უკვე 225 დღეზე მეტია გრძელდება ოპოზიციის "უწყვეტი პროტესტი". პროტესტის გულშემატკივრები ამ დღეებს დიდი რუდუნებით და ხაზგასმით ითვლიან, რადგან ჰგონიათ, რომ ამით ანტისახელისუფლებო მოძრაობის საყოველთაოობას და მასშტაბურობას უსვამენ ხაზს. სინამდვილეში ამის ხაზგასმა მხოლოდ იმაზე მინიშნებაა, რომ საპროტესტო მოძრაობა ერთ ადგილას „ბუქსაობს“, ვერ ვითარდება და ამ „პროტესტის უწყვეტობის“ ყოველი ახალი დღე სწორედ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში ხელისუფლების გამარჯვების ობიექტურობას და მართლზომიერებას ადასტურებს, - ამის შესახებ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, რომ არა უცხოეთიდან მიღებული ძალიან მძლავრი მრავალმხრივი მხარდაჭერა, "უწყვეტი პროტესტის“ აქტივისტებიც არ იარსებებდნენ, მაგრამ რადგან პროტესტის „უწყვეტობას“ ოპოზიციონერები და მათი პატრონები მაგიურ მნიშვნელობას ანიჭებენ, ამიტომაც ინარჩუნებენ „კარტინკას“, სინამდვილეში კი, კაკაბაძის თქმით, ისინი მხოლოდ საკუთარი პროტესტის უპერსპექტივობას უსვამენ ხაზს.
"რას გვიჩვენებს "მარადიულობაში" გადასული „უწყვეტი პროტესტი“ უკვე 225 დღეზე მეტია გრძელდება ოპოზიციის "უწყვეტი პროტესტი". პროტესტის გულშემატკივრები ამ დღეებს დიდი რუდუნებით და ხაზგასმით ითვლიან, რადგან ჰგონიათ, რომ ამით ანტისახელისუფლებო მოძრაობის საყოველთაოობას და მასშტაბურობას უსვამენ ხაზს.
სინამდვილეში ამის ხაზგასმა მხოლოდ იმაზე მინიშნებაა, რომ საპროტესტო მოძრაობა ერთ ადგილას „ბუქსაობს“, ვერ ვითარდება და ამ „პროტესტის უწყვეტობის“ ყოველი ახალი დღე სწორედ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში ხელისუფლების გამარჯვების ობიექტურობას და მართლზომიერებას ადასტურებს. არაერთხელ გვითქვამს და ახლაც შეგახსენებთ საპარლამენტო არჩევნების იმ ოფიციალურ შედეგებს, რომელთა აღიარებას ასე ჯიუტად და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ანტისახელისუფლებო ძალები. არჩევნებში მონაწილე 2 მილიონამდე ადამიანიდან დაახლოებით 1 მილიონ 120 ათასმა ხმა მისცა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, ხოლო 800 ათასზე მეტმა - მის საწინააღმდეგოდ. ამრიგად, სხვაობა შეადგენს 300 ათასზე მეტი ადამიანის ხმას. ისიც ვიცით, რომ „ოცნების“ მოწინააღმდეგეთა ხმები სხვადასხვა პარტიებზე გადანაწილდა, რომელთაგან მხოლოდ ოთხმა სუბიექტმა გადალახა კანონით დაწესებული 5%-იანი ზღვარი. რაც მთავარია, გარდა ხმამაღალი განცხადებებისა, რომ თითქოს „ხელისუფლებამ არჩევნები მასობრივად გააყალბა“, ოპოზიციურმა პარტიებმა და მათმა ათასობით დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე, ასეთი გაყალბების ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს. უფრო მეტიც, ისინი სიტყვიერად მიუთითებდნენ 300-400 ათასი ხმის მოპარვაზე, რეალურად კი მხოლოდ რამდენიმე ასეული ხმის გაყალბებაზე აწარმოებდნენ სამართლებრივ დავას, რომელიც იურიდიულადაც ვერაფრით დაამტკიცეს. აი, ასეთი მოცემულობის შემდეგ, როდესაც მთელი ოპოზიციური სპექტრიდან მხოლოდ რამდენიმე ათეული ასეული ადამიანი აპროტესტებს ყოველდღიურად 2-3 საათით ამ შედეგებს, ეს სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ დამარცხებული უმცირესობის ყველაზე აქტიური ათეული თუ ასეული ანტისახელისუფლებო აქტივისტები ადასტურებენ მათ უდიდეს უმცირესობაში ყოფნას, ხელისუფლების დიდი უპირატესობით გამარჯვების რელურობას და მართლზომიერებას. რომ არა უცხოეთიდან მიღებული ძალიან მძლავრი მრავალმხრივი (პოლიტიკური, მორალური, ფინანსური, პროპაგანდისტული) მხარდაჭერა, რასაკვირველია, ეს „უწყვეტი პროტესტის“ აქტივისტებიც არ იარსებებდნენ, მაგრამ რადგან ამ „უწყვეტობას“ ისინი და მათი პატრონები მაგიურ მნიშვნელობას ანიჭებენ, ამიტომაც ინარჩუნებენ ამ „კარტინკას“. სინამდვილეში