დავით ბაქრაძე „პერსონა ნონ-გრანტა“ - დიტერ ბოდენს შეხვდა

დავით ბაქრაძე „პერსონა ნონ-გრანტა“ - დიტერ ბოდენს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გერმანიაში ვიზიტისას გერმანელ ექპერტებსა და პოლიტოლოგებს შეხვდა, რომელთა შორის დიტერ ბოდენიც იყო. შეხვედრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, თუმცა ამ ინფორმაციაში არაფერი იყო ნათქვამი იმაზე, რომ შეხვედრაში დიტერ ბოდენიც მონაწილეობდა.

ეს საკითხი განსაკუთრებით საინტერესო იმის გამოც არის, რომ რამდენიმე კვირის წინ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ გერმანელ პოლიტოლოგთან დიტერ ბოდენთან „ნებისმიერი ფორმით ოფიციალურ დონეზე თანამშრომლობა შეზღუდული იქნებოდა“.

ეს განცხადება 4 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მას შემდეგ გააკეთა, რაც თავად დიტერ ბოდენის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ სააკაშვილმა ოფიციალური ვიზიტი ჩაშალა იმის გამო, რომ დელეგაციაში დიტერ ბოდენიც უნდა ყოფილიყო.

ნინო კალანდაძემ და მოგვიანებით პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადეს, რომ დიტერ ბოდენი საქართველოს ხელისუფლებას ფაშისტებს ადარებდა და ეს მიუღებელია.

„ბოდენი ილუზორულს და ხორცშეუსხმელს უწოდებს საქართველოს მთავრობის სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ის თავის საჯარო გამოსვლებში საქართველოს ხელისუფლებას მესამე რაიხს და ფაშისტურ გერმანიას ადარებს. ამბობს, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღიაროს თავისი შეცდომები საკუთარი მტრებისა და მსხვერპლის წინაშე, როგორც ეს თავის დროზე გააკეთა ნაცისტურმა გერმანიამ,” – ბოდენის სიტყვების ასეთი ციტირება გააკეთა მაშინ ნინო კალანდაძემ.

ამ განცხადების შემდეგ ქართულ ბეჭდვით პრესასთან და ინტერნეტგამოცემებთან დიტერ ბოდენმა თქვა, რომ მას ასეთი რამ არასოდეს უთქვამს და მისთვის გაუგებარია, რატომ უყენებს ბრალად იმას რაც არ უთქვამს.

შეგახსენებთ, რომ დიტერ ბოდენი საქართველოში ეუთო-ს სპეციალური მისიის ხელმძღვანელი იყო 1995-1996 წლებში და 1991-2001 წლებში გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კონფლიქტის დარგში. 

გუშინ პარლამენტის ტავმჯდომარის პრესსამსახურის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ დავით ბაქრაძე, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, ბერლინში, გერმანელ ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს შეხვდა.

ამ ინფორმაციის თანახმად, „კურტ კიორბერის ფონდში“ გამართული შეხვედრის დროს, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და შიდაპოლიტიკურ რეფორმებზე ისაუბრა.

მათივე ცნობით, ექსპერტების დაინტერესება გამოიწვია საგარეო პოლიტიკურმა მდგომარეობამ და უსაფრთხოების საკითხებმა. პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ საუბარი შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. ბაქრაძეს ასევე საქართველოში საარჩევნო პროცესისთვის არსებულ სამზადისზეც უსაუბრია.

მაგრამ, ამ ინფორმაციაში არაფერი იყო ნათქვამი იმაზე, რომ შეხვედრას დიტერ ბოდენიც ესწრებოდა. მედიას კი ხელთ ჩაუვარდა ამ შეხვედრის ფოტო, სადაც კარგად ჩანს, რომ შეხვედრაზე ბაქრაძის პირდაპირ სწორედ დიტერ ბოდენი ზის.

ასევე საპარლამენტო დელეგაციის წევრი, ვიცე–სპიკერი ლევან ვეფხვაძე ადასტურებს, რომ  ბერლინში გამართულ ერთ–ერთ შეხვედრაში დიტერ ბოდენიც მონაწილეობდა.

ვეფხვაძის ინფორმაციით, დიტერ ბოდენმა საპარლამნეტო დელეგაციას  შეკითხვაც დაუსვა, რომელიც  რუსეთ–საქართვლოს ურთიერთობებს შეეხებოდა.

ასე რომ, პარლამენტის თავმჯდომარეს იმაზე მაინც მოუწევს პასუხის გაცემა, თუ რატომ დაარღვია ბოდენთან შეხვედრების აკრძალვის მითითება.