ზურაბ ზვიადაური:

ზურაბ ზვიადაური: "ჯარჯი ზვიადაური ჩემთვის მკვდარია”

ახმეტაში ზურაბ ზვიადაურის სახელობის დარბაზს სახელი შეუცვალეს - "ქართული ოცნების" წევრი ყოფილი ძიუდოისტი ამას თავის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. ოლიმპიურ ჩემპიონზე სხვადასხვა სახის ზეწოლა პოლიტიკაში წასვლის პირველივე დღიდან ხორციელდება.

როგორც "რეზონანსს" ზვიადაურმა უთხრა, ურეკავდნენ სპორტის სამინისტროდან, ოლიმპიური კომიტეტიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვდნენ. ამ ნაბიჯს მისი მეგობრების სამსახურიდან გათავისუფლებაც მოჰყვა.

- ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ახმეტაში შენი სახელობის დარბაზი გააუქმეს. თუ გაქვს ინფორმაცია, რა მიზეზით მოხდა ეს?
- ზურაბ ზვიადაურის სახელი ერქვა და ფარნაოზ ჩიკვილაძის სახელობის დარბაზად გადააკეთეს. კედლებზე ჩემი სურათები იყო, რომელიც ჩამოხსნეს და ამის მიზეზად რემონტი დაასახელეს.

თუმცა შემდეგ ნამუსმა შეაწუხა - სპორტსკოლის დირექტორმა ადგილობრივ ხელისუფლებას უთხრა, რომ სურათები არ ჩამოეხსნათ, რადგან სირცხვილი იყო. იქ გავიზარდე და ჩემი სახელობის დარბაზი თუ არა, სურათები მაინც ხომ უნდა ყოფილიყო.

- "ოლიმპიურ ვარსკვლავში" წილი რატომ დატოვე?
- როდესაც "ქართულ ოცნებაში" წავედი, "ოლიმპიური ვარსკვლავის" ჩემი აქციები პრეზიდენტ ზაზა რაზიკაშვილს გადავეცი, რათა კომპანიას რამე პრობლემები არ შექმნოდა. სამწუხაროდ, მოხდა ასე, რომ შემოსავლების სამსახური შემოვიდა და ააბუნტეს რამდენიმე ადამიანი, ვითომ ფულები შევჭამეთ.

სინამდვილეში კი ასე იყო - ჩვენ "საქართველოს ბანკი" გვატყუებდა: წლების მანძილზე ვთხოვდით კრედიტს, ბოლოს 5 მლნ დოლარი დაგვიმტკიცეს, მაგრამ ამ ფულიდან მხოლოდ დაახლოებით 20-22 ათასი ავიღეთ.

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ამ 5 მილიონს ემატებოდა პროცენტები და ჯარიმა 8 მილიონამდე ავიდა. ბევრს უჩნდება კითხვა - ასე როგორ მოხდაო? მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

- ოზურგეთის აქციის დროს გზაში, გორში ინციდენტი შეგემთხვა, როდესაც მოპირდაპირე მხრიდან მომავალი სატვირთო ავტომობილიდან შენს მანქანას მორი დაეცა და დააზიანა. როგორ ფიქრობ, ეს შემთხვევითობა იყო?
- შემთხვევითობა იყო, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს განზრახაც გააკეთეს.

- სხვა სახის ზეწოლა თუ ხორციელდება?
- ზარები იყო, რომლებიც ასეთი შინაარსის გახლდათ - არ გადამედგა ეს ნაბიჯი, არ წავსულიყავი "ქართულ ოცნებაში", რადგან უკან მოსასვლელი გზა მომეჭრებოდა. თუმცა როდის არ მქონდა მოჭრილი?
ზარები იყო სპორტის სამინისტროდან, ოლიმპიური კომიტეტიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, თუ რამე სტრუქტურა არსებობს, ყველამ დამირეკა. რა თქმა უნდა, ეს "ზემოდან" იყო დავალებული.

დღეს ყველას უსმენენ და როცა ტელეფონით იმ ადამიანებთან შეხვედრა დავგეგმე, ვინც უკვე "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანებულნი იყვნენ, ამის შემდეგ დაიწყო ჩემთან რეკვა.

ამას მოჰყვა ჩემს მეგობრებზე ზეწოლა - ერთი ძიუდოს ფედერაციიდან დაითხოვეს, მეორე კი პოლიციიდან. უკვე ვიცინი, თუ ჩემი ზარების გამო ხალხს ათავისუფლებენ - იქნებ სააკაშვილს დავურეკო და ისიც გაათავისუფლონ-მეთქი.

