ბურჯანაძის თანმიმდევრული გზა: ხალხისკენ და არა ოპოზიციისკენ

ბურჯანაძის თანმიმდევრული გზა: ხალხისკენ და არა ოპოზიციისკენ

 

პოლიტიკურ სივრცეში უკანასკნელ თვეებში პარადოქსული ვითარება შეიქმნა. სუბიექტები გადაჯგუფდნენ და ურთიერთობაც მათ შორის, ერთი შეხედვით, თითქოს გაირკვა. ზოგი ხელისუფლებისაა (ღიად თუ ფარულად), ზოგი – ივანიშვილის, მაგრამ არის, ასე ვთქვათ, „მიუმხრობლების“ ბანაკიც. ერთ–ერთ ინტერვიუში „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სრულიად სამართლიანად აღნიშნა, რომ ნაცვლად ხელისუფლებაზე თავდასხმისა, ოპოზიციური ძალები სწორედ მას ესხმიან თავს.

ეს არ იყო წუწუნი (ბურჯანაძეს უმალ მრისხანებას დასწამებ, ვიდრე წუწუნს), არამედ ოდენ ფაქტის კონსტატაცია. ყველაზე ხშირად კოალიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან თავდასხმებს სწორედ ბურჯანაძის მისამართით გაიგონებთ. ეს სიტყვიერი პაექრობა ორკუპლეტიანი სიმღერის რეფრენს ემსგავსება, რომელშიც კოალიციიდან ჯიუტად აცხადებენ, რომ ბურჯანაძესთან არ ითანამშრომლებენ, ხოლო ბურჯანაძე კვლავ იმეორებს, რომ არ აპირებს, ვინმეს კალთები დაახიოს.

მთელი ამ პაექრობის განმავლობაში მხოლოდ პოლიტიკაში სრულიად ჩაუხედავი ადამიანი ვერ მიხვდება იმას, რაზეც პოლიტიკური ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მიუთითებს: „ერთმანეთზე თავდაუსხმელობის მორატორიუმი ორივე პოლიტიკური ძალისთვის ხელსაყრელი იყო, მაგრამ დღეს ისინი პრაქტიკულად ერთმანეთის დაძირვაზე მუშაობენ. ეს კი ჩემთვის მართლა გაუგებარია, რადგან ბურჯანაძეს ამ შემთხვევაში, გაცილებით მეტი ზიანის მოტანა შეუძლია „ქართული ოცნებისთვის“, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ ბურჯანაძისთვის და ეს რატომ ვერ გათვალეს, უბრალოდ ვერ ვიგებ“.

მართლაც გაუგებარია, რას ემსახურება პერმანენტული თავდასხმები ბურჯანაძეზე, მით უფრო, რომ თავად ორგზის პარლამენტის თავმჯდომარე და ორგზის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არასოდეს დასხმია თავს ივანიშვილს და პოლიტიკურ სარბიელზე მის გამოსვლას მიესალმა კიდეც. არავისთვის არის საიდუმლო, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არიან ისეთი სუბიექტები, რომელთათვისაც ბურჯანაძის პერსონა მიუღებელია. პოლიტიკასთან ამას ნაკლებად აქვს კავშირი. ერთნი იმას უფრთხიან, რომ ბურჯანაძის კოალიციაში ყოფნა მათ ხმასა და გავლენას შეასუსტებს, მეორენი კი ლექტორისა და სტუდენტის დამოკიდებულების კომპლექსებისგან ვერ თავისუფლდებიან. ცნობილია, რომ კოალიციის დღევანდელ ლიდერთა არაერთი წარმომადგენელი სწორედ ბურჯანაძის სტუდენტი იყო.

კითხვაზე, ხომ არ არის გამოწვეული ეს დაპირისპირება კონკურენციის შიშით, ბურჯანაძემ უპასუხა: „გაცილებით უკეთესია, ეს იყოს კონკურენციის შიში, ვიდრე რაიმე სახის ვალდებულება, რომელიც გამორიცხავს ოპოზიციის გაერთიანებას და საბოლოოდ, პოზიტიური მიზნის მიღწევას“. ივანიშვილის ბანაკში მყოფი დიპლომატების განცხადებებისგან განსხვავებით, ეს მართლაც დიპლომატიური და პოლიტიკურად გამართლებული პასუხი იყო.

