„შავ სიაში“ შეყვანილი კომპანიები „შავ ტენდერებში“ იმარჯვებენ

„შავ სიაში“ შეყვანილი კომპანიები „შავ ტენდერებში“ იმარჯვებენ

უგულავას უწყება ისე გათავხედდა, რომ უკვე დანაშაულებრივ ხელშეკრულებებს აფორმებს. ტენდერები თბილისის მერიაში ყველა კანონდარღვევით ტარდება. კიპარისების საქმე ჯერ ბოლომდე დასრულებული არც არის და ახალი სკანდალური ტენდერი ჩატარდა. მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა კომპანიამ, რომელიც „შავ სიაშია“ და სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა ეკრძალება.

2012 წლის 30 აპრილს თბილისის მერიის მიერ გამოცხადდა ტენდერი დასასვენებელი პარკ „მზიურის“ რეაბილიტაციის II ეტაპის სამუშაოებზე. სატენდერო წინადადებების მიღება 16 მაისს დაიწყო და 21 მაისს დასრულდა. 2012 წლის 11 ივნისს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „აბგ და კომპანია“, რომელთანაც ხელშეკრულება თბილისის მერიამ „კანონმდებლობის სრული დაცვით გააფორმა“.

არადა, შესყიდვებისა და კონკურენციის სააგენტომ „აბგ და კომპანია“ 2012 წლის 14 ივნისს „შავ სიაში“ შეიყვანა, შესაბამისად, კომპანიას ერთი წელი სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა ეკრძალება. „შავ სიაში“ შეყვანის მიზეზად სსიპ „ბათუმის ბულვარის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობისას, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არასრულად შესრულებაა დასახელებული.

საკრებულოს წევრის ჯაბა სამუშიას განცხადებით, ტენდერი უნდა გაუქმდეს და გამარჯვებული კომპანიის საკითხის შესწავლა უნდა მოხდეს.

„მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს ასეთი პრობლემები ხშირად ახლავს. კომპანია არის „შავ სიაში“, შესაბამისად, მას ტენდერში მონაწილეობის უფლება მინიმუმ ერთი წელი არ აქვს. ეს კარგად იცის მერიამ, თუმცა ამ კომპანიამ ტენდერში მაინც გაიმარჯვა, რომელსაც კოლოსალური თანხა გადააბარეს. მან ნახევარ მილიონზე მეტი ღირებულების სამუშაოები უნდა შეაასრულოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ტენდერი უნდა გაუქმდეს და საერთოდ ამ კომპანიის საქმიანობის შესწავლა მოხდეს“, - ამბობს ჯაბა სამუშია.

„მზიურის“ ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს თბილისის საკრებულოს წევრი, თინათინ ხიდაშელიც. მისი თქმით, არ არის დაკონკრეტებული რა ფართობზე შენარჩუნდება პარკში სარეკრეაციო ზონა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში პარკის ტერიტორიაზე რაიმე სახის მშენებლობისთვის ნებართვა არ გაცემულა.

ასეთი სკანდალური ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია დაიწყებს თუ არა საბავშვო ქალაქის რეაბილიტაციას „შავ სიაში“ შესული „აბგ და კომპანია“.  შესყიდვებისა და კონკურენციის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ მერიასა და „აბგ და კომპანიას“ შორის, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, რომ ზუსტად 529 498 ლარის ფარგლებში შეესრულებინა სამუშაოები, ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს. 

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, „აბგ და კომპანიის“ სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი 1995 წელია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ვებგვერდზე, არქივში განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ „აბგ და კომპანიამ“ 2008 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შემოწირულობის სახით 10 000 ლარი გადაურიცხა.

დედაქალაქის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ გამარჯვებული კომპანია განახორციელებს პარკის რეაბილიტაციის II ეტაპის სამუშაოებს, ხოლო თუ კომპანია სამუშაოებს არაკეთილსინდისიერად შეასრულებს, ხელშეკრულება გაუქმდება და გამოცხადდება ახალი ტენდერი. 

„თბილისის მერია განახორციელებს მზიურში მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს“, - ნათქვამია თბილისიის მერიის განცხადებაში. რებილიტაციაზე 529 498 ლარი დაიხარჯება.

პარკის ტერიტორიაზე განთავსდება საცურაო აუზი „მზიური აკვა“, რომელიც მოიცავს 18 000 კვ მეტრამდე ტერიტორიას მზიურში.