უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ მთიანი ყარაბაღის გარშემო შავი ღრუბლების თავმოყრა შეინიშნება. ალბათ ამას ემსახურება ბოლო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც „ერევანში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზა სომხეთის უსაფრთხოებაზეც იზრუნებს“. ამასთან თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული შუა აგვისტოში „საკუთარ სამშობლო აზერბაიჯანში“ ჩასვლას და კოლეგა ილჰამ ალიევთან შეხვედრებს გეგმავს. ამ ფონზე სომეხი ოლიგარქები უკვე მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ მთიანი ყარაბაღის აღიარებისთვის სოლიდური თანხა გადაიხადონ.
– ერევანში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზა სომხეთის უსაფრთხოებაზეც იზრუნებს, – როგორც „ინტერფაქსი“ იუწყება რუსეთი და სომხეთი ერევანში რუსული ბაზის შესახებ არსებულ ხელშეკრულებაში ცვლილებებს შეიტანენ, რომლის თანახმად, სომხეთის ტერიტორიაზე არსებულ რუსულ სამხედრო ბაზას, რუსეთის ინტერესების დაცვის გარდა, სომხეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად ამ რესპუბლიკის დაცვის უზრუნველყოფა შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და სომხეთს შორის კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულებას 1992 წლის 15 მარტს მოეწერა ხელი. მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდამხარების შესახებ ხელშეკრულება კი მხარეებს შორის 1997 წლის 29 აგვისტოს გაფორმდა.
უქმად არ არიან თურქულ–აზერბაიჯანულ პოლიტიკურ ფრონტზეც. ამის კიდევ ერთი დასტურია ის რომ თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული აგვისტოში აზერბაიჯანში ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფო მინისტრმა ზაფერ ჩაგლაიანმა ბაქოში ყოფნის დროს განაცხადა.
ბიზნეს – ფორუმზე, რომელიც თურქეთის სახელმწიფო მინისტრის ჩამოსვლის საპატივცემულოდ გაიმართა, ჩაგლაიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი მოძმე ქვეყნებია და ორი ქვეყნის ხელმძღვანელს განსაკუთრებული მიპატიჟება არ სჭირდება.
„ძმები ერთმანეთს არ ეპატიჟებიან, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ყოველთვის ჩამოვა საკუთარ სამშობლოში, თურქეთში. თურქეთის პრეზიდენტიც ჩავა აზერბაიჯანში, როგორც საკუთარ სამშობლოში“ – განაცხადა ჩაგლაინმა.
აზერბაიჯანის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, თურქეთის პრეზიდენტი ბაქოს აგვისტოს შუა რიცხვებში ეწვევა.
კონკრეტულად რა თემებზე იმსჯელებენ გიული და ალიევი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ საუბარი პორველ რიგში ყარაბაღის გაჭიანურებულ პრობლემატიკას შეეხება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხომ არცთუ დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ სომხეთთან შეთანხმების მიღწევა თუ ვერ მოხერხდა, შესაძლოა მთიან ყარაბაღში ომი განახლდეს. „თუ შეხვედრები უშედეგო იქნება, ჩვენი იმედები მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით ამოიწურება და ამ შემთხვევაში სხვა გზა აღარ დაგვრჩება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, აზერბაიჯანის მიწა ომის გზით დავიბრუნოთ“, – აცხადებს ალიევი.
მისივე თქმით, აზერბაიჯანმა ბოლო წლებში მილიარდები დახარჯა შეიარაღების მოდერნიზაციისთვის. „ჩვენ ამას იმისთვის ვაკეთებდით, რომ არ გამოვრიცხავთ შეიარაღებული კონფლიქტის ვარიანტს. სრული უფლება გვაქვს, ჩვენი მიწა ომის გზით დავიბრუნოთ. საერთაშორისო სამართალი ამის უფლებას გვაძლევს“, – აღნიშნავს ალიევი.
„ეს უსამართლობა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა დიდხანს ვერ გაგრძელდება. ჩვენ ახლა მშვიდობიან პოზიციაზე ვდგავართ და ამ მოლაპარაკებებშიც ამიტომ ვმონაწილეობთ. ჩვენ 15 წელზე მეტია, დათმობაზე მივდივართ“, – აცხადებს ალიევი.
საგულისხმოა, რომ პრეზიდენტ ალიევის ეს კომენტარები რუსულმა სააგენტოებმა გაავრცელეს.
ფართომასშტაბიანი ომი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 1990 წელს დაიწყო და სომხეთის გამარჯვებით დასრულდა, დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. 1991 წელს გამოცხადდა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, რომელიც ჯერჯერობით, არავის უცვნია.