ისინი ობიექტურად მხოლოდ საკუთარი პროტესტის უპერსპექტივობას უსვამენ ხაზს, თუმცა, ცდილობენ საქართველოს წინააღმდეგ უცხოელების მიერ გაკეთებული ყველა განცხადება თუ რეზოლუცია, ქვეყნის შიგნით განვითარებული ყველა კონკრეტული მოვლენა თუ შემთხვევა მასობრივი საპროტესტო ტალღის ასაგორებლად და ხელისუფლების დასამხობად გამოიყენონ. არადა, რაც უფრო ხმამაღლა და ინტენსიურად გაჰყვირიან, რომ სწორედ ისინი წარმოადგენენ საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობას, მით უფრო მეტად ამტკიცებენ საწინააღმდეგოს. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში უმრავლესობა-უმცირესობის საკითხი მხოლოდ არჩევნების გზით წყდება. ჩვენი ოპოზიცია კი, ხედავს რა, რომ ნებისმიერი არჩევნები მხოლოდ მათ უმცირესობაში ყოფნას აფიქსირებს, უარს აცხადებს ზოგადად არჩევნებში მონაწილეობაზე იმ მიზეზით, რომ თითქოს ხელისუფლებას შეუძლია ყველა არჩევნები გააყალბოს და მისთვის სასურველი ნებისმიერი შედეგები დააფიქსიროს. ესეც მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებია, რადგან დღემდე ვერავინ ვერ შეძლო რაიმე წონადი არგუმენტის მოტანა იმის დასამტკიცებლად, თუ როგორ შეუძლია ხელისუფლებას ელექტრონული წესით, ათასობით დამკვირვებლის თანდასწრებით ჩატარებული არჩევნები მასობრივად გააყალბოს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ როდესაც პარტიების რეიტინგებზეა საუბარი, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის მიერ მოპოვებული 1,5,10,15 თუ სხვა პროცენტები ავტომატურად არ ემატება ერთმანეთს, რადგან მათ შორის არსებული კონკურენციის გამო ხშირად ერთი ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებისთვის სრულიად მიუღებელია მეორე ოპოზიციური პარტია და შესაძლოა, იმდენად მიუღებელიც, რომ ამ მეორე პარტიასთან მისი რჩეული ოპოზიციური პარტიის დაწყვილებას ერჩივნოს, მისი რჩეული პარტია ხელისუფლებასთან იყოს კოალიციაში. ამიტომაც ვერ გამოდიან ოპოზიციური პარტიები დიდი აქციების ორგანიზატორებად და როგორც წესი, დიდი საპროტესტო აქციების ინიციატორებად ყოველთვის ინკოგნიტო „სამოქალაქო აქტივისტებს“ აცხადებენ ხოლმე. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებიდან 2028 წლის არჩევნებამდე სულ დაახლოებით 1460 დღეა. აქედან დაახლოებით 260 დღე უკვე გასულია. დარჩა 1200 დღე. მალე აღინიშნება „უწყვეტი პროტესტის“ მე-500, მე-1000 და 1300-ე დღეები. მერე უკვე ოფიციალურად დაინიშნება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებიც და ჩვენი ოპოზიცია გამოაცხადებს, რომ მათმა „უწყვეტმა პროტესტმა“ მიზანს მიაღწია და ხელისუფლებას სწორედ მათ დაანიშნინეს ახალი არჩევნები, თანაც „პოლიტპატიმრებსაც“ გასული ექნებათ სასჯელის ვადა და მათ გათავისუფლებასაც „უწყვეტი პროტესტის“ დამსახურებად გამოგვიცხადებენ. ოღონდ შესაძლოა მაინც უარი თქვან იმ არჩევნებში მონაწილეობაზეც, თუ ისევ დარწმუნებული იქნებიან საკუთარ გარდაუვალ დამარცხებაში. ამჯერად ალბათ ის პრეტენზია ექნებათ, რომ საარჩევნო კომისიები ისევ ხელისუფლებამ დანიშნა და არა ოპოზიციამ. მოკლედ, როგორც ჩანს, ოპოზიცია მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, თუ ხელისუფლება წინასწარ გამოაცხადებს კაპიტულაციას ან ვალდებულებას აიღებს, რომ ხელისუფლების გამარჯვების შემთხვევაშიც კი რამენაირად შეცვლის, ანუ ოპოზიციის სასარგებლოდ გააყალბებს შედეგებს. მხოლოდ ეს იქნება უმცირესობის მიერ ხელისუფლების მოპოვების ერთადერთი საშუალება. სხვა გზა მხოლოდ რევოლუცია, ანუ სახელმწიფო გადატრიალებაა, მაგრამ ამდენი ხნის ჯახირმა და "მარადიულობაში" გადასულმა "უწყვეტმა პროტესტმა" მტერსაც და მოყვარესაც დაანახვა, რომ ოპოზიციას არც გადატრიალება-დამხობის რესურსი არ გააჩნიათ." - წერს ნანა კაკაბაძე.