პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, მიხეილ მაჭავარიანი ამბობს, რომ დავით გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს და დაძაბულობა მალე მოიხსნება. თუმცა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებაზე - „დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტრის ნაწილი სადავო ტერიტორიას არ წარმოადგენს და ის საბჭოთა კავშირის დროიდან აზერბაიჯანის ტერიტორიად ითვლება“, - კომენტარს არ აკეთებს. შეგახსენებთ, რომ ამის შესახებ კალანდაძემ გუშინ გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე იმ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, 6 მაისიდან უდაბნოს მონასტერში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან და ქართველ სასულიერო პირებსა და ტურისტებს იქ არ უშვებენ. საქართველოს ხელისუფლება როგორ აფასებს ამ პრობლემას, მუშაობა როგორ მიმდინარეობს და ასევე, როგორ გადაწყვეტს პარლამენტი დღეისთვის ისეთ აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებს, როგორიც არის ივანიშვილისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიცემა, presage.tv პარლამენტის პირველ ვიცესპიკერს, მიხეილ მაჭავარიანს ესაუბრა. მიხეილ მაჭავარიანი: მე ვიცი, რომ სამთავრობო კომისიის მიერ, რომელიც საზღვრების დემარკაციის საკითხზე მუშაობს, ყოველთვის დგება ეს საკითხი და ჩვენი მხრიდან არის თხოვნა, რომ, ვიდრე საბოლოოდ დადგინდება საზღვრის ხაზი, არ იყოს ხელშეშლა საქართველოს მოქალაქეებისა და იმ ტურისტებისთვის, ვისაც ამ კომპლექსის დათვალიერება მთლიანად უნდათ და აზერბაიჯანული მხარე ამ საკითხს განსაკუთრებული გაგებით ეკიდება. გართულება აქამდეც იყო. თუ გახსოვთ, ერთი პერიოდი ვითარება დაიძაბა, მაგრამ შემდეგ მოიხსნა ასევე მოლაპარაკების შედეგად, ვითარება ახლაც დაიძაბა და მე იმედი მაქვს, რომ ეს საკითხები მოიხსნება. მე ადრეც გითხარით, რომ მოლაპარაკებების ყველა დეტალი საჯარო ვერ იქნება. ვერ მოგიყვებით იმ დეტალებს, თუ მათი პოზიცია რა არის, ჩვენი რა არის და ა.შ. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ დღეს, ვიდრე საზღვარი დადგინდება, საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტებს არ ჰქონდეთ ძეგლის მონახულების პრობლემა. როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აკეთებს განცხადებას, რომ გარეჯის მონასტრის ერთი ნაწილი არის აზერბაიჯანისკუთვნილება და აქ სადაო არაფერია, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ქართული მხარე ამ საკითხს დახურულად მიიჩნევს და მასზე არანაირიმოლაპარაკების გამართვას აღარ აპირებს? - მიმდინარეობს ქართულ-აზერბაიჯანული დემარკაციის კომისიის მუშაობა და ეს კომისია მუშაობს ბევრ საკითხზე, მათ შორის, - ამ საკითხზე. რომ აგიხსნათ, დემარკაციის კომისია როგორ მუშაობს, - ვთქვათ, არის სამასკილომეტრიანი მონაკვეთი, მიდიან კილომეტრ-კილომეტრ, რაღაცაზე თანხმდებიან, რაღაცაზე - ვერა. ვინაიდამ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ საბოლოოდ შეთანხმებულნი არა ვართ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც საკითხები დაგვრჩა მოსაგვარებელი. პარლამენტი ამ საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობას არ იღებს? - პარლამენტი დემარკაციის კომისიაში ჩართული არ არის. დემარკაციის კომისია არის სამთავრობო კომისია. ჩვენ აზერბაიჯანთან გვაქვს მეგობრობის ჯგუფი და, როდესაც ჩვენი დელეგაცია ხვდება აზერბაიჯანულ დელეგაციას, აფიქსირებს, რომ ეს საკითხი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა კონკრეტიკაში მე ვერ ჩავალ, რადგან ასეთი კომენტარები შემდეგ გაუგებრობებს იწვევს. მეორე პრობლემაა საკონსტიტუციო ცვლილება, რადგან ხელისუფლების მიერ ივანიშვილისთვის გამოცხადებული ცვლილება მასარჩევნებში მონაწილეობის საშუალებას მაინც არ აძლევს. რა ფორმით ჩამოყალიბდება ეს ცვლილება? - ვნახოთ. იქნება სხდომა და გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რაზეც „ქრისტიან-დემოკრატები“ და ჩვენ შევთანხმდებით. ჩვენი ფორმულირება ძალიან მარტივია, - ივანიშვილს ჰქონდეს უფლება, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. მე როგორც კანონს ვკითხულობ, დღეს არანაირი შეზღუდვა არ არის. მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ თემა გაიხსნას და ამისთვის ყველანაირ კომპრომისულ ვარიანტს გამოვძებნით. არის შანსი, რომ მას ამის საშუალება კონსტიტუციის შეცვლით კი არა, სხვა საშუალებით მიეცეს? - როგორ? იურიდიულ ნიუანსებს ჩვენ აღარ განვიხილავთ. ჩვენთვის ახლა ყველაზე მთავარია, რომ ეს თემა დამთავრდეს და ამისთვის ახლა ყველაზე მოკლე გზა ეს არის. |