ხელისუფლება კონსტიტუციას ივანიშვილს უფრო მჭიდროდ მოარგებს

ხელისუფლება კონსტიტუციას ივანიშვილს უფრო მჭიდროდ მოარგებს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ანდრო ალავიძე ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში 2001 წლიდან ცხოვრობს და „ახლა შეგნებულად ცრუობს, რათა წამებულის იმიჯი შეიქმნას“. მიუხედავად ამისა, აცხადებს, რომ კანონს კიდევ შეცვლიან და ივანიშვილის მონაცემებს მოარგებენ.

ასეთი განცხადება ალავიძემ presage.tv-სთან საუბრისას ივანიშვილის იმ კომენტარის საპასუხოდ გააკეთა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოში 2004 წლიდან ცხოვრობს და ახალი საკონსტიტუციო ცვლილებით ვერ ისარგებლებს.

რამდენად არის კანონიერი ხელისუფლების ის აღიარება, რომ კონსტიტუცია ივანიშვილისთვის იცვლება და რის გაკეთებას აპირებს ხელისუფლება, ამ საკითხებთან დაკავშირებით presage.tv საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს, ანდრო ალავიძეს ესაუბრა, რომელიც პარლამენტში იურიდიული კომიტეტის წევრია.

ანდრო ალავიძე: პირველ რიგში, ის უნდა ითქვას, რომ ჩვენი ინფორმაციით, ივანიშვილი საქართველოში 2001 წლიდან ცხოვრობს და ამას ყველა ფაქტი ადასტურებს. თუმცა, ადამიანს ხომ ვერ შეედავები, რომელი წლიდან ცხოვრობს. მაგრამ მე ამაში ეჭვი მეპარება და ესეც პოპულისტური განცხადება მგონია.

ანუვანიშვილი შეგნებულად ცრუობს?

- ასე გამოდის.

რაში სჭირდება?

- როგორც ჩანს, მას სურს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და კიდევ მოიგონოს მიზეზი, თუ როგორ არის წამებული. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ასე ნამდვილად არ არის. თუ ის თვლის, რომ საქართველოში მართლა 2004 წლიდან ცხოვრობს და ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც იარსებებს, მაშინ ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს ნორმა შევცვალოთ.

როგორც იცით, ეს კანონი მხოლოდ პირველი მოსმენით არის მიღებული და შეგვიძლია, რომ მეორე მოსმენისთვის ეს ცენზი შევამციროთ, რათა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი ამ სპეკულაციებს და ის ინტერესი, რომ საზოგადოებას სურს, ჩვენს ქვეყანაში იხილოს პოლიტიკური კონკურენცია, ეს იქნება უზრუნველყოფილი და ჩვენ სწორედ ამისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს.

ამისთვის ვაკეთებთ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობა მიეცეს, გაუთანაბრდეს მისი სტატუსი საქართველოს მოქალაქის სტატუსს და მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში, რათა საზოგადოების ინტერესი უზრუნველყოფილი იყოს.

მე ვფიქრობ, რომ მან უნდა დაასრულოს ეს სპეკულაციები და თქვას, რომ ისარგებლებს ამ შესაძლებლობებით და კონკურენტულ გარემოში მიიღოს მონაწილეობა ამ საარჩევნო პროცესში.

ის ხომ ამბობსრომ სწორედ ეს მიზანი აქვსთქვენ ფიქრობთრომ მას არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ უნდა?

- მე ვფიქრობ, რომ ის დარწმუნებულია არჩევნებში საკუთარ მარცხში და ამიტომ ცდილობს, საკუთარი თავი წამებულად წარმოაჩინოს. ეს კი ნამდვილად არ არის სწორი და ვფიქრობ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არ შეიძლება.

პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას ქრისტიან-დემოკრატები მხოლოდ 3 წლიან ცენზს ითხოვდნენამ ფორმით რომ მიგეღოთეს კანონიეს პრობლემა ხომ არ შეიქმნებოდა?

