმწიფო არავის დასაქმებას არ აპირებს და ხელისუფლების მოვალეობაა ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ბიზნესს ადამიანების დასაქმების საშუალებას მისცემს.

მინისტრის განმარტებით, მონაცემთა ერთიანი ბაზის მეშვეობით  რეგიონების მიხედვით უმუშევრობის დონე განისაზღვრება და ძალისხმევა იმ რეგიონისკენ იქნება მიმართული, სადაც ყველაზე მეტი უმუშევარი აღმოჩნდება. ,,ჩვენი სამინისტრო ერთგვარი ხიდი იქნება დამსაქმებელსა და სამუშაო მაძიებელს შორის” – აცხადებს ტრაპაიძე.

მისი თქმით, ყველა ის ექსპერტი, რომელიც სკეპტიკურადაა განწყობილი ამ სამინისტროს მიმართ, ცდება, ვინაიდან მათ დიდ ნაწილს არც 2003 წელს ეგონა, რომ ქვეყანაში კორუფცია აღმოიფხვრებოდა. 

ოფიციალური ინფორმაციით, სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა დღეიდან იწყება. პროგრამის ფარგლებში, სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის კითხვარების ფორმები დაიბეჭდება, რომლებსაც მოქალაქეებს ადგილზე შეავსებინებენ. მოქალაქეებთან ვიზიტი კი ელექტროენერგიის სააბონენტო ნომრის მისამართების მიხედვით მოხდება. ამის შემდეგ უკვე სამუშაოს მაძიებელთა ერთიან მონაცემთა ბაზა შეიქმნება და მასში არსებული მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული სამინისტროებისა თუ უწყებებისთვის.

სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამას სოციალური მომსახურების სააგენტო განახორციელებს. სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა სამინისტროებმა, სახელმწიფო მინისტრების აპარატებმა და გუბერნატორებმა უნდა უზრუნველყონ. ასევე, პროგრამისთვის ხელშეწყობას სთხოვენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსაც. დასაქმების მსურველთა ბაზა საბოლოოდ დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატს გადაეცემა.