ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია

ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია

„ივანიშვილი რუსეთის ხელისუფლების წესებით თამაშობს“,  ამის შესახებ ჟურნალ „ტაბულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში დევნილმა რუსმა ოლიგარქმა, ბორის ბერეზოვსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, იგი არაპირდაპირი ნიშნებით მსჯელობს და იცის, რომ ივანიშვილს რუსეთში პრობლემები არ აქვს.

„ჩემთვის ეს ყოველთვის არის ზუსტი კრიტერიუმი იმისა, რომ ეს ბიზნესმენი რუსეთის ხელისუფლების წესებით თამაშობს. როგორც გნებავთ, ისე გაიგეთ. მაგრამ ეს არის ასპროცენტიანი მტკიცებულება რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთქმედების სასარგებლოდ. რუსეთში არ არიან ბიზნესმენები, რომლებსაც არ აქვთ პრობლემები ხელისუფლებასთან და იმავდროულად, არ არიან მისი პოლიტიკის მხარდამჭერები და გამტარებლები. რადგანაც საქართველო რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრინციპული ნაწილია, ამ ფაქტზე, ასევე რიგ სხვა ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა შესახებ ახლა საუბარი არ მინდა (თანაც არ მინდა ვულგარულად გამოვჩნდე, თითქოს კონსპიროლოგიით ვარ დაკავებული), მიმაჩნია, რომ ივანიშვილი საქართველოს განვითარების დამოუკიდებელ ვექტორს ვერ შეინარჩუნებს. ამასთან, მე არ ვამბობ, რომ იგი დღეს რუსეთის ხელისუფლებასთან შეკრულია. მაგრამ, ამ ვარიანტსაც ვერ გამოვრიცხავ“,  აცხადებს ბერეზოვსკი.

რატომ გაიხსენა „ტაბულამ“ დღეს ავანტურისტად ცნობილი ბორის ბერეზოვსკი და რატომ ცდილობს ის ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას, მაშინ როდესაც როგორც თვითონვე ამბობს, ივანიშვილს არც კარგად იცნობს და არც მათი ინტერესები გადაკვეთილა, საინტერესოა. ასევე საინტერესოა, რატომ ემთხვევა ბერეზოვსკისა და საქართველოს ხელისუფლების მოსაზრებები ზოგიერთ საკითხში.

ბერეზოვსკის განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ექსპერტ გია ხუხაშვილს, რომელსაც ბორის ბერეზოვსკისთან დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს.

გია ხუხაშვილი: მე უბრალოდ ვწუხვარ, რომ ბატონი ბერეზოვსკი, ბადრის მეგობარი დღეს მუშაობს საქართველოს ხელისუფლების პიარინტერესებიდან გამომდინარე. ეს ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ სხვა მოტივი და საფუძველი ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთებისა არ ჰქონდა. როგორც ჩანს, ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებასთან. ძალიან ვწუხვარ, რომ ბადრის მეგობარი დღეს ასე უსაქციელოდ იქცევა.

მე მას კარგად ვიცნობ, ვიცი, რა შეიძლება იყოს მისი განცხადებების მოტივაცია. ყველაფერს, მათ შორის, პოლიტიკურ ავანტურიზმსაც აქვს საზღვარი და მან ეს საზღვარი გადალახა.

როგორ ფიქრობთრას შეიძლება ელოდებოდეს ბერეზოვსკი საქართველოს ხელისუფლებისგან?

- არ ვიცი, რა გარიგებაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, ვიცნობ მის ბუნებას და ვიცი, რომ შემთხვევით ასეთ განცხადებებს არ აკეთებს. ვიცი, რომ აბსურდია, რასაც ის ამბობს, შეიძლება, ჰქონდეს მხოლოდ პოლიტიკური მოტივი. მისი სიტყვის ფასი დღეს ძალიან მცირეა. ავანტურიზმი ეს ერთი თემაა, მაგრამ არის მეორე, მეგობრობის თემა.

თანამშრომლობა შესაძლებელია პოლიტიკაში, მაგრამ ბადრის მეგობარი ამას არ უნდა აკეთებდეს. ბერეზოვსკი დიდი ხანია, მარგინალიზებულია და მე მის განცხადებებში პრობლემას ვერ ვხედავ.

მან წამოიწყო ძალიან სუსტი თამაში და კოჭი გაუგორა საქართველოს ხელისუფლებას. ამის უკან რა გარიგება დგას და როგორ არის, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ფაქტია, რომ ბადრის მეგობარი თავს უფლებას აძლევს, ეპარტნიოროს იმ მხარეს, რომელმაც რა დღეში ჩააგდო ბადრი, ყველამ კარგად იცის.