კოალიციაში გოგი თოფაძის მისვლამ ბურჯანაძის მიმართ შექმნილი მყარი ტრენდი ერთგვარად წონასწორობიდან გამოიყვანა. მან ღიად განაცხადა, რომ ნინო ბურჯანაძე და „ქართულ ოცნება“ ერთად უნდა იყვნენ, თუკი კოალიციას მართლაც სურს გამარჯვება. გარდა ამისა, ყბადაღებული საუბარი „განსხვავებული“ ორიენტაციის შესახებ აბსურდს დაემსგავსა: დავითაშვილსა და ძიძიგურზე რომ არაფერი ვთქვათ, რომლებიც ჟირინოვსკის ხვდებოდნენ (ხოლო კოალიციის წევრები ბურჯანაძეს პუტინთან შეხვედრის გამო ამუნათებდნენ), „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა თოფაძე, რომელიც დაუფარავად ნეგატიურად არის განწყობილი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ.

მეორე საკითხი, რაზეც კოალიციის წევრები აპელირებდნენ, იყო ბურჯანაძის მიერ არჩეული ქუჩის აქციების გზა. თუმცა, ახლახანს, თავად ივანიშვილის ბანაკმა მოუხშირა აქციებზე საუბარს და 27 მაისისთვის მასობრივი საპროტესტო აქციაც დააანონსა. ამდენად, ადრე გამოთქმული პრეტენზიები და არგუმენტები, თუ რატომ ვერ იქნებიან ბურჯანაძესთან ერთად, გაბათილდა, თუმცა ამას რეალური ვითარება არ შეუცვლია.

რაც შეეხება ქუჩის აქციებს, რომელსაც სახალხო კრებამ მიმართა, ამასთან დაკავშირებით ბურჯანაძე აცხადებს: „სამი წლის წინ ვთქვით, რომ ამ საარჩევნო გარემოს არაფერი ეშველება მოლაპარაკებებით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით, მაგრამ დღეს დაიწყეს ლაპარაკი (კოალიციის წევრებმა, რომლებიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში მონაწილეობდა – ნ.დ.), რომ თურმე, საარჩევნო გარემო არ გაუმჯობესებულა. სამი წლის წინ ითქვა, რომ თუ არ იქნება საზოგადოების მხრიდან მასობრივი ნების გამოვლენა, არაფერი გამოვა და იძახონ, რომ რევოლუციაა ეს და ქვეყნის დაქცევა. 26 მაისამდე წლინახევრით ადრე ჩვენ რომ გვამუნათებდნენ, საერთოდ ქუჩის აქციებზე როგორ ლაპარაკობენო, იგივე ადამიანები რა სინდისით ამბობენ, რომ ქუჩის აქციები დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია?

არც 26 მაისი იყო და არც, როგორც თვითონ ამბობენ, არასანქცირებული მიტინგი, არც ჯოხები, არაფერი არ იყო 2010 წლის 25 ნოემბერს, როდესაც კრების დამფუძნებელ დოკუმენტებში ეწერა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, მედიის თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება, პოლიციის დეპოლიტიზაცია. როდესაც არ მოგვცეს დარბაზი, არცერთ ოპოზიციონერს მაშინ ხმა არ ამოუღია“.

რამდენჯერ უნდა ახდეს პასტორ ნიმიოლერის სიტყვები, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა დასკვნა გამოიტანონ? „როდესაც კომუნისტებს მიადგნენ, მე ხმა არ ავიმაღლე, რადგან კომუნისტი არ ვიყავი. შემდეგ პროფკავშირებს მიადგნენ. არც მაშინ ავიმაღლე ხმა, რადგან პროფკავშირში არ ვიყავი. მერე ებრაელებზე გადავიდნენ, მაგრამ არც მაშინ ვიყვირე, რადგან არც ებრაელი ვიყავი. ბოლოს კი მე მომდგნენ, მაგრამ აღარავინ იყო დარჩენილი, რომელიც ხმას ამოიღებდა ჩემს დასაცავად“.

სოლიდარობაზე ქართული პოლიტიკური სპექტრი თითქოს აცრილია. ამასობაში კი სააკაშვილის რეჟიმმა ნაბიჯ–ნაბიჯ მოიპოვა განუსაზღვრელი ძალაუფლება და რიგ–რიგობით გაუსწორდა ოპონენტებს. სახალხო კრება ქუჩაში გააგდეს, ეს კრების არჩევანი არ ყოფილა. ვერც დიპლომატიურმა კორპუსმა ვერ შეძლო, დათმობაზე წამოეყვანა ხელისუფლება, რომ კრებისთვის დარბაზი გამოეყოთ. ორჯერ უკვე ჩაშლილ ღონისძიებას კრება მესამედაც თუ ჩაშლიდა, იგი „მარცხის სინდრომიდან“ ვეღარასოდეს გამოვიდოდა და ამიტომაც გაიმართა სახალხო კრება რუსთაველის გამზირზე.

