ევროს ზონის დატოვების 5 მთავარი კანდიდატი

ევროს ზონის დატოვების 5 მთავარი კანდიდატი

 


ევროს ზონის ვალებმა შარშანდელი ანტირეკორდი მოხსნა და ახალი ისტორიული მაქსიმუმი დაამყარა. კერძოდ, 2011 ფინანსური წლის მონაცემების მიხედვით ზონის მთლიანმა დავალიანებამ შიდა პროდუქტის მოცულობის 87,2 პროცენტი შეადგინა. აქვე უნდა ითქვას, რომ 2010 წლის ანალოგიური მაჩვენებელი 85 პროცენტი იყო.


ანალიტიკოსთა აზრით, შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში მინიმუმ ოთხი ქვეყანა დეფოლტის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს, რასაც მოჰყვება ამა თუ იმ სახელმწიფოს ზონიდან გასვლა. ეს კი ევროს ზონის დაშლის წინაპირობაა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ სააგენტო “ბლუმბერგის” ექსპერტებმა იმ ქვეყნების რეიტინგი შეადგინეს, რომლებიც ევროს ზონიდან გასვლის მთავარ კანდიდატებად მოიაზრებიან.


ევროს ზონიდან გასვლის უპირველეს კანდიდატად კვლავ რჩება საბერძნეთი. არსებული პროგნოზების მიხედვით, ქვეყნის სახელმწიფო ვალი წლის ბოლოსთვის შიდა პროდუქტის 200 პროცენტს, ბიუჯეტის დეფიტი კი 7 პროცენტს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის ხელისუფლება ცდილობს ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს, მკაცრი ეკონომიის პოლიტიკას საზოგადოების პროტესტის მიუხედავად მაინც ატარებს, დახმარების პროგრამით გათვალისწინებული 130 მილიარდი ევროს ოდენობის მეორე ტრანშიც მიიღო და სიტუაცია თითქოს შემსუბუქდა.


მაგრამ საბერძნეთი ეგრეც ვერ ახერხებს ყველა დასახული ამოცანის გადაჭრას და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის მიცემული დაპირებების შესრულებას. ასე რომ, საბერძნეთი მაინც ერთობ ძალიან დიდი რისკის წინაშე დგას.


საბერძნეთის შემდეგ ევროს ზონის დატოვების მთავარ კანდიდატად ირლანდია მოიაზრება. მისი სახელმწიფო ვალი 2012 წლის ბოლოსთვის შიდა პროდუქტის მოცულობის 118 პროცენტს, ბიუჯეტის დეფიციტი კი 8,6 პროცენტს შეადგენს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ირლანდია კარგა ხანია ვერ ახერხებს საერთაშორისო კრედიტების ბაზარზე გასვლას. ქვეყნის მთავრობა ირწმუნება, რომ 2013 წლისათვის მდგომარეობის მეტ-ნაკლებად შემსუბუქებას შეძლებს, მაგრამ ამ დაპირების ნაკლებად თუ ვინმეს სჯერა.


თითქმის ირლანდიის ანალოგიურ ვითარებაშია პორტუგალია, რომლის სახელმწიფო ვალი, ანალიტიკოსთა პროგნოზით, 2012 წლის ბოლოსთვის შიდა პროდუქტის მოცულობის 112,5 პროცენტს მიაღწევს, ბიუჯეტის დეფიციტი კი 7,7 პროცენტს. ქვეყანამ საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან გვარიანი ფინანსური დახმარება მიიღო. უკვე შეთანხმებულია მეოთხე ტრანშის გამოყოფის საკითხი, რომლის ოდენობა 14,9 მილიარდი ევრო გახლავთ. მიუხედავად ამისა, პორტუგალიის ეკონომომიკის საქმე უკეთესობისაკენ არა და არ მიდის. ასე რომ, იგი კვლავ უდიდესი რისკის ქვეშ იმყოფება.


ამ ერთობ არასაპატიო რეიტინგში მეოთხე ესპანეთი გახლავთ. მიმდინარე წლის შედეგების მიხედვით, ქვეყნის სახელმწიფო ვალი შიდა პროდუქტის მოცულობის 78 პროცენტს, ბიუჯეტის დეფიციტი კი 5,8 პროცენტს შეადგენს. ცოტა არ იყოს ძნელი წარმოსადგენია ესპანეთმა ევროს ზონა დატოვოს, იგი ხომ გერმანიის, საფრანგეთის და იტალიის შემდეგ რეგიონის მეოთხე ეკონომიკაა. მოვლენათა ამგვარი განვითარება ეჭვქვეშ არა მარტო ევროს ზონის, არამედ სრულიად ევროკავშირის არსებობას დააყენებს. საქმე იმაშია, რომ ძალიან მაღალი და სამაგალითოა ევროკავშირში ამ ქვეყნის ინტეგრაციის ხარისხი.


მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსებმა ესპანეთს ამ რეიტინგში მაინც მეოთხე ადგილი მიაკუთვნეს. როგორც ჩანს, მათ არ სჯერათ ქვეყნის ხელისუფლების დაპირებების, რომელიც ირწმუნება, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად ყველაფერი კეთდება და რომ მიმდინარე წლის ბოლოდან ესპანეთის ეკონომიკა შვებას იგრძნობს.


მეხუთე ადგილზე ევროპის მესამე ეკონომიკა, იტალიაა. არსებული პროგნოზებით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის მისი სახელმწიფო ვალი შიდა პროდუქტის მოცულობის 120, ბიუჯეტის დეფიციტი კი 2,4 პროცენტს მიაღწევს. ისევე, როგორც ესპანეთის შემთხვევაში, უნდა ითქვას, რომ იტალიის ევროს ზონიდან გასვლა მთელი ევროკავშირისათვის იქნება დამღუპველი, რადგან ინტეგრაციის ხარისხი იტალიის შემთხვევაშიც ძალიან მაღალია.  


ანალიტიკოსთა აზრით, 2012 და 1013 წელი ევროს ზონის ყოფნა-არყოფნისათვის გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს. ამასთან, ისინი თვლიან, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ევროს მნიშვნელოვანი გაუფასურებაა მოსალოდნელი.