საქართველოს მომავალს პუტინის აჩრდილი აწევს, მაგრამ სააკაშვილმა შეცდომები დაუშვა

საქართველოს მომავალს პუტინის აჩრდილი აწევს, მაგრამ სააკაშვილმა შეცდომები დაუშვა

 

უკრაინის პოლტიკაში არაერთი ცვლილებების და ევრაზიული კავშირის მომავლის შესახებ გაკეთებული პროგნოზების შემდეგ, გავაანალიზოთ საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია. თუმცა ვიდრე ქვეყნის საშინაო პოლიტიკას გავაანალიზებდეთ, მოკლედ უნდა მიმოვიხილოთ რეგიონში არსებული სიტუაცია.

როგორც ეს ადრეც ითქვა, 2004-2011 წლებში უკრაინა და საქართველო იმ მთავარ მოედნად იქცა, სადაც დასავლეთი და რუსეთი ძალების მოსინჯვით იყვნენ დაკავებულნი. შედეგად ამ პოლიტიკურმა ორთაბრძოლებმა შეცვალა ამ ქვეყნებში არსებული სიტუაცია და პოლიტიკური რეალობა. რუსეთმა არსებულ პოზიციას ორი განსხვავებული სტრატეგიის წყალობით მიაღწია, განახორციელა რა ის ცხოვრებაში კლასიკურ საბჭოთა სტილში. ნატოს ექსპანსიის შესაჩერებლად კრემლს ორი სპეციფიკური გარემოება სჭირდებოდა. პირველი გარემოება მდგომარეობდა უკრაინული მთავრობის ნების შეცვლაში, რაც მოხდა კიდეც ხელისუფლებაში პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალების მოსვლით.

მეორე გარემოება, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა ქვეყნის ნატოში გაწევრიანების აღკვეთა, ან როგორც მინიმუმ შენელება, მდგომარეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში, რადგან ასეთ შემთხვევაში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის კანდიდატი ვერ გახდები. სწორედ ეს მეორე გარმოება იქნა უზრუნველყოფილი საქართველოში 2008 წლის აგვისტოში, რის შემდეგაც რუსეთმა თავისი ძალისხმევა უკვე უკრაინისკენ მიმართა.

ისარგებლა რა საქართველოს შემადგენლობაში ორი პატარა სეპარატისტული რეგიონის არსებობით, რომელთა თვითგამოცხადებული მთავრობების პოზიცია ყოველთვის პრორუსული იყო (რადგან სწორედ რუსეთმა ჩამოაყალიბა ისინი), მოსკოვმა შეძლო თბილისთან შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღება და შემდეგ სამხედროების დახმარებით ამ ტერიტორიების (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) ოკუპირება, მიუხედავად იმისა, რომ მისი ეს ნაბიჯი პოლიტიკურად მთელმა მსოფლიომ დაგმო.

2008 წლიდან დღემდე, რეგიონალურ სცენაზე ცოტა რამ თუ შეიცვალა. გაეროს და ევროკავშირის მრავალიცხოვანი რეზოლუციების და ცალკეულ სახელმწიფოთა მთავრობების მოწოდებების მიუხედავად, რუსეთი გარე ზეწოლას არ ექვემდებარება და არ გაჰყავს ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის, რომ საგარეო პოლიტიკისა და იმის გარდა, რომ ყველა ცალკეულ ქვეყანას აქვს კანონიერი მისწრაფება დაიცვას საკუთარი ნაციონალური ინტერესები, რუსეთს და საქართველოს შორის მტრული ურთიერთობები განპირობებულია ამ ორი ქვეყნის ლიდერს, ვლადიმერ პუტინსა და მიხეილ სააკაშვილს შორის არსებული პერსონალური კონფლიქტით.

სააკაშვილის მმართველობის შესანიშნავი დასაწყისისა და ბევრი დემოკრატიული რეფორმის წარმატებით განხორციელების შემდეგ, 2009 წელს პოზიტიური ცვლილებები შენელდა. სააკაშვილის მეორე (და უკანასკნელი) მანდატის ამოწურვის მოახლოებასთან ერთად მნიშვნელოვნად გაუარესდა ქვეყანაში საშინაო პოლიტიკის ხარისხი. საქართველოს მთავრობა ალიბის სახით იყენებს პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსულ საფრთხეს და რუსეთიდან მმართული „პოლიტიკოსი-მარიონეტების“ შესაძლო ჩანერგვას.

