რუსთავის შსს-ს წყალობით ,,ქართულ ოცნებას “ აქტივისტები ემატება

რუსთავის შსს-ს წყალობით ,,ქართულ ოცნებას “ აქტივისტები ემატება

რუსთავში ,,ქართული ოცნების“ გახსნის დღეს პარტიის ლიდერებმა ქვემო ქართლის რეგიონის კოორდინატორად ზვიად ძიძიგური დანიშნეს. “ქვემო ქართლში ჩვენი გენერალი ზვიად ძიძიგური იქნება“ - ასე წარუდგინეს პარტიის ლიდერებმა რუსთაველებს ძიძიგური.

დღეს ,,გენერალ“ ძიძიგურს ქვემო ქართლის სხვადსხვა რაიონებში შსს ადგილობრივ მაღალჩინოსნებთან  “ბრძოლა“ უწევს. მერაბიშვილის უწყების რუსთავის, მარნეულის  და თეთრიწყაროს განყოფილებები ერთმანეთს  ეჯიბრებიან, ვინ უფრო მოხერხებულად დაუდებს ფეხს “ქართულ ოცნებას“. ამ ბრძოლაში ამ ეტაპზე თეთრიწყარო ლიდერობს, თუმცა დიდად ნიჭიერი რიგითი კადრების არყოლის გამო ახალი ანეგნოტების მთავრი თემაც  ხდება.

„თეთრიწყაროს ოფისი კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით ავიღეთ. გავაფორმეთ შესაბამისი ხელშეკრულება და რწმუნებულობები. ამის შემდეგ ოფისის ოფიაციალურ გახსნაზე ჩავედით. აღმოჩნდა, რომ ჩვენს ჩასვლამდე ორი დღით ადრე ამავე სახლში ხელისუფლებამ სამაჩაბლოდან დევნილი ოჯახი ჩაასახლა. საუბარია დევნილ მოქალაქე თამაზ ელიაურზე.

აღმოჩნდა, რომ 2008 წლის ამბების შემდეგ ეს ადამიანი ამ სახლში სამადლოდ შეიფარეს. შემდეგ მთავრობამ მას საცხოვრებელი ფართი მისცა, სოფელ კოდაში. მისი ამჟამინდელი საცხოვრებლის მისამართია სოფელი კოდა მე-7 კორპუსი, ბინა №5.

როდესაც გაიგეს, რომ ჩვენ ამ სახლში ოფისს ვხსნიდით ეს ადამიანი ისევ დააბრუნეს და სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად სახლის კიბესთან დასვეს. დევნილი ბ-ნი თამაზი ადგილობრივ სოციალურ სამსახურში მუშაობს, მეუღლე პედაგოგი ჰყავს და აქ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ როდესაც ხელისუფლება მცირეწლოვან ბავშვებს ზურგს უკან იმალება  ეს სამარცხვინოა“ - უხნიდა დღეს ჟურნალისტებს ბრიფინგზე, ზვიად ძიძიგური.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის გადაღებულ კადრებში თეთრიწყაროს პარტიის სადავო  ოფისთან მომხადრი ინციდენტია ასახული. ჩანს, რომ სახლის ეზოში, რომელიც ივანიშვილის პარტიის მიერაა დაქირავებული სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცები შედიან. „თუ ოჯახის ახლობელი ხარ, მითხარი რა ქვია ოჯახის უფროსის მეუღლეს, ან ბავშვებს?“ - სახლის ჭიშკართან მდგომი ძიძიგური ეკითხებოდა მოქალქეს, რომელიც ოჯახის ნათესავად აცხადებს თავს და სახლში შესვლას ცდილობს. „ამისი კი არა ჩემი შვილების სახელები არ ვიცი“ - პასუხობს სამაჩაბლოდან დევნილის „ნათესავი“.

ძიძიგური დღეს ბრიფინგზე  „ნათესავების“ საკითხსაც შეეხო. „ეს ადამიანები, ვინც ნათესავებად ასაღებდნენ თავს, იყვნენ ბასიშვილის ლეგენდარული ზონდერ–ჯგუფის წევრები: სასო ასკილაშვილი, ზურაბ რომელაშვილი, ჯანო ჯავახიშვილი და თავად  შოთა ბასიშვილი“ - აღნიშნა ძიძიგურმა.

თეთრიწყაროს გარდა, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე რუსთავის „ქართული ოცნების“ წევრებიც საუბრობენ. მამუკა მატკავა, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ ფართი მიაქირავა, დღეს  ივანიშვილის პარტიის წევრი გახდა, ამისთვის კი  „ქართულმა ოცნებამ“ მადლობა რუსთავის  შსს უნდა უთხრას. „მას შემდეგ, რაც „ქართულ ოცნებასთან“ დავდე ხელშეკრულება, რუსთავის პოლიციაში დამიბარეს. მათ დამკითხეს და დამაწერინეს, რომ ვითხოვ „ქართულ ოცნებასთან“ დადებული ხელშეკრულების შეწყვეტას. ამის შემდეგ მოვიდნენ ჩემს ოჯახში, დაკითხეს დედაჩემი, გამოიკითხეს ჩემი ოჯახის წევრების დასაქმების ადგილი და სხვა მონაცემები.მითხრეს ასე დავდივართ ყველა ოჯახში-ო. მე  გავიკითხე და გავიგე, რომ სამეზობლოში ჩემს გარდა არავისთან ყოფილან. ამ ზეწოლის გამო, მე უკვე თვითონ ვერთვები ბრძოლაში და დღეიდან ,,ქართული ოცნების“  წევრი ვხდები“ - განაცხადა ბრიფინგზე,  მამუკა მატკავამ.