„ბაიდენის პოლიტიკამ ლონდონში გადმოინაცვლა - მათი მიზანია, ხელისუფლება გატყდეს და დაიწყოს სისტემური ჩამოშლა“

„ბაიდენის პოლიტიკამ ლონდონში გადმოინაცვლა - მათი მიზანია, ხელისუფლება გატყდეს და დაიწყოს სისტემური ჩამოშლა“

 ბოლო რამდენიმე კვირაა, დიდი ბრიტანეთიდან, საქართველოს მიმართულებით მკაფიო გზავნილები მოდის. ლონდონის ინიციატივები, რომლებიც უშუალოდ მმართველი პარტიის „ქართული ოცნება“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება, სულ უფრო მწვავდება და როგორც მმართველ გუნდში მიიჩნევენ, შანატჟის სახეს ატარებს.

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში, დევიდ მაკლერმა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების წინადადება წამოაყენა, რომელსაც, როგორც თავად ამბობს,  სულ უფრო მეტი მხარდამჭერი ემატება. ამასთანავეე, გაიმართა ონლაინ-შეხვედრა, სადაც საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს. ბრიტანეთის მიერ ორგანიზებულ ამ შეხვედრაში ევროკავშირის, საფრანგეთისა და ჰელსინკის კომისიის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ბრიტანეთის შესაძლო სანქციებზე საპასუხოდ, „ქართული ოცნება“ თავისი დამფუძნებლის დაცვას ცდილობს. მმართველი გუნდის წევრები ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ქონება ოფშორებში გადამალული არ აქვს და არც სანქციები აშინებს.      

„ქართული ოცნების“ წევრი, არჩილ გორდულაძე დიდ ბრიტანეთს, ფაქტობრივად, შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს. მისი თქმით, სანქციებსა და მათ შედეგებს ივანიშვილისთვის „არავითარი მნიშვნელობა“ არ აქვს:

„ერთი რამ ვერ გაიგეს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებისთვის და განსაკუთრებით, ჩვენი გუნდის დამფუძნებლისთვის, ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის, საერთოდ, სიტყვა „სანქციებსა“ და მის შედეგებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ასე რომ, კარგად დაიმახსოვრონ ადამიანებმა, რომ მუქარასა და შანტაჟს არავითარი აზრი არ აქვს და უკვე სასაცილოც კი აღარ არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებისთვის. ერთი რამ შემიძლია, თავისუფლად გითხრათ, რომ დამალული ქონება ბატონ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს, უბრალოდ, სად ფლობს და რა კომპანიებს ფლობს, ეს ჩემთვის უცნობია“, - ამბობს ის.

„ოცნების“ კიდევ ერთი წევრი, ლევან მაჭავარიანი კი ამტკიცებს, რომ თუ დიდი ბრიტანეთი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, ამით მხოლოდ საკუთარ იმიჯს დააზიანებს:

„ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშანი არ არსებობს, მას ყველაფერი გამჭვირვალედ აქვს. ახლა, რომელ ქვეყანაში, რა ქონებას ფლობს და რომელ ანგარიშზე, რა თანხა უდევს, ეს არავის საქმე არ არის. ეს არის მხოლოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქმე! კონკრეტულად ბრიტანეთის მხრიდან, ჩვენ მუდმივად გვესმის შანტაჟი ამ სანქციებთან დაკავშირებით და ა.შ. რა ვიცი, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა როდესაც უსაფუძვლო შანტაჟსა და სანქციებზეა საუბარი, ვისი მხრიდანაც მოდის, კონკრეტული ქვეყანა იქნება, თუ კონკრეტული ევრობიუროკრატი, ეს თავისივე იმიჯს აზიანებს“, - ამბობს მმართველი გუნდის წევრი.

ამ ფონზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ, რომელიც პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, ვიზიტით ბრიტანეთში იმყოფება, განაცხადა, რომ ბრიტანეთის საგარეო მინისტრი, დევიდ ლემი ზედმიწევნით სწავლობს ივანიშვილის „კორუფციულ სქემებს“.