თუმცა სომეხი ოლიგარქები მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ მთიანი ყარაბაღის აღიარებისთვის სოლიდური თანხა გადაიხადონ. სომხეთის პარლამენტარისა და სუპერმარკეტების ქსელის მფლობელის სანველ ალექსანიანის განცხადებით, არ არის გამორიცხული, სომეხმა პატრიოტებმა ნაურუს აღნიშნული წინადადებით უახლოეს ხანებში მიმართონ.
ნაურუსთან გარიგებას არ გამორიცხავს რუსეთის გეოპოლიტიკური აკადემიის პრეზიდიუმის წევრი არაიქ სარქისიანიც.
„კოსოვოს დამოუკიდებლობა ალბანელ ნარკომაფიოზებსა და პრემიერ ტაჩის 250 მილიონი დაუჯდათ. ანალოგიური თანხის გამოყოფა ჩვენს სომეხ ოლიგარქებსაც შეუძლიათ, რომლებიც ალბანელებზე არანაკლები პატრიოტები არიან“, – აცხადებს სარქისიანი.
აქვე შეგახსენებთ, რომ ნაურუ ერთ-ერთი სახელმწიფოა, რომელმაც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, რაც რუსეთს 2 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა.
ასეთი უხერხემლო და გაცილებით უფრო სერიოზული საერთაშორისო ძალისხმევების მიუხედავად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი კვლავ გადაუჭრელია. ბოლო ხანს, ყინული თითქოს დაიძრა. თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის გააქტიურების ფონზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი შვიდჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა, ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს.
უშედეგო მოლაპარაკებებს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის საკმაოდ მკაცრი განცხადებაც მოჰყვა, რისგანაც ის ადრე ყოველთვის თავს იკავებდა: „როგორც კი დავინახავთ, რომ დიალოგი ერევანთან უნაყოფოა, სომხები მხოლოდ დროს წელავენ და მათი მიზანი კონფლიქტის უსასრულოდ გაყინვაა, მაშინვე შევწყვეტთ მოლაპარაკებებს, პრობლემის გადაჭრას სამხედრო გზით შევეცდებით, ჩვენს მიწა-წყალს ოკუპანტებისგან გავათავისუფლებთ, რისი სამართლებრივი უფლებაც გვაქვს. აზერბაიჯანული ჯარი და საზოგადოება ამისთვის ნებისმიერ დროს მზად უნდა იყვნენ. მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას არასოდეს ვაღიარებთ“.
სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის პრესმდივანმა ალიევის ამ განცხადებას მუქარანარევი ტონით უპასუხა: როგორც კი მოლაპარაკებები შეჩერდება, სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას ცნობსო.
ასეთი სიტყვა–პასუხის ფონზე კონფლიქტი 20 წელიწადია გრძელდება, ამ საკითხზე გაერომ 4 რეზოლუცია მიიღო, რომელიც კატეგორიულად მოითხოვს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან სომხეთის ჯარის გაყვანას. და მაინც, რამდენად რეალურია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფართომასშტაბიანი კონფლიქტის განახლება, ამაზე პასუხს უახლოესი მომავალი გასცემს.
ცნობისთვის, ყარაბაღის ომი (ყარაბაღის კონფლიქტი) (სომხ. Արցախյան գոյամարտ; აზერ. Qarabağ müharibəsi) (1991—1994) სამხედრო კონფლიქტი სომხურ და აზერბაიჯანულ შეიარაღებულ შენაერთებს შორის მთიან ყარაბაღის რეგიონზე კონტროლის დასამყარებლად.
ბრძოლა ყარაბაღისთვის ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში (1918-1920) დაიწყო, რომელიც მაშინ აზერბაიჯანის გამარჯვებით და მასზე კონტროლის დაწესებით დასრულდა.
1921 წელს რუსეთმა კავკასიის სამივე სახელმწიფო: სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა, და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაიპყრო. საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ, ყარაბაღი სომხეთის სსრ-ს გადაეცა, რასაც დიდი საპროტესტო მოძრაობა მოჰყვა აზერბაიჯანში. ხოლო ერევანში ისევ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება მიმდინარეობდა.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, 1921 წელს მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს გადაეცა. ხოლო 1923 წელს, იგი მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ რეგიონად გადაიქცა და აზერბაიჯანის სსრ-ში შევიდა. ამ დროისთვის, ყარაბაღის მოსახლეობის 94%-ს სომეხი ეროვნების მოსახლეობა შეადგენდა. ავტონომიური რეგიონის დედაქალაქი შუშადან ხანკენდში გადაიტანეს, რომელსაც შემდგომში სტეფანაკერტი (აზერბაიჯანულად ისევ ხანკენდი) ეწოდა.