„სახელისუფლებო მედია „ქართული ოცნების“ აქტივისტებზე ზეწოლას ახორციელებს“

„სახელისუფლებო მედია „ქართული ოცნების“ აქტივისტებზე ზეწოლას ახორციელებს“

ქუთაისში „ქართული ოცნების“ აქტივისტი სამი ახალგაზრდა მიხეილ მესხი, მიხეილ ამაშუკელი და გრიგოლ ამბროლაძე დააკავეს. მათ ამომრჩევლის მოსყიდვა ედებათ ბრალად. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული პირების მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებების, აგრეთვე სხვა მოწმეთა ჩვენებების, მედია-საშუალებებით გავრცელებული აუდიო-ვიზუალური ინფორმაციებისა და ოპერატიული ჩანაწერების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ მიიჩნია, რომ გრიგოლ ამბროლაძის, მიხეილ მესხისა და მიხეილ ამაშუკელის ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემისათვის საკმარისი საფუძველი არსებობს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც „ქართული ოცნების“ სამი აქტივისტი საუბრობდა იმაზე, თუ როგორ ჰპირდებოდნენ ისინი მოსახლეობას სხვადასხვა სახის დახმარებას. მოგვიანებით მათ განაცხადეს, რომ ამგავრი განცხადებები მათი შეცდომა იყო და „ქართული ოცნებიდან“ მსგავსი დავალება მათთვის არავის მიუცია, მაგრამ დღეს ისინი ჯერ დაკითხვაზე დაიბარეს და შემდეგ დააკავეს კიდეც.

დაკავებული ახალგაზრდების ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, ეკა ფოფხაძის განცხადებით, პროკურატურამ კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტების დაკავებაზე განცხადება მათ დაკავებამდე ნახევარი საათით ადრე გაავრცელა. ამასთან დაკავშირებით მის კომენტარს საინფორმაციო სააგენტო from.ge ავრცელებს. ფოფხაძის თქმით, პროკურატურის წინმსწრები განცხადება გარკვეულ ეჭვებს აჩენს, რომ სიტუაცია, ცოტა არ იყოს და, ბუნდოვანია.

„ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვიყავით ჩვენს იურისტებთან. იმ მომენტისთვის არანაირ დაკავებაზე არ იყო საუბარი. ბიჭები მოწმის სახით დაიკითხნენ და ივსებოდა ოქმები. დაკავება დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მოხდა. რაც შეეხება უშუალოდ დაკავების ფაქტს, სიტუაცია ცოტა არ იყოს ბუნდოვანია“, - განაცხადა ფოფხაძემ სააგენტოსთან საუბარში. მისი განცხადებით, ახალგაზრდების მიერ ტელევიზიებისთვის მიცემული ინტერვიუს და ჩვენებების გარდა ბრალდების მხარეს არანაირი დამატებითი მტკიცებულებები არ აქვს. საია მიიჩნევს, რომ მხოლოდ ტელევიზიებისთვის მიცემული ინტერვიუს საშუალებით და ამ მტკიცებულებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არაკანონიერია.

გუშინ საღამოს პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დაკავებული ახალგაზრდების საქმესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ეს სამი პიროვნება პარტიის წესდების უხეში დარღვევის გამო, პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ გუშინ პარტიიდან გარიცხა. აქვე „ქართული ოცნება“ აღნიშნავს, რომ მართალია, მათ პარტიის წესდება დაარღვიეს, მაგრამ სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენიათ და ამიტომ, პარტია ახალგაზრდების დაკავებას აპროტესტებს.

„მიგვაჩნია, რომ წინასწარი გამოძიების წარმოებისას არ იყო აუცილებლი ახალგაზრდების მიმართ გამოყენებულიყო ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება, მაშინ, როდესაც არათუ გაუაზრებელი დაპირებისათვის, არამედ გააზრებული და დამთავრებული მოქმედებისათვის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, მათ შორის, დეპუტატები მხილებულნი არიან ამომრჩევლის მრავალგზის მოსყიდვაში. ხელისუფლების წარმომადგენლების მოქმედებაზე შესაბამისი ორგანოების მიერ არანაირი რეაგირება არ მომხდარა“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

პარტიის განმარტებით, ის ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე ხელოვნური ზემოქმედების ნებისმიერ გამოვლინებას ემიჯნება.

