"ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი გასაიდუმლოებული ღამეული შეხვედრის დეტალები

დღეს, გვიან საღამოს, "ნაციონალური მოძრაობის " ოზურგეთის ოფისში "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დახურული შეხვედრა გამართეს. 

მათი გასაიდუმლოებული სტუმრობის შესახებ "გურია ნიუსს" მაშინვე აცნობეს, თუმცა, იქ მისულებს "ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ოფისი დახურული დაგვხვდა. კარებთან მდგომმა "ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ოფისის საორგანიზაციო მდივანმა დიტო შარაძემ, კითხვაზე რა ხდებოდა ოფისში, ასეთი პასუხი გაგვცა.:

_ რაღაც ისეთი შეხვედრაა, ვერ შეგიშვებთ. რატომ ინტერესდებით ასე? ეს არის დახურული შეხვედრა, _ გვითხრა შარაძემ.

დაახლოებით ერთი საათის ლოდინის შემდეგ, მიხეილ მაჭავარიანმა "გურია ნიუსს" ინტერვიუ მისცა.

ბატონო მიხეილ, რას უკავშირდება თქვენი ჩამოსვლა?

_ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავდივართ რაიონებში ძალიან ინტენსიურად, სპეციალურად შევარჩიეთ არასამუშაო საათები, რადგან პარტიის თავმჯდომარეები არიან თანამდებობის პირები. ჩვენ გვაინტერესებს ორი მიმართულებით მუშაობა _ რა პროექტები კეთდება და ხორციელდება გურიაში. ეს პროექტები უნდა მოხმარდეს ჩვენი ხალხის კეთილდღეობას, წინსვლა, რომელიც არის ქვეყანაში უნდა აისახოს თითოეულის ოჯახზე; გვაინტერესებს, როგორ მიდის სადაზღვევო პროგრამების გახორციელება. მოგეხსენებათ, რომ სექტემბრიდან ყველა პენსიონერს, ბავშვს და სტუდენტს ვაზღვევთ. რაც შეეხება სოფლის განვითარების პროგრამებს, ამ კუთხით მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა.

იქნებ, დაგვისახელოთ, კონკრეტულად რომელ სოფელში მიმდინარეობს მსგავს პროექტებზე მუშაობა?

_ რომ გამოვიარე, მთელ გურიაში გურულები მუშაობენ. დავინახე და ძალიან გამიხარდა.

ბატონო მიხეილ, რატომ იყო შეხვედრა დახურული?

_ მე ვწყვეტ, როგორი იქნება პარტიული ფორმატის შეხვედრა. თქვენ გინდათ ღია შეხვედრები? ამის შემდეგ გავითვალისწინებთ.

რატომ არ გვეძლევა უფლება ჟურნალისტებს, დავესწროთ მსგავს შეხვედრებს, მით უმეტეს თურმე, როცა საქმე გურიაში გასახორცილებელ და გახორციელებულ პროექტებს ეხება?!

_ ყველა საკითხზე იყო საუბარი. როცა იქნება ღია შეხვედრა და მოსახლეობასთან აუცილებლად გაგაგებინებთ.

ბატონო მიხეილ, "გურია ნიუსი" პირველი მედიასაშულება იყო, რომელმაც გამოაქვეყნა ინფორმაცია, როგორ იბარებდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ყველა საჯარო მოხელეს, აიპებში დასაქმებულებს, სოფლის რწმუნებულებს, მართავდნენ გასაიდუმლოებულ შეხვედრებს, სადაც სთხოვდნენ მათ, რომ მოეტანათ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი მინიმუმ ათი კაცის სია და პირადობის მოწმობის დამადასტურებელი ნომრები. არის თუ არა ეს ზეწოლა და რამდენად კანონიერია მათი ეს ქმედება?

_ მე ამ შემთხვევაში სრულიად დამაკმაყოფილა იმ პასუხმა, რომელიც ბატონმა ილია ვაშაყმაძემ გასცა კითხვებს ამ ინფორმაციის შესახებ. ამავე დროს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოვალეობის შემსრულებელი ილია ვაშაყმაძე არის პარტიის თავმჯდომარე.

ანუ მას სრული უფლება აქვს, ასეთი ქმედებები კვლავ გააგრძელოს?

_ ჩვენ ყველაფერს კანონის ჩარჩოში ვაკეთებთ. აი, დღევანდელი შეხვედრაც კანონიერად მიმაჩნია.

ბატონო მიხეილ, მე კონკრეტულად საკრებულოს თავმჯდომარესა და გამგებელზე გეკითხებით.

_ თუ თქვენ მომაწოდებთ კონკრეტულ ფაქტებს და ჩანაწერებს, კი, ბატონო, ვნახოთ.

_ უკავშირდებოდა თუ არა დღევანდელი თქვენი ჩამოსვლა ილია ვაშაყმაძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს?

_ გუშინწინ მე ვიყავი ონში, იმის წინ თერჯოლაში, სამტრედიაში, ბაღდადში და ხვალ კიდევ სხვა რეგიონებში გავაკეთებ შეხვედრებს. არ ვიცი, იქნება თუ არა ეს ინფორმაცია "გურია ნიუსისთვის" საინტერესო, თუმცა, გაგაგებინებთ. მე ვარ გენერალური მდივანი და ვაწარმოებ შეხვედრებს კანონის ფარგლებში.

_ ბატონო მიხეილ არის თუ არა ცნობილი, ვინ იქნება მაჟორიტარობის კანდიდატები გურიაში?

_ თქვენ გინდათ, რომ ერთი ჩამოსვლით ყველაფერი გადავწყვიტოთ და დავამთავროთ? ინტრიგა ხომ უნდა შევინარჩუნოთ? ხომ უნდა დაგაინტერესოთ, რომ ჩამოვალ, ისევ მოხვიდეთ და კითხვები დაგვისვათ?

როგორც გვითხრეს, ამ თემაზე საუბარი დღევანდელ შეხვედრაზე უნდა ყოფილიყო.

_წყაროს აღარ უნდა ენდოთ, _ გვითხრა მაჭავარიანმა.