მისი თქმით, მათ შორის არსებობს აქტიური კონტაქტი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, სადაც ოფშორულ კომპანიებში, დიდი რაოდენობის აქტივებს მალავს პირადად ივანიშვილი ისევე, როგორც მასთან დაახლოებული პირები.

„განვიხილეთ ფინანსური სანქციების დაწესების აუცილებლობა ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე იმისთვის, რომ ქვეყანა დავუბრუნოთ დემოკრატიული განვითარების გზას“, - განაცხადა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. 

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი for.ge-სთან, დიდ ბრიტანეთში გაკეთებულ ბოლო განცხადებებს აფასებს. მისი თქმით, ის დროშა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, ულტრალიბერალებს „გააგდებინა“, ახლა უკვე ევროპამ, განსაკუთრებით კი, დიდმა ბრიტანეთმა „აიტაცა“.

„ფაქტია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკამ საქართველოს წინააღმდეგ, ლონდონში გადმოინაცვლა. ეს მოსალოდნელიც იყო და ისინი იმ ხაზს მიჰყვებიან, რასაც ბაიდენი და ულტრალიბერალური ძალები, ახლა უკვე, ევროპაში ახორციელებენ. დიდი ბრიტანეთიდან მომდინარე კრიტიკა და მუქარა სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელებაა. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ოპოზიციონერი ლიდერები, განსაკუთრებით, რადიკალური ფრთა - „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები - ლონდონში ცდილობენ ახალი ლობისტები მოძებნონ. ამის პარალელურად, ლონდონშივე ხდება ახალი ფინანსური ნაკადების მოძიება და დაფინანსების მიღება. ის თანხები, რასაც ჩვენი რადიკალები აშშ-დან იღებდნენ, შემცირდა ან შეწყდა, ამიტომ ქვეყანაში რევოლუციის მოსაწყობად, მათი ახალი „დედაქალაქი“ ლონდონი გახდა“, - ამბობს ანალიტიკოსი.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილზე აქცენტირებას, საყვარელიძის თქმით, ეს გათვლილია ხელისუფლების შიგნით დაპირისპირების გამოწვევაზე. ასევე იმაზე, რომ ივანიშვილი გატყდეს და დათმობებზე წავიდეს.

„ზეწოლა გრძელდება და ახალი ტალღა მიიღო. ამიტომაც ახალი სახით წამოვა ეს ზეწოლა. როგორც ჩანს, ივანიშვილისა და „ოცნების“ სიმტკიცე აღიზიანებთ, ამიტომ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებაზე ფიქრობენ. ოპოზიციაც ამ მიზნით არის იქ ჩასული. ეს ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ ივანიშვილი და ხელისუფლება გატყდეს, დაიწყოს ხელისუფლების სისტემური ჩამოშლა, თუმცა ეს არ მომხდარა ამ ხნის განმავლობაში. როგორც ჩანს, გათვლა იმაზეცაა, რომ ეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის იქნება და ახალი საპარლამენტო არჩევნებიც ჩაანიშნინონ. არ არის გამორიცხული, შემოდგომისთვის აქციებისა და რევოლუციური რყევების მომზადების წინა პერიოდიც იყოს“, - განმარტავს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის მიზანი ერთია - საქართველოს ხელისუფლებამ არ აწარმოოს სახელმწიფოებრივი პოლიტიკა. „ოცნება“ დაემორჩილოს მათ სურვილებს, შეწყვიტოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და დასავლეთის მარიონეტული ხელისუფლება იყოს.

„თუ „ოცნება“ ამ ყველაფერს დათანხმდება, რა თქმა უნდა, ავტომატურად დალაგდება ურთიერთობები დასავლეთთან და ევროპასთან. როგორც კი ხელისუფლება მათი კარნახით გაატარებს პოლიტიკას, მაშინვე შეჩერდება ეს რიტორიკა და შანტაჟი. ეს არის პირდაპირი ზეწოლა ხელისუფლების შეცვლისთვის, აქ დასამალი არაფერია. მათ მიაჩნიათ, რომ ივანიშვილი ის საყრდენია, რომელზე ზეწოლითაც ხელისუფლება უნდა ჩამოიშალოს. ამიტომაც ეს ზეწოლა გრძელდება“, - დასძენს საყვარელიძე.