კლინტონმა თავსატეხი დაგვიტოვა, დამკვირვებლებიც არ ჩანან

კლინტონმა თავსატეხი დაგვიტოვა, დამკვირვებლებიც არ ჩანან

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის საქართველოში ჩამოსვლის თარიღი დასახელდა თუ არა, მაშინვე გაჩნდა მოლოდინები, რომ კლინტონი ჩვენი ძირითადი პარტნიორი ქვეყნის სახელით ქართულ საზოგადოებას მნიშვნელოვან გზავნილს გადასცემდა. თუმცა, ექსპერტების მოსაზრებით აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ ამ ვიზიტის აქტუალობა შენელდა, მაგრამ იმედი, რომ კლინტონის ვიზიტით კიდევ უფრო ნათელი გახდებოდა აშშ-ს პოზიცია ქართული არჩევნების მიმართ, არსებობდა.

კლინტონის ქვეყნიდან გამგზავრებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ არა თუ შეანელა არამედ გააძლიერა კიდეც წნეხი საზოგადოების ოპოზიციური ნაწილისადმი. შესაძლებელია თუ არა საერთაშორისო მხარდაჭერამ, უცხოეთიდან მიღებულმა გზავნილებმა ძირეულად თუ არა, საგრძნობლად მაინც შეცვალოს საარჩევნო გარემო და პოლიტიკურ პარტიებს საშუალება მიეცეს საარჩევნო კამპანია შედარებით ნორმალურ საარჩევნო პირობებში აწარმოოს, ეს კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია. 

საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის კახი კახიშვილის აზრით, პრობლემას, რომელიც საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით არსებობს, მხოლოდ ქართული სამოქალაქო სექტორის აქტიურობა შეამსუბუქებს.

ბატონო კახი, თქვენი შეფასებით, გამართლდა თუ არა ის მოლოდინი, რაც კლინტონის ვიზიტთან დაკავშირებით არსებობდა?

- ქალბატონი კლინტონი მხოლოდ საქართველოში რომ ჩამოსულიყო, მაშინ ვივარაუდებდით, რომ ის კონკრეტული გზავნილით ჩამოვიდა და შეხვდა საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციას, მაგრამ როდესაც შეხვედრა განისაზღვრა ისეთ ფორმატში როდესაც მას ფაქტობრივად ჰქონდა ტურნე, სადაც საქართველო ერთ-ერთი ქვეყანა იყო, სადაც უნდა გაჩერებულიყო, ეს ცოტა სხვა ფორმატია და ჩანდა კიდეც ეს მის პრესკონფერენციაზე. 

მისი მხრიდან ფაქტობრივად, ორი ტიპის განცხადება გაკეთდა, ერთი იყო ის, რომ ხელისუფლება არის ძალიან კარგი და 2003 წლიდან მოყოლებული პირველ ადგილზეა რეფორმებით და მოზიდული ინვესტიციებით პოსტსაბჭოთა სივრცეში, მეორე მხრივ კი, ოპოზიციისთვის განაცხადა, რომ პრობლემაა სასამართლო და თავისუფალ მედიასთან დაკავშირებით, პოლიტიკური ნიშნით დევნასთან დაკავშირებით. ეს თავისთავად გამორიცხავს რეფორმატორობას, მაგრამ ეს იყო ნეიტრალური განცხადებები, ამით ქალბატონმა კლინტონმა ფაქტობრივად, ორივე მხარეს მისცა სალაპარაკო თემა და ორივე მხარისგან რამდენიმე დღის განმავლობაში მოვისმენთ ამ შეფასებებს.

თუმცა სიმართლე გითხრათ, უფრო მკვეთრ განცხადებებს ველოდებოდი აშშ-ს სახელმწიფო მდივნისგან.

უცხოურმა მედიამ დიდი ინტერესით გააშუქა კლინტონის ვიზიტი, მაგალითად „ლე ფიგაროში“, „ვაშინგტონ პოსტში“, ხაზგასმული იყო, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა საქართველოს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნებისკენ მოუწოდა და ა.შ..

- როდესაც ამ დონის სახელმწიფო მოღვაწე ატარებს ასეთ შეხვედრებს, რა თქმა უნდა, მისი გაშუქება მოხდება, როდესაც ბაქოში და თურქეთში ჩაბრძანდება საერთაშორისო პრესაში ეს ვიზიტებიც გაშუქდება, ამიტომ, ასე არ უნდა განვიხილოთ, რომ დაიწერა იმიტომ, რომ ყურადღება მიიქცია. რა თქმა უნდა, ქალბატონი კლინტონის ვიზიტი ნებისმიერ ქვეყანაში ყველა წამყვანი გაზეთის ყურადღების ცენტრში მოექცევა. თუმცა, მეორე საკითხია, ბარაკ ობამა რომ შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, მაშინაც იყო სამართლიან არჩევნებზე ლაპარაკი.

