ფინანსური კატასტროფა კვიპროსსაც დაემუქრა

ფინანსური კატასტროფა კვიპროსსაც დაემუქრა

უკვე მეხუთე ქვეყანამ ევროკავშირს დახმარების თხოვნით მიმართა, რომ ამგვარად ფინანსური კატასტროფისაგან თავი გადაირჩინოს. მოგეხსენებათ, აქამდე ბრიუსელმა სახსრები გამოუყო საბერძნეთს, ირლანდიას, პორტუგალიას და ესპანეთს, რომლებმაც ღია ბაზარზე მოღვაწეობის საშუალება დაკარგეს. ახლა მათ შეუერთდა კვიპროსი, მაგრამ იგი დახმარების მიღებასთან ერთად ბევრად რბილ პირობას ითხოვს, რომ თავისი ფისკალური დამოუკიდებლობა ეჭვს ქვეშ არ დადგეს.

პატარა კუნძულოვანი სახელმწიფო ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნიდან ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად იქცა. ამას ხელი შეუწყო ორმა ფაქტორმა: ოფშორულმა სტატუსმა, რომელმაც გადასახადების შემცირების და თავისი მასშტაბებისათვის ძლიერი ფინანსური სისტემის აშენების საშუალება მისცა და ტურიზმის განვითარებამ. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობისათვის ვარგისი მიწები და ბევრი ტურისტული ფასეულობა თურქეთთან 1974 წლის კონფლიქტისას დაკარგა, კიპროსმა კეთილდღეობას მალე მიაღწია.

თუმცა, კიპროსის განვითარებას საკმაოდ სუსტი მხარეც ახლდა. ჯერ ერთი, ადგილობრივ ბანკებს სახსრების მოძიება გამუდმებით უცხოეთში უწევდათ. ამასთან, ქვეყნის უახლოესი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორი საბერძნეთია, რადგან კუნძულის მოსახლეობის უმრავლესობას სწორედ ბერძნები შეადგენენ.

ასე რომ, საბერძნეთის კრიზისს არ შეიძლებოდა გავლენა კიპროსზე არ მოეხდინა. არა მარტო ფინანსურმა ორგანიზაციებმა, არამედ უბრალო ადამიანებმა საბერძნეთის ეკონომიკაში გვარიანი ინვესტიციები განახორციელეს, რაც, ცხადია, ბერძნულ კრიზისს შეეწირა. თუმცა, ეს ფაქტები სააშკარაოზე ახლახან გამოვიდა.

კვიპროსელებმა სიტუაციის გამოსწორება ჯერ კიდევ შარშან სცადეს. ნიქოზიამ დახმარება მოსკოვს სთხოვა, რომელმაც უარი არ უთხრა და 2,5 მილიარდი ევროს ოდენობის შეღავათიანი კრედიტი გამოუყო. მოსკოვის ხელგაშლილობა გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, როგორი წარმატებით სარგებლობენ რუსი ბიზნესმენები კიპროსული ოფშორის შეღავათებით.

მაგრამ ამ კრედიტმა პრობლემა არ გადაჭრა. კვიპროსს, რომლის ეკონომიკის მოცულობა 17,2 მილიარდ ევროდ არის შეფასებული, მდგომარეობის გამოსასწორებლად 12 მილიარდამდე მაინც სჭირდება. თანაც, ეს იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია არ გაუარესდება. ქვეყნის საგარეო ვალი კი მალე შიდა პროდუქტის მოცულობის 100 პროცენტს მიაღწევს. ამგვარად, კვიპროსი ვალის სიდიდის მიხედვით ევროპაში მეორეა საბერძნეთის შემდეგ. ამჟამად ყურადღების ცენტრში მოქცეულია სიდიდით ქვეყნის მეორე ბანკი Cyprus Popular Bank რომელიც, თუ მალე 1,8 მილიარდ ევროიან რეკაპიტალიზაციას არ განახორციელებს, გაბანკროტდება, რაც ქვეყნის ეკონომიკას შავ დღეში ჩააგდებს.

ამჯერად კვიპროსის მთავრობამ დახმარებისათვის ევროკავშირს მიმართა. მაგრამ ამასთან, კუნძულოვან სახელმწიფოს შეზღუდვების დაწესება არ აწყობს, რადგან მისი ეკონომიკური პოლიტიკა სოციალურად გაცილებით მეტადაა ორიენტირებული, ვიდრე საბერძნეთის. კვიპროსელები შეეჩვივნენ მაღალ ხელფასებს, პენსიებს და სიტუაციის უარესობისაკენ შეცვლა მთავრობას თვითმკვლელობად დაუჯდება. საინტერესოა, რომ გაისად კვიპროსი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და მისი ევროპული დახმარების გარეშე განწირვა და რუსეთის იმედად დატოვება უბრალოდ წარმოუდგენელია.

სხვა საქმეა, თუ ნიქოზია მოახერხებს ევროპა დაარწმუნოს, რომ ქვეყანას დახმარების სანაცვლოდ მკაცრი პირობები არ წაუყენოს. კაცმა არ იცის, როგორ მოახერხებს ამას კვიპროსის კომუნისტი პრეზიდენტი დემეტრიოს ხრისტოფიასი, რომელიც ბრიუსელს გამუდმებით აკრიტიკებს “ნეოკოლონიალური ფინანსური პოლიტიკისათვის”. შესაძლოა, კვიპროსმა დახმარებისათვის ორივე მხარეს, ევროკავშირს და რუსეთს ერთდროულად მიმართოს.

როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს მომავალში გამოჩნდება. ანალიტიკოსები კი უკვე იმაზე კამათობენ, ვინ იქნება მეექვსე, რომელიც ევროკავშირს დახმარებისათვის მიმართავს. მათი უმრავლესობის აზრით ამის პერსპექტივა ყველაზე მეტად იტალიას აქვს.