თბილისის ბიუჯეტიდან პედაგოგების „მოტივაციის ამაღლება“ ნახევარი მილიონი ლარით დაფინანსდა

თბილისის ბიუჯეტიდან პედაგოგების „მოტივაციის ამაღლება“ ნახევარი მილიონი ლარით დაფინანსდა

თბილისის მერიამ დაახლოებით  ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა დედაქალაქში მცხოვრები პედაგოგების “მოტივაციის ამაღლებისთვის.” 

თბილისის საჯარო სკოლებს დედაქალაქის მერიისგან „თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლების მიზნით“ 5 -დან 10 ათას ლარამდე ჩაერიცხათ.

თბილისის სკოლების ნაწილმა აღნიშნული თანხა მაისის, ნაწილმა კი მიმდინარე თვეში, ივნისში მიიღო. თბილისის 131-ე საჯარო სკოლის პედაგოგის თქმით, მისმა სკოლამ მერიისგან 10 ათასი ლარი მიიღო, საიდანაც თითოეულს პედაგოგს პრემიის სახით 50 ლარი დაერიცხა.

50 ლარი აიღო მაისის თვეში 32 -ე საჯარო სკოლის პედაგოგმაც. მისივე განმარტებით, მასწავლებლების გარდა პრემია სკოლის სხვა თანამშრომლებმაც მიიღეს.

„დამლაგებლებს და სხვა პერსონალს მასწავლებლებზე ნაკლები დაურიცხეს,“- ამბობს  “ნეტგაზეთთან”  საუბარში 32-ე საჯარო სკოლის პედაგოგი.

"ნეტგაზეთისთვის" ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიიდან ფულადი რესურსი თბილისის ყველა საჯარო სკოლამ მიიღო.

ერთადერთი სკოლა ილია ვეკუას სახელობის  ფიზიკა-მათემატიკის სკოლაა, რომელმაც ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მერიამ „თანამშრომლების მოტივაციის ამაღლების მიზნით“ სკოლას ფული, კერძოდ 5 ათასი ლარი ჩაურიცხა, საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსა.

თბილისის მერია ადასტურებს აღნიშნული თანხის გაცემის ფაქტს და აცხადებს, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და საჯარო სკოლების რეფორმის ხელშეწყობის მიზნით,  თბილისის მერია ბიუჯეტიდან ყოველწლიურად  ასიგნებების სახით აფინანსებს როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, ასევე  ქალაქში არსებულ საჯარო სკოლებს. თუმცა დედაქალაქის 2012 წლის ბიუჯეტში საჯარო სკოლების თანამშრომლებისთვის ფულადი სახსრები გათვალისწინებული არ არის.

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით დედაქალაქის მერიას უნდა მივმართოთ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ლელა ტალიური მიიჩნევს, რომ დედაქალაქის თვითმმართველმა ორგანომ საჯარო უნდა გახადოს და წარმოადგინოს ანგარიში, კონკრეტულად რომელ წლებში ახორციელებდა მსგავს ქმედებას და სად უწერია მერიას, რომ მას აქვს უფლება, საჯარო სკოლის პედაგოგთა მოტივაციის ამაღლების მიზნით თანხა განკარგოს.

„სხვა შემთხვევაში კი, ვინაიდან არის წინაასაარჩევნო პერიოდი და საარჩევნო პროცესში ვიმყოფებით, ისმება ლოგიკური კითხვა, ხომ არ ხმარდება ეს თანხები პედაგოგთა კმაყოფილების ამაღლებას. მინიმუმ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა საარჩევნო მიზნებისთვის,“- მიიჩნევს ტალიური.

ნინო ლომჯარია, ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ თუ აღნიშნული დახმარება წლის დასაწყისში მერიის სოციალურ პროგრამებით არ იყო გათვალისწინებული და ერთჯერად ხასიათს ატარებს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს. მისივე განამარტებით, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებიც იკვეთება.

იქიდან გამომდინარე, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში სულ 98 საჯარო სკოლაა და თითოეულმა სკოლამ თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლების მიზნით 5 დან 10 000 ლარამდე მიიღო, დედაქალაქის ბიუჯეტს აღნიშნული ინიციატივა ნახევარ მილიონზე მეტი დაუჯდა.