ერთდღიანი კანონპროექტი

ერთდღიანი კანონპროექტი

ივანიშვილს მოქალაქეობის მიღების გარეშე მხოლოდ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება ექნება. ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ერთ დღეში მიიღო, თუმცა მიზეზები არ დაუსახელებია. სამაგიეროდ, ცალსახად ითქვა, რომ ეს ცვლილება მხოლოდ ივანიშვილისთვის კეთდება.

ცხადია, ეს აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ ასე ღიად განცხადება ხელისუფლებამ პირველად გუშინ გააკეთა. აქამდე აპელირება იმაზე ხდებოდა, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის იქნებოდა მიღებული, რომლებიც დაბადებით ქართველები არიან და დღეს მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეობა აქვთ.   

„არავის, არც „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ და არც საპარლამენტო უმრავლესობიდან არ დაუმალავს, რომ ცვლილების პროექტის მომზადება იმ ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ იმ ადამიანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე 2-ჯერ უარი თქვა, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის, რაც ამ პროექტში სწერია, მხოლოდ ივანიშვილისთვის არის გათვალიწინებული და ისიც, რაც ამოიღეს, იმიტომ ამოიღეს, რომ ამით ივანიშვილს არ ესაუბრა.

ამ შემთხვევაში აღარ არის საუბარი თავად ინიციატივის კანონიერება-უკანონობაზე. ამაზე ამ ერთი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი ითქვა და ცნობილია, რომ ეს კონსტიტუციონალიზმის პრინციპს არღვევს და ამის ნაცვლად სააკაშვილს მისთვის უბრალოდ მოქალაქეობა უნდა მიეცა.

ახლა საინტერესო უკვე ის არის, თუ ამ ბოლო ორი დღის განმავლობაში მოვლენები როგორ ვითარდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ეს ინიციატივა მას შემდეგ იქნა ინიცირებული, რაც ხელისუფლებამ 4 აპრილს ბიძინა ივანიშვილს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრა. ამის შემდეგ საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებმა“ ხელისუფლებას შესთავაზეს, რომ ივანიშვილის მიერ არჩევნებში მონაწილეობის მიღების პრობლემა იმით გადაეწყვიტათ, რომ მას მოქალაქეობის გარეშე ჰქონოდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება. საქართველოს დღეს მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება არ გააჩნიათ.

კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის პროცედურა ერთთვიან საზოგადოებრივ განხილვას ითვალისწინებს, სადაც ცვლილებასთან დაკავშირებით ხდება საზოგადოების მხრიდან საკუთარი შენიშვნების დაფიქსირება. ამის შემდეგ კი იწყება უკვე საპარლამენტო განხილვა.

კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტით ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე საქართველოში დაბადებულ პირს, რომელსაც ათი წელი მაინც უცხოვრია საქართველოში, მხოლოდ პასიური საარჩევნო ხმის უფლება უნდა ჰქონდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მხოლოდ არჩევნებში კენჭისყრის შესაძლებლობა ექნებოდა.

ორშაბათს საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული მუხლი კონსტიტუციაში გარდამავალ დებულებად ჩაიწერება და ის მხოლოდ სამი წლის განმავლობაში იმუშავებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კი, რომელიც საზოგადოებრივი განხილვის კომისიის სხდომის შემდეგ გაიმართა, აღნიშნულმა მუხლმა კიდევ ერთი ცვლილება განიცადა. კერძოდ, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან დაბადებული და საქართველოში ათი წელი მაინც უცხოვრიათ, როგორც პასიური, ისე აქტიური საარჩევნო უფლებაც ექნებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ როგორც არჩევნებში კენჭისყრის, ასევე ხმის მიცემის უფლებაც ექნებათ.

ასევე გაჩნდა ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვით ასეთი უფლებების მოპოვებისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოშია დაბადებული და ათი წელი მაინც უცხოვრია საქართველოში, ბოლო სამი წლის განმავლობაში მუდმივად უნდა ცხოვრობდეს საქართველოში. აღნიშნული მუხლი 2015 წლის პირველ იანვრამდე იმუშავებდა.

კენჭისყრის წინ ეს ფორმულირება ისევ შეიცვალა და საბოლოოდ პირველი მოსმენით დამტკიცდა ფორმულირება, რომ „2014 წლის პირველ იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 10 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა“. 

პირველი მოსმენით მიღებული ნორმა ივანიშვილს საშუალებას აძლევს, რომ მონაწილეობა მიიღოს როგორც 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო, ისე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. თუმცა, გარდამავალი ნორმის მოქმედების ვადა იმას ნიშნავს, რომ ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს, თუკი იმ დროისთვის არ ექნება საქართველოს მოქალაქეობა, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წელს უნდა გაიმართოს.

ამასთან, სწორედ გუშინ შეიცვალა საქართველოში ცხოვრების ათწლიანი ცენზიც. აქამდე ნათქვამი იყო, რომ ასეთ პირს საქართველოში საერთო ჯამში უნდა ჰქონოდა 10 წელი ნაცხოვრები. ახლა კი ჩაწერეს, რომ მას საქართველოში ბოლო ათი წელი უნდა ჰქონდეს ნაცხოვრები. 

„ქრისტიან-დემოკრატები“ კი მიიჩნევენ, რომ ათწლიანი ცხოვრების ცენზი, რაც პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტშია, გაუმართლებელია და მის სამ წლამდე შეცვლას ითხოვენ, როგორც ეს იმ პროექტში იყო გათვალისწინებული, რომელიც სესიაზე საკითხის განხილვისას გავიდა.

ეს პროექტი პირველი მოსმენით 112 ხმით დაამტკიცა პარლამენტმა ისე, რომ უარყოფითი ხმა არავის არ მიუცია. თუმცა, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ამ ცვლილებებს სიტყვიერად ეწინააღმდეგება. გიორგი თარგამაძე ამბობს, რომ მისმა ფრაქციამ საკითხს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა იმის გამო, რომ იდეა მათ ეკუთვნოდათ. თუმცა მათთვის მიუღებელია ათწლიანი ცენზი და მეორე მოსმენით განხილვისას დააყენებენ საკუთარ ალტერნატიულ წინადადებას, რომელიც სამწლიან ცენზს ითვალისწინებს.

თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს საკითხი შეიცვალოს, რადგან გუშინ პავლე კუბლაშვილმა ცალსახად განაცხადა, რომ უმრავლესობა ამ კანონპროექტს მხოლოდ იმ პირობით მიიღებდა, თუკი ჩაიწერებოდა ის, რომ „საპარლამენტო, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ექნება პირს, რომელიც არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე, დაბადებულია საქართველოში და ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში მუდმივად ცხოვრობდა. ცვლილება 2014 წლის 1 იანვრამდე იმოქმედებს“.