ერთპარტიულობის პრიორიტეტი

ერთპარტიულობის პრიორიტეტი

საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკური შეხედულების თავისუფლება და რომელიმე პარტიაში გაწევრიანება კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული. ყოველ შემთხვევაში, კონსტიტუციის 26-ე მუხლში სწერია, რომ „ყველას აქვს საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ ორგანული კანონის შესაბამისად შექმნან პოლიტიკური პარტია, სხვა გაერთიანება და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში“.

აქვე ისიც არის ნათქვამი, რომ „პირი, რომელიც ჩაირიცხება სამხედრო ძალების, ან შინაგან საქმეთა ორგანოების პირად შემადგენლობაში, გამწესდება მოსამართლედ ან პროკურორად, წყვეტს პოლიტიკური გაერთიანების წევრობას“ და გასაგებია, ეს გადაწყვეტილება რატომაც არის მიღებული. ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არ შეიძლება, პირი რომელიმე პარტიისადმი იყოს მიკერძოებული.

სხვა საკითხია, ეს რამდენად სრულდება და ამ კატეგორიის ხალხი რამდენად არ არის პოლიტიკურად მიკერძოებული. ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ კონსტიტუციით პოლიტიკური პარტიის წევრობა საქართველოს მოქალაქეების უფლებაა და ჩამოთვლილი კატეგორიის გარდა, ყველას, მათ შორის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება შეუძლია. ვიმეორებთ, ეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და ნებისმიერი საკანონმდებლო ნორმა, წერილობითი თუ ზეპირი ბრძანება, რომელიც კრძალავს ადამიანის ამ უფლებას ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

Presage.tv-სთვის კი ცნობილი გახდა, რომ საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს პარტიებში გაწევრიანებას უკრძალავენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურების დატოვება მოუწევთ.

რა თქმა უნდა, აქ საუბარია კონკრეტულად ივანიშვილის კოალიციაზე, თორემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობისთვის რომ არავინ არავის გაათავისუფლებს, ცხადია.

როგორც ეს ადამიანები ამბობენ, მათ აფრთხილებენ, რომ ზოგადად, პარტიის წევრები არ უნდა გახდნენ, რაც თავის მხრივ კონსტიტუციის უხეში დარღვევაა და მეორე, ამ სამსახურებში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია, „ნაციონალების“ აქტივისტებად ითვლებიან, მაგრამ ამის გამო, მათ სამსახურიდან არავინ ათავისუფლებს. ამიტომაც ადვილი მისახვედრია, რომ ეს მხოლოდ ივანიშვილის კოალიციას ეხება.

იმის გამო, რომ ბრძანება ზეპირია, ოფიციალურად ამის დამტკიცება ძნელია. მაგრამ თუკი იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ პედაგოგებს სკოლებიდან არათუ მათი, არამედ ოჯახის წევრების პოლიტიკური შეხედულებების გამო ათავისუფლებენ, რაზეც რამდენიმე დღის წინ პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ამ ადამიანებმა თავად ისაუბრეს, ადვილი დასაჯერებელია, რომ ეს ვითარება იქნება სხვა უწყებებშიც.

ეს ყველაფერი საქართველოს დღეს მოქმედი კონსტიტუციის დარღვევაა, რომლის დაცვის გარანტი, წესით, თავად სახელმწიფო უნდა იყოს.

სახელმწიფოს კონკრეტული ჩინოვნიკების მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაუსჯელი რომ რჩება, მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ეს სახელმწიფო პოლიტიკაა და ეს გადაწყვეტილება ქვეყნის მმართველი პირების მხრიდან მოდის. შესრულება კი, როგორც ჩანს, არც ისეთი „პროფესიონალურია“, რომ საზოგადოებისთვის გაუგებარი და ეჭვმიუტანელი დარჩეს. 

ცხადია, ასეთი რამ არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება და ადამიანს სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულების, თუ რომელიმე პარტიის წევრობის გამო სამსახურებიდან არ ათავისუფლებენ. ამიტომაც საინტერესოა, უწყებათაშორისი კომისია, რომელმაც ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენების პრევენცია უნდა მოახდინოს, ამ საკითხზე თუ მოახდენს რეაგირებას. ბოლოს და ბოლოს, ერთპარტიული სისტემა საბჭოთა კავშირის კრახის შემდეგ თუ კიდევ აქტუალური იქნებოდა, ძნელი წარმოსადგენი იყო.