- არა. პრობლემა სულ სხვა რამეშია და გეტყვით, რატომ მივედით იმ გზამდე, რომ ყოფილიყო ბოლო ათი წელი და არა სამი წელი ან საერთოდ ათი წელი და არა ბოლო ათი წელი. როდესაც ჩვენ ამ საკონსტიტუციო ცვლილების გასაცნობად რეგიონებში დავდიოდით და საზოგადოების წარმომადგენლებს ვხვდებოდით, საზოგადოების და გარკვეულწილად ოპოზიციური პარტიების პოზიციებიც იყო ის, რომ ვიღაცას თავდაპირელად დადგენილი კრიტერიუმები ხელოვნურად არ დაეკმაყოფილებინა და ჩვენს საარჩევნო სივრცეში ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანს არ შემოეღწია.

ამიტომ, ის არ უნდა იყოს საკმარისი, რომ საქართველოში დაბადებულს პირველი ათი წელი აქ უცხოვრია, საარჩევნო პროცესში მიიღოს მონაწილეობა. ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ქვეყნის ბევრი არაკეთილმოსურნე, სამწუხაროდ, ამ პირობებს აკმაყოფილებს. სწორედ ამიტომ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ ბერკეტად ის მექანიზი ჩაგვედო, რომ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ის შეძლებს, ვინც საქართველოში არის დაბადებული, ბოლო ათი წელი ცხოვრობდა აქ და არის ევროკავშირის მოქალაქე.

ცხადია, ეს იმავდროულად იმასაც უნდა უზრუნველყოფდეს, რომ ბიძინა ივანიშვილს მიეცეს საარჩევნო პროცესში მონაწილეობის უფლება. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ მას აქვს დოკუმენტაიცა, რომ ის საქართველოში 2004 წლიდან ცხოვრობს, ჩვენ კიდევ მზად ვართ, ვისაუბროთ ამ ცენზზე.

გუშინაც ითქვარომ ეს კეთდება ივანიშვილისთვისახლაც თუ ისევ ივანიშვილისთვის შეიცვლება და მოერგება 2004 წელს დაშეიძლება ცხოვრების ცენზად ბოლო შვიდი, ან რვა წელი ჩაიწეროსეს იმ საფრთხეებს არ გაზრდისრაზეც ზემოთ ისაუბრეთ? ან,რამდენად გამართლებული იქნებარომ კონსტიტუცია მართლა ერთი კაცის მონაცემების მიხედვით იცვლება?

- ზოგი არის ეგოცენტრისტული დამოკიდებულების ადამიანი და ჰგონია, რომ ერთი ადამიანის ირგვლივ ტრიალებს მზე. ასე ნამდვილად არ არის და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი მიზანი არის ის, რომ საქართველოში იყოს პოლიტიკური კონკურენცია. ამიტომ, ჩვენ ცალკეულ ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ამ პროცესში მიიღონ მონაწილეობა.

თავად ხელისუფლება ამბობსრომ ეს ივანიშვილისთვის მიიღებაასეთი განცხადებები სესიაზეც გაკეთდაივანიშვილისთვისმოქალაქეობა რომ მიგეცათასეთი პრობლემები ხომ არ იარსებებდა?

- არა, ეს არ შეიძლება. არ შეიძლება ცალკეული ადამიანისთვის მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და კონკრეტულად ერთ ადამიანს მისცე მოქალაქეობა, რადგან კანონი გვეუბნება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე არ შეიძლება საქართველოს მოქალაქე იყოს. მან მიმართა არასწორ სამართლებრივ გზას და გადაწყვიტა, რომ ნატურალიზაციის გზით შეძლებდა მოქალაქეობის მიღებას. თუმცა, მას მცდარი გზა ჰქონდა შერჩეული და ჩვენ მივუთითეთ, თუ რომელი იყო სწორი გზა. მაგრამ მან ეს არ გაითვალისწინა.

ამიტომაც ვამბობ, რომ ჩვენ იმის შესაძლებლობას არავის არ მივცემთ, რომ წამებულის იმიჯი მოირგოს, რადგან ეს ქვეყნისთვის და საზოგადოების ინტერესებისთვის არის საზიანო. ამიტომაც ვთქვით, რომ, თუ თვითონ ხელოვნურად ყველანაირად ცდილობს, რომ აირიდოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები, ჩვენ თვითონ შევიტანთ კანონში ცვლილებას და მივცემთ შესაძლებლობას, რათა ამით ერთხელ და სამუდამოდ დავუსვათ წერტილი მის მიერ ტყუილად ატეხილ ამ აჟიოტაჟს.