სააკაშვილის არჩევანი - ტოტო კუტუნიო თუ ჰილარი კლინტონი

სააკაშვილის არჩევანი - ტოტო კუტუნიო თუ ჰილარი კლინტონი

საქართველოში ჰილარი კლინტონის ვიზიტს მთელი საქართველო მოუთმენლად ელოდა, რადგან გაზრდილი იყო მოლოდინიც, რომ კლინტონი ამერიკიდან მნიშვნელოვან მესიჯებს ჩამოიტანდა. მანაც იმედები არ გაგვიცრუა და საკმაოდ საინტერესო განცხადებები გააკეთა, მაგრამ ახლა ამაზე არ შევჩერდებით. კლინტონის საქართველოში ვიზიტს თან ახლდა ერთი საინტერესო და ნიშანდობლივი მომენტი - აეროპორტში მის დამხვდურებს შორის რატომღაც არ იყო მიხეილ სააკაშვილი, რამაც კითხვები გააჩინა.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების ამერიკის ადმინისტრაციისადმი დამოკიდებულება ყოველთვის მოწიწებით გამოირჩეოდა და ამერიკაც საკმაოდ ანებივრებდა სააკაშვილის გუნდს. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში კი, რაც ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, ამერიკის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებისადმი ისეთი ლმობიერი აღარ არის და ეს ჩვენს მმართველ გუნდსაც აშკარად დაეტყო. ამერიკის ელჩის, ჯონ ბასის რამდენიმე მწვავე შეფასების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უცხოელი დიპლომატების მიმართ ისეთი განცხადებები აკეთეს, რაც დიპლომატიის ჩარჩოებში აშკარად არ ჯდებოდა. ამიტომაც, როდესაც ჰილარი კლინტონს აეროპორტში მიხეილ სააკაშვილი არ დახვდა, საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, ხომ არ იყოს ეს მისი მხრიდან ერთგვარი პროტესტი, ან რეალობიდან გაქცევის მცდელობა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ პროტოკოლის თანახმად, სააკაშვილი არც უნდა დახვედროდა ჰილარი კლინტონს, რადგან რანგით სახელმწიფო მდივანი საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე დგას, მაგრამ სააკაშვილის მიერ არც შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების აეროპორტში დახვედრა არის სავალდებულო. მაგალითად, შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა პომპეზური დახვედრა მოუწყო იტალიელ მომღერალ ტოტო კუტუნიოს, ასევე, თითქმის, მთელი დღე ჰოლივუდის მსახიობ შერონ სთოუნს მიუძღვნა და ამ ფონზე სააკაშვილი მთელი დღის განმავლობაში ჰილარი კლინტონის დასახვედრად მოწყობილ ღონისძიებებზე არსად გამოჩენილა. მათი შეხვედრა დღის მეორე ნახევარში პირისპირ გაიმართა. მანამდე კი, პრეზიდენტი თავისი საქმეებით იყო დაკავებული, თითქოს, კლინტონი ერთი რიგითი ჩინოვნიკია, რომლის საქართველოში ვიზიტი არც ისე მნიშვნელოვანია.

საპარლამენტო ფრაქციის „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრი გია ცაგარეიშვილი კი აცხადებს, რომ სააკაშვილის დანიშნულება არის ის, რომ როგორმე თვითონაც გაერთოს და ხალხიც გაართოს.

„სააკაშვილი აუცილებლად უნდა დახვდეს აეროპორტში ტოტო კუტუნიოს და არა მხოლოდ მას, არამედ ხელოვნების დარგში მოღვაწე ყველა ადამიანს. სააკაშვილის დანიშნულება სწორედ ეს არის, რომ როგორმე თვითონაც გაერთოს და დამშეული და გაუბედურებული ხალხი გაართოს. რატომ ხვდება კუტუნიოს და რატომ არ ხვდება კლინტონს, უმჯობესია თავად სააკაშვილს ჰკითხოთ, თუმცა, თქვენ ამას ვერ მოახერხებთ“, - ამბობს გია ცაგარეიშვილი.

მისი თქმით, ზოგადად, ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, ალბათ, სააკაშვილი ფიქრობს, რომ კლინტონი არ არის მისი რანგის ფიგურა.

