პარლამენტი სახელად „ვანო“

პარლამენტი სახელად „ვანო“

ვანო მერაბიშვილს უფლება-მოსილებებს უზრდიან. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, რომელიც პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა, ამიერიდან მთავრობის კანცელარიას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. ამასთან დაკავშირებით ცვლილებები „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის. ამასთანავე, კანონპროექტის თანახმად, მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესი ნაცვლად კანონისა, მთავრობის რეგლამენტით განისაზღვრება.

ამ საკანონმდებლო ცვლილებით ასევე იმ უფლებამოსილებათა სახეები დადგინდა, რომელთა დელეგირების უფლებით გადაცემის უფლებამოსილებაც პრემიერ-მინისტრს ეძლევა. ამდენად, საზოგადოების ნაწილში გაჩნდა განცდა, რომ ვანო მერაბიშვილის ჩამოპრემიერმინისტრება შეიძლება სულაც არ იყოს ჩამოქვეითება და მას უფრო მეტი უფლება-მოსილებებიც მიენიჭოს, ვიდრე აქამდე ჰქონდა. თავად ის ნორმა, რომლითაც მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესი ნაცვლად კანონისა, მთავრობის რეგლამენტით განისაზღვრება, აჩენს ეჭვებს, რომ ხელისუფლებას ზაფხულის პერიოდში რაღაც ისეთი გადაწყვეტილებების მიღება აქვს დაგეგმილი, რაც არ უნდა გახდეს საზოგადოების მსჯელობის და განხილვის საგანი და საჭიროა მიაჩუმათონ. მოგეხსენებათ, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც საზოგადოების პროტესტს იწვევს, სააკაშვილის გუნდი ძირითადად აგვისტოში ღებულობს ხოლმე, ანუ ისეთ დროს, როდესაც თბილისი პრაქტიკულად დაცლილია და საზოგადოების აქტივობა ნაკლებია. ამის ნათელი მაგალითი იყო ცნობილი საკონსტიტუციო ცვლილებები.

საზოგადოების მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ მერაბიშვილს როგორც არ უნდა გაუზარდონ უფლებები, ეს ბევრს არაფერს შეცვლის, რადგან პრემიერ-მინისტრის უფლება-მოსილებები რეალურად 2013 წლიდან იზრდება და ეს მხოლოდ რაღაც ზედაპირული ცვლილებებია.

პოლიტიკური ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ეს კი არის სერიოზული ცვლილება და პრემიერ-მინისტრის მეტ დამოუკიდებლობას აძლევს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება ვერ აუნაზღაურებს მერაბიშვილს იმას, რაც წაართვეს. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ეს ნორმა ხელისუფლებამ იმისთვის მიიღო, რომ რაღაც საეჭვო გადაწყვეტილებების გახმაურებას მოერიდოს.

„წინასაარჩევნო პერიოდში ბევრი რამ იქნება ისეთი, რისი გახმაურებაც ხელისუფლების ინტერესებში არ შედის, მაგრამ მე მგონი კანონი ამ შემთხვევაში დიდად არ შეცვლიდა გახმაურების ხარისხს“, - აღნიშნავს ექსპერტი.

სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებით ხელისუფლება ცდილობს სიტუაცია გაიმარტივოს. კერძოდ, როდესაც რაიმე ნორმა კანონით რეგულირდება, ეს კანონი პარლამენტმა უნდა განიხილოს, ამას უნდა მოჰყვეს დებატები, საზოგადოების მხრიდან გამოხმაურება, კანონპროექტის მედიაში გაშუქება და ა.შ. დღეს ინცირებული კანონპროექტით კი ხელისუფლება ამ ყველაფერს თავს არიდებს და რაიმე საკითხის თავისი ინტერესების სასარგებლოდ გადაწყვეტა რომ მოუნდება, ამას შიდა ბრძანებით გააკეთებს.

