რატომ ვერ გაამართლა ვაგზალი-აეროპორტის რკინიგზის პროექტმა

რატომ ვერ გაამართლა ვაგზალი-აეროპორტის რკინიგზის პროექტმა

თბილისის ვაგზლიდან აეროპორტის მიმართულებით რკინიგზის მშენებლობა პრეზიდენტის უშუალო დავალებით 2006 წელს დაიწყო. აეროპორტში აგებული სადგურის შენობის პროექტი კომპანია "დელტაპროექტ 2000"-ს ეკუთვნის, სამშენებლო სამუშაოები კი შპს "ტრანსმშენმა" განახორციელა, რაც 13 მილიონ ლარამდე დაჯდა.

2007 წელს სადგურის შენობის პრეზენტაციაზე მიხეილ სააკაშვილმა ახალი "შედევრით" თავი მოიწონა, აღნიშნულ პროექტს სენსაცია უწოდა და ჟენევის აეროპორტთან მდებარე რკინიგზის სადგურსაც შეადარა. თუმცა, ამ 13-მილიონიანმა "სენსაციამ" არ გაამართლა. ვაგზლის მოედნიდან აეროპორტის მიმართულებით მატარებელი დილის 07:50 საათზე გადის, დღეში 4 რეისს ასრულებს და ბოლო რეისი 7 საათზე სრულდება. მატარებელში მგზავრებს კანტიკუნტად თუ შეხვდებით, ისინიც, ძირითადად, აეროპორტის თანამშრომლები არიან. მგზავრობის საფასური კი 2 ლარია.

მოგეხსენებათ, აეროპორტში ამა თუ იმ ქვეყნის მიმართულებით ფრენა გვიან ღამიდან დილის 5 საათამდე სრულდება. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის ცენტრალური ვაგზალი თბილისის ზღვაზე გადადის, ხოლო აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზა უქმდება. ამის გასარკვევად შპს "საქართველოს რკინიგზაში" დავრეკეთ.
საინფორმაციო ბიუროს თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია მოგვეძიებინა "საქართველოს რკინიგზის" ვებგვერდზე, სადაც მსგავსი ვერაფერი ვიპოვეთ. ამაო მცდელობის შემდეგ კვლავ საინფორმაციო სამსახურში დავრეკეთ, თუმცა, როგორც შევატყვეთ, არც თვითონ აქვთ პასუხი ამ საკითხზე, ან პასუხის გაცემისაგან თავი იკავებენ. ისე კი, მატარებელი, რომელიც დღის საათებში მოძრაობს, გინდ ყოფილა და გინდ - არა. საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველებს გვიან ღამით მაინც ტაქსებით უწევთ სარგებლობა...