„სააკაშვილი ხომ თავს საქართველოს პრეზიდენტად თვლის, ამიტომ, იგი ამ ქვეყანაში ჩამოსულ პრეზიდენტებს ან კუტუნიოს ხვდება, სხვას არავის“, - აღნიშნავს ცაგარეიშვილი. 

პოლიტიკური ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ პროტოკოლი თავისას ითხოვს და ჰილარი კლინტონს აეროპორტში ნიკა გილაური და გრიგოლ ვაშაძეც არ უნდა დახვედროდნენ. ამდენად, საქართველომ პროტოკოლს გადააჭარბა. რაც შეეხება შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებთან ურთიერთობას, რამაზ საყვარელიძის თქმით, პოლიტიკოსები თავს უფლებას აძლევენ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან არაპროტოკოლური ურთიერთობები ჰქონდეთ.

„პროტოკოლში ყველა დეტალს თავისი დატვირთვა აქვს და რომელიმე სხვა კოლეგას რომ არ გაუკვირდეს, ამიტომ პრეზიდენტის მიერ ამერიკის სახელმწიფო მდივნის აეროპორტში დახვედრა არ იქნებოდა მიზანშეწონილი“, - აღნიშნავს ექსპერტი.

ფსიქოლოგი მარინა ჩიტაშვილი აცხადებს, რომ პროტოკოლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს სრული უფლება ჰქონდა ჰილარი კლინტონს არ დახვედროდა, მაგრამ რის მიხედვით აკეთებს სააკაშვილი არჩევანს შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებსა და ამერიკის სახელმწიფო მდივანს შორის,  გაუგებარია. მისი თქმით, ვინაიდან სააკაშვილი კრიტიკულ სიტუაციებს თავს არიდებს ხოლმე, შესაძლოა, ეს რეალობიდან გაქცევის მცდელობაც იყოს.

„საერთოდ რის მიხედვით აკეთებს სააკაშვილი არჩევანს ამერიკის სახელმწიფო მდივანს და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ამ უკანასკნელების სასარგებლოდ, ეს ჩემთვის უცნობია. ვინაიდან პრეზიდენტს სჩვევია, რომ კრიტიკულ სიტუაციაში თვითონ არასოდეს არის უშუალოდ ჩართული, შესაძლოა, ესეც იყოს სიტუაციიდან გაქცევის ერთ-ერთი ხერხი“, - აცხადებს მარინა ჩიტაშვილი presage.tv-სთან საუბარში.

რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ სამწუხაროა, თუკი ქვეყნის პირველი პირი აეროპორტში ხვდება ტოტო კუტუნიოს, მაგრამ ამერიკის სახელმწიფო მდივანს უნდა დახვედროდა რანგით მისი შესაფერისი ფიგურები.

„სახელმწიფო მდივანს პროტოკოლის მიხედვით ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა დახვედროდა. ამიტომ, ეს საგანგეშოდ არ მეჩვენება. უბრალოდ, სამწუხაროა, თუკი ქვეყნის პირველი პირი აეროპორტში ტოტო კუტუნიოს ხვდება“, - აღნიშნავს თინა ხიდაშელი.

პოლიტიკური ექსპერტი სოსო ცისკარიშვილიც აღნიშნავს, რომ პროტოკოლი არ ითვალისწინებს ქვეყნის პირველი პირის მიერ რომელიმე ქვეყნის სახელმწიფო მდივნის, ან საგარეო საქმეთა მინისტრის დახვედრას. შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს კი პრეზიდენტი ხვდება, როგორც მელომანი და არა როგორც სახელმწიფო მოღვაწე. ამიტომ, ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ბევრად უფრო გაუგებარი იქნებოდა, სააკაშვილი რომ აეროპორტში დახვედროდა ჰილარი კლინტონს.

„ბევრად უფრო გაუგებარი იქნებოდა, სახელმწიფო მდივანს რომ პრეზიდენტი დახვედროდა, ისევე როგორც გაუგებრობაა, მას რომ პრემიერ-მინისტრი ხვდება. სახელმწიფი მდივანს უნდა ხვდებოდეს საგარეო საქმეთა მინისტრი, რადგან სხვა სახელმწიფოთა ტერმინოლოგიით სახელმწიფო მდივანი სწორედ საგარეო საქმეთა მინისტრი გახლავთ“, - აღნიშნავს სოსო ცისკარიშვილი.