ქართულ დემოკრატიას ევროკავშირის დახმარება სჭირდება

ქართულ დემოკრატიას ევროკავშირის დახმარება სჭირდება

 

მიხეილ სააკაშვილის ერთგულება დემოკრატიისადმი სულ უფრო დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, ამიტომ ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს.

ექვს თვეზე ნაკლები დარჩა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე. ეს არჩევნები პოლიტიკური ტესტია პროცესში ჩართული პარტიებისთვის და ამავე დროს სერიოზული გამოცდაა იმისა, თუ რამდენად ერთგულია მიხეილ სააკაშვილის მთავრობა დემოკრატიას და როგორი გავლენა აქვს ევროკავშირის მოწოდებებს პოლიტიკური პლურალიზმისკენ. 

15 მაისს ევროკომისია წარმოადგენს თავის სამოქმედო გეგმას საქართველოსთვის. ჩვენ ველით მძლავ სიგნალს იმისას, რომ ევროკავშირი დიდი ყურადღებით დააკვირდება საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიას და ბოლომდე მიადევნებს თვალს იმას, თუ როგორ შესრულდება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მოწოდება ჭეშმარიტი მრავალპარტიული სისტემის შექმნისკენ. მაგრამ სიტუაცია ცუდად გამოიყურება. საქართველოს მთვარობა იგნორირებას უკეთებს ევროპის საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მრავალჯერად რეკომენდაციებს დემოკრატიის განმტკიცების შესახებ.

2011 წლის დეკემბერში მთავრობამ შემოიღო პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ისეთი კანონი, რომელიც მძიმე ტვირთად დააწვა ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას. გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა თავისუფლების საკითხებში განაცხადა, რომ ეს კანონი “როგორც ჩანს, მნიშვნელოვნად არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონს.” მარტში ასობით ოპოზიციური აქტივისტი დაიკითხა – ეს იყო დაშინების სისტემატური და თავხედური პროცესი, რომელიც დაგმო ქვეყნის ომბუდსმენმა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და დასავლურმა მთავრობებმა “თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები” მოითხოვეს, დაკითხვები შეჩერდა, მაგრამ მცირე ხნით: როგორც კი ყურადღება შენელდა, დაკითხვები განახლდა. ოპოზიციის მხარდამჭერებს და მათი ოჯახის წევრებს დღეს სამთავრობო დაწესებულებებიდან ათავისუფლებენ. “ წლის საუკეთესო მასწავლებელი”, ოპოზიციის მხარდაჭერისთვის სამსახურიდან დაითხოვეს, სულ რაღაც რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც მან ეს წოდება მიიღო.

სამაუწყებლო მედიის დიდი ნაწილი მთავრობის კონტროლის ქვეშ რჩება. არსებობს შემაშფოთებელი ცნობები, რომ ყალიბდება მოხალისეთა გასამხედროებული რაზმები, რომლებმაც საქართველო უნდა დაიცვან გაურკვეველი “მტრისაგან”.

გასულ ოქტომბერში, ბიძინა ივანიშვილს, “ქართული ოცნების” ლიდერს კოალიციისას, რომელშიც რესპუბლიკური პარტიაც შედის, პრეზიდენტის ბრძანებულებით მოქალაქეობა ჩამოართვეს და ეს მოხდა სულ რამდენიმე დღეში მას შემდეგ,რაც მან პოლტიკაში შემოსვლაზე განცხადება გააკეთა. მოქალაქეობის აღდგენის მისეული მცდელობები ჩაშალა მთავრობის ყალბმა გადაწყვეტილებამ. ჩემი პარტია იმ კოალიციის წევრი იყო, რომელმაც სააკაშვილი 2003 წელს ხელისუფლებაში მოიყვანა, მაგრამ “ვარდების რევოლუციასთან” დაკავშირებული იმედი მალე გაქრა. ჩვენ მმართველი კოალიცია 2004 წლის დასაწყისში დავტოვეთ, რადგან ცხადი გახდა, რომ მას სურს ძალაუფლების კონცენტრირება საკუთარ ხელში, სასამართლოზე, მედიაზე და ბიზნესზე ტოტალური კონტროლის დაწესება. მას შემდეგ, რაც 2007 წელს სასტიკად დაარბია ოპოზიცია, ამ ავტორიტარულმა, გაუწონასწორებელმა ლიდერმა კატასტროფული შეცდომა დაუშვა და 2008 წელს საქართველო რუსეთთან ომში შეიყვანა.

ხოლო, როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადის ბოლო მოახლოვდა, მან საკონსტიტუციო ცვლილებები გაატარა. ამ ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტის ძალაუფლება, გადაეცემა შემდეგ პრემიერ-მინისტრს, რომელიც თანამდებობას 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიკავებს. არ არის გამორიცხული, რომ ის მიბაძავს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და ამ როლს საკუთარ თავს მიანიჭებს.

კოალიცია “ქართული ოცნება” განსხვავებულ მიდგომას გვთავაზობს. ჩვენ გვინდა ისეთი ქვეყანა, სადაც მთვარობა ანგარიშვალდებულია და არა “მკაცრი მმართველი”, რომელიც ვოლუნტარისტულ გადაწყვეტილებებს იღებს. ჩვენ სერიოზულად ჩავერთვებოდით იმ მოლაპარაკებებში, რომელიც ევროკავშირის ეგიდით მიმდინარეობს და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მომავალს ეხება, რაც ასახავს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისა და რუსეთთან ურთიერთობათა ნორმალიზების ჩვენს სურვილს. მაგრამ ჩვენ არ ვთხოვთ ევროკავშირს და ნებისმიერ სხვა გარეშე ინსტიტუტს ფავორიტიზმს – ჩვენ მხოლოდ სამართლიანობა გვინდა.

ევროკავშირმა უნდა განამტკიცოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ მოწოდებები, მან უნდა მოითხოვოს მთავრობისგან მისი დაპირებებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება. ევროკავშირი აპრილის ბოლოს მედიის მონიტორინგის პროგრამის ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ ახლა ისაა საჭირო, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ სასწრაფოდ მიაქციოს ყურადღება მთელ საარჩევნო პროცესს. ამომრჩეველთა სიები განსაკუთრებული შეშფოთების საგანია. იმისთვის, რომ შემცირებულიყო მანიპულაციების შესაძლებლობა, ყველა მთავარი ოპოზიციური პარტია გასულ წელს ამომრჩეველთა ბიომეტრულ რეგისტრაციას ითხოვდა. მთავრობამ ეს მოთხოვნა უარყო. ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაცია, ისე, როგორც ეს ბევრმა ქვეყანამ გააკეთა, გაყალბებას აღკვეთდა, მაგრამ მთავრობა დღემდე უარს ამბობს ამ შესაძლებლობაზე.

ევროკავშირი უნდა დაგვეხმაროს მანიპულირებისა და დაშინების შემდგომი მცდელობების შეკავებაში. თუ ის ახლა ხმამაღლა და ცხადად გამთქვამს თავის პოზიციას, ევროკავშირი აჩვენებს სააკაშვილს, რომ ის საქართველოს ევროპისკენ სწრაფვის გუწრფელობას შეაფასებს არა მისი რიტორიკის მიხედვით, არამედ იმით, თუ რამდენად შეძლებს ევროპული პოლიტიკური სტანდარტების შესრულებას.

დავით უსუფაშვილი – საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, პარტიისა, რომელიც კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი სუბიექტია
foreignpress.ge