რაც შეეხება 2011 წლის 26 მაისს, აქ მართლაც სანიმუშო თვითლუსტრაციასთან გვაქვს საქმე. მანამდე უფლებადამცველებად ცნობილმა პირებმა ერთბაშად საბჭოთა კავშირის დაისის ხანის კომუნისტების ლექსიკით დაიწყეს საუბარი. მიტინგს მათ არასანქცირებული უწოდეს და მისი დაშლა (მათი ტერმინია, თორემ სინამდვილეში ეს გაუგონარი სისასტიკის დარბევა იყო) გაამართლეს. არც საქართველოს კონსტიტუცია, არც საერთაშორისო სამართალი არ იცნობს ტერმინს „არასანქცირებული მიტინგი“. ადამიანებს უფლება აქვთ, გამოხატონ პროტესტი როგორც ჭერქვეშ, ისე ღია ცის ქვეშ და ამას არავის სანქცია არ სჭირდება.

სხვათა შორის, 28 მაისს, როცა „დუმილის აქციაზე“ ათასობით ადამიანი გამოვიდა რუსთაველის გამზირზე 26 მაისს მიტინგის დარბევის გასაპროტესტებლად, იქ ერთ ყმაწვილს მაისური ეცვა წარწერით „ჯონ ბასი – საქართველოს შაჰ–აბასი“. ეს პასუხი იყო იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა წინასწარ დაადასტურა მიტინგის დარბევის მიზანშეწონილობა.

ბურჯანაძის ოპონენტებმა იჩქარეს ყველაფრის მისთვის გადაბრალება, რადგან ეს მეტად მოსახერხებელი მომენტი იყო არასასურველი კონკურენტის ჩაძირვისა. მიუხედავად იმისა, რომ საამისოდ ყველა პირობა არსებობდა – ხელისუფლების „კეთილი ნებისა“ და ოპოზიციის სულსწრაფობის ჩათვლით, ბურჯანაძემ მარათონისთვის მზადყოფნა აჩვენა. ხელისუფლების „კეთილ ნებაზე“ ნუ შევჩერდებით – იგი ყველაზე მკაფიოდ წყნეთის აგარაკის მაგალითზე გამოვლინდა, რომელიც თავიდან ბოლომდე, ერთი შეხედვით, აბსურდის, სინამდვილეში კი – პოლიტიკური კონიუნქტურის მკაფიო ნიმუშს წარმოადგენდა, რადგან ასევე უფასოდ ან სიმბოლურ ფასად გადაცემული აგარაკები, ბინები, მიწის ნაკვეთები სააკაშვილის ხელისუფლებას უკვე ჩვევად ექცა, ოღონდ იგულისხმება, რომ საჩუქრის მიმღები ლოიალური უნდა იყოს საჩუქრის გამცემისადმი. რაკი ბურჯანაძის ლოიალობა ვერ მიიღო, სახელისუფლო მანქანამ ყველა ბერკეტი აამუშავა შავი პიარის ჩათვლით.

ოპოზიციის სულსწრაფობა კი სწორედ იმით იყო გამოწვეული, რომ ხელისუფლებისგან დისტანცირებული ბურჯანაძე (ორ–ორჯერ ქვეყნის პირველი და მეორე პირი) მათ ნამდვილად არ სჭირდებოდათ ოპოზიციის რიგებში. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ არსებული ხელისუფლების ყველაზე რეალური კონკურენტები, როგორც უკანასკნელი წლების არაერთი სახელისუფლებო ცვლილება გვიჩვენებს მსოფლიოში, სწორედ უმაღლესი თანამდებობიდან წასული და მმართველ ძალასთან დაპირისპირებული პირები ხდებიან. მეორეც – ჩვენს ჭრელ და თითქმის, მხოლოდ სახელ–გვარებით განსხვავებულ პოლიტიკურ ლიდერებს მუდმივად აქვთ იმის პრობლემა, თუ ვინ იქნება პირველი. ამ პირველის ადგილზე რეალური პრეტენდენტი, თუნდაც იგივე დასავლეთისთვის ან რუსეთისთვის სწორედ ბურჯანაძე შეიძლებოდა ყოფილიყო.

