მარეგულირებელმა ერთ დღეში დაინახა ის, რასაც ექვსი წელი ვერ ხედავდა

მარეგულირებელმა ერთ დღეში დაინახა ის, რასაც ექვსი წელი ვერ ხედავდა

იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში დემოკრატიის „აყვავებით“ იწონებს თავს, თავისუფალ მედიაზე და გამოხატვის თავისუფლებაზე შეტევა უფრო მწვავე ფაზაში გადადის. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყვითელ სამარშრუტო ტაქსებში რადიოსიგნალი გამორთეს. მძღოლები სიგნალის გამორთვას იმას უკავშირებენ, რომ ისინი ძირითადად ე.წ. ოპოზიციურ რადიოებს, „მაესტროს“, „უცნობსა“ და „კვირის პალიტრას“ უსმენდნენ.

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“ კი განმარტავენ, რომ რადიოსიგნალის გათიშვის მიზეზი სარეკლამო კომპანიის პრეტენზია გახდა. კერძოდ, მოგეხსენებათ, ყვითელ სამარშრუტო ტაქსებში დამონტაჟებულია მონიტორები, რომელთა მეშვეობითაც მგზავრებს რეკლამები მიეწოდებათ. სარეკლამო კომპანია „ელეფანტში“ (რომელიც მიკროავტობუსებში რეკლამაზე მუშაობს) აცხადებენ, რომ რადიოს ხმა რეკლამის ხმას ფარავდა და ამიტომ, „თბილისის მირკოავტობუსს“ მიმართეს თხოვნით, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინათ. როგორ მოაგვარა პრობლემა „თბილისის მირკოავტობუსმა“, ამაზე უკვე ვისაუბრეთ.

გუშინ კი ხელისუფლებამ კიდევ ერთი საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს „მეცხრე არხმა“ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ტელეკომპანიის სიგნალის მიღება ნებისმიერს ჩვეულებრივი სატელევიზიო ანტენით შეეძლო. აღმოჩნდა, რომ „მეცხრე არხს“ კომპანია „სტერეო+“-თან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომლის თანახმადაც, ეს უკანასკნელი თავის სიხშირეზე „მეცხრე არხის“ მაუწყებლობას უზრუნველყოფს. მართლაც „მეცხრე არხი“ ორი დღის განმავლობაში გადიოდა ეთერში, მაგრამ გუშინ საღამოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ „სტერეო+“ დააჯარიმა და „მეცხრე არხის“ გათიშვა დაავალა.

მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, რომ „სტერეო+“-ს მხოლოდ რადიოსიხშირე აქვს და მისი მეშვეობით ახორციელებს „მეცხრე არხის“ ტრანსლირებას, რაც კანონდარღვევაა.

„სტერეო+“-ის დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი მარეგულირებლის ბრალდებებს უაროფს და აცხადებს, რომ კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება, ანუ „მეცხრე არხის“ გათიშვა შეუძლებელია, რადგან საეთერო მაუწყებლობა „მეცხრე არხს“ უნებლიედ მიეწოდება, ისევე, როგორც ეს სხვა ტელევიზიების შემთხვევაში მოხდებოდა.

ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორი კახა ბექაური კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ უწოდებს და განმარტავს, რომ რადიოსიხშირე იმას არ ნიშნავს, რომ მასზე მხოლოდ რადიოს მაუწყებლობა უნდა ხორციელდებოდეს.

კახა ბექაური: „რადიოსიხშირე იმას კი არ ნიშნავს, რომ მასზე მხოლოდ რადიოს გავრცელება შეიძლება. რადიოსიხშირულ სპექტრზე ვიდეოც ვრცელდება და აუდიოც, ანუ ყველა ტელევიზია რადიოსიხშირული სპექტრით ვრცელდება. კომპანია „სტერეო+“-ს აქვს რადიოსიხშირული სპექტრი 71 მეგაჰერცი, რომელზეც „მეცხრე არხის“ სიგნალი გადაიცემა. „სტერეო+“-ს ამის სრული უფლება აქვს, რადგან მას შესაბამისი ლიცენზია გააჩნია და სწორედ ამ ლიცენზიის პირობებით ტელეკომპანია „მეცხრე არხთან“ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ამდენად, ეს პროცესი მთლიანად კანონის ჩარჩოშია მოქცეული.