როდესაც ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია ჩამოდის, ყოველთვის მოუწოდებს ხელისუფლებას სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ. აქედან გამომდინარე, ერთია, რომ მოუწოდებენ, მეორე კი როგორ აფასებენ საქართველოში არსებულ სიტუაციას.

დღემდე არ ჩამოსულა დამკვირვებელთა გრძელვადიანი მისია, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდანაც მუდმივად გვესმის, რომ ეს მისია აუცილებლად ჩამოვა, მაგრამ ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ტელევიზიით გვესმის.

მისიის მოწვევას სჭირდება სპეციალური პროცედურები, რომელიც ჯერ არ განხორციელებულა. ამავდროულად, ერთი მხრივ, ქალბატონი კლინტონისაგან გვესმოდა, რომ პრობლემებია მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ იმავე დღეს „მე-9 არხის“ თანამშრომლებს არ უშვებდნენ ანძაზე, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები შეესრულებინათ და ამაზე არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ეს ხომ ცხადყოფს, რომ ჯერჯერობით, ფაქტობრივად, არაფერი ჩანს საიმისოდ, რომ რეალურად მივიღოთ  ნორმალური არჩევნები 2012 წლის შემოდგომაზე.

მე მახსოვს, როგორი განწყობით იყო შეერთებული შტატები 2003 წლის არჩევნების წინა პერიოდში. სამწუხაროდ, ასეთ განწყობას ჯერ ვერ ვხედავ, ამიტომ ვამბობ, ერთია, რომ  განცხადებები კეთდება და განცხადებები ყოველთვის კეთდებოდა, ხოლო მეორეა, როგორ შეაფასებს ამ არჩევნებს იგივე შეერთებული შტატები ან დასავლეთი. და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არჩევნების შეფასება არ უნდა მოხდეს იმ ერთი, კონკრეტული არჩევნების დღით, ეს პროცესი უნდა დაიწყოს არჩევნებამდე მინიმუმ 5-6 თვით ადრე.

თუმცა მსგავსი განცხადებები აშშ-ს მხრიდან მუდმივად კეთდება და კლინტონმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არჩევნები არ ფასდება მხოლოდ ერთი დღით...

- დღეს რომ არ არის წარმოდგენილი გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, ძალიან ცუდია. ერთი მხრივ არის განცხადებები და მეორე მხრივ, რეაგირება არ არის ამ განცხადებებზე.

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ უნდა იყვნენ გრძელვადიანი დამკვირვებლები, მედია უნდა იყოს თავისუფალი, სასამართლო - მიუკერძოებელი, მაგრამ ამისთვის მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები იგივე, ხელისუფლებასთან?

ეუთოს რეკომენდაციებში გვიწერია, რომ მინიმუმ ერთი წლით ადრე მაინც უნდა შეწყდეს ცვლილებების შეტანა საარჩევნო კოდექსში, იმისათვის, რომ სუბიექტებს არჩევნებისთვის მომზადების საშუალება ჰქონდეთ, მოასწრონ იმ რეგულაციების შესწავლა, რომელსაც უდგენს საარჩევნო კოდექსი. საარჩევნო კოდექსი კი დღემდე არ გვაქვს ბოლომდე რედაქტირებული.

იმის მიუხედავად, რომ აშშ-ს საელჩო საკმაო მწვავე განცხადებებსაც აკეთებს და ობიექტურ ინფორმაციასაც აწვდის შესაბამის უწყებებს, კლინტონის საქართველოდან წასვლისთანავე მორიგი შეტევა დაიწყო, როგორც მედიაზე, ასევე ოპოზიციურ პარტიებზე. მაგალითად, სამარშრუტო ტაქსებში რადიოს მოსმენას კრძალავენ და ა.შ... ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება მოიმოქმედონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ან რისი გაკეთება შეუძლია თავად ოპოზიიურ სპექტრს?

- სწორედ ამას მოგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაწყებული, არასამთავრობო ორგანიზაციებით დასრულებული, ყველა ამ თემაზე ლაპარაკობს, მაგრამ სამწუხაროდ, ხელისუფლებასთან საუბარი გვიწევს მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, იმიტომ, რომ მაინც არ ითვალისწინებენ არაფერს.

