„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა (VIDEO)

„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა (VIDEO)

 

კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის ოფისიდან შინ საკუთარი ავტომანქანით ბრუნდებოდა. მისი განცხადებით, თავდამსხმელები მას სარკინიგზო გადასასვლელთან ჩაუსაფრდნენ. შეჩერებულ ავტომანქანაში ერთ-ერთმა თავდამსხმელმა შეღწევა მოახერხა და ქარდავას დახრჩობა სცადა. მან კი გაქცევის მიზნით უკუსვლა გადაწყვიტა, თუმცა თავდამსხმელმა საჭის მართვაში ხელი შეუშალა და ავტომანქანა რკინის ბოძს შეეჯახა.

დაზიანებული ავტომანქანიდან ქარდავა სამმა თავდამსხმელმა ძალის გამოყენებით გადმოაგდო და რკინის ხელკეტით სცემა, შემდეგ კი, უგონო მდგომარეობაში მყოფი მიატოვა და ხობის მიმართულებით „აუდის“ მარკის ავტომანქანით გაუჩინარდა. ნახევარი საათის შემდეგ მამუკა ქარდავამ ადგომა და საკუთარ მანქანასთან მისვლა მოახერხა, თუმცა პირადი ნივთები გატაცებული დახვდა. თავდამსხმელებს შემთხვევით მხოლოდ მობილური ტელეფონი გადაურჩა. სატელეფონო ზარებით მან მეგობრებისგან დახმარება ითხოვა.

შემთხვევის ადგილზე მალევე გამოჩნდნენ „ქართული ოცნების“ ხობისა და სენაკის ორგანიზაციების, საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრები. ინციდენტიდან ორი საათის შემდეგ  ნოჯიხევთან ხობის პოლიციის უფროსი, ლექსო რაფავა, მისი მოადგილეები, დათა ახალაია და ირაკლი ჯობავაც გამოცხადდნენ.

ახალაია presage.tv-სთან გაკეთებულ კომენტარში ირწმუნებოდა, რომ მომხდარზე გამოძიება სსს-კოდექსის 276-ე მუხლით, ავტოავარიის ფაქტზე აღიძრა. ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებს არაფერი უთქვამთ თავდასხმის მიზეზებზე, თავდამსხმელების ვინაობასა და დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

თავისა და სხეულის არეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებებით მამუკა ქარდავა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ხობის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მასზე განხორციელებულ თავდასხმას მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს და აცხადებს, რომ მასში ძალოვანი უწყებების თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

მამუკა ქარდავა მიმდინარე წლის 10 მარტს ხობში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასაც იხსენებს და ამბობს, რომ შეჯახების შედეგად მძიმედ დაშავებულს მომხდარი მაშინ შემთხვევითობად მიაჩნდა. დღეს კი მას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ავტოავარია მის მიმართ დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო.

კოალიციის ხობელი ლიდერი presage.tv-სთან მისი და შტაბის სხვა წევრების მიმართ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული დევნის, შანტაჟისა და ძალადობის  მრავალ ფაქტს იხსენებს. ქარდავას განცხადებით, ერთ-ერთი უკანასკნელი ინციდენტი 18 მაისს, ირაკლი ალასანიას მიერ ჭალადიდში გამართულ შეხვედრაზე მოხდა, როცა ხობის გამგეობის თანამშრომლებმა და ხელისუფლების ე.წ. ზონდერ ჯგუფებმა ალასანიასთან დაპირისპირება და მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს.

მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად საზოგადოებასა და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია. იგი „ქართულ ოცნებას“ საკუთარი მხარდამჭერების დასაცავად უფრო მეტი ქმედითი ღონისძიებების გატარებას ურჩევს.

მამუკა ქარდავამ ხობის სამედიცინო ცენტრი დილის 6 საათზე დატოვა. ექიმების განმარტებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მკურნალობის კურსს იგი ბინაზე გაივლის. ქარდავას მოსანახულებლად დღეს ხობში ირაკლი ალასანია ჩადის.

ნოჯიხევში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს საგანგებო განცხადებაც გაავრცელა: „ხობში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ძალაუფლების დაკარგვით შეშინებული, ხელისუფლებაში მყოფი მაფიოზური კლანის რეალური სახე. მათ ისღა შეუძლიათ, რომ ბნელ ღამეში ქურდულად მიეპარონ ოთხნი და ხელკეტებით სცემონ ერთ ადამიანს. ასეთი ქმედებით მათი არსებობის დასასრული კიდევ უფრო სწრაფად ახლოვდება. ღამ-ღამობით თარეშსაც მალე მოეღება ბოლო და ყველა დამნაშავე - ბრძანების გამცემიც და აღმსრულებელიც კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს ჩადენილ დანაშაულზე. „ქართული ოცნება” ოქტომბერში გაიმარჯვებს და სამართლიანობას დაუყოვნებლივ აღადგენს, მაგრამ დღეს მოქმედ ხელისუფლებას კიდევ აქვს დრო, გონს მოეგოს და აღასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება. მივმართავთ ორი დღის უკან შექმნილ უწყებათაშორის კომისიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება მომხდარ დანაშაულზე და მოსთხოვოს სამართალდამცავ ორგანოებს, განახორციელონ ყველა საჭირო ქმედება დამნაშავეების გამოსავლენად“, -ნათქვამია განცხადებაში.