როგორც ჩანსსაუბარია ბადრი პატარკაციშვილის ქონების ნაწილზერომელსაც ბერეზოვსკი უმიზნებს...

- ეს ის ბერეზოვსკია, რომელიც პარალელურად ბადრის ოჯახს ქონებას ედავება, როგორც ჩანს, მის ცხოვრებაში მოხდა სერიოზული გადაფასება ამ მიმართულებით. სასამართლო დავებია ბერეზოვსკისა და ბადრის ოჯახს შორის, მაგრამ არ მინდა ამ თემას ჩავუღრმავდე და ოჯახის გარეშე რაღაც ზედმეტი ვთქვა, ღმერთმა ქნას, მორიგდნენ.

თუმცასაინტერესოაროგორ გაიყოფენ პატარკაციშვილის ქონებას ბერეზოვსკი და საქართველოს ხელისუფლებარომელსაც ასევეპრეტენზია ჰქონდა მილიარდერის ქონებაზეყოველ შემთხვევაშიამ ქონების ჩამორთმევის მოწმენი ნამდვილად გავხდით...

- ბადრის ქონებაზე არ მინდა საუბარი, მე მხოლოდ მის მორალურ მხარეზე ვისაუბრებ. ბადრის მეგობარი საქართველოს ხელისუფლებასთან ასეთი ავანტურისტული ფორმით არ უნდა თანამშრომლობდეს.

პრინციპში იგრძნობა კიდეც ბერეზოვსკის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართროდესაც ის ამბობსრომსაქართველომ განვითარების დემოკრატიული ვექტორი შეინარჩუნა და ეჭვი ეპარებარომ ივანიშვილი ამ პოლიტიკას შეინარჩუნებს...

- ბერეზოვსკიმ მშვენივრად იცის ქართული დემოკრატიის ფასი, ის ბადრის მეგობარი იყო და საერთოდ, ყველაფრის საქმის კურსში იყო.

ამ დემოკრატიის ფასი 2007-2008 წლებში,  ძალიან მშვენივრად გაარკვია და არ მესმის, რომელ დემოკრატიაზე ლაპარაკობს  იმ დემოკრატიაზე, რომელმაც მისი მეგობრის სიცოცხლე შეიწირა? ამიტომ გეუბნებით, რომ ეს არის უზნეო ადამიანის უზნეო განცხადებები.

როდესაც ბერეზოვსკი ბიძინა ივანიშვილზე საუბრობსის ამბობსრომ ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფსრომ ის რუსეთისხელისუფლებასთან თანამშრომლობდეს...

- ეს არის ჩვეულებრივი, კლასიკური შავი პიარი ის ამისი დიდოსტატია. როგორც ჩანს, „რეალ ტვზე“ აპირებს მუშაობის დაწყებას და ღმერთმა ხელი მოუმართოს. მე ვიცი ტელევიზია საქართველოში, რომელიც არც ადასტურებს, არც უაროფს და ბევრ მსგავს რაღაცას ამბობს. შეუძლია, მის კორესპონდენტად გააგრძელოს მუშაობა და ყოველდღე ასეთი მარგალიტები აფრქვიოს.

თქვენ ფიქრობთრომ საქართველოს ხელისუფლებას დასჭირდა ბერეზოვსკის „გაცოცხლება“?

- რა თქმა უნდა, ამას კითხვაც არ უნდა, მაგრამ ის იმდენად სუსტი „მოწმეა“, ამის შედეგი ნულოვანი იქნება, თუმცა შედეგზე არც ვფიქრობ, უბრალოდ, გული მწყდება, რომ მორალურ ფარგლებს საზღვრები არ აქვს, მაგრამ თურმე ამ ფორმითაც შესაძლებელი ყოფილა მეგობრის ხსოვნის ღალატი. როდესაც ასეთ რამეში ერთვები, ფაქტია, რომ ეს არის ძალიან ბინძურ თამაშში ჩართვა, რასაც ვულოცავ.

P.S.რუსმა ოლიგარქმა ქართველი პარტნიორის ქონებაზე პრეტენზია ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე გამოთქვა.