„მოვითხოვთ, ახალგაზრდებზე ყოველგვარი ზეწოლის შეწყვეტის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველს მიეცეს მათი დაუყოვნებლივი მონახულების შესაძლებლობა. აგრეთვე მოვითხოვთ, ამღკვეთი ღონისძიების უფრო მსუბუქი სახით შეცვლას და ობიექტურ გამოძიებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მაია ფანჯიკიძისა და თინა ხიდაშელის მიერ სპეციალურად ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე ითქვა, რომ ეს ახალგაზრდები „ქართული ოცნების“ წევრები არ იყვნენ და ეს იყო ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის და „კუდ“-ის მიერ მოწყობილი პროვოკაცია. დღეს კი აღმოჩნდა, რომ ეს პირები კი იყვნენ „ქართული ოცნების“ წევრები, მაგრამ ისინი პარტიის რიგებიდან უკვე გაურიცხავთ.

მომხდართან დაკავშირებით სიტუაციაში უკეთ გასარკვევად presage.tv დაუკავშირდა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრ ვიქტორ დილიძეს, რომელიც ამჟამად ქუთაისში იმყოფება.

დოლიძე ამბობს, რომ გუშინ, სანამ სიტუაციაში უკეთ გაერკვეოდნენ არ იყო ცნობილი, ეს პირები იყვნენ თუ არა „ქართული ოცნების“ წევრები. მოგვიანებით ყველაფერი გაირკვა და აღმოჩნდა, რომ ეს სამი ახალგაზრდა იყო პარტიის წევრი და ისინი პარტიიდან გარიცხეს. მომხდართან დაკავშირებით ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ აქ უფრო სხვა რამ არის მნიშვნელოვანი.

„ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ არიან, პირდაპირ რომ ვთქვათ, დაგეშილები ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები გნებავთ ბავშვებზე, გნებავთ აქტივისტებზე. ეს ჟურნალისტები მოწადინებულები იყვნენ, ამ ახალგაზრდებისთვის როგორმე ეთქმევინებინათ, რომ ვიღაცას რაღაცას დაჰპირდნენ. ამას სჯობს, მოგელაძემ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას მიხედოს, პროკურატურამ  და პირადად ზურაბ ადეიშვილმა კი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილ კანონდარღვევებს მიხედოს, რაც ერთადერთი მიზეზით ხორციელდება, რომ სააკაშვილმა ხელისუფლება შეინარჩუნოს. ეს არის ძალიან სახიფათო თამაში და ხელისუფლებას ვურჩევდი, მას თავი დაანებოს“, - აცხადებს ვიქტორ დოლიძე presage.tv-სთან საუბარში.

მისივე თქმით, ამგვარი სიტუაციაა მთელს საქართველოში და თუ ხელისუფლება ასეთ ქმედებებს თავს არ დაანებებს, უარეს პროტესტს მიიღებს. დოლიძე ამბობს, რომ მისი სურვილია მშვიდ ვითარებაში მივიდეთ არჩევნებამდე, რათა ქართველმა ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთოს.

presage.tv-ს კითხვაზე, რომ შესაძლოა, „რუსთავი2“ ასეთ ფაქტებზე ნადირობს, მაგრამ რატომ გააკეთა „ქართული ოცნების“ აქტივისტმა ტელეკოპმანიასთან საუბრისას განცხადება, რომ მოსახლეობას მატერიალურ დახმარებას ჰპირდებოდა, ვიქტორ დოლიძე ასე პასუხობს, - „ძალიან კარგი კითხვაა, რადგან ჩვენ არ ვართ არაობიექტური ადამიანები და ყოველთვის ვამბობთ იმას, რაც სინამდვილეში ხდება. ვინ ამბობს, რომ ამ ადამიანმა კარგი განცხადება გააკეთა? ეს იყო სულელური და პროვოკაციული განცხადება. სხვა საკითხია, ამ ბავშვს ეს სისულელით მოუვიდა, თუ აქ რაიმე სხვა მიზეზი იყო. მოგეხსენებათ, მან მოგვიანებით განმარტა, რომ მისი ეს განცხადება შეცდომა იყო და მისთვის ასეთი დავალება არავის მიუცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ მართლაც ასე იყო, მაგრამ აქ სხვა რამეზეა საუბარი, რატომ შექმნა „რუსთავი2“-მა ეს სიტუაცია? ორი დღეა „რუსთავი2“ და „იმედი“ ატრიალებენ სიუჟეტებს, რომ თითქოს, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთან მოსყიდვის საშუალებით მუშაობს. პირდაპირ გეტყვით, ეს არის ძალიან იაფფასიანი კამპანია და მშიშარა ხელისუფლებისგან წამოსული მესიჯები და სიმართლე გითხრათ, აქ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით ვარ დაკავებული (როგორიცაა ამომრჩეველთან შეხვედრები), ვიდრე იმაზე ფიქრია, რას და როგორ დაგეგმავენ ისინი“.