ამ მოცემულობაში ბურჯანაძე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. რაკი ყველაზე მწვავე, კრიტიკული სტატიები მაქვს მასზე უკანასკნელი წლების განმავლობაში გამოქვეყნებული, იმ პოზიტივსაც აღვნიშნავ, რომელსაც მნიშვნელობა არამარტო ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური კარიერისთვის აქვს.

პირველი: ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობისგან განსხვავებით, ბურჯანაძემ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ნამდვილად გამოამჟღავნა ტრანსფორმაციის, მოქნილობის, სხვისი აზრის გათვალისწინების უნარი. სხვათა შორის, ამ თვისებების არქონა იყო ყველაზე დამაბრკოლებელი მისთვის პოლიტიკური მოღვაწეობის წინა ეტაპებზე. გზა სიხისტიდან ლიბერალურობამდე (ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით) ჩვენი ოპოზიციის უდიდეს ნაწილს ჯერ კიდევ გასავლელი აქვს, თუ რა თქმა უნდა, ამის უნარი აღმოაჩნდებათ.

მეორე: 2003 წლიდან დღემდე ბურჯანაძის პოზიცია პირადად ჩემთვის (და, ალბათ, არამარტო ჩემთვის) ხშირად ყოფილა კრიტიკის საგანი, მაგრამ მიუხედავად ნახსენები ტრანსფორმირებისა, ამავე დროს იგი ყოველთვის თანმიმდევრული იყო. ზოგადად, არათანმიმდევრულობა ჩვენი ოპოზიციის სერიოზული სენია. ეს უთუოდ პოზიტივია, რომელიც ხვალინდელ დღეზე მუშაობს.

მესამე: ბურჯანაძე აღმოჩნდა იმ ვითარებაში, როდესაც ოპოზიცია მის მიმართ ხელისუფლებაზე მეტად თუ არა, ნაკლებად მტრულად როდი იყო განწყობილი. მაშინ მან ერთადერთი სწორი ნაბიჯი გადადგა და ხელისუფლების წყაროს – ხალხს დაეყრდნო. ვითარებაში, როდესაც არც ხელისუფლება და არც ყველაზე სერიოზულად მოაზრებული ოპოზიციური ძალა ხალხს ყურს არ უგდებს, სწორედ სახალხო კრება აღმოჩნდა ის ინსტიტუტი, სადაც ხალხი და პოლიტიკოსები ერთმანეთს ეკამათებიან. ეს ფაქტორი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თუ სააკაშვილის ხელისუფლებას კვლავაც ხალხისადმი ბრმა და ყრუ ძალა ჩაააცვლებს, ხალხისთვის ეს ბევრს არაფერს შეცვლის.

შეიძლება ითქვას, რომ ბურჯანაძისთვის 2008 წლიდან პოლიტიკური ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო. იგი თავისუფალია ყველაზე სერიოზულ მარცხზე – აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობისგან, მას წილი არ უდევს ხელისუფლებასთან უშედეგო მოლაპარაკებებსა თუ გარიგებებში, იგი თავისუფალია პოლიტიკური ვალდებულებებისგან და მას მხარს სახალხო–წარმომადგენლობითი კრება უჭერს.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ხელისუფლება ყველა ზომას მიმართავს, რათა კრება დაშალოს (ეს ტერმინი პიარისთვის გამოიყენება ხოლმე, როცა ერთი–ორი კაცის ხმაურიანი გასვლა ვითომდა „დაშლას“ ნიშნავს), ან დაასუსტოს თავად ბურჯანაძე უსაგნო, წვრილმანი კამათითა და იმის მტკიცებით, რომ ის აქლემი არ არის. ბურჯანაძეს ეს სკოლა გავლილი აქვს და ამ გზით მისი დამარცხება რთული იქნება (ეს 26 მაისი შემდეგაც გამოჩნდა), მაგრამ ხანგრძლივი პოზიციური ბრძოლები, როგორც წესი, ლიდერებს სტრატეგიული ნაბიჯების გააზრების დროს აღარ უტოვებს.

მთავარია, ბურჯანაძემ გაითვალისწინოს, რომ ხელისუფლებისა და „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, მას დრო აქვს. დრო მასზე იმუშავებს, თუ იგი პოლიტიკური ფრონტის გაფართოებას მოახერხებს, რის ნიშნებიც ბოლო პერიოდში ნამდვილად გამოიკვეთა.