იგივე უწყებათაშორისი კომისიები რომ იქმნებოდა, ხელისუფლებასთან რომ ყოფილიყო მეტი კონსულტაციები, შესაძლოა, უფრო შედეგიანი ყოფილიყო. მაგალითად, ამ კომისიას ადგილზე გადაწყვეტილების მიღების უფლება რომ მინიჭებოდა, წარმოდგენილი ყოფილიყო არასამთავრობო სექტორი, როგორც სიების დაზუსტების კომისიაში, ისეთივე სანქციები რომ განსაზღვრულიყო, როგორც უკანონო შემოწირულობის შემთხვევაში, ეს ხომ უფრო შედეგიანი იქნებოდა.

ამიტომ ვამბობ, რომ ერთია განცხადებები, მაგრამ კონსულტაციები იმისთვის, რომ უფრო ქმედითი გახდეს რომელიმე რეგულაცია, არის მეორე.

იმედს ვიტოვებ, რომ ასეთი კონსულტაციები მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით შედეგს ვერ ვხედავ, რომ რაღაც-რაღაც ადმინისტრაციულ ბერკეტებზე ხელისუფლებას უარი ეთქვას.

ვიზუალურად გვაქვს კომისია, მაგრამ რეაგირებას ვერაფერზე ვერ ვხედავ.

მაგალითად, ოზურგეთის გამგებლის საკითხი (ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში, გამგებელი ოზურგეთის გამგეობის თანამშრომლებს მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების სიების შედგენას ავალდებულებს) უნდა გამხდარიყო რეალური შესწავლის საგანი, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ არაფერი ხდება. ეს ნიშნავს, რომ აქაც შერჩევითად მოხდება რეაგირებები.

სამაგიეროდ „ქართული ოცნების“ ფლეიერებზე მოხდა რეაგირება, ამ შემთხვაში შეიძლება ითქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონი დაარღვია?

- ჩვენი კანონმდებლობით ამომრჩევლის მოსყიდვად ითვლება, როდესაც მას მისცემ რაღაცას, ან მომსახურებას გაუწევ, იმისათვის, რომ მოიპოვო მისი მხარდაჭერა. საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, მოსყიდვად არ ითვლება ისეთი ქმედება, რომელიც შეიძლება მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განხორციელდეს. მაგრამ მე თუ ვეტყვი, რომ თუ ხვალ ხმას მომცემ, მაშინ მანქანას ან მაცივარს გიყიდი, რა თქმა უნდა, იქნება ამომრჩევლის მოსყიდვა, მაგრამ აქაც უნდა განვსაზღვროთ, ის რომ რომელიმე მოქალაქე, პარტიას რაღაცის ჩუქებას სთხოვს, ეს არ ნიშნავს, რომ ეს პოლიტიკური სუბიექტია დამნაშავე. ამომრჩევლის მოსყიდვა განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იმას, რაც ოცნების ბარათში წერია, ამომრჩეველს  მიუტანენ. მაშინ შეიძლება ვისაუბროთ ამომრჩევლის მოსყიდვაზე, მაგრამ როცა ვინმე რამეს გთხოვს და შენ ამას არ ასრულებ, მაშინ რატომ უნდა დადგეს შენი პასუხისმგებლობის საკითხი?

ასე შემიძლია, მეც მივწერო „ნაციონალურ მოძრაობას“, გთხოვთ, მაჩუქოთ მანქანა. რა შუაშია ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“? მაგრამ თუ მაჩუქეს, მაშინ უკვე განახორციელებს ჩემს მოსყიდვას. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე დანაშაულის ნიშნების გამო, მაგრამ  ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო და თუ დამტკიცდება ძიების პროცესში, რომ კონკრეტულ ამომრჩეველს მის მიერ შევსებული ბარათის საფუძველზე საჩუქრად გადასცეს რომელიმე ნივთი, მაშინ შეიძლება ვისაუბროთ მოსყიდვაზე, მანამდე ეს შეიძლება იყოს გამოძიების საგანი და არა პასუხისმგებლობის.

ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადებები, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მომავალ არჩევნებზე ბევრი ახალი სახე ეყოლება. დაგვიანებული ხომ არ არის ეს პროცესი მმართველი პარტიის მხრიდან?

-არ მგონია, დაგვიანებული იყოს, იმიტომ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომელ ოლქში ვინ ეყოლება მაჟორიტარებად წარდგენილი. „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი ხანია, ამომრჩეველთან ურთიერთობა დაწყებული აქვს კონკრეტული პარტიის მხარდაჭერის მიზნით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ინარჩუნებენ ინტრიგას, მაგრამ ძალიან კარგად იციან ადგილობრივმა შტაბებმა და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა, ვინ იქნება სავარაუდო მაჟორიტარი კანდიდატი, ჯერჯერობით, მუშაობა მიდის, რომ მხარი დაუჭირონ „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პარტიას, და საბოლოოდ საზოგადოებისთვის გაცხადდება კიდეც ვინ იქნება კონკრეტულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარად.

