ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნები

ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნები

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ეგვიპტეში 2012 წლის 23-24 მაისს შედგა. თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტიის თავმჯდომარემ, მოჰამედ მურსიმ და ეგვიპტის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ახმედ შაფიკმა ხმათა ყველაზე დიდი რაოდენობა მიიღეს და არჩევნების მეორე ტურში, 16-17 ივნისს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ეს არის ეგვიპტის ისტორიაში მეორე საპრეზიდენტო არჩევნები 2005 წლის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობას ერთ კანდიდატზე მეტი იღებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არჩევნები პირველია 2011 წლის რევოლუციის შემდეგ.

არჩევნების წესები 2012 წლის 30 იანვარს გამოქვეყნდა. ამ წესების გათვალისწინებით პრეზიდენტობის კანდიდატი აუცილებლად უნდა იყოს დაბადებული ეგვიპტეში და ჰყავდეს ეგვიპტელი მშობლები; არ უნდა ჰქონდეს ორმაგი მოქალაქეობა და არ უნდა ჰყავდეს უცხოელი მეუღლე. პრეზიდენტის პოსტზე ნომინირებისთვის კანდიდატებს სჭირდებათ 30 დეპუტატის ან 30.000 ამომრჩევლის მხარდაჭერა. საარჩევნო კომიტეტის მიერ კანდიდატთა რეგისტრაციის პროცესი დაიწყო 10 მარტს და დასრულდა 2012 წლის 8 აპრილს.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია საერთო ჯამში 23-მა კანდიდატმა გაიარა. უმაღლესმა საპრეზიდენტო საარჩევნო კომისიამ იმ კანდიდატების სია, რომლებმაც დააკმაყოფილეს ყველა მოთხოვნა, 26 აპრილს გამოაქვეყნა.

2012 წლის 12 აპრილს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს საპრეზიდენტო არჩევნებში იმ კანდიდატების მონაწილეობას, რომლებსაც მაღალი თანამდებობები ეკავათ მუბარაქის მთავრობაში უკანასკნელი 10 წლის მანძილზე. ეს აკრძალვა შეეხებოდათ ომარ სულეიმანს (ყოფილი დაზვერვის მეთაური, ვიცე პრეზიდენტი) და ახმედ შაფიკსაც (ყოფილი პრემიერ მინისტრი).

2012 წლის 14 აპრილს უმაღლესმა საპრეზიდენტო საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა 10 კანდიდატის დისკვალიფიკაციის შესახებ: ომარ სულეიმანი, ჰაირატ ელ-შატერი, ჰაზემ სალაჰ აბუ ისმაილი, აიმან ნური, აჰმედ ავად ალ-საიდი, მორტადამანსოური, იბრაჰიმ ელ-გაჰიბი, მაჰმუდ ქუტბი, ჰუსამ ხაირათი და აშრაფ ბაროუმა. დისკვალიფიკაციის მიზეზები ოფიციალურად არ დასახელდა, თუმცა ყველა კანდიდატს მიეცა 48-საათიანი ვადა გასაჩივრებისთვის. მიუხედავად ამისა, ყველა შესული აპელაცია უარყოფილ იქნა, გარდა ახმედ შაფიკის საჩივრისა, რომელიც ეგვიპტის უზენაესმა საპრეზიდენტო არჩევნების კომისიამ განიხილა.

2012 წლის 16 მაისს მუჰამედ ფაუზი ისსა გამოეთიშა საარჩევნო რბოლას (ამრ მუსას სასარგებლოდ). საბოლოო ჯამში კანდიდატების სიაში 12 კანდიდატი დარჩა.

არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რომელიც 23-24 მაისს შედგა, ორი გამარჯვებული გამოვლინდა: ისლამისტი მუჰამედ მურსი და მუბარაქის მთავრობის უკანასკნელი პრემიერი, ახმედ შაფიკი. ორივე კანდიდატმა 5.5 მლნ. ხმაზე მეტი დააგროვა, თუმცა მურსიმ კომკურენტს დაახლოებით 200 000 ხმით აჯობა. მესამე ადგილი სოციალისტმა ჰამდინსაბახმა დაიკავა. არაბული ქვეყნების ლიგის ყოფილიმდივანი, არმ მუსა მეხუთე ადგილს დასჯერდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 46.42% შეადგინა. ამრიგად, არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მუჰამედ მურსი და ახმედ შაფიკი დაუპირისპირდებიან.

