როტშილდებმა და როკფელერებმა ალიანსი შექმნეს

როტშილდებმა და როკფელერებმა ალიანსი შექმნეს

მთელს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი და სახელოვანი დინასტიები – როტშილდები და როკფელერები სტრატეგიული ალიანსის შექმნის თაობაზე შეთანხმდნენ. მართალია, გარიგების ღირებულება საკმაოდ მცირე – 155 მილიონი დოლარია, მაგრამ თავად ეგზომ ძლიერი დინასტიების თანამშრომლობა გახლავთ საყურადღებო. როტშილდები და როკფელერები ხომ კარგა ხანია ითვლებიან ლეგენდარული წარსულის მქონე, უძლიერეს ფინანსურ კლანებად.

ევროპაში ყველაზე ცნობილი საბანკო იმპერიის დამაარსებელი, გერმანელი ებრაელი მაიერ ამშელ როტშილდი დაიბადა ფრანკფურტში. თავისი პირველი ბანკი, რომელიც სინამდვილეში ანტიკვარიატის დუქანი იყო, მაგრამ ამასთან, იქ ფულის გადაცვლა შეიძლებოდა, მშობლიურ ფრანკფურტში დააარსა. შემდგომში მაიერ ამშელის საქმე მისმა ხუთმა შვილმა ევროპის საქმიან ცენტრებში – ფრანკფურტში, ვენაში, პარიზში, ნეაპოლში და ლონდონში გააგრძელეს.

ბრიტანეთის დედაქალაქში დაფუძნდა მაიერ ამშელის მესამე ვაჟი ნათან მაიერ ამშელი, რომელმაც 1811 წელს ბანკი NM Rothschild დააარსა. ამჟამად ეს ბანკი არსებობს სახელწოდებით NM Rothschild & Sons და მისი თავკაცი გახლავთ დევიდ დე როტშილდი.

საინტერესოა, რომ მაიერ ამშელმა თავისი შვილებისათვის შეიმუშავა ერთგვარი “ცხოვრების კოდექსი”. იგი მოუწოდებს არ ჩართონ ქალები ბიზნესში, იცხოვრონ სიყვარულით და ურთიერთპატივისცემით, ხელი მიჰყონ ქველმოქმედებას და არავითარ შემთხვევაში არ გაახმაურონ ქონების მოცულობა.

ეს ბოლო პუნქტი ცნობილია როგორც: “დიდ ფულს სიჩუმე უყვარს” და ამ პრინციპით ცხოვრობენ როტშილდები დღემდე. მართალია, ოჯახის წევრები განსაკუთრებული სიმდიდრით არ გამოირჩევიან, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად მაინც, მაგრამ, სამაგიეროდ, მათ უდიდეს გავლენაზე ლეგენდები დადის.

საინტერესოა, რომ როტშილდებს ჩრდილოეთ ამერიკაში პროექტი საერთოდ არ განუხორციელებიათ. არადა, გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ კონტინენტზე სურდათ თავიანთი საქმიანი აქტივობის ცენტრის გადატანა. მაგრამ არ გამოუვიდათ და ეს იმიტომ, რომ სწორედ იქ 150 წლის წინ დაფუძნდა ასევე ძალიან ძლევამოსილი როკფელერების დინასტია.

როტშილდების დინასტიისაგან განსხვავებით, ყველაზე განთქმული ამერიკული კლანის დამაარსებელს ჯონ როკფელერს თავიდანვე ფულით ფული არ უშოვია. თავდაპირველად იგი პროდუქტით ვაჭრობდა, პირველი სერიოზული კაპიტალი კი ნავთობით იშოვნა. მან პარტნიორებთან ერთად 1870 წელს დააარსა კომპანია Standard Oil, რომელიც მეწარმის შნოს და ფართო კონტაქტების წყალობით მალე ამერიკული ნედლეულის ბაზრის მონოპოლისტი გახდა.

Standard Oil-ის წარმატების გამო როკფელერი კაცობრიობის ისტორიაში პირველი მილიარდერი გახდა. 1882 წელს მან დააარსა Rockefeller Financial Services, რომელიც კერძო კაპიტალის მმართველი მსოფლიოში პირველი კომპანია გახდა. თავდაპირველად კომპანია მხოლოდ თავისი დამაარსებლის ფულს ინვესტირებდა. 1937 წელს ჯონ როკფელერის გარდაცვალების მომენტში მისი კაპიტალი 1,4 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. The New York Times-ის გამოთვლებით, 2007 წლის კურსით ჯონ როკფელერის ქონება 192 მილიარდ დოლარად დოლარად შეიძლება შეფასდეს, რაც ნიშნავს, რომ იგი ყველა დროის უმდიდრეს ადამიანად უნდა ჩაითვალოს.

ჯონ როკფელერი და მაიერ ამშელ როტშილდი ერთმანეთს არ იცნობდნენ. როცა პირველი დაიბადა, მეორე უკვე გარდაცვლილი იყო. ოჯახების ამჟამინდელმა თავკაცებმა ერთმანეთი 50 წლის წინ გაიცნეს, მაგრამ ურთიერთთანამშრომლობის თაობაზე მხოლოდ 2010 წელს დაიწყეს საუბარი. ამჟამად დევიდ როკფელერი 96 წლისაა, ჯეიკობ როტშილდი კი 76-ის.

სტრატეგიული ალიანსის შექმნის თაობაზე გასულ კვირაში გამოცხადდა. როტშილდების საინვესტიციო კომპანია RIT Capital Partners შეიძენს Rockefeller Financial Services-ის აქციების 37 პროცენტს. ეს პაკეტი, რომელიც ადრე ფრანგულ Societe Generale-ს ეკუთვნოდა, 155 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ორივე მხარე თვლის, რომ ეს გარიგება კლანების დაახლოებას ხელს შეუწყობს.

როტშილდების და როკფელერების ალიანსის შექმნამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ჯერ ერთი, აქამდე კლანებს ერთმანეთის კონკურენტებად მიიჩნევდნენ და ახლა მათი დაახლოება იწყება. ამასთან, ორივე დინასტიის გავლენა რომ გავითვალისწინოთ, მათი ალიანსისგან მართლაც რომ ძალიან ბევრს უნდა ველოდოთ.