„ნაციონალურ მოძრაობას“ დაწყებული რომ არ ჰქონდეს მუშაობა, მაშინ ვიტყოდით, რომ დაგვიანებულია, მაგრამ  ისინი მუშაობენ და თანაც უკვე დიდი ხანია. ჩვენ რომ არ ვიცით, რომელ ოლქში ვინ იქნება მაჟორიტარად, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათაც არ იციან არ არიან ჩამოყალიბებულები და არ მუშაობენ ამ კანდიდატის ხმების მოსაპოვებლად.

რაც შეეხება „ნაციონალების“ პარტიულ სიასა და მის პირველ ნომერს, ხშირად გამოითქმის ვარაუდი, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ კონკრეტულ გვარებს დაასახელებს, შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეიქმნას პარტიაში, მოხდეს განხეთქილება და სააკაშვილს პარტია და თავისი სახელისუფლებო ვერტიკალი, ასე ვთქვათ, დაეშალოს კიდეც, რამდენად რეალურია ასეთი მოსაზრება?

- პარტიულ სიებს უშუალოდ არჩევნების წინა პერიოდში ადგენენ ხოლმე და შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლომდე არც იყოს ჩამოყალიბებული, ვინ ეყოლება პირველ ათეულში. ეს ინფორმაცია თვით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსაც კი მაშინ ექნებათ, როდესაც საარჩევნო კომისიას სიებს ჩააბარებენ. მანამდე ასეთი ინფორმაცია არავის არ ექნება, ვინ იქნება პირველი, ვინ მეორე ან ვინ მოხვდება პირველ ათეულში. ყველას მიმართ იქნება მესიჯი გაგზავნილი, რომ ის იქანება სიაში, მაგრამ ვინ რომელ ადგილზე, ამას სიის ჩაბარების შემდეგ შეიტყობენ, სწორედ ამით ინარჩუნებენ ერთობას.

დღეს რომ ვინმეს უთხრან, შენ სიაში არ იქნები, ან იქნები 149-ე, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი ისეთივე ენთუაზიაზმით აღარ მოეკიდება პარტიულ საქმიანობას.

ანუ რეალურია „ნაციონალურ მოძრაობაში“ შესაძლო დაპირისპირების თემა?

- ეს ისეთი თემაა, რომ ყველა პარტია თითქმის ბოლო წუთს წყვეტს ვინ ეყოლება სიაში და ვინ რომელი ნომერი იქნება.

მოდით ასე  შევხედოთ საკითხს, რატომ აქვთ ხოლმე ოპოზიციურ პარტიებს ერთობის პრობლემა? ეს არის პროპორციული სიის პრობლემა - ადგილების გადანაწილება და ყველა პარტია ასეთ სიას უშუალოდ საარჩევნო კომისიაში სიის შეტანის წინ ავსებს ხოლმე.

მაჟორიტარებთან დაკავშირებით ეს პრობლემა არ არსებობს და მათ ვინაობას გაცილებით ადრე გავიგებთ.

„ნაციონალური მოძრაობა“ არც მალავს, რომ არჩევნების მოსაგებად ყველა რესურსის გამოყენებას აპირებს და ვხედავთ კიდეც როგორ მუშაობს ადმინისტრაციული რესურსი მის სასარგებლოდ. ხელისუფლების ამ პოლიტიკაზე არც საჯარო მხილება მოქმედებს და არც საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები, როგორც თქვენ აღნიშნეთ,  საერთაშორისო დამკვირვებლებიც არ ჩანან. ასეთ შემთხვევაში, რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

- ვფიქრობ, გამოსავალი არის საზოგადოებრივი პროცესების კონტროლი, პირველ რიგში, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა და ეს არის უშუალოდ მოქალაქეების აქტიურობა ამ პროცესების მიმართ. არავინ არ გააკეთებს ჩვენს საქმეს თუ ჩვენ თვითონვე არ გავაკეთეთ. თუ მოქალაქეები არეჩევნებზე არ წავლენ, რას უნდა ველოდოთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გააკეთებს ამას ჩვენს ნაცვლად?

რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, ასეთ შემთხვევაში, ყველაზე ეფექტური არის ჟურნალისტური გამოძიებები, მაშინ როდესაც სახელმწიფოს არ აქვს ნება, აღკვეთოს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება მის სასარგებლოდ, ჟურნალისტური გამოძიების გარდა, დიდი როლი ენიჭება არასამთავრობო ორგანიზაციების ადეკვატურ ჩართულობასაც ამ საკითხებში.