მუჰამედ მურსი პარლამენტის წევრი იყო 2000-2005 წლებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით, ვინაიდან ძმებ-მუსულმანებს ჰოსნი მუბარაქის პრეზიდენტობის პერიოდში სახელმწიფო პოსტის დაკავების უფლება არ ჰქონდათ. თუმცა არაოფიციალურად იგი ძმები-მუსულმანების ერთ-ერთ ხელმძღვანელად გვევლინებოდა თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტიის დაარსების დღიდან. მუჰამედ მურსი ამ პარტიის ლიდერი გახდა. მას შემდეგ, რაც ჰაირატ ელ-შატერი მოხსნილ იქნა საპრეზიდენტო არჩევნებიდან 2012 წელს, მურსი გახდა ერთადერთი კანდიდატი ძმები-მუსულმანებისგან.

რაც შეეხება აჰმედ შაფიკს, მისი კანდიდატურის ირგვლივ დიდი აჟიოტაჟია. არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე ეგვიპტის დედაქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა შაფიკის წინააღმდეგ. ეგვიპტელთა ნაწილი ვერ პატიობს შაფიკს მის წარსულს: ჰოსნი მუბარაქის მმართველობის პერიოდში შაფიკს პრემიერ მინისტრის პოსტი ეკავა.

მანიფესტანტები მოითხოვდნენ ე.წ პოლიტიკური იზოლაციის კანონის გატარებას შაფიკთან მიმართებაში იმისთვის, რომ აღარავინ შეუშალოს ხელი ისლამისტებს ხელისუფლების მოპოვებაში. თუმცა საინტერესოა, რომ ყველა, ვინც შაფიკის წინააღმდეგ გამოდის, სულაც არ არის მურსის მხარდამჭერი. მრავალი ეგვიპტელი იმედგაცრუებულია პარტია „ძმები მუსულმანებით“ იმდენად, რამდენადაც მათ დადეს პირობა, რომ არასოდეს მიიღებდნენ მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში და ეს პირობა არ შეასრულეს.

აჰმედ შაფიკმა თავისი საპრეზიდენტო კამპანია ოფიციალურად 2011 წლის 2 ნოემბერს დაიწყო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის იყო უკანასკნელი პრემიერ-მინისტრი მუბარაქის მთავრობაში. საინტერესოა, რომ შაფიკი უკვე 2011 წლის რევოლუციის დასაწყისში დაინიშნა და თავის პოსტზე მუბარაქის მმართველობის დასრულების შემდეგ მხოლოდ სამი კვირა დარჩა.

თავდაპირველად შაფიკი დისკვალიფიცირებულ იქნა იმ კანონის თანახმად, რომელიც კრძალავს მუბარაქის დროინდელი პოლიტიკოსების მონაწილეობას არჩევნებში, თუმაღა მან დაუყოვნებლივ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება. 25 აპრილს უმაღლესმა საპრეზიდენტო საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა მისი საჩივარი, რის შემდეგაც შაფიკი დაუბრუნდა პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლას.

16-17 ივნისს დაგეგმილი არჩევნების მეორე ტურის ოფიციალური შედეგები 21 ივნისს გახდება ცნობილი. დაპირისპირება შაფიკსა და მურსის შორის უკვე შეფასდა, როგორც „არჩევანი ეგვიპტის ორ ყველაზე პოლარიზებულ პოლიტიკოსს შორის“

მანამ კი, 2-9 ივნისის პერიოდში ქვეყნის ფარგლებს მყოფმა ეგვიპტელებმა მეორე ტურის ხმის მიცემის პროცესში უკვე მიიღეს მონაწილეობა.

ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობის უფლება საზღვარგარეთ 161 ქვეყანაში მცხოვრებ 560 ათას ეგვიპტელს ქონდა, რომლებიც ინტერნეტის მეშვეობით საარჩევნო ადმინისტრაციის სპეციალურ ვებ-გვერდზე იყვნენ დარეგისტრირებულები.

სამინისტროს ინფორმაციით შევსებული ბიულეტენების ჯერ კიდევ დიდი რაოდენობა არ მისულა დიპლომატიური წარმომადგენლობების ოფისებში. ამის გათვალისწინებით შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ მეორე ტურში საზღვარგარეთ დარეგისტრირებულ ეგვიპტელ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ამ კატეგორტიის17 ათასზე მეტმა  ამომრჩეველმა მხარი მუჰამედ მურსის დაუჭირა მხარი, აჰმედ შაფიკმა 5 ათასი ხმით მხოლოდ მეუთე ადგილი დაიკავა.