ცნობილია, რომ ბერეზოვსკი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან 3 მილიარდ დოლარს ითხოვს. ამ მოთხოვნით ბერეზოვსკიმ ლონდონის უმაღლეს სასამართლოს მიმართა. საუბარია 3 მლრდ დოლარის აქტივებზე, რომელიც მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ ამერიკის სივრცეში, სხვადასხვა კომპანიებშია ჩადებული. ბერეზოვსკი ამტკიცებს, რომ პატარკაციშვილის ოჯახის კონტროლის ქვეშ არსებული აქტივების 50 პროცენტი მისია და პატარკაციშვილისთვის არაფორმალური მოლაპარაკებების ფარგლებში ჰქონდა გადაცემული.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი ბიზნესმენის ქონებასთან დაკავშირებით, ამ ქონების მემკვიდრედ გამოცხადებულ ჯოზეფ ქეისა და პატარკაციშვილის ქვრივს ინა გუდავაძეს შორის გამართულ დავას განიხილავდა, ბრიტანული გამოცემა “The Sanday Times”-სი წერდა, რომ რუსი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის ინა გუდავაძის წინააღმდეგ, ლონდონის სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავდა. ამ ინფორმაციაშივე დასახელდა სადავო თანხის ოდენობაც  ქართველი ბიზნესმენის ქონების ნახევარი, 3 მილიარდი ფუნტ სტერლინგი.

ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, ბორის ბერეზოვსკიმ განაცხადა, რომ ზუსტად არ იცოდა, იყო თუ არა იგი საქართველოში არსებული აქტივების მფლობელი, რომლებიც მისი მეგობრის გარდაცვალების შემდეგ დარჩა. თუმცა, ამ განაცხადის გაკეთებიდან ცოტა ხანში, რუსმა ოლიგარქმა გარკვეულ აქტივებზე პრეტენზია მაინც გამოთქვა.

„ხელთ მაქვს ყველა აუცილებელი მტკიცებულება იმისთვის, რომ სასამართლოში დავიცვა საკუთარი უფლებები პატარკაციშვილის ქონებაზე, მათ შორის ტელეკომპანია „იმედზეც, რომელიც მე მიღებული მაქვს „სელფორდ კაპიტალ პარტნერს ინკ“-თან და „ხოლდინგოვაია კომპანია მეტალოინვესტთან“ პარტნიორობის შედეგად“, - აცხადებდა უცხოურ მედიაში ბერეზოვსკი.

პატარკაციშვილის მეუღლის განცხადებით კი „ბერეზოვსკი ჩემი მეუღლის ბიზნესპარტნიორი იყო, მაგრამ მათ ე.წ. ეკონომიკური გაყრის შესახებ 2006 წელს განაცხადეს. პირედად მე, ბერეზოვსკისთან კონტაქტი მაისის შემდეგ აღარ მქონია, რადგან მეგობრობა არ არის ისეთი რამ, რაც მემკვიდრეობით გადაეცემა“

პატარკაციშვილის ოჯახის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ 2005 წელს ბიზნესპარტნიორებს  ბორის ბერეზოვსკისა და ბადრი პატარკაციშვილს შორის წარმოიშვა მნიშვნელოვანი უთანხმოება რიგ, განსაკუთრებით კი, პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამის გამო, მათ გაწყვიტეს ერთობლივი საქმიანობა ბიზნესისა და სხვა სფეროებში. ამავე განცხადების თანახმად, პარტნიორების ამგვარი დაშორება განხორციელდა პატარკაციშვილის მიერ ბერეზოვსკისგან აქტივების, აქციებისა და წილების გამოსყიდვით.

დიდი ბრიტანეთის სასამართლომ დააკმაყოფილა ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის სარჩელი და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ნაწილის დაყადაღებაზე ორდერი გასცა.

საქმე ეხება ქონების იმ ნაწილს, რომელზეც პრეტენზიის გაცხადება მოსკოველ ოლგა საფონოვას შეუძლია, რომელსაც პატარკაციშვილისგან 14 წლის შვილი ჰყავს. ეს ინფორმაცია სიურპრიზი იყო პატარკაციშვილის ოჯახისთვისაც.

რაც შეეხება იმ ქონებას, რომელიც გარდაცვლილის ოჯახს საქართველოში ჩამოართვა საქართველოს ხელისუფლებამ, მიმდინარე წლის 1 მარტს ოჯახს მხოლოდ მთაწმინდის პარკი დაუბრუნდა, ისიც იმ პირობით, რომ  პატარკაციშვილების ოჯახმა მფლობელ კომპანიას „რაკიინს“ მთაწმინდის პარკში ჩადებული ინვესტიცია უნდა აუნაზღაუროს.

შეგახსენებთ, რომ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის რამდენიმეწლიანი სასამართლო დავა მიმდინარეობდა, რომელიც გასულ წელს მორიგებით დასრულდა.

რის მიღებას გეგმავს ბერეზოვსკი საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, ძნელი სათქმელია, თუმცა როგორც ჩანს, მას შორსმიმავალი გეგმები ამოძრავებს.