კონტროლის პალატა ბიძინა ივანიშვილს ახალი ჯარიმისთვის ამზადებს

კონტროლის პალატა ბიძინა ივანიშვილს ახალი ჯარიმისთვის ამზადებს

 

„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ შეტევა გრძელდება. კონტროლის პალატამ ბიძინა ივანიშვილი სამართალდარღვევის სუბიექტად სცნო და ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახური აწარმოებდა პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ კომპანიების "ბურჯის", "ელიტა ბურჯის" და "გლობალ კონსალტინგ გრუპის" ტექნიკური, პერსონალური და სხვა საშუალებების, პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების საკითხის შესწავლას. საქმე ეხება ამომრჩევლებისათვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათეულ ათასობით სატელიტური ანტენების დარიგების და 239 ერთეული სხვადასხვა კლასის ავტომანქანებით შეღავათიანი მომსახურების ფაქტებს.

„მონიტორინგის პროცესში მოპოვებული იქნა მტკიცებულებები (დოკუმენტური, ანალიტიკური, მოქალაქეთა გამოკითხვები და ა.შ.), რომლებიც ადასტურებენ პოლიტიკური კოალიციის მიერ საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის, ზემოაღნიშნული კომპანიების მომსახურების კანონსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტებს, რაც განაპირობებს პოლიტიკური სუბიექტის მიერ კანონით აკრძალული ფინანსური უპირატესობის მიღებას და რაც "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შემადგენლობას ქმნის“, - ნათქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, სამართალდარღვევის სუბიექტად განისაზღვრა გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი, რომლის მიერ, მისი კუთვნილი კომპანიების მეშვეობით ხორციელდებოდა პოლიტიკური და საარჩევნო მოტივაციით, კანონსაწინააღმდეგო სქემების დაფინანსება კანონით დადგენილი რეგულაციების გვერდის ავლის მიზნით.

„საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმები და მასალები საქმის შემდგომი განხილვის მიზნით გაეგზავნა სასამართლოს", - ნათქვამია განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი იურისტი და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ კონტროლის პალატის ეს განცხადება არის არა იურიდიულ საფუძვლებზე დამყარებული, არამედ მთლიანად პოლიტიკურია. აქვე კბილაშვილის განმარტავს, რომ თუკი ზემოთხსენებული კომპანიები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ რაიმე მომსახურებას შეღავათიან ფასად ახორციელებდნენ, ეს რომც იყოს სიმართლე, მაშინ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სამართალდამრღვევს, ანუ ამ სამ საწარმოს და კოალიციაში შემავალ იმ სუბიექტებს, ვინც ასეთი კანონდარღვევით სარგებლობდა.

„მიაქციეთ ყურადღება, კონტროლის პალატის ამ განცხადებაში როგორ ხდება გადასვლა ბიძინა ივანიშვილზე. იქ ნათქვამია, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით გამოიკვეთა ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი. სწორედ ეს ადგილია კონტროლის პალატის განცხადებაში ყველაზე საინტერესო. წესით ეს უნდა იყოს იურიდიული განცხადება, რადგან კონტროლის პალატას არ აქვს უფლება, პოლიტიკური განცხადებები აკეთოს. თუკი ეს იურიდიული განცხადებაა, მაშინ ყველაზე მეტად სწორედ ის გვაინტერესებს, როგორ შემოიყვანეს ამ საქმეში ბიძინა ივანიშვილი. კონტროლის პალატამ მისი სახით X ცვლადი შემოიყვანა და სწორედ ამიტომ ეს არის კლასიკური ნიმუში იმისა, რომ მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც ვალდებულია იურიდიულ განცხადებას აკეთებდეს, აკეთებს პოლიტიკურ განცხადებას“, - აცხადებს არჩილ კბილაშვილი presage.tv-სთან საუბარში.

აქვე იგი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ აღნიშნული კომპანიების მიერ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ რაიმე მომსახურება შეღავათიან ფასად ხორციელდებოდა. კბილაშვილი ამბობს, რომ ყველა მომსახურება, რაც კოალიციას ავტომანქანებთან დაკავშირებით გაეწია, განხორციელდა ხელშეკრულების საფუძველზე, საბაზრო ფასის შესაბამისად, სათანადო ფინანსური დოკუმენტაციის თანხლებით და კანონის მოთხოვნებს ყველანაირად აკმაყოფილებს. რაც შეეხება „გლობალ TV“-ს ანტენებს, არჩილ კბილაშვილი ამბობს, რომ კონტროლის პალატის ამაზე აპელირება საერთოდ ყოველგვარ ნიადაგს მოკლებულია, რადგან ეს არის ჩვეულებრივი კომერციული პროექტი, რომელიც მოსახლეობისთვის სატელიტური ანტენების განვადებით დაყენებას ითვალისწინებს და აქ „ქართული ოცნების“ სასარგებლო შეღავათებზე საუბარი საერთოდ აბსურდია.

„კოალიცია ამ სატელიტურ ანტენებთან საერთოდ არანაირ კავშირში არ არის და კონტროლის პალატის განცხადებაში ამ თემის შემოტანა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს არის პოლიტიკური და არა იურიდიული განცხადება. არანაირი იურიდიული კავშირი ანტენებსა და კოალიციის ინტერესებს შორის არ არსებობს“, - ამბობს იურისტი.

ფაქტია, რომ სამართალდარღვევის ოქმი შედგა და სასამართლოში გაიგზავნა. ამდენად, „ქართულ ოცნებაში“ აღიარებენ თუ არა ამ ბრალდებებს, რასაც მათ კონტროლის პალატა უყენებს, საქმეს შემდგომი მსვლელობა მაინც მიეცემა. სავარაუდოდ, ეს ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმება იქნება და სავარაუდო თანხის განსაზღვრაც რთული არ არის. კერძოდ, კონტროლის პალატის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმე ეხება ზემოთხსენებული კომპანიების მიერ კოალიცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ერთი მილიონი ლარის გაღებას. ამდენად, ვინაიდან კანონით განსაზღვრულია, რომ ასეთ შემთხვევებში ხდება სუბიექტის დაჯარიმება უკანონო შემოსავლის ხუთმაგი ოდენობით, მას შემდეგ რაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილება შევიდა,  (ადრე იყო ათმაგი ოდენობა) რთული მისახვედრი არ არის, რომ ივანიშვილს კონტროლის პალატა 5 მილიონი ლარით დაჯარიმებას უპირებს.

„კონტროლის პალატამ ბიძინა ივანიშვილი სამართალდამრღვევად მიიჩნია, რატომ ჩათვალა ასე, ეს გაუგებარია და ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ახლა სასამართლოს უფლება აქვს, ან დაადასტუროს ან უარყოს კონტროლის პალატის ეს მოსაზრება, მაგრამ რა თქმა უნდა, სასამართლო ამას დაადასტურებს, რადგან იგი დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებებს ვერ ღებულობს. ამდენად, შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ სასამართლო ბიძინა ივანიშვილს  დააჯარიმებს და ეს იქნება ამ პატარა ამოცანის ამოხსნა. ალბათ აქაც გარკვეული კონტექსტის წაკითხვა შეიძლება. კერძოდ, ალბათ თვლიან, რომ 27 მაისის მაღალმა ტალღამ დაიწია და კონტრიერიშისათვის  სათანადო დროა. ეს არის ის, რაც პირველი მაფიქრდება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ხელისუფლების ამ ნაბიჯს საზოგადოებაში კიდევ უფრო უარყოფითი რეზონანსი ექნება“, - აცხადებს არჩილ კბილაშვილი.