- არსებობს ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ახმეტაში იბრძოლებ...
- ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. სანამ ოფიციალურად არ გამოცხადდება, წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვი. თუ დასახელდა ჩემი კანდიდატურა, იმ დღიდანვე საქმეს შევუდგები.

- "ნაციონალური მოძრაობიდან" ახმეტაში კენჭს პეტრე ცისკარიშვილი იყრის - ის წლების განმავლობაში ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატია. როგორ ფიქრობ, გაუწევ მას კონკურენციას?
- ცისკარიშვილი ხალხს ყელში ამოუვიდა. მისი მაჟორიტარობის პერიოდში არაფერი არ კეთდება. მარტო ის არ არის, როდესაც არჩევნებია, ამ დროს ჩადიხარ ახმეტაში და წინასაარჩევნოდ აკეთებ რაღაცას და შემდეგ 4 წელი იკარგები, სანამ მომდევნო არჩევნები არ იქნება.

ამ ყველაფრით ხალხი დაიღალა და "ქართული ოცნების" მხრიდან ვინც მოვა, ათჯერ და ასჯერ მეტად იქნება სამუშაოზე ორიენტირებული.

- როდის გადაინაცვლებთ აღმოსავლეთ საქართველოში?
- გორის აქციის შემდეგ იქნება კახეთი, სადაც სააკაშვილს მხარდამჭერები აღარ ჰყავს. კიდევ ვიმეორებ, რომ ყველამ კარგად იცის, ვინაა სააკაშვილი. ხალხს თვალებში ნაცარი არ აქვს შეყრილი.

კახელები სხვანაირი ხალხია, გამორჩეულები არიან და ვფიქრობ, რომ კახეთში უფრო მრავალრიცხოვანი აქცია იქნება. კახელებზე ამბობენ, რომ ჩუმად არიან, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ რეგიონს არ სძინავს და ამას დავინახავთ, როდესაც შეხვედრა დაინიშნება.

- დიდი ხანი არაა, რაც აქტიურ სპორტს თავი დაანებე. ძიუდო რამდენად პოლიტიზებულია?
- ყველამ კარგად იცის, რომ ძიუდო მთლიანად პოლიტიზებულია. თუმცა მარტო ძიუდო არა, სპორტის სხვა სახეობებიც. სამწუხაროდ, ასე არ უნდა იყოს - სპორტი სპორტია და ამას თავისი დანიშნულება აქვს. პოლიტიკოსს შეუძლია, სპორტსმენს ტაში დაუკრას, მიესალმოს, ხოლო სპორტსმენს თავისი საქმე აქვს და ის საქართველოს წარადგენს სხვადასხვა ტურნირებზე.

- შენი პოლიტიკაში წასვლა ამანაც ხომ არ განაპირობა?
- რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. თუმცა რთული არ აღმოჩნდა ამ გადაწყვეტილების მიღება, პირიქით, ძალიან იოლი იყო. ფედერაციაში საშინელი მდგომარეობაა და ამიტომ წამოვედი.
გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებდი, აბსოლიტურად ყველა ერევა შენს ფუნქციებში. ძალიან ცუდია, რომ ვიღაცა "მოთრეული" მიგითითებს, თუ რა უნდა გააკეთო და ვარძელაშვილი რომ გასწავლის, როგორ იჭიდაო, სწორედ იქ დამთავრდა ყველაფერი.

- ეს ყველაფერი რამდენად აისახება ლონდონის ოლიმპიადაზე?
- დღესდღეობით საქართველოს ძიუდოს ნაკრებს ხელმძღვანელობს უცხოელი (პიტერ ზაიზენბახერი), რომელიც არის ძალიან კარგი, მებრძოლი ადამიანი და გუნდი ხელში ჰყავს დაჭერილი. თუმცა ამ პოლიტიკური სიტუაციის გამო მას ძალიან დიდი ბრძოლის გადახდა მოუწია.

- შენი ბიძაშვილი ჯარჯი ზვიადაური კვლავ აქტიურ სპორტშია. მასზეც ხომ არაა ზეწოლა?
- ჩემს ბიძაშვილზე ნურაფერს შემეკითხებით. თქვენი გაზეთის მეშვეობით ვამბობ, რომ ის ჩემი ბიძაშვილი აღარაა და ჯარჯი ზვიადაურზე აღარავინ აღარაფერი აღარ მკითხოს. ის ჩემთვის მკვდარია.