ერთი მარტივი ჭეშმარიტება ვერ გაიგეს ამ ადამიანებმა, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ელაპარაკო ხელის გადაგრეხით და შანტაჟის ენით, ვინაიდან ჩვენ ვართ სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატმა ირაკლი ხელაძემ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე დასავლეთის პოზიციაზე საუბრისას.
„დღის ქრონიკაში“ მან აღნიშნა, რომ რა აღქმაც არ უნდა ჰქონდეს ბრიუსელს ან ნებისმიერ ევროპელ ბიუროკრატს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ეს არაფერს ცვლის.
„ჩვენ გვაქვს მკაფიო, მყარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყანა თანმიმდევრულად, დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმით უნდა განვავითაროთ და წავიყვანოთ წინ“, - განაცხადა ხელაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ინიციატივამ პოლიტიკური ლიდერების შეწყალების შესახებ, გააჩინა ახალი შესაძლებლობა, მაგრამ ოპოზიციური პარტიები ცდილობენ, ამ პროცესში არ შემოვიდნენ, რადგან პრეზიდენტს არალეგიტიმურს უწოდებენ. ხელაძე აღნიშნავს, რომ პარტიების გარკვეული ნაწილი ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.
„ეს ყველაფერი მეტყველებს ერთ რამეზე - ძალიან დიდი პანიკაა ოპოზიციურ პარტიებში.
„ქართული ოცნების“ რეიტინგი არის მზარდი ზუსტად იმ პოლიტიკის გატარებისთვის, იმ ეროვნული ინტერესების დაცვისთვის, სუვერენიტეტის გაზრდისთვის, რასაც ჩვენ ძალიან დიდი წინააღმდეგობების ფასად ვახერხებთ“, - ამბობს ხელაძე.