„ჩემი აზრით, ეს არის მათი საქმიანობის გამარტივების და ოპერატიულობისთვის გაკეთებული. კანონის მიღებას პარლამენტის მიერ დამტკიცება სჭირდება, პარლამენტი კი ეხლა შვებულებაში გადის, შესაბამისად, იმისათვის, რომ მერაბიშვილმა სიტუაცია დაილაგოს ისე, როგორც მას და მის პოლიტიკურ ინტერესებს სჭირდება, სასწრაფოდ ცვლიან ამ რეგულირების არეალს და მას ფაქტობრივად აძლევენ უფლებას ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომლებიც კანონით უნდა რეგულირდებოდეს. მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ეს არის ძალაუფლების უზურპაცია“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი for.ge-სთან საუბარში.

მისი თქმით, მერაბიშვილისთვის შიდა რეგულეციის უფლების მინიჭებით, პრაქტიკულად პარლამენტის უფლებებს აძლევენ.

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე ამ საკანონმდებლო ცვლილებაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს, რადგან პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებები მხოლოდ 2013 წლიდან ამოქმედდება.

„კონსტიტუციაში ცვლილებები 2013 წლიდან შედის ძალაში და ამით პრემერ-მინისტრს მართლაც რეალურად ეზრდება უფლება-მოსილებები. ახლა რამდენადაც ამ ინფორმაციას გავეცანი, უბრალოდ რაღაც ტექნიკური ხასიათის შესწორებები შედის დებულებაში მთავრობის შესახებ. მთავარი ეს არ არის, მთავარია მიდგომა, ანუ ეს ფუნქციები რისთვის ჭირდება მერაბიშვილს და რა არის ამაში ჩადებული. ამას კი მალე დავინახავთ, მაგრამ მათი პროგრამა, რომლითაც ისინი დღეს გამოდიან, არის ხალხის მოტყუება და კიდევ ერთხელ თვალებში ნაცრის შეყრა. ხალხი ამას ძალიან კარგად ხედავს და ამიტომ მერაბიშვილს უფლება-მოსილებები გაეზრდება, თუ შეეკვეცება, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ამ ხელისუფლების მიმართ ხალხის განწყობა, რომელიც მკვეთრად უარყოფითია“, - ამბობს ზურაბ აბაშიძე.

იურისტი ეკა ბესელია ამ ფაქტს უფრო ზოგად ფორმატში აფასებს. მისი თქმით, მერაბიშვილის პერმიერ-მინისტრად გადაყვანას თან ახლავს გარკვეული რყევები შინაგან საქმეთა სამინისტროში.

„საზოგადოებაში არის მოსაზრება (რომელიც საკმაოდ საფუძვლიანია), რომ მერაბიშვილის პრემიერად გადაყვანა არ არის დაწინაურება და ეს არის იმის მიხედვით განლაგება, კრიტიკულ სიტუაციაში სააკაშვილი ვის უფრო მეტად ენდობა და რეალურად ვის აძლიერებს. დღეს პოლიციური ბერკეტების ახალაიასთვის გადაცემა სწორედ იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილმა მის სასარგებლოდ გადადგა ნაბიჯი იმისთვის, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებში მას გაცილებით მეტი გარანტიები ჰქონდეს“, - ამბობს ეკა ბესელია.

იგი ფიქრობს, რომ პრემიერისთვის უფლება-მოსილების გაზრდა უფრო ფორმალური ხასიათის არის, რეალურად და შინაარსობრივად კი არაფერი შეიცვლება, რადგან სააკაშვილი ქვეყანას მართავს არა ინსტიტუტებით, არამედ იმის მიხედვით, თუ რა სჭირდება მას კონკრეტულ სიტუაციაში. აქედან გამომდინარე, ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ სააკაშვილს თავისი პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად რაც დასჭირდება, პოლიტიკურ ინსტრუმენტებს ამის მიხედვით გამოიყენებს მიუხედავად იმისა, რა წერია კანონში.

„ამ ხელისუფლების პირობებში არანაირი მნიშვნელობა აქვს, რომელ უწყებას რა ჩაეწერება, რადგან ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ასეთი ფორმულირებები, ასეთი საკანომდებლო ბაზა არ მუშაობს, მას პატივს არ სცემენ და ხელისუფლების უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გადაწყვეტილებების მიღება პირადი პოლიტიკური სურვილებით ხდება“, - ამბობს ბესელია.