ბოლო ტენდენცია იმაში მდგომარეობს, რომ სააკაშვილი ცდილობს არ დაკარგოს კონსენსუსი და აღკვეთოს პოლიტიკურ სცენაზე ოპოზიციის პოპულარული კანდიდატის გამოჩენა, იყენებს რა ლოზუნგს „შესაძლო კოლაბორაციონიზმში ეჭვმიტანილი“. მაშინ როდესაც, რუსეთის მხრიდან ქართულ პოლიტიკაში ჩარევის რისკი აბსოლუტურად რეალურია, ცხადია, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის დათმობას არ აპირებს ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. გარდა ამისა, პრორუსულად განწყობილ პოლიტიკურ ძალებს საქართველოში საკმაოდ კარგად იცნობენ, ამიტომ დანარჩენი ოპოზიციის კოლაბორაციონიზმში დადანაშაულება – საკმაოდ სახიფათო გზაა.

კერძოდ, ბოლო თვეებში პრორუსულ ურთიერთობებზე მინიშნებებმა, კიდევ უფრო განარისხა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი მისამართით ბრალდებები დაუსაბუთებელია. სააკაშვილის რიტორიკაც უფრო ავტორიტარულია, ვიდრე ეს იყო გარკვეული ხნის წინ. მისი მმართვის მეთოდი – მხოლოდ საკუთარ პარტიასთან და მთავრობის ყველაზე ერთგულ პირებთან ერთად; ასევე ის, რომ ის არასდროს პირადად არ შეხვედრია ქვეყნის ოპოზიციურ ძალებს – საგანგაშოა და შეშფოთების საფუძველს ქმნის.

გარდა ამისა, პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლები ძალიან წინააღმდეგობრივია. მთავრობა მუდმივად ცდილობს, რომ ქვეყნის მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის ჩვეულებრივი სამუშაოები (რაც, რა თქმა უნდა, შექებას იმსახურებს) გაასაღოს, როგორც განხორციელებული დემოკრატიზაციის დადასტურება. სინამდვილეში მანამ, სანამ საქართველო ნამდვილი დემოკრატიზაციის მშენებლობის პირველ ეტაპს დაასრულებს, წინ რთული სამუშაოა ჩასატარებელი.

„ავტორიტარული“ მმართველობა სააკაშვილისა, რომელიც ცდილობს ქვეყნის ყველა დარგის გაკონტროლებას და მასზე ზეგავლენას, ევროპელ პოლიტიკურ ანალიტიკოსებში ბევრ ეჭვს აჩენს.

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების საქმიანობის ახლოს გაცნობისას, უამრავ პრობლემას აღმოჩენთ. აღსანიშნავია, რომ ნამდვილად თავისუფალი პოლიტიკური ინფორმაცია უკიდურესად შეზღუდულია, ხოლო მრავალრიცხოვან სატელევიზიო არხებს და წამყვან პრესას, ყოველ შემთხვევაში ნაწილობრივ მაინც, სააკაშვილის მთავრობის წარმომადგენლები აკონტროლებენ. (საქართველოს მედიის თემა ძალიან რთულია და ცალკე დეტალურ შესწავლას მოითხოვს).

შესაძლოა, ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ საქართველომ დღემდე ვერ შეძლო თავისუფალი სასამართლო სისტემის შექმნა, რომელიც ქვეყანაში კონსტიტუციური კანონიერების გარანტი გახდებოდა. მართალია, სიტუაციის გაუმჯობესებისკენ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა, როგორც ჩანს, ამ მიმართულებით ბოლომდე სვლის რეალური პოლიტიკური ნება, უბრალოდ არ არსებობს. მართალია, ქართული პოლიცია მართლაც არ არის კორუმპირებული, მაგრამ ის თავიდან ბოლომდე და სრულად მხარს უჭერს სააკაშვილს, და შესაბამისად, ქვეყნის ნდობა არ აქვს.

როგორც ჩანს, „დემოკრატიზაციამ“ სწორ გზას საქართველოშიც გადაუხვია და თუკი ეს სწრაფად არ გამოსწორდა, წარსულში გაწეული რთული სამუშაო, ფუჭი აღმოჩნდება. სამწუხაროდ, ჩვენ, ევროპელებს არ გვძალუძს მოვლენათა განვითარების შეცვლა. დღევანდელი გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ევროკავშირს არ შეუძლია საქართველოსთვის მეურვეობის გაწევა, როგორც ეს იყო ლიტვის და ლატვიის შემთხვევაში.

და ბოლოს აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ ანტაგონიზმს რუსეთს და საქართველოს შორის მოჰყვება ის, რომ აშშ დიდი ხნით დარჩება საქართველოს უპირატეს მოკავშირედ, მაგრამ დემოკრატიზაციის განხორციელება ქვეყანაში მხოლოდ შიგნიდან არის შესაძლებელი, და როგორც ჩანს, სააკაშვილის მთავრობა ამ რთულ ამოცანას ვერ უმკლავდება.
foreignpress.ge