ეს ყველაფერი რომ კანონიერია, გუშინდელ სხდომაზე თავად მარეგულირებელმა კომისიამაც დაადასტურა. თავად მარეგულირებელმა აღაიარა, რომ ამ ლიცენზიით და იმ ხელშეკრულების საფუძველზე, რაც ჩვენსა და „სტერეო+“-ს შორის გაფორმდა, სრულად გვქონდა იმის უფლება, რომ ჩვენი სიგნალი ამ კომპანიას გაევრცელებინა.

ნებისმიერი ადამიანი, ვინც გუშინდელ სხდომას ესწრებოდა, ან ვინც ამ სხდომის ჩანაწერს ნახავს, დარწმუნდება, რომ ჩვენი საქმიანობა სრულად ჯდებოდა კანონის ჩარჩოებში, მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება კი სრულიად უკანონო და შესაბამისად, მხოლოდ პოლიტიკური იყო. ხელისუფლების მიზანი იყო ის, რომ მოსახლეობას „მეცხრე არხის“ სიგნალი ვეღარ მიეღო.

რის საფუძველზე მოხდასტერეო+“-ის დაჯარიმება?

- ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს და „სტერეო+“-ის დაჯარიმება სრულიად უკანონოდ მოხდა. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს მხოლოდ დაჯარიმება არ ყოფილა. გადაწყვეტილებაში პირდაპირ მითითებულია, რომ „სტერეო+“-მა გადამცემი უნდა გამორთოს, ხოლო თუ ამ მითითებას არ შეასრულებს „სტერეო+“, მაშინ ამას „ალფა კომი“ გააკეთებს.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია თავისი გადაწყვეტილების საფუძვლად რას მიუთითებს?

- აბსოლუტურად არაფერს უთითებს. „სტერეო+“-ს ეუბნებიან, რომ მას არსებული ლიცენზიით ნებისმიერი ტელეკომპანიის მომსახურება შეუძლია. გეტყვით იმასაც, რომ „სტერეო+“-ს უკვე ექვსი წელია, რაც ეს სიხშირე აქვს, ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა ტელეკომპანიებს ემსახურებოდა და მაშინ რატომღაც მასთან ეს პრეტენზია არ ჰქონდათ. ჩვენ რომ კომისიის სხდომაზე ეს კითხვა დავსვით, გვიპასუხეს, რომ მაშინ დარღვევა ვერ აღმოაჩინეს, თორემ „სტერეო+“-ს მიმართ ეს პრეტენზია მაშინაც ექნებოდათ.

გამოდის, რომ ექვსი წელი კომპანია სხვადასხვა არხს უწევდა მომსახურებას და ვერაფერი დააფიქსირეს, ხოლო როგორც კი „მე-9 არხის“ მომსახურება დაიწყო, მაშინვე მის საქმიანობაში რაღაც დარღვევა დააფიქსირეს. ანუ, ერთ დღეში დაინახეს ის, რასაც ექვსი წლის განმავლობაში ვერ ხედავდნენ.

ამჟამად როგორი სიტუაციაა?

- ახლა „სტერეო+“ ანძაზე ტექნიკურ სამუშაოებს აწარმოებს, გადამცემი ჯერჯერობით მუშა მდგომარეობაშია.

მარეგულირებელი კომისიის ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ თქვენ რის გაკეთებას აპირებთ?

- თუ სიგნალი გათიშეს (ჯერჯერობით, ის გათიშული არ არის), ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესების დასაცავად ყველა კანონიერი გზით ვიბრძოლებთ. საქმე იმაშია, რომ ვინაიდან „სტერეო+“ ჩვენს სიგნალს გადასცემდა, ჩვენ ამ ადმინისტრაციულ საქმის წარმოებაში ჩართვა მოვითხოვეთ, თორემ მარეგულირებელმა წარმოება სწორედ მის მიმართ და არა „მეცხრე არხის“ მიმართ დაიწყო. თუ ის უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც მარეგულირებელმა მიიღო, აღსრულდა, რა თქმა უნდა, შესაბამისი კანონიერი პროცედურები დაიწყება.